Category Archives: სიახლეები

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია დროებით ცვლის მსახურების ფორმატს

"მივმართავ სახარების რწმენის ეკლესიას, ჩემო ძვირფასო დანო და ძმანო, მოგმართავთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულით. მსოფლიოში ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვითვალისწინებთ რა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, ხოლო ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, დროებით ვცვლით კვირა დღის ღვთისმსახურების ფორმატს. საკვირაო ღვთისმსახურება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ჩვენი ეკლესიის FACEBOOK გვერდზე: საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია • Evangelical Faith Church of Georgia

რაც შეეხება შეკრებებს, რეკომენდირებულია მხოლოდ მცირე ჯგუფებში, არაუმეტეს ათი კაცისა.
70 წელს გადაცილებულნი რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ამიტომ მათ ისევე, როგორც ბავშვებს, ვურჩევთ დარჩნენ სახლში. ამ რისკის ქვეშ მყოფ მრევლს გავუწევთ მზრუნველობას, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ. აგრეთვე, გვექნება ყოველდღიური ლოცვები, რომლის საათებსაც მოგვიანებით დავაანონსებთ და დისტანციურად, საკუთარი სახლებიდან შეძლებთ მონაწილეობის მიღებას. ვაცნობიერებთ რა, ჩვენს პასუხისმგებლობას ღვთისა და მრევლის წინაშე, აქედან გამომდინარე ვღებულობთ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს. გვწამს, ღვთის შეწევნითა და სწორი ქმედებებით მალე გამოვა ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი.
გამხნევდით,ნუ შეშინდებით, იქონიეთ უფლის იმედი და ამავდროულად, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, ვინაიდან იესომ თქვა: „ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.“
[იოანე 14:1]

მინდა გაგამხნევოთ მეფსალმუნის რწმენის სიტყვებით:

1. „უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
2. ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.
3. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.
4. თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.
5. არ შეგაშინებს ღამის საშინელება, ისარი დღისით გამოფრენილი.
6. ბნელში მოარული შავი ჭირი და შუადღის მომსვრელი უბედურება.“
[ფსალმ 90:1-6]

დღეს ისე, როგორც არასდროს არის სახარების ქადაგებისა და უფლის წინაშე გულის მოდრეკის დრო. ვილოცოთ, ყველა დაინფიცირებულისთვისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. აგრეთვე, მედიცინის მუშაკთათვისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს მოყვასის დასახმარებლად. სახარების რწმენის ეკლესია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით, გვერდით დაუდგეს სახელმწიფოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, უფალმა დაგლოცოთ."

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი, ოლეგ ხუბაშვილი.

ერთი რამ არის ყველასთვის თანაბარი – უფლის სიყვარული ჩვენდამი და მისი დამოკიდებულება ცოდვისადმი

 „მინდა სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს მოგმართოთ 17 მაისთან დაკავშირებით: საქართველოში სახარების რწმენის ეკლესიისთვის მოძღვრებისა და პრაქტიკული ცხოვრების საფუძვლებს ბიბლია, წმინდა წერილი წარმოადგენს. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანებისთვის წმინდა წერილი ყოველთვის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად და უმაღლეს სტანდარტად დარჩება, რომლის მიხედვითაც იზომება ადამიანთა ქცევა და მორალი.

საზოგადოებაში დამკვიდრდა შეხედულება ჰომოსექსუალიზმისადმი, როგორც 'განსაკუთრებული სექსუალური ორიენტაციისადმი'. რაც ნიშნავს,რომ ჰომოსექსუალიზმი განპირობებულია 'ინდივიდუალური სექსუალური გემოვნებით'.

თუმცა, ბიბლია გვასწავლის, რომ სექსუალური ურთიერთობების ერთადერთ ნორმალურ და ბუნებრივ ფორმას, ქორწინებაში მყოფი მამაკაცისა და დედაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს. ჩვენ არ ვეთანხმებით ჰომოსექსუალიზმის სიამაყით წარმოჩენის მცდელობებსა და მისი ნორმად მიჩნევის ყოველგვარ პროპაგანდას.

წმინდა წერილი ჰომოსექსუალიზმს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას განიხილავს, როგორც ადამიანის ცხოვრებისთვის ღმერთის ჩანაფიქრის უხეშ დამახინჯებას. ამ სახის ურთიერთობებს ღმერთი 'სისაძაგლეს' (ლევ.20:13) და 'სამარცხვინო ვნებებს' (რომ.1:26-27) უწოდებს.

