სოციალური მოღვაწეობა

ბიბლია გულმოწყალების შესახებ

ბიბლია ბევრს ლაპარაკობს მოყვასის სიყვარულზე და გულმოწყალების შესახებ: ,,შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” (მათ. 22:39), ,,ვინ არის ჩემი მოყვასი?… რომელმაც წყალობა უყოს მას…” (ლუკ. 10:29-37), ,,ვინც გთხოვოს მიეცი…” (მათ. 5:42).
ჭეშმარიტი გულმოწყალება, სხვებზე იმ მადლის გავრცელებაა, რომელსაც ჩვენ ღმერთისაგან ვღებულობთ.
ქრისტე გვასწავლის, რომ ადამიანებმა ღვთისაგან წყალობა არა მხოლოდ უნდა მიიღოს, არამედ სხვა ადამიანებსაც უნდა უყოს წყალობა: ,,ნეტარ არიან მოწყალენი, ვინაიდან ისინი შეწყალებულ იქნებიან” (მათ.5:7).
ადამიანებს ღმერთის თვალში დიდი ფასი აქვთ. უფალი იყენებს მორწმუნეებს, რომ წუთისოფელში დაჭრილ ადამიანებს დაეხმაროს.ადამიანების მიმართ გულმოწყალების გამოვლინებით ქრისტიანებს შეუძლიათ და მოვალენიც არიან იყვნენ ღვთიური სიყვარულის გამტარენი.
ღმერთი მორწმუნეებს მოუწოდებს, რომ ყოველთვის სითბოს, მზრუნველობას, სიბრალულს, შემწეობასა და სიყვარულს ამჟღავნებდნენ ადამიანების მიმართ, რაც ასე აუცილებელია მათთვის.

ეკლესიის მონაწილეობა სოციალურ საქმიანობაში

ეკლესიის სოციალური მოღვაწეობის გავლენა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა მხარეზე ზრდას განიცდის. ეკლესია ყოველთვის ახდენდა გავლენას სოციალური დაძაბულობის შემსუბუქებაზე და ხელს უწყობდა საზოგადოებაში მშვიდობისა და ჰარმონიის დამკვიდრებას.
ეკლესია მოღვაწეობს სხვადასხვა სოციალური მიმართულებით:
ბავშვთა სახლებსა და ინტერნატებში მონაწილეობს ბავშვების აღზრდაში;
მეურვეობს დაუძლურებულ ადამიანებს;
მონაწილეობს პატიმართა ზნეობრივ მხარდაჭერაში;
რისკის ჯგუფში მყოფ ადამიანებს უჩენს ფსიქოლოგიურ, სულიერ და მატერიალურ დახმარებას;
ეკლესია აყალიბებს სხვადასხვა სახის სოციალურ დაწესებულებებს, როგორიცაა: ბავშვთა თავშესაფრები, სარეაბილიტაციო ცენტრები, უფასო სასადილოები, საკვირაო სკოლები და აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების აღმომჩენი დაწესებულებები.
ეკლესიის სოციალური მსახურების პერსპექტივებია:
პროტესტანტული ეკლესიების საზოგადოებრივი მსახურება, სოციალური მუშაკების ინსტიტუტისა და პროტესტანტული ეკლესიების ურთიერთქმედება ქვეყნის აღორძინების საქმეში;
პროტესტანტული ეკლესიების მონაწილეობა ეთნიკური დაპირისპირების გადაჭრაში, სამოქალაქო მშვიდობის დამყარებასა და სხვადასხვა ეროვნების ხალხთა შორის თანამშრომლობაში;
კონფესიური შემწყნარებლობის აღზრდა მოსახლეობაში;
პოზიციური სოციალური თვისებების მქონე პირთა ფორმირების მიზნით რელიგიური განათლება და აღზრდა;
საქველმოქმედო მოღვაწეობა;
სამოქალაქო საზოგადოების ზნეობრივი საფუძვლების ფორმირება;
ქრისტიანული და საერო სოციალური დაწესებულებების თანამშრომლობა, როგორც საყოველთაო სამოქალაქო ამოცანების, ასევე ცალკეული ადამიანებისათვის დახმარების აღმოსაჩენად;

პირადი, ოჯახური და საზოგადოებრივი ზნეობის საკითხები

ბიბლიური შეხედულება პიროვნებაზე

ღმერთმა შექმნა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად, უნიკალურ პიროვნებებად, მამაკაცად და დედაკაცად. ღმერთი აკურთხებს ცოლქმრულ კავშირებს, როგორც ადამიანური მოდგმის გაგრძელების საშუალებას (დაბ. 1:28). მამაკაციც და დედაკაციც ერთმანეთთან ურთიერთობასა და ურთიერთშევსებას საჭიროებენ (1თეს. 5:23; საქმ. 4:23; 1კორ. 3:18).

დამოკიდებულება ოჯახთან

რომაული კანონის თანახმად (რომელიც თანამედროვე სახელმწიფოს უმრავლესობას სამოქალაქო სამართლის საფუძვლად უდევს)ქორწინება არის თავისუფალი, ორ მხარეს შორის შეთანხმება. ეკლესიამ ეს განსაზღვრება წმინდა წერილის სინათლეზე მოიაზრა და მისაღებად ჩათვალა.
ქრისტიანთათვის ქორწინება უბრალოდ იურდიული შეთანხმება, გვარის გაგრძელების საშუალება ან ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება კი არ არის, არამედ მღვდელმთავარ იოანე ოქროპირის ნათქვამის მიხედვით, ეს არის ,,სიყვარულის საიდუმლო”, მეუღლეთა მარადიული ერთიანობა ქრისტეში. ქორწინებაში შემავალი ქრისტიანები ეკლესიას კურთხევას სთხოვენ და მონაწილეობას იღებენ ზიარებაში, რაც ქორწინების საიდუმლოს აღსრულების უძველეს ფორმას წარმოადგენს.
მორწმუნეთა რწმენის ერთიანობა (რომლებიც ქრისტეს სხეულს ნაწილები არიან) ჭეშმარიტი ქრისტიანული ქორწინების უმნიშვნელოვანეს პირობას შეადგენს. მხოლოდ ერთიანი რწმენის ოჯახს შეუძლია საოჯახო ეკლესია გახდეს (რომ 16:4; ფილიპ. 1:2), რომელშიც ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად ღმერთის შემეცნებაში იზრდება. საერთო აზრის უქონლობა სერიოზულ საშიშროებას უქმნის ცოლ-ქმრულ კავშირის მთლიანობას. სწორედ ამიტომ ეკლესია თავის მოვალეობად მიიჩნევს, რომ მორწმუნეებს მხოლოდ უფალში დაქორწინებისკენ მოუწოდოს (1კორ.7:39), ე.ი. შეუღლდეს ადამიანთან, ვინც მის ქრისტიანულ რწმენას იზიარებს.
ეკლესია პატივისცემით ეპყრობა ისეთ ქორწინებასაც, რომელშიც მხოლოდ ერთი მხარეა მორწმუნე. პავლე მოციქულის სიტყვების მიხედვით ,,ვინაიდან ურწმუნო ქმარი განიწმინდება ცოლით და ურწმუნო ცოლი განიწმინდება ქმრით…”.
ეკლესია მეუღლეთაგან ერთმანეთის მიმართ სამუდამო ერთგულებასა და დაურღვეველ ქორწინებას მოითხოვს, რის საფუძველსაც უფალი იესო ქრისტეს ნათქვამი იძლევა: ,,… ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ… ვინც თავის ცოლს გაუშვებს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შEირთავს, მრუშობს” (მათ.19:6-9).
ეკლესია გმობს განქორწინებას, როგორც ცოდვას, ვინაიდან ამას მეუღლეთათვის და განსაკუთრებით კი ბავშვებისათვის უმძიმესი სულიერი ტანჯვა მოაქვს. თანამედროვე საზოგადოებაში ქორწინებათა მნიშვნელოვანი ნაწილი ირღვევა, განსაკუთრებით ახალგაზრდებს შორის. ეს კი პიროვნებისთვის და მთელი ხალხისთვის ნამდვილ ტრაგედიას წარმოადგენს.
ბიბლიის მიხედვით განქორწინება მხოლოდ ორი მიზეზით შეიძლება მოხდეს:
მრუშობა, რომელიც ქორწინების სიწმინდეს ბილწავს და ცოლქმრული ერთგულების ბორკილებს ამსხვრევს.
ურწმუნო მეორე ნახევრის სურვილი განქორწინებაზე (1კორ.7:15)
ეკლესია თავის მწყემსურ ამოცანას ხედავს იმაში, რომ მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცვას ქორწინების მთლიანობა და განქორწინება თავიდან აიცილოს. მღვდელმსახურები მოწოდებულნი არიან საუბრები ჩაუტარონ დაქორწინების მსურველებს და მათი განზრახვის ბუნებრიობა და მთელი სერიოზულობა განუმარტონ.

