რას გულისხმობს დოქტრინა "მხოლოდ წმინდა წერილი"(ძირითადი თეზისები) | ქრისტიანი.ge

რას გულისხმობს დოქტრინა “მხოლოდ წმინდა წერილი”(ძირითადი თეზისები)

"sola scriptura" ნიშნავს, რომ ბიბლია ყველა დოქტრინისა და პრაქტიკის(რწმენა და მორალი) ძირითადი და აბსოლუტური წყაროა. ეკლესიის ძირითადი თეოლოგიური დებულება აცხადებს: " სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესიის მოძღვრებისა და ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკის საფუძველს ბიბლია-წმინდა წერილი წარმოადგენს. ეკლესიის მოძღვრება სამოციქულო ტრადიციებზეა დაფუძნებული და წინა თაობების ეკლესიურ გამოცდილებებს ითვალისწინებს. ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი კრიტერიუმია რწმენის საკითხებში , რომლის თანახმადაც ეკლესიის ყველა დოქტრინის შემოწმება ხდება. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანებისათვის წმინდა წერილი ყოველთვის ფუნდამენტალურ ჭეშმარიტებად და უმაღლეს სტანდარტად დარჩება, რომლის მიხედვითაც ადამიანური ქცევები და მორალი იზომება. ქრისტიანებმა თავიანთი რწმენა და ცხოვრება ყოველთვის წმინდა წერილს უნდა შეადარონ". ეს დოქტრინა რამდენიმე ძირითად თეზისს მოიცავს:

1. ბიბლია არის ღმერთის პირდაპირი გამოცხადება. ბიბლიას გააჩნია ღვთაებრივი ავტორიტეტი, ვინაიდან როდესაც ბიბლია ლაპარაკობს, ეს ნიშნავს, რომ ღმერთი ლაპარაკობს.
 

2. ბიბლია არის საკმარისი: მასში საკმარისად არის მოცემული ყველაფერი, რაც რწმენისა და ღვთისმოსავი ცხოვრებისათვის არის საჭირო.

3. ბიბლია არამარტო საკმარისია, არამედ მას გააჩნია უმაღლესი ავტორიტეტი. ის ფლობს უმაღლეს ავტორიტეტს ყველა დოქტრინასა და მორალურ საკითხში.
 

4. ბიბლია შეუცდომელია. რამდენად სასარგებლო, საინტერესო და კარგიც არ უნდა იყოს წმინდა მამებისა და საეკლესიო კრებების ნაშრომები/დადგენილებები – ისინი შეიძლება რამეში ცდებოდნენ. მხოლოდ ბიბლია არის შეუცდომელი.
 

5. ბიბლია გასაგებია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიბლიაში ყველაფერი გასაგებია. არამედ იმას, რომ აუცილებელი სწავლება გასაგებია. არსებობს გამოთქმა: "ბიბლიაში ყველაფერი ძირითადი (მთავარი) გასაგებია და ყველაფერი გასაგები ძირითადია". ეს არავითარ შემთხვევაში არ უარყოფს ეკლესიის ტრადიციას, განსაკუთრებით კი სამოციქულო მამებს. არამედ მათ მეორად მნიშვნელობაზე და სათანადო გამოყენებაზე საუბრობს.
 

6. სრე-ში მეტწილად გავრცელებულია წმიდა წერილების განმარტების მეთოდი, რომელსაც ბიბლიის განმარტების ისტორიულ-გრამატიკული მეთოდი ეწოდება. კიდევ ერთხელ, ეს მეთოდი არავითარ შემთხვევაში არ გამორიცხავს ეკლესიის ტრადიციას, არამედ მის სათანადო გამოყენებაზე საუბრობს.
 

7. ბიბლია განმარტავს საკუთარ თავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ბიბლია უკეთესად თავად ბიბლიით განიმარტება, რაც გულისხმობს, რომ ნაკლებად გასაგები ადგილები განიმარტება ადვილად გასაგები ადგილებით. ბიბლიის განმარტების ისტორიულ-გრამატიკული მეთოდი და ეგზეგეზა სწორედ ამ მიზანს ემხასურება.
 

სტატიის ავტორი: ალექს კვინიკაძე

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.