ქრისტე აღდგა, სიკვდილი დამარცხებულია! | ქრისტიანი.ge

ქრისტე აღდგა, სიკვდილი დამარცხებულია!

ქრისტე აღდგა!
ამ სიტყვებით ულოცავენ ერთმანეთს ქრისტიანები, მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომას. ეს მოვლენა ნამდვილ დღესასწაულად არის აღიარებული, ყველა ქრისტიანულ კონფესიაში. ქრისტეს აღდგომაზე ხარობს ყველა ის ადამიანი, ვის გულშიც მტკიცედ არის აღბეჭდილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის რწმენა, მაგრამ მკვდრეთით აღდგომა არ არსებობს ჯვარცმის გარეშე. ქრისტიანული ეკლესიების მრწამსი ეფუძნება ჭეშმარიტებებს, რომელთაც წმინდა წერილი გვაუწყებს.

თვით წმინდა მოციქული პავლე სახარების ქადაგების განუყოფელ ნაწილად მიიჩნევდა ქრისტეს განკაცებას, მის სიკვდილსა და აღდგომას. თავის პირველ წერილში კორინთოს ეკლესიის მიმართ წერს : { 1კორ15:1-4} "გაუწყებთ თქვენ ძმებო, სახარებას, რომელიც მე გიქადაგეთ, რომელიც  მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რადგან პირველ რიგში, გადმოგეცით ის, რაც თვითონ მივიღე, რომ ქრისტე წერილების თანახმად მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაიკძალა და წერილების თანახმად, აღსდგა მესამე დღეს."ამ სიტყვებში ყურადღებას გავამახვილებდი, იმ ფაქტზე, რომ თვით მოციქული პავლე ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებებს იშველიებს, რითაც ამბობს, რომ ქრისტეს განკაცება, მისი სიკვდილი და აღდგომა წერილის თანახმად იყო.

საუკუნეების წინ, მის განკაცებამდე, წინასწარმეტყველებები საოცარი სიზუსტით იყო აღწერილი:
– მისი შობა ქალწულისგან, მისი მიწიერი მოღვაწეობა, ასევე  ის, რომ 30 ვერცხლად გაიცემოდა ახლობლის მიერ, ავაზაკებთან ერთად იქნებოდა ჯვარცმული და მდიდრის საფლავში დაასვენებდნენ.
ქრისტეს ჯვარცმის დროს, წერილები ადასტურებდნენ ისეთ წვრილმანებს, როგორიც იყო მის მოსასხამზე რომაელი ჯარისკაცების მიერ წილის ყრა და სამოსელის განაწილება. წერილებივე ადასტურებდნენ მის აღდგომას.
იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომა და მისი გამოცხადება მოციქულთა წინაშე იქცა პირველი ეკლესიის რწმენის ქვაკუთხედად, რის გარეშეც ფუჭი იქნებოდა მათი რწმენა. შესაბამისად, ქრისტეს აღდგომის რწმენის გარეშე,  ჩვენი რწმენაც ფუჭი იქნებოდა.

წმინდა იოანე მოციქულმა მთელი ბიბლიის შინაარსი ერთ მუხლში მოაქცია.
[ იოანე 3:16 ] „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.’’
იესო ქრისტეს ჯვარცმამ, მისმა სიკვდილმა და მკვდრეთით აღდგომამ კაცობრიობას იმედი მოუტანა. თუ ქრისტე აღდგა,  სიკვდილი დამარცხებულია  და  ყოველი მისი მორწმუნე  მიწიერი სიკვდილით  არ ამთავრებს სიცოცხლეს, არამედ მოციქულის სიტყვის თანახმად, სიცოცხლე ქრისტე იესოში აქვს.
მინდა ყველას მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული, ამ მოვლენის რწმენითა და მადლით ყოფილიყოს აღსავსე ჩვენი ცხოვრება.
                                                                   
ქრისტე აღდგა!    

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი – ოლეგ ხუბაშვილი

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.