თუმცა, ამით იმის თქმას არ ვცდილობ, რომ მხოლოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციაა ცოდვა ან/და მხოლოდ ისინი არიან ცოდვაში. ცოდვა ცოდვაა, მიუხედავად მისი ფორმისა და გამოხატულებისა. ზუსტად იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ლოთობის, მრუშობის, ძალადობის, მოღალატე ქმრების ან/და ცოლების, ქურდობის, ამპარტავნების, მატყუარებისა და შუღლის მთესველთა მიმართ…ერთი რამ არის ყველასთვის თანაბარი – უფლის სიყვარული ჩვენდამი და მისი დამოკიდებულება ცოდვისადმი.

თავისუფალი ნება ადამიანს თვით ღმერთმა უბოძა და ამ სუვერენული უფლების წართმევა არავის ძალუძს. ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ან არ სწამდეს თავად ღმერთი. ქრისტიანობა თავის მოძღვრებიდან გამომდინარე გმობს ძალადობას. ამის საილუსტრაციოდ მრავალი ახალი აღთქმისეული მაგალითის მოყვანა შეიძლება. როდესაც გეთსემანიაში იესოს შესაპყრობად მივიდნენ მღვდელმთავრის მონები, სიმონ პეტრემ ერთ-ერთ მონას, სახელად მალქოზს, მახვილით მარჯვენა ყური მოჰკვეთა. იესომ დაგმო პეტრეს ეს ქმედება  და თქვა: 'ყველა ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება' და  მეტიც – 'შეეხო მონის ყურს და განკურნა ის'.

როდესაც ქრისტიანები ვხედავთ რაიმე არაქრისტიანულს, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, არა მახვილით გავუსწორდეთ, არამედ 'განვკურნოთ' ის ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით. ცოდვაზე თვალის დახუჭვა გულგრილობა და დანაშაულია ისევე, როგორც ცოდვილის სიყვარულის გარეშე დახმარება. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, როდესაც იესო სამარიტელთა სოფელში არ მიიღეს, განრისხებულმა მოწაფეებმა შესთავაზეს: 'უფალო, თუ გნებავს, ვიტყვი, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: არ იცით ვისი სულისანი ხართ. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპად, არამედ გადასარჩენად და წავიდნენ მეორე სოფელში…'

ჩვენი პოზიცია არის კატეგორიული ცოდვისადმი და არა ცოდვილი ადამიანებისადმი. უფალს სძულს ცოდვა და არა ცოდვილნი. იესომ ჯვარზე თავი იმიტომ შესწირა, რომ უკეთურნი მობრუნებულიყვნენ ცოდვის გზიდან.

ეკლესია მოწოდებულია იმისათვის, რომ ილოცოს და იშუამდგომლოს ყველა ცოდვილისთვის. ქრისტიანობა არ არის ძალადობის რელიგია და არც ქრისტეს მოვუწოდებივართ იმისთვის, რომ ვინმე ძალით გაგვექრისტიანებინა.

ზოგიერთი ლიბერალი ღვთისმეტყველის მიერ ჰომოსექსუალიზმი წარმოდგენილია როგორც ავადმყოფობა. ჩვენ არ ვიზიარებთ ამას და არ ვთვლით, რომ ეს არის ავადმყოფობა. ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ცოდვა სხვა მრავალ ცოდვათა შორის, რომელსაც გმობს ძველი და ახალი აღთქმის წერილები.

ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერი ცოდვისადმი გვქონდეს ჩვენი დამოკიდებულება, ცოდვის საწინააღმდეგოდ ჩავატაროთ რაიმე სახის ღონისძიება და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ჯანსაღი, ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, რომელიც წმინდა წერილზეა დაფუძნებული. ეს ჩვენი მოვალეობაცაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანული ეთიკა რა პრინციპითაც ცოდვას ეწინააღმდეგება, იგივე პრინციპით ძალადობის წინააღმდეგია.

 ჰომოსექსუალიზმის შესახებ მრავალი აღსარების საიდუმლო ინახება საქართველოს თუ საზღვრებს გარეთ მყოფ უფლის ეკლესიებში. სწორი, ქრისტიანული მიდგომის შედეგად ადამიანები თავისუფლდებიან ამ ცოდვისაგან. ქრისტეს ეკლესიამ მათ აჩვენა სიყვარული, უქადაგა უფლის სიტყვა და სულიწმიდის ძალითა და ცხებულებით მათ მიატოვეს უკეთური ცხოვრება და აღიარეს, რომ ეს არის ცოდვა, რომლისგანაც ადამიანებს სჭირდებათ გათავისუფლება. მათ შექმნეს სრულფასოვანი ოჯახები. ეს გააკეთა უფალმა, მისმა ძალამ და სიყვარულმა.