ქალისა და მამკაცის როლი საზოგადოებაში

ოჯახური გამოცდილება ადამიანს ეგოიზმის გადალახვაში ეხმარება და ჯანსაღ მოქალაქრობრივ უნარს უყალიბებს. ოჯახური გარემო ეხმარება ადამიანს, რომ მოყვასისადმი სწორი დამოკიდებულებები ჩამოუყალიბდეს, რომელიც შემდგომში ფართო საზოგადოებაშიც ვლინდება. ოჯახის როლი პიროვნების ჩამოყალიბებაში განსაკუთრებულია და შეუძლებელია მისი შეცვლა სხვა სოციალური ინსტიტუტებით.
თანამედროვე საზოგადოებისთვის საშინელ პრობლემად იქცა მშობლებისაგან მიტოვებული ბავშვების ბედი, რომელთა დიდი ნაწილი მიუსაფარ ბავშვთა სახლებშია, ზოგიერთიც კი საერთოდ უსახლკაროდ ქუჩაში ცხოვრობენ. ეკლესია ასეთ ბავშვებს სულიერ, სოციალურ და მატერიალურ დახმარებას უწევს და ამავდროულად მთელ ძალისხმევას მიმართავს ბავშვების ოჯახში დასაბრუნებლად. მშობლებთან აგიტაციას ეწევა იმ მიზნით, რომ შეახსენოს თავისი მოვალეობები და ამით დაიცვან ბავშვები მომავალი მოსალოდნელი ტრაგედიებისგან.
ქრისტიანობის წინადროინდელ ხანაში ქალი მამაკაცთან შედარებით სოციალურად დაბალ საფეხურზე მყოფად ითვლებოდა. ქრისტეს ეკლესიამ ქალის ღირსება და მაღალი წოდება მთელი სისრულით წარმოაჩინა. ეკლესია მაღალ შეფასებას აძლევს ქალის როლს და მის პოლიტიკურ, კულტურულ და მამაკაცთან სოციალურ თანასწორობას მიესალმება. ამავდროულად არ იწონებს ქალის, როგორც მეუღლისა და დედის რომლის დაკნინებას.
ქალი და მამაკაცი ფასეულობის მიხედვით ღმერთისა და საზოგადოების წინაშე თანაბარნი არიან, მაგრამ ეს არ აუქმებს მათ შორის ბუნებრივ განსხვავებას და მათ მოწოდებას ოჯახსა და საზოგადოებაში ერთნაირს არ ხდის. ეკლესიის შეხედულებით, ქალის დანიშნულება არც უბრალოდ მამაკაცის მიბაძვაშია და არც მასთან კონკურენციაში, არამედ მისთვის უფლის მიერ ბოძებული ყველა უნარის განვითარებაში.

მორალისა და ზნეობის საკითხები

ეკლესია ადამიანს ზნეობრივი სიწმინდისაკენ მოუწოდებს. სქესობრივი აღვირახსნილობა მის სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას მძიმე ზიანს აყენებს და აუცილებლად იწვევს ცხოვრების ნგრევას. პორნოგრაფია, ადამიანის სქესობრივი მიდრეკილების ექსპლოატაციას წარმოადგენს, ხელს უწყობს სულიერი და ზნეობრივი საწყისების დათრგუნვას, აკნინებს ადამიანს პირუტყვის დონეზე, რომელიც მხოლოდ ინსტიქტებით ხელმძღვანელობს.
მანკიერების პროპაგანდა განსაკუთრებულ ზიანს ბავშვებისა და მოზარდების მერყევ სულებს აყენებს. ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს თანამშრომლობისაკენ, რათა ზნეობრივად ჯანსაღი ძალებით იბრძოლონ ამ ეშმაკისეული ცდუნების გავრცელების წინააღმდეგ, რომელიც ანგრევს ოჯახებს და არყევს საზოგადოებრივ საფუძვლებს. ,,… ყველა, ვინც ქალს გულისთქმით უყურებს, მან უკვე იმრუშა მასთან თავის გულში” (მათ.5:28); ,,გულითქმა ჩასახავს და შობს ცოდვას. ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს” (იაკ. 1:15); ,,მეძავნი… ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს” (1კორ.6:9-10).
ღმერთმა აკურთხა სქესობრივი ურთიერთობები ქორწინებაში, სადაც ისინი სიყვარულის გამოვლინების, ქალისა და მამაკაცის გამთლიანების და ადამიანური მოდგმის გაგრძელების წყაროს წარმოადგენს.
ეკლესია გმობს პროსტიტუციის და ე.წ. თავისუფალი სიყვარულის ქადაგებას, რომელიც ღმერთის ჩანაფიქრით წმინდა ურთიერთობას ქალსა და მამაკაცს შორის და აგრეთვე თვით ადამიანის სხეულს დამამცირებელ ექსპლუატაციისა და ვაჭრობის, ეგოისტური, უსულგულო და დამახინჯებული დაკმაყოფილების მიღების საგნად აქცევს.
ჩვენ გვესმის, რომ ბავშვებსა და მოზარდებს სქესთა ურთიერთობისა და ადამიანის ხორციელი ბუნების შესახებ ინფორმირება, ოჯახთან ერთად სკოლამაც უნდა მისცეს, მაგრამ ეკლესიას არ შეუძლია მხარი დაუჭიროს ისეთი ტიპის სასწავლო პროგრამებს როგორიცაა: ,,სქესობრივი განათლება”, სადაც ქორწინებამდე კავშირებსა და მითუმეტეს ზოგიერთ გაუკუღმართებებს ნორმად მიიჩნევენ. ეკლესიის აზრით მოსწავლეთათვის ასეთი პროგრამების თავს მოხვევა სრულიად მიუღებელია. სკოლა მოწოდებულია წინ აღუდგეს მანკიერებას და სიწმინდესა და ერთგულებაზე დაფუძნებული მტკიცე ოჯახის შესაქმნელად ზნეობრივი პიროვნებები აღზარდოს.

