დამნაშავეობა და სასჯელი | ქრისტიანი.ge

დამნაშავეობა და სასჯელი

სახელმწიფო და დამნაშავეობა

ყოველი ადამიანი თავისი სახელმწიფოს კანონების სადარაჯოზე უნდა იდგეს. ,,ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას” (რომ.13:1).
ცოდვა ადამიანის სამშვინელსა და სულში მომქმედი ღრმა პროცესია და იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს მიერ გათვალისწინებული ზნეობივი ნორმების ან სისხლის სამართლის კოდექსის რომელიმე მუხლის დარღვევა. ,,ვინაიდან გულიდან ამოდის: ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძაობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი. სწორედ ეს ბილწავს ადამიანს”(მათე 15:19).
სახელმწიფო ხელისუფლების სისუსტე, კანონმდებლობის არასრულყოფილება, სუსტი ეკონომიკური და აგრეთვე სოციალური ბაზაც ხელს უწყობენ დამნაშავეობის ზრდას. დამნაშავეობა განსაკუთრებით საშიშია იქ, სადაც ხელს აფარებენ პოლიტიკური, ეკონომიკური და რელიგიური მოტივებით.
დანაშაულთან საბრძოლველად სახელმწიფოში შექმნილია სამართალდამცავი ორგანოები და სპეციალური დაწესებულებანი, რომელთა მიზანსაც დანაშაულთა თავიდან აცილება და მათი გამოძიება წარმოადგენს.
დანაშაულთა აღმოფხვრა არა მხოლოდ სახელმწიფოსი, არამედ ეკლესიის ძირითად ამოცანას წარმოადგენს.

დამნაშავეობის პროფილაქტიკა

დამნაშავეობის თავიდან აცილების გზას ეკლესია უპირველეს ყოვლისა, ერის სულიერ აღორძინებაში, მის სულიერად და ზნეობრივად აღზრდაში ხედავს. ამისათვის აუცილებელია, სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებთან ნაყოფიერ თანამშრომლობასთან ერთად შეიქმნას ქრისტიანული სასწავლო დაწესებულებანი. ასევე საჭიროა ქრისტიანული, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების შექმნაც. არანაკლებ მნიშვნელოვანია სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა დამნაშავეობის პროფილაქტიკის საკითხებთან დაკავშირებით. დაშინების დაძალების ან დასჯის არანაირ ზომებს არ ძალუძთ ადამიანის გულიდან ბოროტების აღმოფხვრა. სწორედ ამიტომ წარმოადგენს სახარების, პატიოსანი და ღირსეული ცხოვრების ქადაგება კანონდარღვევის თავიდან აცილების ერთადერთ მოქმედ საშუალებას. ამისათვის ეკლესიის სამართალდამცავ ორგაოებთან თანამშრომლობაა აუცილებელი.
სახარების რწმენის ქრისტიანები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ისეთ ჯგუფებს რომლებშიც მაღალია რისკის დონე _ ნარკომანია, უსახლკაროები, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები და ა.შ. ისინი ყველაზე ხშირად ჩადიან დანაშაულს.
ეკლესიის მიერ ასეთი ადამიანებისათვის შექმნილი სარეაბილიტაციო საქმიანობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ დამნაშავეობის სოციალური მიზეზების დაძლევისაკენ. სახარების რწმენის ქრისტიანებს ამის გარკვეული გამოცდილება გააჩნიათ და მზად არიან ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობისათვის.

