გურამ იმერლიშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე | ქრისტიანი.ge

გურამ იმერლიშვილი რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს 2016-2017 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე

 ,,ჩვენ დიდი ხანი არ არის რაც ერთმანეთი გავიცანით, მაგრამ უკვე ვგრძნობ ჩვენი ურთიერთობის პოზიტიურ ნაყოფებს“,  – ასე მიმართა საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა გურამ იმერლიშვილმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარეს 7 მარტს ,,ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ 2016-2017 წლების ანგარიშის პრეზენტაციაზე.  გურამ იმერლიშვილმა დადებითად შეაფასა აღნიშნული სააგენტოს არსებობა და ხაზი გაუსვა მის როლს – ხელი შეუწყოს ქვეყანაში მშვიდობის დამყარებას  სხვადასხვა რელიგიურ თემებსა და საზოგადოების აქტიურ ნაწილს შორის.

გურამ იმერლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას სახარების რწმენის ეკლესიის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და რამდენიმე საკითხს შეეხო. კერძოდ, ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც მან გაამახვილა ყურადღება სახარების რწმენის ეკლესიის მიმართ ქვეყანაში არსებული წინააღმდეგობები იყო.

,,სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ თუ არა ხარ ე.წ ტრადიციული რელიგიის წარმომადგენელი არ გეძლევა იმის საშუალება,  რომ მიხვიდე საავადმყოფოებში და დახმარება გაუწიო მაგალითად, ავადმყოფ ბავშვებს. თუნდაც, ახლა საშობაოდ, ჩვენ გვინდოდა საერთაშორისო საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ორგანიზაციის ,,სამარიტელთა ქისის“ ეგიდით საქართველოში ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჩუქრების გადაცემა. ძალიან გახარებული იყო წარმომადგენელი  ვინც  წყვეტს იქ დაშვება არდაშვების საკითხს, მაგრამ როგორც კი გაიგეს, რომ არატრადიციული რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით, არ მოგვეცა შესვლის საშუალება.  მიველასმებით იმას, რომ ზოგიერთ რელიგიურ თემს ტრადიციული რელიგიის ტიტული აქვს,  მაგრამ მინდა გითხრათ, რომ რეფორმაციამ,  რომლის ნაწილიც ჩვენ სახარების რწმენის ეკლესია ვართ,  500 წლის იუბილე აღნიშნა და არ ვიცი კიდევ რამდენი დრო სჭირდება იმას, რომ ტრადიციულად ჩაითვალოს  რელიგიური მიმდინარეობა.  მითუმეტეს რეფორმაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვუბრუნდებით იმ ფორმაციას, რომელიც ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ 2000 წლის წინ დაამკვიდრა. ჩვენი ეკლესიის სახელწოდებაც სწორედ ამაზე საუბრობს. თუ რაოდენობა განსაზღვრავს ტრადიციულობის სტატუსს, მინდა ავღნიშნო, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორმოცდაათიანული ეკლესიები დაახლოებით ოფიციალური მონაცემებით 600 000 მილიონს აღემატება, ეს მეოთხედზე მეტია მთელი საქრისტიანოსი“, – განაცხადა სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა.

გურამ იმერლიშვილმა საუბრისას ქვეყანაში  არსებულ შეფარვით დისკრიმინაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მაშინ როცა ბაპტისტური ეკლესიის წარმომადგენელი, მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ქრისტიანი ევანგელისტი პასტორის ბილი გრემის დაკრძალვას ესწრებოდა მსოფლიოს სხვადასხვა მთავრობის წარმომადგენელი და ამერიკის რამდენიმე პრეზიდენტი,  ქართულ სატელევიზიო სივრცეში მისი გარდაცვალების ფაქტიც კი არ გაშუქდა, რაც ფარულ დისკრიმინაციად შეაფასა.

გურამ იმერლიშვილი საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სასამართლოში არსებულ დავასაც შეეხო და მათი მხრიდან აღნიშნული დავის შეწყვეტის მიზეზებზე ისაუბრა.