ადამიანის ჯანმრთელობა

ბიბლიური შეხედულება ადამიანის ჯანმრთელობაზე

ბიბლია ადამიანს ასწავლის, რომ იზრუნოს როგორც სულიერ, ასევე გონებრივ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. ,,ნუთუ არ იცით, რომ ღვთის ტაძარი ხართ და ღვთის სული ცოცხლობს თქვენში? თუ ვინმე აზიანებს ღვთის ტაძარს, ღმერთი დააზიანებს მას, რადგან წმინდაა ღვთის ტაძარი და ეს თქვენა ხართ”. (1კორ. 3:16-17).
უფალი იესო ქრისტე ადამიანებს სულიერი და ფიზიკური ავადმყოფობებისაგან კურნავდა. სახარების ქადაგებას ყოველთვის თან ახლდა განკურნება, როგორც ცოდვების მიტევებაზე უფლის ძალაუფლების ნიშანი. მოციქულებიც ატარებდნენ სულიწმიდის ძალით განკურნების მსახურებას. ეკლესიას თავის დამაარსებლისგან სულიწმიდის ნიჭების მთელი სისრულე აქვს მინიჭებული და ამიტომაც ყოველთვის იყო და დღესაც რჩება განკურნების კერად.
ეკლესია ღრმა პატივისცემითაა გამსჭვალული სამედიცინო მოღვაწეების მიმართ, რომელთა მიზანსაც წარმოადგენს პაციენტის ჯანმრთელობის აღდგენა და ეს ყოველივე ღმერთის ნებაა: ,,თავად მშვიდობის ღმერთმა წმიდა გყოთ სრულად და მთლიანად: სული, მშვინვა და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისათვის” (1თეს.5:23).
ამასთან ერთად ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს სულიწმიდის ძალთაქმედებით ადამიანის გაკურნებას, რომელიც ეკლესიური საიდუმლოებებითა და ლოცვებით მოქმედებს. ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია მისი შედარება შელოცვებთან, გრძნეულებასთან და სხვა მაგიურ ქმედებებთან, ასევე ცრუმორწმუნეობასთან.

დამოკიდებულება ჯანდაცვასთან

ეკლესია თავის მსახურებს მოუწოდებს ჯანდაცვის მუშაკებს დაუმოწმოს ქრისტიანული რწმენით განკურნების საოცრებათა შესახებ. განსაკუთრებით მიშვნელოვანია, რომ ქრისტიანულ მოძღვრებას სამედიცინო სასწავლებლების პედაგოგები და მოსწავლეები ეცნობოდნენ. ეკლესიის მოღვაწეობა, რომელიც მიმართულია ღმერთის სიტყვის გაზიარებისა და სულიწმიდის მადლის გადასაცემად სნეულთათვის, უმთავრეს მნიშვნელობას მათი სხეულების განკურნების გარდა, სულზე ზრუნვის არსს შეადგენს. ეკლესია აკურთხებს და ხელს შეუწყობს საეკლესიო საავადმყოფოების შექმნას, სადაც მკურნალობისა და რეაბილიტაციის ყველა ეტაპზე სამედიცინო დახმარება მწყემსურ ზრუნვას შეეხამება.
ეკლესია მოწოდებულია, რომ სახელმწიფო სტრუქტურებთან და დაინტერესებულ საზოგადოებრივ წრეებთან ითანამშრომლოს და მონაწილეობა მიიღოს ჯანმრთელობის დაცვის ისეთ პროგრამებში, სადაც ყოველი ადამიანი შეძლებს სულიერ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობით თავისი უფლებები განახორციელოს.
ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა პიროვნების ღირსებისა და თავისუფალი არჩევნის პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული. ადამიანებით მანიპულირება ყველაზე საუკეთესო მიზნის გამოთაც კი დაუშვებელია. ექიმმა თავისი პასუხისმგებლობის ხარისხი სამედიცინო დახმარების აღმოჩენისათვის მატერიალურ ანაზღაურებასა და მის ოდენობას არ უნდა დაუკავშიროს. მან პროფესია გამდიდრების წყაროდ არ უნდა გადააქციოს. ამავე დროს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს მედიცინის მუშაკთა შრომის ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა.
ეკლესია მკაცრად აკრიტიკებს და უარყოფს ოკულტურ-მაგიურ პრაქტიკას, რომელიც ,,ალტერნატიული მედიცინის” სახელწოდების საფარქვეშ იმალება და ადამიანთა ცნობიერებასა და ნებას დემონური ძალების გავლენის ქვეშ აქცევს.
ყოველ ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება და რეალური შესაძლებლობა, უარი თქვას საკუთარ ორგანიზმზე ისეთი მეთოდებით ზემოქმედებაზე, რომელიც მის რელიგიურ მრწამსს ეწინააღმდეგება. დამოკიდებულება ჯანმრთელობის პროფილაქტიკასთან და სპორტთან
ადამიანის ჯანმრთელობის გასაკაჟებლად პროფილაქტიკური ღონისძიებები, ფიზკულტურა და სპორტი აუცილებელია.
სამამულო და უცხოური გამოცდილება ცხადყოფენ, რომ ფიზიკური კულტურისა და სპორტის საშუალებათა ეფექტურობა პროფილაქტიკურ საქმიანობაში ჯანმრთელობის დაცვისა და განმტკიცებისათვის, ნარკომანიასთან, ალკოჰოლიზმთან, თამბაქოს მოხმარებასთან და ზოგიერთ კანონდარღვევებთან ბრძოლაში, ძალიან მაღალია.
ფიზიკური კულტურისა და სპორტის პროპაგანდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას მათი ჰუმანიზაციის გაძლიერება წარმოადგენს. სასურველი არ არის და არ უნდა წახალისდეს სპორტისა და ფიზიკური ვარჯიშების იმ სახეობათა განვითარება, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო, გაუმართლებელ რისკთანაა დაკავშირებული და სასტიკ კულტს ნერგავს.
ეკლესია არ იწონებს სპორტთან დაკავშირებულ სიამაყის კულტის წარმოშობას, ჯანმრთელობის დამანგრეველი დოპინგებით მანიპულაციას და მძიმე ტრამვების მიყენებას.