თუ კი ჩვენ  ცემას დავუწყებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს მათი ცოდვის გამო, ისინი არასოდეს მოვლენ ჩვენთან, რომ სულიერი დახმარება მიიღონ. მიუხედავად ჩვენი მკაცრი პოზიციისა ამ ცოდვისადმი, მაინც კატეგორიულად უარვყოფთ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ.

საქართველოს კონსტიტუცია ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს თანაბარ უფლებებს ანიჭებს ისევე,როგორც მოვალეობებს აკისრებს. ვინც კანონის წინაშე ჩადის დანაშაულს, კანონითვე უნდა გასამართლდეს. ვინც კეისრის წინაშე უნდა აგოს პასუხი, კეისრის წინაშე აგოს, ხოლო ვინც უფლის წინაშე – უფალთან.

ღმერთმა ქმნას, რომ ყოველგვარი უმსგავსობა ჩვენს ქვეყანაში აღმოიფხვრას მისი ძალით და მადლით და არა ადამიანური ძალადობით.

უფალი შეგვეწიოს".

 საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ,ოლეგ ხუბაშვილი.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია ეხმაურება აზერბაიჯანში მირტაგი ასადოვის დაკავების ფაქტს

7 ნოემბერს აზერბაიჯანში საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს უფროსი, მირტაგი ასადოვი დააკავეს. ასადოვი ბაქოში მეუღლესთან და შვილთან მიდიოდა, რა დროსაც ის აზერბაიჯანის პოლიციამ გააჩერა და განყოფილებაში გადაიყვანა. მას შემდეგ ასადოვი დაკავებულია.

ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ და ითხოვენ , დადგინდეს ასადოვის ადგილსამყოფელი და დაკავების მიზეზი.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სახელით თანადგომას ვუცხადებთ მის ოჯახს და თხოვნით მივმართავთ ხელისუფლებასა და შესაბამის, კომპეტენტურ ორგანოებს, დროული რეაგირება მოახდინონ, რათა არ შეეწყოს ხელი დაუცველობისა და გულგრილობის ატმოსფეროს დამკიდრებას.

სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობა დაუცველობის შეგრძნებას თესავს ქვეყანაში.

სიკეთეს ვუსურვებთ მის ახლობლებს და მირტაგ ასადოვის მშვიდობით დაბრუნებას.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი, ოლეგ ხუბაშვილი.

სახარების რწმენის ეკლესიის წარსული, აწმყო და მომავალი საქართველოში (ვიდეო)

19-21 ოქრომბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SOLA FORUM-ი.

მომხსენებელი: გურამ იმერლიშვილი თემა: სახარების რწმენის ეკლესიის წარსული, აწმყო და მომავალი საქართველოში.

ახალგაზრდული ბანაკი 2018 – “ჩემი ტრანსფორმაცია”

წარმოგიდგენთ ყოველწლიური საზაფხულო, ქრისტიანული ახალგაზრდული ბანაკის ( სადაც 200 მდე ახალგაზრდა იყრის თავს) ვიდეო კოლაჟს.

ოლეგ ხუბაშვილი: ქრისტეს სიტყვით მავალთ, არასდროს დაგვეკარგოს სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების სულისკვეთება

"საქართველოს  მოქალაქესა და მასზე შეყვარებულ ყველა ადამიანს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

დამოუკიდებლობა – ეს ძლიერი სიტყვაა და ბევრად უფრო ღრმა, ვიდრე მხოლოდ სიტყვა.  
26 მაისი მნიშვნელოვანი თარიღია ყოველი ადამიანისათვის, ვისაც ესმის/გათავისებული აქვს თავისუფლების არსი და მნიშვნელობა.  

ქვეყანამ, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ღირებულებები და ფასეულობები გააჩნია, 100 წლის წინ მნიშვნელოვანი განაცხადი გააკეთა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში და დამოუკიდებლობას ეზიარა. საუკუნის წინ ჩვენი გმირი წინაპრების მხრებზე გადაიარა თავისუფლებისთვის ბრძოლამ, რომელთაც თავის დროზე არ დათმეს სუვერენიტეტის იდეა და ამ პათოსით გაერთიანებულებმა შექმნეს 26 მაისი.  დღეს კი ჩვენ ვართ მაგალითი მომავალი თაობისთვის, ამიტომ საქართველოში მცხოვრებ ყოველ ადამიანს ვუსურვებ სულიერ სიმტკიცესა და მხნეობას.

ქრისტეს სიტყვით მავალთ, არასდროს დაგვეკარგოს სამშობლოს სიყვარული და თავისუფლების სულისკვეთება. მალე ერთად გვეზეიმოს საქართველოს გამთლიანება!

გილოცავთ, უფალი ფარავდეს საქართველოს!!!"

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი – ოლეგ ხუბაშვილი

ქრისტე აღდგა, სიკვდილი დამარცხებულია!

