ერთი რამ არის ყველასთვის თანაბარი – უფლის სიყვარული ჩვენდამი და მისი დამოკიდებულება ცოდვისადმი | ქრისტიანი.ge

ერთი რამ არის ყველასთვის თანაბარი – უფლის სიყვარული ჩვენდამი და მისი დამოკიდებულება ცოდვისადმი

 „მინდა სახარების რწმენის ეკლესიის მრევლს მოგმართოთ 17 მაისთან დაკავშირებით: საქართველოში სახარების რწმენის ეკლესიისთვის მოძღვრებისა და პრაქტიკული ცხოვრების საფუძვლებს ბიბლია, წმინდა წერილი წარმოადგენს. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანებისთვის წმინდა წერილი ყოველთვის ფუნდამენტურ ჭეშმარიტებად და უმაღლეს სტანდარტად დარჩება, რომლის მიხედვითაც იზომება ადამიანთა ქცევა და მორალი.

საზოგადოებაში დამკვიდრდა შეხედულება ჰომოსექსუალიზმისადმი, როგორც 'განსაკუთრებული სექსუალური ორიენტაციისადმი'. რაც ნიშნავს,რომ ჰომოსექსუალიზმი განპირობებულია 'ინდივიდუალური სექსუალური გემოვნებით'.

თუმცა, ბიბლია გვასწავლის, რომ სექსუალური ურთიერთობების ერთადერთ ნორმალურ და ბუნებრივ ფორმას, ქორწინებაში მყოფი მამაკაცისა და დედაკაცის ურთიერთობა წარმოადგენს. ჩვენ არ ვეთანხმებით ჰომოსექსუალიზმის სიამაყით წარმოჩენის მცდელობებსა და მისი ნორმად მიჩნევის ყოველგვარ პროპაგანდას.

წმინდა წერილი ჰომოსექსუალიზმს და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას განიხილავს, როგორც ადამიანის ცხოვრებისთვის ღმერთის ჩანაფიქრის უხეშ დამახინჯებას. ამ სახის ურთიერთობებს ღმერთი 'სისაძაგლეს' (ლევ.20:13) და 'სამარცხვინო ვნებებს' (რომ.1:26-27) უწოდებს.

თუმცა, ამით იმის თქმას არ ვცდილობ, რომ მხოლოდ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციაა ცოდვა ან/და მხოლოდ ისინი არიან ცოდვაში. ცოდვა ცოდვაა, მიუხედავად მისი ფორმისა და გამოხატულებისა. ზუსტად იგივე დამოკიდებულება უნდა გვქონდეს ლოთობის, მრუშობის, ძალადობის, მოღალატე ქმრების ან/და ცოლების, ქურდობის, ამპარტავნების, მატყუარებისა და შუღლის მთესველთა მიმართ…ერთი რამ არის ყველასთვის თანაბარი – უფლის სიყვარული ჩვენდამი და მისი დამოკიდებულება ცოდვისადმი.

თავისუფალი ნება ადამიანს თვით ღმერთმა უბოძა და ამ სუვერენული უფლების წართმევა არავის ძალუძს. ადამიანს აქვს უფლება სწამდეს ან არ სწამდეს თავად ღმერთი. ქრისტიანობა თავის მოძღვრებიდან გამომდინარე გმობს ძალადობას. ამის საილუსტრაციოდ მრავალი ახალი აღთქმისეული მაგალითის მოყვანა შეიძლება. როდესაც გეთსემანიაში იესოს შესაპყრობად მივიდნენ მღვდელმთავრის მონები, სიმონ პეტრემ ერთ-ერთ მონას, სახელად მალქოზს, მახვილით მარჯვენა ყური მოჰკვეთა. იესომ დაგმო პეტრეს ეს ქმედება  და თქვა: 'ყველა ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება' და  მეტიც – 'შეეხო მონის ყურს და განკურნა ის'.

