მარადიულობა | ქრისტიანი.ge

მარადიულობა

ყურადღებით წაიკითხეთ შემდეგი ორი ნაწყვეტი წერილიდან:

"და ვერ შევიცნობთ მას (მარადიულობას)" იობ. 36:26  (ცოცხალი ბიბლია; ინგ. თარგმანი)

"თვით მარადიულობა ჩადო მათ გულებში" ეკლ. 3:11 (ინგლისური თარგმანი)

მარადიულობა _ რა არის ეს? როგორი განსაზღვრება შეიძლება მიეცეს მას? როგორ გავიგოთ იგი? ერთ-ერთი განმარტებით ლექსიკონში იგი განმარტებულია როგორც – უსასრულო დრო, მეორეში კი, როგორც – უდროობის მდგომარეობა. რატომაა, რომ ერთი წყარო მარადიულობას, განმარტავს როგორც დროში არსებობას, მეორე კი – არსებობას დროის მიღმა? 
   
და მაინც, რატომ რჩება ეს განმარტებანი ახსნის გარეშე. განა ეჭვს არ აღძრავდა ორი სამეცნიერო წიგნი, თუ ისინი ორ ერთმანეთის საწინააღმდეგო განსაზღვრებას მისცემდნენ რაიმე არსებულს ჩვენს სამყაროში? დავუშვათ, ერთ-ერთ წიგნში თევზი განისაზღვრება, როგორც არსება, რომელიც წყალში ბინადრობს; მეორე წიგნი კი ამტკიცებს, რომ თევზი ხმელეთზე ცხოვრობს. ჩვენ მაშინვე მივხვდებოდით, რომ ერთერთი წიგნი ცდება და მას გადავაგდებდით. მაშ, რატომაა, რომ ეჭვი არ გვიჩნდება მარადიულობის რომელიმე განსაზღვრების მიმართ? 
 
 ჭეშმარიტება იმაშია, რომ მარადიულობის გაგება გონებით შეუძლებელია. ჩვენი გონება შეზღუდულია მარადიული კონცეფციებისა და პრინციპების გასაგებად. ნება მომეცით ასეთი ილუსტრაცია მოვიყვანო. ეცადეთ წარმოიდგინოთ სამყაროს დასასრული. წარმოიდგინეთ მისი შინაგანი საზღვარი. თუ შესძელით, როგორ წარმოგიდგენიათ ეს საზღვარი? რა არის ეს? კედელი? რისგანაა იგი გაკეთებული? რა სისქისაა იგი? არის კი მისი შიგნითა მხარე მთელი სამყაროს დასასრულის წერტილი? თუ ეს ასეა, მაშ რა არის კედლის შიგნით? კიდევ სივრცე? მაშინ ის ხომ სამყაროს გაგრძელება იქნება? მაშ, სად არის დასასრული? შეუძლია კი თქვენს გონებას, რომ სამყაროს უსასრულობა აღიქვას? დაფიქრდით ამაზე. 

ანდა, მოდით, მაგალითად მოვიყვანოთ უძირო ორმო. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ დაუსრულებელი ვარდნა? თქვენ ვერასოდეს მიაღწევთ და ვერც ნახავთ ფსკერს; უბრალოდ იქნებით და იქნებით ვარდნის მდგომარეობაში. არა ერთი, არამედ ორი რამ უტევს ჩვენს საღ გონებას: პირველი _ უძირობა, მეორე _ ვარდნის უსასრულობა. ამის გაგება შეუძლებელია, და ამიტომ ჟღერს, როგორც მეცნიერული გამონაგონი, მაგრამ ასეთი ადგილი წერილში შვიდჯერ არის მოხსენიებული.

და რა შეიძლება ვთქვათ თვით სამყაროს შემოქმედ ღმერთზე? ერთი წუთით დაფიქრდით მის საწყისზე, უფრო სწორად იმაზე, რომ მას "დასაწყისი არ აქვს". წერილი ამბობს, რომ იგი "უსასრულობიდან უსასრულობამდეა". თუ იგი არ დაიბადა და არავინ შექმნა, მაშინ როგორ დაიწყო მან არსებობა? როგორ განვითარდა (როგორც ღმერთი)? ჭეშმარიტება კი იმაში მდგომარეობს, რომ ის არ გახდარა ღმერთი, როგორც ამას ფსალმუნი ამბობს: "ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწას და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთო" (ფსალ. 89:2). დაფიქრდით ამაზე. აღმოაჩენთ, რომ ეს რაიმე გაგებას აღემატება, როგორც იობიც ამბობს: "ვერ შევიცნობთ მას…".

 ჭეშმარიტება, რომელიც ვერ თავსდება ჩვენს გონებაში, შემოქმედის მიერ ჩვენს გულშია მოთავსებული. მარადიულობა ნაცნობია ჩვენი გულისათვის. იგი ყოველ ადამიანში იბადება… 

ჯონ ბევირი
წიგნიდან:
მარადიულობით ამოქმედებული

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.