დამოკიდებულება დემოგრაფიასთან

საქართველო დემოგრაფიული კრიზისის მდგომარეობაში იმყოფება. მკვეთრად შემცირდა შობადობა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და მოსახლეობის რაოდენობა.
ეკლესიამ აქტიურად უნდა დაუჭიროს მხარი სამეცნიერო, სამედიცინო და სოციალურ პროგრამებს დედათა და ბავშვთა შესახებ.
ეკლესია გმობს აბორტს, როგორც ცოდვას და ოჯახში ბავშვის დაბადებას აკურთხებს. ,,აჰა, მემკვიდრეობა უფლისაგან – შვილები, გასამრჯელო – მუცლის ნაყოფი” (ფს.126:3).დამოკიდებულება ფსიქიურ დაავადებებთან, ალკოჰოლიზმთან და ნარკომანიასთან
ეკლესია ფსიქიურ დაავადებებს უყურებს, როგორც ადამიანური ბუნების საერთო სულიერი დაზიანების გამოვლინებას.
ფსიქიური დაავადებები ან ბოროტი სულების ზემოქმედების, ან ადამიანის დამმონებელი გზნებების გამოვლინებაა. ამიტომ არასწორია, რომ ყველა ფსიქიური დაავადება საერთო ჯამში შეპყრობილობას მივაკუთნოთ და მათზე გამოკვლევას მხოლოდ კლინიკური მეთოდებით ვეცადოთ.
ფსიქოთერაპიის დარგში სულით დაავადებულთათვის ძალზე ნაყოფიერია ეკლესიისა და მედიცინის დახმარების შეხამება, მღვდლისა და ექიმის კომპენტენციათა ჯეროვან გამიჯვნასთან ერთად. ფსიქიური ავადმყოფობა ადამიანის ღირსებას არ ამცირებს. იგი ღმერთის ხატების მატარებლად რჩება და სიბრალულსადა დახმარებას საჭიროებს.
სამედიცინო ჩარევის ფორმების შერჩევისას ექიმებმა პაციენტის თავისუფლების უმცირესი შეზღუდვის პრინციპით უნდა იხელმძღვანელონ.
ეკლესია მკაცრად ასამართლებს ლოთობას, რომელიც ხშირად ხდება ოჯახის დანგრევის მიზეზი. ლოთობის მსხვერპლს ასევე დიდი ზიანი მოაქვს ახლობელი ადამიანებისთვის და განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის.
კიდევ უფრო დამღუპველი გატაცებაა ნარკომანია. ნარკოტიკებზე დამოკიდებული ადამიანი ბნელი ძალების ზემოქმედებისათვის უკიდურესად მორჩილი ხდება. ნარკომანიისადმი მეტწილად ახალგაზრდობაა მიდრეკილი, მათ თავს ახვევენ ქცევის სტერეოტიპებს და ამას ,,ნორმალურ” მდგომარეობად მიიჩნევენ.
ალკოჰოლით ან ნარკოტიკებით გამოწვეულ ილუზიებში მრავალი ადამიანის თავის შეფარების ძირითადი მიზეზი სულიერი სიცარიელე, ცხოვრების აზრისა და ზნეობრივი ორიენტაციის დაკარგვაა. ნარკომანია და ალკოჰოლიზმი მთელი საზოგადოებრიობის სულიერი დაავადების გამოვლინება ხდება, ეს არის ნიშანი არასულიერების და ჭეშმარიტი იდიალების დაკარგვის საზღაურისა.
იმის გამო, რომ ნარკოტიკებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება სოციალურად მისაღები გახდა, ყველა ტრადიციული პროფილაქტიკური, ახსნა-განმარტებითი და რეპრესიული ხასიათის ზომები, რომლებიც ,,გარედან” არის მიმართული, მიზანს ვერ მიაღწევენ, თუ ახალგაზრდული კულტურის ფასეულობების სისტემა არ შეიცვლება. ნარკოტიკებისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება არასამედიცინო დანიშნულების თვალსაზრისით უნდა შეწყდეს. ასეთი მასშტაბური ამოცანის გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მთელი საზოგადოების გაერთიანების გზით. უნდა შემუშავდეს ზომების მიღების ისეთი სისტემა, რომელიც საშუალებას მისცემს ნარკომანებს, რომ სიძნელეთა დაძლევის პრინციპულად სხვა საშუალებებზე და პოზიტიური ცხოვრების გამოცდილების შეძენაზე გადაერთონ.
ეკლესია თავის გულისტკივილს გამოთქვამს ლოთობასა და ნარკომანიას მსხვერპლად შეწირული ადამიანების მიმართ და დამღუპველი ჩვევების დასაძლევად სულიერ პროფილაქტიკურ და სარეაბილიტაციო მხარდაჭერას სთავაზობს.

ომი და მშვიდობა. სამხედრო სამსახური

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის რწმენას, რომ სამშობლოს წინაშე ყველამ თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს, კონკრეტულად კი ვსაუბრობთ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, მივესალმებით ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესაძლებლობას მათთვის, ვისი აღმსარებლობაც სამხედრო მოვალეობის შესრულების ნებას არ იძლევა.

ომი

ცოდვით დაცემის შემდეგ, კაცობრიობის მთელი ისტორია, ომების ისტორიაა (მათ.24:6-7; გამოცხ. 6:4), მაგრამ ეკლესიას ომი კაცობრიობის ბუნებრივ მდგომარეობად არ მიაჩნია.
იმ ადამიანებს, რომლებთაც ხელი მიუწვდებათ ისეთი იარაღის გამოყენებაზე, რომელითაც შეუძლიათ თვალის დახამხამებაში მთელი დედამიწის სიცოცხლე გაანადგუროს, უფლება არა აქვთ პლანეტის ბედი გადაწყვიტონ. ამის უფლება მხოლოდ ქვეყნიერების შემოქმედ ღმერთს აქვს. ლოკალური ომები ჩვენი ცხოვრების სასტიკი რეალობაა. სხვადასხვა კონფესიის ქრისტიანები ყოველთვის აქტიურად თანამშრომლობენ სამშვიდობო პროცესებში და ყველაფერს აკეთებენ რაც მათზეა დამოკიდებული, რათა სარაკეტო-ბირთვული აპოკალიფსის ეშმაკისეული გეგმა დაამსხვრიონ.
საერთაშორისო ურთიერთობათა სფეროში ხალხისა და ხელისუფლების ქცევის ქრისტიანული იდეალი ჩამოყალიბებულია ,,ოქროს წესში” _ ,,ამიტომ, ყველაფერში, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ ადამიანები, თქვენც ისევე მოექეცით მათ” (მათ.7:12).
დამოკიდებულება ომის ხასიათთან (ლოკალური სამხედრო კომფლიქტი), ეკლესიის მიერ მისი მხარდაჭერა ან განსჯა, ყოველი კონკრეტული შემთხვევის დროს ცალკეულ განხილვას ექვემდებარება.
ეკლესია არ უკრძალავს თავის წევრებს სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას, მათ შორის კონსტიტუციური წესრიგის მხარდასაჭერად (რომ.13:1; 1პეტრ.2:13). ჩვენ უაღრესი პატივისცემით ვუყურებთ სამშობლოს დამცველებს, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ან მზად არიან თანამემამულეთა გულისთვის სიცოცხლე გაიღონ (იოან.15:13).

მშვიდობა

გარემომცველი სამყარო შემომქმედი ღმერთის მიერ არის გაჩენილი (საქ.17:24). უფალმა ის სრულყოფილი შექმნა (დაბ.2:31). ქმნილების გვირგვინად ღმერთმა ადამიანი გამოსახა და რაც შექმნა, ყველაფრის გამგებლად დააყენა (დაბ.1:26;ფს.8:6), მაგრამ ადამიანმა შესცოდა და ღვთიურ მადლს მოაკლდა.
ადამიანის ცოდვით დაცემის გამო მთელი ქვეყნიერება ცოდვის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდა (1იოან.5:19; რომ.5:12). დაღუპული კაცობრიობის სახსნელად ღმერთმა დედამიწაზე თავისი ძე, იესო ქრისტე გამოგზავნა, რომელმაც ადამიანთა ცოდვების გამო, ჯვარზე სიკვდილით ღმერთთან ადამიანის დაკარგული კავშირი აღადგინა (იოან.3:16). ამაში მდგომარეობს ბიბლიური ხედვა მშვიდობის გაგებაზე, როგორც ღვთიურ ქმნილებაზე.
ეკლესიის შეხედულებით, როდესაც პიროვნების შინაგანში მშვიდობაა, ეს ღმერთის საჩუქარია. მშვიდობა ყველა ქრისტიანისათვის ღვთიურ კურთხევას წარმოადგენს (იოან.14:27; გალ.5:22). მორწმუნე ადამიანის გულში, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ირგვლივ ომები იყოს ან სტიქიური უბედურობები, კატასტროფები, მაინც მშვიდობაა გამეფებული (იოან.16:33). ქრისტეს მშვიდობა ნიშნავს ცოდვებისგან განთავისუფლებას (რომ.15:13) და ღმერთის ნებაში ცხოვრებას (რომ.5:1). ღმერთს სურს, რომ მისმა შვილებმა ქრისტეს მშვიდობა და სახარების სინათლე მიუტანოს დაღუპვისკენ მიმავალ კაცობრიობას, რომელიც ეთნიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებისგან იტანჯება (მათ.5:9).