,, სახარების რწმენის ეკლესიას ჰქონდა  სასამართლოში დავა დაფინანსებასთან დაკავშირებით. მინდა გითხრათ, რომ ეს არ ხდებოდა იმიტომ, რომ ვინმეს დაფინანსება წართმეოდა ან თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენ დაფინანსება მიგვეღო.  ნაკლებად ვიყავით დაინტერესებული ამ სახის დახმარებით, თუმცა, რა თქმა უნდა, შეიძლება განიხილებოდეს ეს საკითხიც, მაგრამ როგორც კი ჩვენ გავაცნობიერეთ, რომ გარკვეულ მესამე ძალას შეიძლება ეს სასამართლო დავა გამოეყენებინა იმისთვის, რომ არა თუ დისკრიმინაციას ვინც განიცდიდა იმ ჯგუფებისთვის შემამსუბუქებული სიტუაცია დამკვიდრებულიყო, არამედ სხვა პრივილეგულ რელიგიებს ჩამორთმეოდათ ეს მხარდაჭერა, ჩვენ მაშინვე შევარბილეთ ჩვენი პოზიცია და უარი ვთქვით სასამართლო დავაზე  ფაქტიურად იმიტომ, რომ არ გვინდოდა გავმხდარიყავით მიზეზი სხვა რელიგიური თემების დაჩაგვრისა“, – განაცხადა სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა.

რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პრეზენტაციაზე ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის გამოხატვის, გადაადგილების და თავისუფლების კუთხით უფლებების დარღვევა იყო. როგორც  სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა გურამ იმერლიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, სახარების რწმენის ეკლესიას სამაჩაბლოს რეგიონში რამდენიმე ეკლესია აქვს დაარსებული, სადაც 2008 წლის კონფლიქტამდე შედარებით თავისუფლად ჰქონდათ შესვლის შესაძლებლობა.  თუმცა, მისი თქმით,  2008 წლის შემდგომ მათთან წვდომა შეეზღუდათ, მეტიც, როგორც მან განაცხადა, ზოგიერთ ოფიციალურ საიტზე ის ეკლესიები, რომლებიც მათი დაარსებულია და სახარების რწმენის ეკლესიის  ნაწილი უნდა იყოს  მოიხსენიება რუსეთის ეკლესიის ნაწილად.

საუბრის ბოლოს სახარების რწმენის ეკლესიის წარმომადგენელმა რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო  სააგენტოსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოხატა და იმედი გამოთქვა,  რომ სახელმწიფო რელიგიურ სააგენტოსთან ურთიერთობა მომავალში კონკრეტული შედეგების მომტანი იქნება .

,,ჩვენ ახლა ვდგავთ რაღაცა ნაბიჯებს სახელმწიფოებრიობაში, იმიტომ რომ ბევრი მტკივნეული მომენტი გვქონდა და დარწმუნებული ვარ, თუ მოვინდომებთ ერთად ხელი-ხელ ჩაკიდებული  რაღაცას გავხდებით იმისთვის, რომ თითოეულმა მოქალაქემ ამ ქვეყანაში თავი იგრძნოს არა მეორეხარისხოვნად, არამედ სრულფასოვან მოქალაქედ და გრძნობდეს გვერდით მოყვასის საიმედოობას, ჰქონდეს სრული რეალიზაციის საშუალება, რათა მოყვასს მოემსახუროს.  ძალიან დიდი იმედით ვუყურებთ თქვენთან ურთიერთობას. ძალიან დიდი ტოლერანტული  ტრადიცია გააჩნია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ დონეზე სახელმწიფოს მხრიდან  ოფიციალურად გადადგმული ნაბიჯები პირველად ხდება ბოლო რამდენიმე ასწლეულის განმავლობაში და მინდა, რომ გისურვოთ წარმატება. გვიგულეთ თქვენს გვერდით ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობისათვის“, – განაცხადა გურამ იმერლიშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.