დამნაშავეთა დასჯა

ჩადენილი დანაშაულისათვის დამსახურებული და სამართლიანი სასჯელია გათვალისწინებული. ეკლესია მოითხოვს, რომ გამოძიების ქვეშ მყოფთა უფლებები არ დაირღვეს, მათ გარანტირებული ჰქონდეთ დაცვა და სამართლიანი გასამართლება. ეკლესია გმობს მსჯავრდადებულებზე განხორციელებულ ზეწოლის მცდელობას, აგრეთვე დამცირებას და წამებას, რა ფორმითაც არ უნდა ვლინდებოდეს იგი.
დამნაშავის პატიმრობაში ყოფნა გულისხმობს არა მხოლოდ მის საზოგადოებისაგან იზოლაციას, არამედ მის გამოსწორებასაც. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფთა ხელახალი არზრდა, ეკლესიის განსაკუთრებული ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
მსჯავრდადებულებს მხოლოდ ეკლესიის მსახურების მეშვეობით შეუძლიათ მოისმინონ ღმერთის სიტყვა და იგრძნონ ღმერთის სიყვარული. ამ მიზნით ჩვენ ვითანამშრომლებთ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. მსაჯავრდადებულთათვის მათი იზოლაციის მიზეზებისა და ღმერთის რწმენის მეშვეობით ცხოვრების ჯანსაღი წესისაკენ დაბრუნების მნიშვნელობის ახსნა, ხშირი ღვთისმსახურებები, სულიერი ლიტერატურის მიწოდება, ეს ყველაფერი სახარების რწმენის ქრისტიანთა ზრუნვას წარმოადგენს, რომლის მიზანია, გზას აცდენილ ადამიანს გონება გაუჯანსაღოს და ხელი შეუწყოს მის ზნეობრივ განკურნებას.
თავისუფლების აღკვეთის ადგილებში უფრო ეფექტური მუშაობისთვის აუცილებელია მსახურთა სპეციალური მომზადება და მათი სხვადასხვა გამოსასწორებელ დაწესებულებებთან მიმაგრება. საპატიმროების მსახურთა (კაპელანთა) მომზადების სასწავლო დაწესებულებების შექმნა სახარების რწმენის ქრისტიანთა საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს.
ეკლესია თავის მოვალეობად მიიჩნევს, დახმარება გაუწიოს სახელმწიფოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფთა პირობების გაუმჯობესებაში.
კანონმდებლები ვალდებულნი არიან საიმედოდ დაიცვან მოქალაქეები დამნაშავეთა ხელყოფისაგან და დამნაშავეს გზაზე მყარი საფარი დაუდონ.
დამნაშავემ უნდა იცოდეს, რომ ყოველ დანაშაულს გარდაუვლად მოჰყვება მკაცრი სადამსჯელო ზომები.
სიკვდილით დასჯა სასჯელის განსაკუთრებული ზომაა. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანის სიცოცხლე არ სრულდება ფიზიკური სიკვდილით, ეკლესია საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს სიკვდილმისჯილ ადამიანს მიაწვდინოს ღმერთის სიტყვა და ღმერთის წინაშე მონანიება შესთავაზოს.
სამწუხაროდ, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში მრავალი მოქალაქე კარგავს თავის სოციალურ ფესვებს, თავის ოჯახს. ასეთი პიროვნების რეაბილიტირება შესაძლებელია ეკლესიის მიერ შექმნილ სარეაბილიტაციო ცენტრებში.

სახელმწიფოსა და ეკლესიის თანაქმედება

ეკლესია ისწრაფვის იმისკენ, რომ განსაკუთრებული ზრუნვა გამოავლინოს სახელმწიფოში დამნაშავეობის თავიდან აცილების საქმეში (1იოან.5:18).
ეკლესია პატივს სცემს აღმზრდელების, სამართალდამცავი ორგაოების მუშაკების, იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტების შრომას და მზად არის ითანამშრომლოს და დახმარება გაუწიოს მათ. ასეთი დახმარება შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ერთობლივ პროექტებში, როგორიცაა: სარეაბილიტაციო ცენტრების დაარსება, კულტურული და მეცნიერული ღონისძიებების ჩატარება და ა.შ. ქრისტიანობის ძირითადი დანიშნულება არის სახარების და ღმერთის სასუფევლის ქადაგება ქვეყიერებაზე (მარკ.16.15).
ეკლესიის თანამშრომლობა იუსტიციის სამიისტროს სამართალდამცავ სისტემასთან შესაძლებელია ერთობლივ გრძელვადიან მოლაპარაკებებს ეფუძნებოდეს.
მხოლოდ ეკლესიისა და სახელმწიფოს ერთობლივ ძალისხმევას შეუძლია მრავალი ადამიანის დახმარება, რომ მიატოვონ დანაშაულის გზა და დაუბრუნდნენ სრულყოფილ ცხოვრებას თავიანთი სახელმწიფოსა და საკუთარი თავის სასარგებლოდ.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.