სამხედრო სამსახური

სახელმწიფო ინსტიტუტი ღმერთმა თავის სადიდებლად და საერთო კეთილდღეობისათვის დააარსა (იგავ.8:15-16). ჩვენ, როგორც მოქალაქეებმა, კეთილსინდისიერად უნდა შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები, რომელთა შორის არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი სამხედრო ვალდებულება, სამხედრო სამსახურში გაწვევით ან კონტრაქტით (ლუკ.3:14; მათ.8:9-10).
ჩვენ ვავლენთ ზრუნვას არმიის სულიერ სახეზე და ვესწრაფვით, რომ სამხედრო სამსახურში გაწვეულ ეკლესიის წევრებთან უწყვეტი სულიერი კავშირი შევიარჩუნოთ, ამიტომ ვაღიარებთ ეკლესიის თანამშრომლობის აუცილებლობას შეიარაღებულ ძალებთან (მათ შორის სამინისტროებთან და უწყებებთან, რომლებსაც კანონიერი შეიარაღებული ფორმირებები ექვემდებარებიან), ამჟამად არსებული კონცეფციის საფუძველზე, ეკლესიის გამოცდილების გათვალისწინებით.
თანამშრომლობის მიმართულებები:
_ საქართველოს შეიარაღებული ძალების სულიერი აღორძინება;
_ გაწვევით ან კონტრაქტით სამხედრო სამსახურში მყოფი ეკლესიის წევრების სულიერი დამოძღვრა;
_შეიარაღებული ძალების აღმზრდელობითი სტრუქტურებისათვის დახმარების გაწევა აღმზრდელობითი მუშაობის განხორციელებაში, სამხედრო მოსამსახურეებს შორის სამშობლოს ერთგული სამსახურის ტრადიციების სულისკვეთების ჩამოყალიბებაში;
_ იმ მორწმუნე სამხედროების რელიგიური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, რომლებიც ეკლესიის წევრები არიან;
_ სამხედრო მოსამსახურეებისათვის შესაძლებლობების მიცემა, რათა საკუთარი ნების საფუძველზე, სრულფასოვანი სულიერი განათლება მიიღონ;
_ საგანგებო სიტუაციების დროს მაშველებთან ერთად მოსახლეობისათვის სულიერი დახმარების გაწევა.
თანამშრომლობის პრინციპები:
_ წმინდა წერილის მცნებების დაცვა;
_ საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, შეიარაღებული ძალების წესდების, შესაბამისი სამინისტროების ბრძანებულებებისა და დირექტივების დაცვა;
_ რელიგიური გაერთიანებების ტრადიციების პატივისცემა;
_ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების პრიორიტეტი;
_ კონფესიათაშორისი დაპირისპირების გადაჭრა სამხედრო კონფლიქტის გარეშე;
_ რელიგიურ გაერთიანებების შინაურ საქმეებში ჩაურევლობა.
თანამშრომლობის ფორმები:
_ ეკლესიასა და შეიარაღებულ ძალებს შორის სულიერ-ზნეობრივი, სამეცნიერო და კულტურულ სფეროებში პერსრექტიული პროგრამების შემუშავება და რეალიზაცია;
_ სამხედრო მოსამსახურეთათვის ბეჭვდითი გამოცემის (გაზეთი, ჟურნალი) გამოცემა და ტელე-რადიო პროგრამების მომზადება.

დამნაშავეობა და სასჯელი

სახელმწიფო და დამნაშავეობა

ყოველი ადამიანი თავისი სახელმწიფოს კანონების სადარაჯოზე უნდა იდგეს. ,,ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას” (რომ.13:1).
ცოდვა ადამიანის სამშვინელსა და სულში მომქმედი ღრმა პროცესია და იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული ზნეობივი ნორმების ან სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლის დარღვევა. ,,ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს”(მათე 15:19).
სახელმწიფო ხელისუფლების სისუსტე, კანონმდებლობის არასრულყოფილება, სუსტი ეკონომიკური და აგრეთვე სოციალური ბაზაც ხელს უწყობენ დამნაშავეობის ზრდას. დამნაშავეობა განსაკუთრებით საშიშია იქ, სადაც ხელს აფარებენ პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური მოტივებით.
დანაშაულთან საბრძოლველად სახელმწიფოში შექმნილია სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური დაწესებულებანი, რომელთა მიზანსაც დანაშაულთა თავიდან აცილება და მათი გამოძიება წარმოადგენს.
დანაშაულთა აღმოფხვრა არა მხოლოდ სახელმწიფოსი, არამედ ეკლესიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს.

დამნაშავეობის პროფილაქტიკა

დამნაშავეობის თავიდან აცილების გზას ეკლესია უპირველეს ყოვლისა, ერის სულიერ აღორძინებაში, მის სულიერად და ზნეობრივად აღზრდაში ხედავს. ამისათვის აუცილებელია, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებთან ნაყოფიერ თანამშრომლობასთან ერთად შეიქმნას ქრისტიანული სასწავლო დაწესებულებანი. ასევე საჭიროა ქრისტიანული, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შექმნაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა დამნაშავეობის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით. დაშინების დაძალების ან დასჯის არანაირ ზომებს არ ძალუძთ ადამიანის გულიდან ბოროტების აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ წარმოადგენს სახარების, პატიოსანი და ღირსეული ცხოვრების ქადაგება კანონდარღვევის თავიდან აცილების ერთადერთ მოქმედ საშუალებას. ამისათვის ეკლესიის სამართალდამცავ ორგაოებთან თანამშრომლობაა აუცილებელი.
სახარების რწმენის ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ისეთ ჯგუფებს რომლებშიც მაღალია რისკის დონე _ ნარკომანია, უსახლკაროები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და ა.შ. ისინი ყველაზე ხშირად ჩადიან დანაშაულს.
ეკლესიის მიერ ასეთი ადამიანებისათვის შექმნილი სარეაბილიტაციო საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ დამნაშავეობის სოციალური მიზეზების დაძლევისაკენ. სახარების რწმენის ქრისტიანებს ამის გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ და მზად არიან ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისათვის.

დამნაშავეთა დასჯა

ჩადენილი დანაშაულისათვის დამსახურებული და სამართლიანი სასჯელია გათვალისწინებული. ეკლესია მოითხოვს, რომ გამოძიების ქვეშ მყოფთა უფლებები არ დაირღვეს, მათ გარანტირებული ჰქონდეთ დაცვა და სამართლიანი გასამართლება. ეკლესია გმობს მსჯავრდადებულებზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობას, აგრეთვე დამცირებას და წამებას, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს იგი.
დამნაშავის პატიმრობაში ყოფნა გულისხმობს არა მხოლოდ მის საზოგადოებისაგან იზოლაციას, არამედ მის გამოსწორებასაც. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფთა ხელახალი არზრდა, ეკლესიის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
მსჯავრდადებულებს მხოლოდ ეკლესიის მსახურების მეშვეობით შეუძლიათ მოისმინონ ღმერთის სიტყვა და იგრძნონ ღმერთის სიყვარული. ამ მიზნით ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. მსაჯავრდადებულთათვის მათი იზოლაციის მიზეზებისა და ღმერთის რწმენის მეშვეობით ცხოვრების ჯანსაღი წესისაკენ დაბრუნების მნიშვნელობის ახსნა, ხშირი ღვთისმსახურებები, სულიერი ლიტერატურის მიწოდება, ეს ყველაფერი სახარების რწმენის ქრისტიანთა ზრუნვას წარმოადგენს, რომლის მიზანია, გზას აცდენილ ადამიანს გონება გაუჯანსაღოს და ხელი შეუწყოს მის ზნეობრივ განკურნებას.
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უფრო ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია მსახურთა სპეციალური მომზადება და მათი სხვადასხვა გამოსასწორებელ დაწესებულებებთან მიმაგრება. საპატიმროების მსახურთა (კაპელანთა) მომზადების სასწავლო დაწესებულებების შექმნა სახარების რწმენის ქრისტიანთა საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.
ეკლესია თავის მოვალეობად მიიჩნევს, დახმარება გაუწიოს სახელმწიფოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფთა პირობების გაუმჯობესებაში.
კანონმდებლები ვალდებულნი არიან საიმედოდ დაიცვან მოქალაქეები დამნაშავეთა ხელყოფისაგან და დამნაშავეს გზაზე მყარი საფარი დაუდონ.
დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ ყოველ დანაშაულს გარდაუვლად მოჰყვება მკაცრი სადამსჯელო ზომები.
სიკვდილით დასჯა სასჯელის განსაკუთრებული ზომაა. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის სიცოცხლე არ სრულდება ფიზიკური სიკვდილით, ეკლესია საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს სიკვდილმისჯილ ადამიანს მიაწვდინოს ღმერთის სიტყვა და ღმერთის წინაშე მონანიება შესთავაზოს.
სამწუხაროდ, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში მრავალი მოქალაქე კარგავს თავის სოციალურ ფესვებს, თავის ოჯახს. ასეთი პიროვნების რეაბილიტირება შესაძლებელია ეკლესიის მიერ შექმნილ სარეაბილიტაციო ცენტრებში.

