1914 – 1932 წლები

     სახარების რწმენის ეკლესიის ისტორია საქართველოში იწყება 1914 წლიდან, როდესაც თბილისში, სპარსეთიდან ჩამოვიდა მისიონერი დევიდ ურუშანი. რომელმაც ჩამოყალიბა სსრე-ის პირველი ქრისტიანული თემი საქართველოში.
   1924 წელს, ქ. აბასთუმანში, უკრაინიდან ჩამოსული დრობუშევების ოჯახმა ჩამოაყალიბა ეკლესიური ჯგუფი და დაიწყო მსახურება.
   1929 წელს, ასევე უკრაინიდან საქართველოში ჩამოსახლდა მრავალი ადამიანი, რომლებიც გამოექცნენ შიმშილს. მათ შორის კი არაერთი ქრისტიანი იყო ნიკოლაევისა და ხერსონის ოლქებიდან.
ამავე წელს ჩამოყალიბდა პირველი ეკლესიები ქ. ბათუმში, ფოთსა და ოზურგეთში.
   ბათუმში ეკლესიას ხელმძღვანელობდა პრესვიტერი ხადაკოვსკი, ფოთში ალექსანდრ ბელი, ხოლო ოზურგეთში, სადაც ყველაზე დიდი ეკლესია იყო – პრესვიტერი მიცკევიჩი.

1932 – 1951 წლები

   1932 წელს, საქართველოში პირველი მასიური დაპატიმრებები მოხდა.დასავლეთ საქართველოში, 300-მდე მორწმუნე დააკავეს და ქ. ფოთის პორტიდან გემით, გაურკვევლი მიმართულებით წაიყვანეს. მათი ბედი დღემდე უცნობია.ამ ფაქტის შემდეგ, ეკლესიების და მორწმუნეთა რიცხვი არათუ შემცირდა, პირიქით გამრავლდა და მალე, ქ. სოხუმში ჩამოყალიბდა.
   1933-34 წლებში, ქ. კრივოი როგიდან, საქართველოში ჩმოვიდა პრიმაჩენკოების, ტოლიარჩუკების და სერეტნიკოვების ოჯახები, რომლებმაც ქ. ჭიათურაში ჩამოაყალიბეს ეკლესია.
   1938 წელს, ქ. გუდაუთაში ყალიბდება ეკლესია, რომელსაც ხელმძღვანელობს მიხეილ ლავოჩინი.
   1942 წელს, ქ. თბილისაში ჩატარდა პირველი წყლით ნათლობა.
   1945 წელს, ქ. გორში, ჩამოყალიბდა პირველი ქართულენოვანული ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გიორგი კოჭლავაშვილი და ბესარიონ კურმაშვილი.
   1947 წელს, ქ. სოხუმში და გაგრაში, ასევე განთიადსა და ბზიფში ჩამოყალიბდა ეკლესია.

1951 – 1961 წლები

    1951 წელს მოხდა მორწმუნეთა მეორე მასიური დაპატიმრება.
    ამ დროს თბილისის ეკლესიაში, სიით 87 მორწმუნე ირიცხებოდა, საიდანაც 40 დააპატიმრეს. ხელმძღვანელ პირებს 25 წელი, ხოლო დანარჩენებს 8-10 წლები მიუსაჯეს.
   დაპატიმრებულთა შორის ორი მძიმედ ავადმყოფი იყო, რომლებიც სახლიდან საკაცით გამოიყვანეს. ისინი ციმბირის საპატიმროსაკენ ეტაპირებისას, გზაში გარდაიცვალნენ.
   1953 წელს, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ყველა მორწმუნე იქნა განთავისუფლებული.
   ღვთის მადლით გადარჩენილნი და უკან დაბრუნებულები შემზარავ ისტორიებს ჰყვებოდნენ. მაშინ ქონების კონფისკაცია ცალკეულ მორწმუნეებზე ხორციელდებოდა, რადგან საერთო ქონება არ გააჩნდათ. ეკლესიისთვის მაშინ შეუძლებელი იყო საკუთრებაში შენობა-ნაგებობა ჰქონოდა. არ იყო ერთი კონკრეტული შესაკრებელი ადგილიც, რადგან ამით, "კაგებეს" ზეწოლებისგან თავს არიდებდნენ. იკრიბებოდნენ დილით გამთენიისას, სხვენში ან სარდაფში. ეძებდნენ შედარებით უსაფრთხო ადგილს.