ქრისტე აღდგა!
ამ სიტყვებით ულოცავენ ერთმანეთს ქრისტიანები, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას. ეს მოვლენა ნამდვილ დღესასწაულად არის აღიარებული, ყველა ქრისტიანულ კონფესიაში. ქრისტეს აღდგომაზე ხარობს ყველა ის ადამიანი, ვის გულშიც მტკიცედ არის აღბეჭდილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის რწმენა, მაგრამ მკვდრეთით აღდგომა არ არსებობს ჯვარცმის გარეშე. ქრისტიანული ეკლესიების მრწამსი ეფუძნება ჭეშმარიტებებს, რომელთაც წმინდა წერილი გვაუწყებს.

თვით წმინდა მოციქული პავლე სახარების ქადაგების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა ქრისტეს განკაცებას, მის სიკვდილსა და აღდგომას. თავის პირველ წერილში კორინთოს ეკლესიის მიმართ წერს : { 1კორ15:1-4} "გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც  მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რადგან პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკძალა და წერილების თანახმად, აღსდგა მესამე დღეს."ამ სიტყვებში ყურადღებას გავამახვილებდი, იმ ფაქტზე, რომ თვით მოციქული პავლე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებს იშველიებს, რითაც ამბობს, რომ ქრისტეს განკაცება, მისი სიკვდილი და აღდგომა წერილის თანახმად იყო.

საუკუნეების წინ, მის განკაცებამდე, წინასწარმეტყველებები საოცარი სიზუსტით იყო აღწერილი:
– მისი შობა ქალწულისგან, მისი მიწიერი მოღვაწეობა, ასევე  ის, რომ 30 ვერცხლად გაიცემოდა ახლობლის მიერ, ავაზაკებთან ერთად იქნებოდა ჯვარცმული და მდიდრის საფლავში დაასვენებდნენ.
ქრისტეს ჯვარცმის დროს, წერილები ადასტურებდნენ ისეთ წვრილმანებს, როგორიც იყო მის მოსასხამზე რომაელი ჯარისკაცების მიერ წილის ყრა და სამოსელის განაწილება. წერილებივე ადასტურებდნენ მის აღდგომას.
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა და მისი გამოცხადება მოციქულთა წინაშე იქცა პირველი ეკლესიის რწმენის ქვაკუთხედად, რის გარეშეც ფუჭი იქნებოდა მათი რწმენა. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის რწმენის გარეშე,  ჩვენი რწმენაც ფუჭი იქნებოდა.

წმინდა იოანე მოციქულმა მთელი ბიბლიის შინაარსი ერთ მუხლში მოაქცია.
[ იოანე 3:16 ] „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.’’
იესო ქრისტეს ჯვარცმამ, მისმა სიკვდილმა და მკვდრეთით აღდგომამ კაცობრიობას იმედი მოუტანა. თუ ქრისტე აღდგა,  სიკვდილი დამარცხებულია  და  ყოველი მისი მორწმუნე  მიწიერი სიკვდილით  არ ამთავრებს სიცოცხლეს, არამედ მოციქულის სიტყვის თანახმად, სიცოცხლე ქრისტე იესოში აქვს.
მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ამ მოვლენის რწმენითა და მადლით ყოფილიყოს აღსავსე ჩვენი ცხოვრება.
                                                                   
ქრისტე აღდგა!    

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი – ოლეგ ხუბაშვილი

უფლის თაყვანისცემის საღამოები

სულთმოფენობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიაში, 16 აპრილიდან 27 მაისამდე, ყოველდღე (კვირა დღეების გარდა) 19:00 – იდან გაიმართება უფლის თაყვანისცემის საღამოები. 

უფლის თაყვანისცემა ქრისტიანული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მას უდიდესი შინაგანი ცვლილებების მოტანა შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში. 

ფსალმუნი 150
1. ადიდეთ უფალი! ადიდეთ ღმერთი თავის საწმიდარში, ადიდეთ იგი მისი ძლიერების სიმყარეში.
2. ადიდეთ იგი მისი ძლიერი საქმეებისთვის, ადიდეთ იგი მისი განუზომელი სიდიადისთვის.
3. ადიდეთ იგი ბუკის ცემით, ადიდეთ იგი ჩანგით და ქნარით.
4. ადიდეთ იგი დაირითა და ცეკვით, ადიდეთ იგი სიმებითა და სტვირით.
5. ადიდეთ იგი ტკბილხმოვანი წინწილებით, ადიდეთ იგი მაღალხმოვანი წინწილებით.
6. ყოველმა სუნთქვის მქონემ ადიდოს უფალი! ადიდეთ უფალი!