სახელმწიფოსა და ეკლესიის თანაქმედება

ეკლესია ისწრაფვის იმისკენ, რომ განსაკუთრებული ზრუნვა გამოავლინოს სახელმწიფოში დამნაშავეობის თავიდან აცილების საქმეში (1იოან.5:18).
ეკლესია პატივს სცემს აღმზრდელების, სამართალდამცავი ორგაოების მუშაკების, იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტების შრომას და მზად არის ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს მათ. ასეთი დახმარება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ერთობლივ პროექტებში, როგორიცაა: სარეაბილიტაციო ცენტრების დაარსება, კულტურული და მეცნიერული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ. ქრისტიანობის ძირითადი დანიშნულება არის სახარების და ღმერთის სასუფევლის ქადაგება ქვეყიერებაზე (მარკ.16.15).
ეკლესიის თანამშრომლობა იუსტიციის სამიისტროს სამართალდამცავ სისტემასთან შესაძლებელია ერთობლივ გრძელვადიან მოლაპარაკებებს ეფუძნებოდეს.
მხოლოდ ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია მრავალი ადამიანის დახმარება, რომ მიატოვონ დანაშაულის გზა და დაუბრუნდნენ სრულყოფილ ცხოვრებას თავიანთი სახელმწიფოსა და საკუთარი თავის სასარგებლოდ.

 

სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები

პროპაგანდასთან დამოკიდებულება

ეკლესია პატივისცემით ეკიდება ჟურნალისტების შრომას, რომლებიც მოწოდებულნი არიან საზოგადოების ფართო ფენებს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ დროული ინფორმაცია მიაწოდონ.
მაყურებლის, მსმენელისა და მკითხველის ინფორმირება უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სიმართლისადმი მტკიცე ერთგულებას, არამედ პიროვნებისა და საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე ზრუნვას, რაც თავის თავში მოიცავს დადებითი იდეალების გამოვლენას და ბრძოლას ბოროტების, ცოდვისა და ბიწიერების გავრცელებასთან.
დაუშვებელია ძალადობის, მტრობის, სიძულვილის, რასობრივი, ნაციონალური, სოციალური და რელიგიური უთანხმოების პროპაგანდა.

საგანმანათლებლო და მშვიდობისმყოფელი მოღვაწეობა

ეკლესია იმისთვის თანამშრომლობს საერო მასმედიასთან (მასობრივ საიფორმაციო საშუალებებთან), რათა სახარება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს მიაწვდინოს. ,,მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდითა და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ” (1პეტრე3:15).
ყოველი ღვთისმსახური მოწოდებულია სათანადო ყურადღებით ეპყრობოდეს საერო მასმედიასთან კავშირებს საკუთარი მწყემსური და საგანმანათლებლო მოღვაწეობის განხორციელების მიზნით, ასევე დააინტერესოს საერო საზოგადოება ეკლესიური ცხოვრებისა და ქრისტიანული კულტურის სხვადასხვა მხარეებით.
საჭიროა სიბრძნის, პასუხისმგებლობისა და წინდახედულობის გამოვლინება, კონკრეტული მასმედიის პოზიციის გათვალისწინება რწმენასა და ეკლესიასთან დამოკიდებულებაში, ამავდროულად მასმედიის ზნეობრივი მიმართულების გათვალისწინებაც. ქრისტიანებს უშუალოდ შეუძლიათ საერო მასმედიაში მუშაობა და საზოგადოებამდე ქრისტიანული მორალის იდეების მიტანა.
ეკლესიისა და საერო მასმედიის თანამშრომლობა გულისხმობს ორმხრივ პასუხისმგებლობას. ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტს მიეწოდება და შემდეგ აუდიტორიას გადაეცემა, სარწმუნო უნდა იყოს. ეკლესიის მსახურთა ესა თუ ის აზრი, რომელიც მასმედიის მეშვეობით ვრცელდება საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ეკლესიის მოძღვრებასა და პოზიციას უნდა ემთხვეოდეს.

კონფლიქტების მოგვარება

ეკლესიისა და მასმედიის თანამშრომლობის პროცესში შესაძლოა გართულებები და ძალიან სერიოზული კონფლიქტებიც კი წარმოიქმნას. იგი შეიძლება ეხებოდეს ეკლესიური ცხოვრების შესახებ არასწორ და დამახინჯებულ ინფორმაციას, მის არასათანადო კონტექსტში მოხსენიებას, ავტორის პირადი პოზიციის საზოგადოებრივ პოზიციასთან აღრევას. ამავე დროს შესაძლებელია, უფრო ღრმა, პრინციპული კონფლიქტების შექმნა ეკლესიასა და საერო მასმედიას შორის. ეს ეხება ღმერთის სახელის აუგად ხსენებას, მკრეხელობის სხვადასხვა გამოვლინებებს, ეკლესიის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ და შეგნებულ დამახინჯებას, ეკლესიისა და მისი მსახურების აშკარა ცილისწამებებს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმოქმნილი გართულებები და კონფლიქტები სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წყდებოდეს.

ბიომედიცინის ეთიკის პრობლემების შეფასება

ეკლესიას ღრმად სწამს, რომ ადამიანი სულიერი ქმნილებაა, იგი ღმერთის მიერ და ღმერთისთვის შეიქმნა. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მეცნიერული აღმოჩენების, ზნეობრივი ასპექტების დაკვირვებული გამოკვლევა, განსაკუთრებით კი ისეთ დარგში როგორიცაა თანამედროვე ბიომედიცინური ტექნოლოგიები.