1961 – 1970 წლები

   1961 წელს, განახლდა მასიური დაპატიმრებები. ამ წელს, მარტო თბილისის ეკლესიაში დააპატიმრეს 14 მორწმუნე. მათგან უმრავლესობა მეორედ მისცეს სამართალში. დაპატიმრებულთა შორის იყო ფეხმძიმე ქალი, ოთხი შვილის დედა – მეუღლესთან ერთად. მას დედობა ჩამოართვეს, ხოლო როდესაც ციხეში მეხუთე შვილი გააჩინა, ყველანი უპატრონო ბავშვთა სახლს გადასცეს აღსაზრდელად.
   ქ. გორში, ღვთისმსახურების მიმდინარეობის დროს, მეორედ დააპატიმრეს გიორგი კოჭლავაშვილი და ბესარიონ კუმრაშვილი.
   დაპატიმრების გარდა, ეკლესიის მორწმუნეებს ფიზიკურადაც უსწორდებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც კომუნისტმა შვილმა მამა ნაჯახით მოკლა, იმიტომ რომ იგი მორწმუნე გახდა და მას „არცხვენდა“.
რეპრესიების მიუხედავად, მორწმუნეები გამოირჩეოდნენ ღმერთისა და მისი რწმენის ერთგულებით და სიმტკიცით.
   ეკლესიის მრევლიდან არასოდეს არავინ ყოფილა კომუნისტური პარტიის წევრი, არც პიონერთა და კომკავშირელთა რიგებში შედიოდნენ ეკლესიის მრევლის შვილები. ამის გამო ბავშვებს უხდებოდათ მრავალი დაცინვის და დამცირების გადატანა და უფროსებს კი დიდი წინააღმდეგობების დაძლევა. მეტიც, თუკი ვინმე პარტიული, უფლისკენ მოიქცეოდა, მაშინვე ტოვებდა პარტიის რიგებს.
   იმ დროის მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მიმართული იყო იმისკენ, რომ საბჭოთა ადამიანების თვალში, ეკლესიის და მორწმუნეების მიმართ ზიზღი გაეღვივებინათ.
ცენტრალურ ტელევიზიით  უშვებდნენ პროპაგანდისტულ ფილმებს: ,,ღრუბლები ბორდსკის თავზე”, ,,სასწაულმოქმედი ბურულევოდან”, ,,ეს ყველას აღელვებს”, ,,მოციქულები ნიღბების გარეშე” და ა.შ. გაზეთებში კი იბეჭდებოდა ათასგვარი ცილისმწამებლური სტატიები.
   საქართველოში კი ამ პროპაგანდის ერთერთი „თვალსაჩინო“ მაგალითია 1964 წელს, დავით გეგეშიძის რედაქტორობით გამოცემული ჟურნალი „წყვდიადი“, რომელშიც ქართველი მორწმუნეები წარმოდგენილნი არიან როგორც საცოდავი, უბედური ადამიანები, რომლებსაც სწამთ ღმერთი, ხოლო მათ ფონზე კი საბჭოთა ახალგაზრდობა, წარმატებისა და ბედნიერი მომავლის იმედით სავსე…

1970 – 1981 წლები

   1970 წელს, უკრაინელმა ეპისკოპოსებმა, ქართულენოვანი ეკლესიის ხელდასხმულ ხუცესად აკურთხეს გიორგი კოჭლავაშვილი, ხოლო რუსულენოვანი ეკლესიის ხუცესად ალექსეი სლივკოვი.
   ამ წლებში და მანამდეც, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვადასხვა კონტრაბანდული გზებით ხდებოდა ბიბლიის შემოტანა.  თუმცა მათი რაოდენობა ვერ აკმაყოფილებდა ყველა მსურველს.
ამიტომ ხდებოდა ბიბლიის ხელით გადაწერაც.
   იყო შემთხვევაც, როდესაც ერთერთ მორწმუნეს, იმდენად ძლიერ სურდა ბიბლია ჰქონოდა, რომ ერთადერთი მარჩენალი ძროხა გადაცვალა ამ უძვირფასეს წიგნში.
   ამ პერიოდში, ეკლესიების და მორწმუნეთა რიცხვი ძალიან გაიზარდა.

