სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები | ქრისტიანი.ge

სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და მასობრივი საინფორმაციო საშუალებები

პროპაგანდასთან დამოკიდებულება

ეკლესია პატივისცემით ეკიდება ჟურნალისტების შრომას, რომლებიც მოწოდებულნი არიან საზოგადოების ფართო ფენებს მსოფლიოში განვითარებული მოვლენების შესახებ დროული ინფორმაცია მიაწოდონ.
მაყურებლის, მსმენელისა და მკითხველის ინფორმირება უნდა ეფუძნებოდეს არა მხოლოდ სიმართლისადმი მტკიცე ერთგულებას, არამედ პიროვნებისა და საზოგადოების ზნეობრივ მდგომარეობაზე ზრუნვას, რაც თავის თავში მოიცავს დადებითი იდეალების გამოვლენას და ბრძოლას ბოროტების, ცოდვისა და ბიწიერების გავრცელებასთან.
დაუშვებელია ძალადობის, მტრობის, სიძულვილის, რასობრივი, ნაციონალური, სოციალური და რელიგიური უთანხმოების პროპაგანდა.

საგანმანათლებლო და მშვიდობისმყოფელი მოღვაწეობა

ეკლესია იმისთვის თანამშრომლობს საერო მასმედიასთან (მასობრივ საიფორმაციო საშუალებებთან), რათა სახარება საზოგადოების სხვადასხვა ფენებს მიაწვდინოს. ,,მუდამ მზად იყავით, რომ სიმშვიდითა და მოწიწებით უპასუხოთ ყველას, ვინც თქვენი იმედის გამო ახსნა-განმარტებას მოგთხოვთ” (1პეტრე3:15).
ყოველი ღვთისმსახური მოწოდებულია სათანადო ყურადღებით ეპყრობოდეს საერო მასმედიასთან კავშირებს საკუთარი მწყემსური და საგანმანათლებლო მოღვაწეობის განხორციელების მიზნით, ასევე დააინტერესოს საერო საზოგადოება ეკლესიური ცხოვრებისა და ქრისტიანული კულტურის სხვადასხვა მხარეებით.
საჭიროა სიბრძნის, პასუხისმგებლობისა და წინდახედულობის გამოვლინება, კონკრეტული მასმედიის პოზიციის გათვალისწინება რწმენასა და ეკლესიასთან დამოკიდებულებაში, ამავდროულად მასმედიის ზნეობრივი მიმართულების გათვალისწინებაც. ქრისტიანებს უშუალოდ შეუძლიათ საერო მასმედიაში მუშაობა და საზოგადოებამდე ქრისტიანული მორალის იდეების მიტანა.
ეკლესიისა და საერო მასმედიის თანამშრომლობა გულისხმობს ორმხრივ პასუხისმგებლობას. ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტს მიეწოდება და შემდეგ აუდიტორიას გადაეცემა, სარწმუნო უნდა იყოს. ეკლესიის მსახურთა ესა თუ ის აზრი, რომელიც მასმედიის მეშვეობით ვრცელდება საზოგადოებრივ საკითხებთან დაკავშირებით, ეკლესიის მოძღვრებასა და პოზიციას უნდა ემთხვეოდეს.

კონფლიქტების მოგვარება

ეკლესიისა და მასმედიის თანამშრომლობის პროცესში შესაძლოა გართულებები და ძალიან სერიოზული კონფლიქტებიც კი წარმოიქმნას. იგი შეიძლება ეხებოდეს ეკლესიური ცხოვრების შესახებ არასწორ და დამახინჯებულ ინფორმაციას, მის არასათანადო კონტექსტში მოხსენიებას, ავტორის პირადი პოზიციის საზოგადოებრივ პოზიციასთან აღრევას. ამავე დროს შესაძლებელია, უფრო ღრმა, პრინციპული კონფლიქტების შექმნა ეკლესიასა და საერო მასმედიას შორის. ეს ეხება ღმერთის სახელის აუგად ხსენებას, მკრეხელობის სხვადასხვა გამოვლინებებს, ეკლესიის ცხოვრების შესახებ ინფორმაციის სისტემატიურ და შეგნებულ დამახინჯებას, ეკლესიისა და მისი მსახურების აშკარა ცილისწამებებს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმოქმნილი გართულებები და კონფლიქტები სახელმწიფოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა წყდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.