აბორტი

აბორტთან დაკავშირებით ჩვენ ვემხრობით ქრისტიანული ეკლესიის ტრადიციულ აზრს და განვიხილავთ მას, როგორც უცოდველი ადამიანური ქმნილების შეგნებულ მკვლელობას, რომელიც ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა (დაბ.1:27).
ბიბლია არაერთგზის აღწერს დედის მუცელში მყოფ ნაყოფს, როგორც სრულყოფილ ადამიანურ ქმნილებას: ,,რადგან შენ დაბადე თირკმელნი ჩემნი, შენ გამომძერწე დედაჩემის წიაღში. გადიდებ, რადგან საოცრებით შემქმენი; საკვირველია საქმენი შენნი, და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით. არ დაფარულა ჩემი ძვლები შენგან, როცა ჩავისახე იდუმალებაში, შევნივთდი ქვესკნელში. ჩემი ჩანასახი იხილეს შენმა თვალებმა” (ფს.138:13,16).
,,განა მან, ვინც დედის მუცელში შემქმნა, მანვე არ შექმნა იგი? განა ჩვენ ერთმა ღმერთმა არ გამოგვსახა საშოში?” (იობ.31:15).
ჩვენ ვგმობთ აბორტს, რადგან ის კლავს სიცოცხლეს, რომელსაც ღმერთი იძლევა. მის ფართო გავრცელებასა და გამართლებას ჩვენ განვიხილავთ, როგორც საფრთხეს მომავალი კაცობრიობისას და ჩვენი საზოგადოების მორალური დეგრადაციის აშკარა ნიშანს.
ადამიანის სიცოცხლეს, დაწყებული მისი ჩასახვის მომენტიდან ბიბლიური ფასეულობების გათვალისწინებით არ უნდა განაგებდეს ჯერ არ დაბადებული ბავშვის დედა.
ამასთანავე, ჩვენ გვესმის, რომ არც თუ იშვიათად ქალები აბორტზე მძიმე ცხოვრებისეული პირობების გამო მიდიან. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია. რომ აბორტების ქრისტიანულ ალტერნატივას დედებისთვის და ბავშვებისთვის გაწეული სოციალური დახმარება წარმოადგენს ჯერ არ დაბადებული ბავშვის მკვლელობის გამო პასუხისმგებლობას მხოლოდ დედა კი არა, არამედ მამაც ატარებს თუკი იგი ეთანხმება ორსულობის შეწყვეტას. იგი ეხება ექიმსაც რომელიც აბორტს აკეთებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოს მიერ მედიცინის მუშაკთა აღიარებაზე, რომლებიც უარს ამბობენ აბორტის გაკეთებაზე სინდისის მოსაზრების გამო. არ შეიძლება ნორმალურად ჩაითვალოს მდგომარეობა როდესაც ექიმის იურიდიული პასუხისმგებლობა შეუდარებლად უფრო დიდია დედის სიკვდილის შემთხვევაში, ვიდრე პასუხისმგებლობა ნაყოფის განადგურების დროს.დიაგნოზის დასმის დროს რომელსაც შეუძლია ქალს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტისაკენ უბიძგოს, ექიმმა მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს.

კონტრაცეფცია

ჩვენის აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებასა და შეფასებას მოითხოვს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების (კონტრაცეფცია) გამოყენებაც.
ღმერთის თავდაპირველი გეგმა ადამიანისათვის მოცემული იყო ჯერ კიდევ დაბადების წიგნში: ,,და აკურთხა ისინი ღმერთმა და უთხრა მათ ღმერთმა: ინაყოფიერეთ და გამრავლდით, და აღავსეთ ქვეყანა და დაეუფლეთ მას” (დაბ. 1:28). დიდი ოჯახი ღმერთის კურთხევად ითვლებოდა (ფს.126:3-5). მრავალ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულება დღემდეა შემორჩენილი.
ზოგიერთ ქრისტიანს მიაჩნია, რომ სექსუალური ურთიერთობების მიზანი მხოლოდ ადამიანური მოდგმის გამრავლებაა, ამიტომ ისინი კონტრაცეფციის არანაირ მეთოდს არ იყენებენ. ჩვენ პატივს ვცემთ ამ მოსაზრებას, მაგრამ არ მიგვაჩნია იგი ერთადერთად.
ჩვენ ვთვლით, რომ ბავშვების სრულყოფილად აღზრდის საკითხში მეუღლეები პასუხისმგებლობას ატარებენ ღმერთის წინაშე.
ჩვენ მიგვაჩიანია, რომ ზოგიერთ ოჯახებს შეიძლება ჰქონდეს გამართლებული მიზეზები იმისათვის, რათა დროებით გადადონ ან განსაზღვრონ ბავშვის ყოლა. აგრეთვე პატივისცემით ვეპყრობით მათაც, ვინც გადაწყვიტა არ იყოლიოს ბავშვები, თუმცაღა ეს ნორმად არ მიგვაჩნია.
კონტრაცეფციის შერჩევისას მშობლებს უნდა ესმოდეს, რომ ზოგიერთ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას აბორტის მსგავსი მოქმედება გააჩნია და ხელოვნურად წყვეტს ემბრიონის სიცოცხლეს ჩასახვის ყველაზე ადრეულ სტადიაში. ჩვენ მათი გამოყენება აბსოლიტურად მიუღებლად მიგვაჩნია.
მთლიანობაში ვიზიარებთ იმ აზრს, რომ შვილები ღმერთის საჩუქარი და კურთხევაა. უფალი ჯერ კიდევ მაშინ ზრუნავს ბავშვზე, როდესაც იგი დედის მუცელში იმყოფება. მისი სურვილია, რომ ბავშვები იბადებოდნენ და იზრდებოდნენ ღირსეულ პირობებში და ჰყავდეთ მოსიყვარულე მშობლები.

სიცოცხლის ჩასახვის მანიპულაციები

ადამიანის შექმნის მომენტიდან ბავშვების ჩასახვა და მათი შობა ოჯახური ცხოვრების ბუნებრივ შედეგს წარმოადგენს. წმინდა წერილი ბავშვებს განიხილავს, როგორც ღმერთის საჩუქარს ორივე მშობლისთვის, მათი ურთიერთსიყვარულის შესანიშნავ ნაყოფს.
ჩვენ არ მიგვაჩნია გამართლებულად ღმერთის თავდაპირველი გეგმის საწინააღმდეგო ბავშვების შობის სხვა გზები.
განვიცდით იმას, რომ თანამედროვე ბიოტექნიკის განვითარებას ადამიანური სიცოცხლის დაბადების პროცესში სულ უფრო და უფრო აქტიური ჩარევისკენ მივყავართ. ადამიანის სიცოცხლე არ წარმოადგენს პროდუქტს, რომლის გამოყენებაც საკუთარი ნება-სურვილისამებრ არის შესაძლებელი ისე, როგორც მატერიალური ღირებულების მქონე ნივთის.
ჩვენ არ მიგვაჩნია მართებულად უშვილობის შემთხვევაში სასქესო უჯრედების დონორობასთან დაკავშირებული მანიპულაციები, ვინაიდან ისინი არღვევენ საქორწილო კავშირის ურთიერთობების განსაკუთრებულობას, რადგან ამ შემთხვევაში ხდება მესამე პირის ჩარევა. როდესაც ბავშვის ჩასახვა შეუძლებელია, უმჯობესია მეუღლეებმა ბავშვის აყვანაზე იფიქრონ.
მანიპულაციის სხვა შემთხვევები, რომლებიც უფრო ხშირად გვხვდება, როგორიცაა მარტოხელა ქალების განაყოფიერება დონორის სასქესო უჯრედების გამოყენებით ან მარტოხელა მამაკაცების ,,რეპროდუქციული უფლებების” რეალიზაცია, აგრეთვე პიროვნებების სექსუალური ორიენტაციით, სუროგატული დედობა, რომელიც მშობიარობის შემდეგ ბავშვს ,,დამკვეთებს” უბრუნებს, ჩვენ ამორალურად, ეგოისტურად და ადამიანური ღირსების დამამცირებლად მიგვაჩნია. ასეთ შემთხვევაში განსაკუთრებულ დაფიქრებას საჭიროებს იმ ბავშვის ბედი, რომელიც ამგვარ პირობებში მოევლინება ქვეყანას.

