ახალგარდული მსახურება ეს არის სახარების რწმენის ეკლესიის ერთ-ერთი წამყვანი მსახურება. მას საფუძველი 2003 წლის 19 ოქტომბერს ჩაეყარა. დაიწყო არაფორმალური შეხვედრით და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემების განხილვით, რომელმაც ყოველკვირეული სახე მიიღო და დღემდე ზრდას და წინსვლას აგძელებს. ამავე წელს ჩატარდა პირველი რეგიონალური კონფერენცია. მსახურება განმტკიცებასა და გაფართოებას საჭიროებდა და ამიტომ 2004 წელს შეიქმნა მსახურთა გუნდი. მას მოჰყვა სახლის ჯგუფების ჩამოყალიბება. დღეს ახალგაზრდულ მსახურებას 10 სახლის ჯგუფი აქვს.

2007 წელს ჩატარდა პირველი ახალგაზრდული ბანაკი და მას შემდეგ ყოველ ზაფხულს ტარდება საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიან რაიონებში. ბანაკის მიზანია ახალგაზრდების უფალთან დაახლოება, რწმენაში განმტკიცება, მეგობრების შეძენა. ახალგაზრდებისთვის ბანაკი ერთერთი საუკეთესო საშუალებაა ნიჭების გამოსავლენად.

2008 წელს ახალგაზრდულმა მსახურებამ დააფუძნა არასამთავრობო ორგანიზაცია ”სინათლის თაობა”, რომელიც სხვადასხვა აქტივობებით ცდილობს საზოგადოებაში ქრისტიანული ფასეულობების დანერგვას. ამ მიზნით ხშირად ჩატარებულა აბორტის საწინააღმდეგო აქციები, სხვადასხვა აქციები ფლეშმობის სახით, ლტოლვილთა დახმარება, ბავშვთა სახლებში მისვლა, საავადმყოფოებში ბავშვების მონახულება, მათი დასაჩუქრება და სხვა. ასევე ორგანიზაციის ფარგლებში ოცამდე აღალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო სისხლის ჩაბარების აქციაში.

ეკლესიაში 15-30 წლამდე ასაკის 400-მდე ახალგაზრდაა. მათთვის ტარდება კონფერენციები, ტრენინგები, სემინარები და დისკუსიები. ხდება დაყოფა ასაკობრივ ჯგუფებად და მათთვის დამახასიათებელი თავისებურებების მიხედვით სხვადასხვა თემების განხილვა. აგრეთვე მიმდინარეობს ინდივიდუალური მუშაობა დაოჯახებულებთან. ამ მსახურების მიზანია ახალგაზრდა თაობაში ჩანერგოს სწორი ქრისტიანული ღირებულებები და ფასეულობები, ასწავლოს ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკული გზები. ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, მსახურება ტარდება ყოველ შაბათს 15:30 წუთზე.