საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია დროებით ცვლის მსახურების ფორმატს | ქრისტიანი.ge

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია დროებით ცვლის მსახურების ფორმატს

"მივმართავ სახარების რწმენის ეკლესიას, ჩემო ძვირფასო დანო და ძმანო, მოგმართავთ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულით. მსოფლიოში ისევე, როგორც ჩვენს ქვეყანაში, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ვითვალისწინებთ რა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის რეკომენდაციებს, ხოლო ახლა უკვე საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, დროებით ვცვლით კვირა დღის ღვთისმსახურების ფორმატს. საკვირაო ღვთისმსახურება ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, ჩვენი ეკლესიის FACEBOOK გვერდზე: საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია • Evangelical Faith Church of Georgia

რაც შეეხება შეკრებებს, რეკომენდირებულია მხოლოდ მცირე ჯგუფებში, არაუმეტეს ათი კაცისა.
70 წელს გადაცილებულნი რისკ ჯგუფებს განეკუთვნებიან, ამიტომ მათ ისევე, როგორც ბავშვებს, ვურჩევთ დარჩნენ სახლში. ამ რისკის ქვეშ მყოფ მრევლს გავუწევთ მზრუნველობას, ამიტომ საჭიროების შემთხვევაში მოგვმართეთ. აგრეთვე, გვექნება ყოველდღიური ლოცვები, რომლის საათებსაც მოგვიანებით დავაანონსებთ და დისტანციურად, საკუთარი სახლებიდან შეძლებთ მონაწილეობის მიღებას. ვაცნობიერებთ რა, ჩვენს პასუხისმგებლობას ღვთისა და მრევლის წინაშე, აქედან გამომდინარე ვღებულობთ გადაწყვეტილებას დავემორჩილოთ დადგენილ რეგულაციებს. გვწამს, ღვთის შეწევნითა და სწორი ქმედებებით მალე გამოვა ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი.
გამხნევდით,ნუ შეშინდებით, იქონიეთ უფლის იმედი და ამავდროულად, გაითვალისწინეთ რეკომენდაციები, ვინაიდან იესომ თქვა: „ნუ შეკრთება თქვენი გული, იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.“
[იოანე 14:1]

მინდა გაგამხნევოთ მეფსალმუნის რწმენის სიტყვებით:

1. „უზენაესის საფარქვეშ დამკვიდრებული ყოვლისშემძლის ჩრდილქვეშ ისვენებს.
2. ვეტყვი უფალს: ჩემი თავშესაფარი და სიმაგრე ხარ, ჩემი ღმერთი ხარ, შენ გენდობი.
3. რადგან ის დაგიხსნის მონადირის ხაფანგიდან, მომაკვდინებელი ჭირისგან.
4. თავის ბუმბულს გადაგაფარებს და მის ფრთებქვეშ პოვებ თავშესაფარს; ფარი და ბურჯი იქნება მისი ჭეშმარიტება შენთვის.
5. არ შეგაშინებს ღამის საშინელება, ისარი დღისით გამოფრენილი.
6. ბნელში მოარული შავი ჭირი და შუადღის მომსვრელი უბედურება.“
[ფსალმ 90:1-6]

დღეს ისე, როგორც არასდროს არის სახარების ქადაგებისა და უფლის წინაშე გულის მოდრეკის დრო. ვილოცოთ, ყველა დაინფიცირებულისთვისა და გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის. აგრეთვე, მედიცინის მუშაკთათვისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც თავდაუზოგავად შრომობს მოყვასის დასახმარებლად. სახარების რწმენის ეკლესია მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსით, გვერდით დაუდგეს სახელმწიფოს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, უფალმა დაგლოცოთ."

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსი, ოლეგ ხუბაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.