ორგანოების გადანერგვა

ჩვენ დროში ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას ორგანოების გადანერგვა (ტრანსპლანტოლოგია) წარმოადგენს.
ჩვენ გვწამს უფალი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლისას ჩვენი სხეულები მკვდრეთით აღსდგება. პავლე მოციქული ამბობს: ,,ხორცსა და სისხლს არ ძალუძთ ღვთის სასუფევლის დამკვიდრება, და ხრწნაც ვერ დაიმკვიდრებს უხრწნელობას” (1კორ.15:50). ადამიანის სიკვდილის შემდეგ მისი სხეული მტვრად იქცევა, რისგანაც იგი შეიქმნა (დაბ.3:19). მომავალი ცხოვრებისათვის იგი არ არის საჭირო. სიკვდილის შემდეგ საკუთარი ქსოვილებისა და ორგანოების ახლობლისთვის გადაცემა, შესაძლოა მოყვასისადმი განსაკუთრებულ გამოხატულებად ჩაითვალოს, თუმცა ასეთი ქმედება არ შეიძლება ადამიანის მოვალეობად ითვლებოდეს.
განსაკუთრებულ შემთხვევას ცოცხალი დონორის ორგანოების გადანერგვა წარმოადგენს. ასეთი რამ დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნება ნებაყოფლობით სწირავს, რათა სხვა ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს. თანხმობის მიცემა ორგანოს ამოკვეთაზე თანაგრძნობის დიდ მაგალითს წარმოადგენს, მაგრამ პოტენციური დონორი სრულებით ინფორმირებული უნდა იყოს, თუ რა შესაძლო შედეგები შეიძლება მოჰყვეს ორგანოს ექსპლუატაციას მისი ჯანმრთელობისთვის.
ჩვენი აზრით ტრანსპლანტაციის ერთადერთ გამამართლებელ მოტივს მოყვასის სიყვარული და მისდამი თანაგრძნობა წარმოადგენს.
ამ პროცესის კომერციალიზაცია თავისი არსით მანკიერია და გაუთვალისწინებელი შედეგების გამოღება შეუძლია.
სიცოცხლის გახანგრძლივება კლინიკური სიკვდილის დროს
ვაცნობიერებთ, რომ ჩვენი ფიზიკური სიკვდილის დღე და საათი უფლის ხელშია. სიკვდილის მომენტი არის ის დრო, როდესაც სული სხეულს შორდება და ამიტომ სხეულის ცალკეული ორგანოების სიცოცხლის გახანგრძლივება კლინიკური სიკვდილის შემთხვევაში ყოველთვის არ არის გამართლებული და ჩვენი აზრით მედიკოსთა აუცილებელ მოვალეობას არ წარმოადგენს. სიკვდილი არის ჩვენი დედამიწაზე ცხოვრების ბუნებრივი, მაგრამ სევდიანი ნაწილი.
ჩვენ არ ვამართლბთ პაციენტისთვის სიმშვიდის შენარჩუნების მიზნით მისი რთული მდგომარეობის დამალვას. არსებითად, ეს მომაკვდავ ადამიანს შესაძლებლობას ართმევს გააცნობიეროს უფალთან მისი მოსალოდნელი შეხვედრა, გადახედოს თავის ცხოვრების გზას. დამალვა იწვევს უნდობლობას ახლობლებისა და ექიმების მიმართ და ეს კიდე ურთულებს უკანასკნელ წუთებს.

ევთანაზია

უკანასკნელ დროში მეცნიერთა წრეებსა და მასობრივ საინფორმაციო საშუალებებში სულ უფრო მძაფრი ხდება დისკუსია უიმედო ავადმყოფების შეგნებულად მოკვდინების (ევთანზია), მათ შორის მათი სურვილითაც, ლეგალიზაციის გამართლების სესახებ.
ჩვენ გვწამს, რომ ადამიანის სიცოცხლე უფლის წმინდა საჩუქარს წარმოადგენს და მხოლოდ მას აქვს მისი განკარგვის უფლება. ჩვენ ევთანაზიას მკვლელობის ან თვითმკვლელობის ფორმად მივიჩნევთ, რომლებიც უფლის წინაშე უმძიმეს ცოდვად ითვლება. იმის მაგივრად, რომ პატივისცემით მოეკიდო ადამიანის სიცოცხლეს, ევთანაზიის მომხრეებს ხშირად წინა პლანზე მისი სოციალური ,,უპირატესობანი” გამოაქვთ ,,არაპროდუქტიული” მოქალაქეების ელიმინირებით დაწყებული ,,უსარგებლო” სამედიცინო ხარჯების თავის არიდებით დამთავრებული. ჩვენის ღრმა რწმენით ზებუნებრივი განკურნება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საჭიროდ ვთვლით ვილოცოთ უიმედო ავადმყოფებზე და აგრეთვე ყველაფერი გავაკეთოთ რაც შესაძლებელია მათი ფიზიკური ტანჯვის შესამსუბუქებლად.

ჰომოსექსუალიზმი და სქესის შეცვლა (ტრანსსექსუალიზმი)

წმინდა წერილი ჰომოსექსუალურ სქესობრივ ურთიერთობებს განიხილავს, როგორც ადამიანის ცხოვრებისთვის ღმერთის ჩანაფიქრის უხეშ დამახინჯებას. ამ სახის ურთიერთობებს ღმერთი ,,სისაძაგლეს” (ლევ.20:13) და ,,სამარცხვინო ვნებებს” (რომ.1:26-27) უწოდებს, ამის ჩამდენნი ,,ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს” (1კორ.6:9-10).
თანამედროვე საზოგადოებაში ჩვენ სულ უფრო და უფრო ხშირად ვხვდებით ჰომოსექსუალიზმისადმი დამოკიდებულებას, როგორც ,,განსაკუთრებული სექსუალური ორიენტაციისადმი”. გამოთქვამენ აზრებს, რომ ჰომოსექსუალიზმი განპირობებულია ,,ინდივიდუალური სექსუალური განწყობილებით”.
ბიბლია გვასწავლის, რომ სექსუალური ურთიერთობების ერთადერთ ნორმალურ და ბუნებრივ ფორმას ქორწინებაში მყოფი მამაკაცისა და დედაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს. არანაირი ჰომოსექსუალური კავშირები არ უნდა უპირისპირდებოდეს მას. ჩვენ ვგმობთ ცოდვილი ტენდენციის ორმაგ წარმოდგენის, მითუმეტეს კი მისი სიამაყით და მაგალითის სახით წარმოჩენის მცდელობებს. აგრეთვე ვასამართლებთ ჰომოსექსუალიზმის ყოველგვარ პროპაგანდას.
ამ აზრიდან გამომდინარე ნათელია ჩვენი პოზიცია სქესის შეცვლის (ტრანსსექსუალიზმის) მცდელობებთან დაკავშირებით, რომლებიც თითქოსდა საწინააღმდეგო სქესისადმი მიკუთვნების გრძნობით არის გამოწვეული. ამგვარი მცდელობები წარმოადგენენ ღმერთის მიერ დაწესებული წესრიგის წინააღმდეგობის ნიშანს და კიდევ უფრო მეტად შეუძლიათ ადამიანის შინაგანი ფსიქოლოგიური კრიზისის გაღრმავება.

სახარების რწმენის ეკლესიაში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

13 იანვარს საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში საახალწლო ნაძვის ხის ღონისძიება გაიმართა,რომელშიც მონაწილეობას 300-მდე ბავშვი იღებდა. ღონისძიებაზე მოიწვიეს 50-მდე სოციალურად დაუცველი ბავშვი. ეკლესიის ბავშვებმა სასაჩუქრე ყუთები გააკეთეს და დღევანდელ ღონისძიებაზე მოწვეულ ბავშვებს სწორედ ეს სასაჩუქრე ყუთები გადასცეს.

სახარების რწმენის ეკლესია