როდესაც ქრისტიანები ვხედავთ რაიმე არაქრისტიანულს, ჩვენი პირდაპირი მოვალეობაა, არა მახვილით გავუსწორდეთ, არამედ 'განვკურნოთ' ის ჩვენი შესაძლებლობების მიხედვით. ცოდვაზე თვალის დახუჭვა გულგრილობა და დანაშაულია ისევე, როგორც ცოდვილის სიყვარულის გარეშე დახმარება. კიდევ ერთი მაგალითის გახსენება შეიძლება, როდესაც იესო სამარიტელთა სოფელში არ მიიღეს, განრისხებულმა მოწაფეებმა შესთავაზეს: 'უფალო, თუ გნებავს, ვიტყვი, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: არ იცით ვისი სულისანი ხართ. ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპად, არამედ გადასარჩენად და წავიდნენ მეორე სოფელში…'

ჩვენი პოზიცია არის კატეგორიული ცოდვისადმი და არა ცოდვილი ადამიანებისადმი. უფალს სძულს ცოდვა და არა ცოდვილნი. იესომ ჯვარზე თავი იმიტომ შესწირა, რომ უკეთურნი მობრუნებულიყვნენ ცოდვის გზიდან.

ეკლესია მოწოდებულია იმისათვის, რომ ილოცოს და იშუამდგომლოს ყველა ცოდვილისთვის. ქრისტიანობა არ არის ძალადობის რელიგია და არც ქრისტეს მოვუწოდებივართ იმისთვის, რომ ვინმე ძალით გაგვექრისტიანებინა.

ზოგიერთი ლიბერალი ღვთისმეტყველის მიერ ჰომოსექსუალიზმი წარმოდგენილია როგორც ავადმყოფობა. ჩვენ არ ვიზიარებთ ამას და არ ვთვლით, რომ ეს არის ავადმყოფობა. ვთვლით, რომ ეს არის ერთ-ერთი ცოდვა სხვა მრავალ ცოდვათა შორის, რომელსაც გმობს ძველი და ახალი აღთქმის წერილები.

ჩვენ გვაქვს უფლება ნებისმიერი ცოდვისადმი გვქონდეს ჩვენი დამოკიდებულება, ცოდვის საწინააღმდეგოდ ჩავატაროთ რაიმე სახის ღონისძიება და ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში ჯანსაღი, ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას, რომელიც წმინდა წერილზეა დაფუძნებული. ეს ჩვენი მოვალეობაცაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრისტიანული ეთიკა რა პრინციპითაც ცოდვას ეწინააღმდეგება, იგივე პრინციპით ძალადობის წინააღმდეგია.

 ჰომოსექსუალიზმის შესახებ მრავალი აღსარების საიდუმლო ინახება საქართველოს თუ საზღვრებს გარეთ მყოფ უფლის ეკლესიებში. სწორი, ქრისტიანული მიდგომის შედეგად ადამიანები თავისუფლდებიან ამ ცოდვისაგან. ქრისტეს ეკლესიამ მათ აჩვენა სიყვარული, უქადაგა უფლის სიტყვა და სულიწმიდის ძალითა და ცხებულებით მათ მიატოვეს უკეთური ცხოვრება და აღიარეს, რომ ეს არის ცოდვა, რომლისგანაც ადამიანებს სჭირდებათ გათავისუფლება. მათ შექმნეს სრულფასოვანი ოჯახები. ეს გააკეთა უფალმა, მისმა ძალამ და სიყვარულმა.

თუ კი ჩვენ  ცემას დავუწყებთ ლგბტ თემის წარმომადგენლებს მათი ცოდვის გამო, ისინი არასოდეს მოვლენ ჩვენთან, რომ სულიერი დახმარება მიიღონ. მიუხედავად ჩვენი მკაცრი პოზიციისა ამ ცოდვისადმი, მაინც კატეგორიულად უარვყოფთ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი ადამიანის მიმართ.

საქართველოს კონსტიტუცია ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანს თანაბარ უფლებებს ანიჭებს ისევე,როგორც მოვალეობებს აკისრებს. ვინც კანონის წინაშე ჩადის დანაშაულს, კანონითვე უნდა გასამართლდეს. ვინც კეისრის წინაშე უნდა აგოს პასუხი, კეისრის წინაშე აგოს, ხოლო ვინც უფლის წინაშე – უფალთან.

ღმერთმა ქმნას, რომ ყოველგვარი უმსგავსობა ჩვენს ქვეყანაში აღმოიფხვრას მისი ძალით და მადლით და არა ადამიანური ძალადობით.

უფალი შეგვეწიოს".

 საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი ,ოლეგ ხუბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.