1981 – 1991 წლები

   1981 წელს, უკრაინელი ეპისკოპოსების მიერ, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ხუცესებად, ხელდადებით იქნა ნაკურთხი ოლეგი ხუბაშვილი, ხოლო მოგვიანებით კი რომან გაჩეჩილაძე.
   ეს ის პერიოდია, როდესაც ეკლესიაში საგრძნობლად მოიმატა ახალგაზრდა მორწმუნეთა რიცხვმა. მეტად გაიშალა საევანგელიზაციო მსახურებაც, შესაბამისად ეკლესიებისა და მორმუნეთა რიცხვმა საგრძნობლად გაიზარდა.

1991 წლიდან

   საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ, ეკლესიამ გააგრძელა ფუნქციონირება.
   ქვეყანა ათეიზმის იდეოლოგიიდან ღმერთის რწმენისკენ შემობრუნდა. ამ ფაქტმა თავისთავად დიდი ზეგავლენა მოახდინა სახარების ეკლესიის ცხოვრებაზე.
   ამავდროულად საქართველოში განვითარებულმა სამოქალაქო ომმა, ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყანას კი ნგრევა და ეკონომიკური კატასტროფა მოუტანა. რასაც დაემატა მოქალაქეთა უმძიმესი სტრესი და უიმედობა
   ეკლესია, მრავალი მათგანისთვის იქცა ერთგვარ ოაზისად, სადაც არა უიმედობას და უპერსპექტივობას, არამედ ჩვენი უფლისა და ღმერთის, იესო ქრისტეზე, მის სიყვარულსა და რწმენაზე ქადაგებდნენ.
   ამ პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა მორწმუნეთა რიცხვი და გაფართოვდა საგანმანათლებლო საქმიანობაც.
   1992 წელს გაიხსნა პირველი ბიბლიური კოლეჯი, ხოლო მსახურებებმა პრაქტიკულად მთელი საქართველო მოიცვა.

ქველმოქმედების მსახურება

   თავისი ერთსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ერთერთი მთავარი საქმიანობა, ღმერთის სიტყვის გავრცელებასთან ერთად, იყო ქველმოქმედებაც.
   საბჭოთა კავშირის პერიოდში, სახელმწიფოსაგან უგულვებელყოფილი მორწმუნეების არაოფიციალურად ფინანსური თუ მატერიალური დახმარება, ეკლესიის ერთერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იყო.
ასე მაგალითად, 80-იან წლებში, ყაზახეთის სსრ-ში, მოხდა მორწმუნეთა მასიური დაპატიმრება. მათ ოჯახებს, საქართველოდან ეკლესია ეხმარებოდა ფინანსურად, და კიდევ უამრავი ამდაგვარი ფაქტი.
   1989 წლის 9 აპრილს, თბილისში დატრიალებული ტრაგედიის შემდგომ, ეკლესია მონაწილეობდა მოწამლულთა ფინანსურად დახმარების საქმეში.
   ამავე დროს, ეკლესიის წევრები წლების განმავლობაში ტუბერკულიოზით დაავადებულთა დისპანსერში დადიოდნენ და ეწეოდნენ ქველმოქმედებას.
   1992-1996 წლებში ქ. თბილისში ფუნქციონირებდა უფასო სასადილო მარტოხელა პენსიონერთათვის. ამ უმძიმეს წლებში, დღეში 275-300 უმწეო ადამიანი იღებდა ყოველდღიურ საკვებს.
   აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომების დროს, ეკლესიამ დევნილი მოსახლეობისთვის გაიღო სხვადასხვა ტიპის დახმარება.
   დიდი წვლილი მიუძღვის ეკლესიას ბოდბის ბავშვთა თავშესაფარში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების საქმეში.
   ასევე იყო არაერთი მცირე თუ დიდი ღონისძიება, რაც დღემდე გრძელდება.