წარმოიდგინეთ, ბიბლია თითქოს ბიბლიოთეკაა, რომელიც შედგება სამოცდაექვსი სხვადასხვა წიგნისგან, რომლებიც დაწერა დაახლოებით ორმოცდაოთხმა ადამიანმა თექვსმეტი საუკუნის მანძილზე, დაახლოებით ქრისტეშობამდე 1500 წლიდან, ჩვ.წ-ის 100 წლამდე. აგრეთვე, გახსოვდეთ, ეს ორმოცი ადამიანი სრულიად განსხვავებული სფეროდან იყვნენ, როგორიცაა: მწყემსები, მეფეები, მთავრობის პირები, სწავლულები, მღვდლები, პოეტები, ისტორიკოსები, მეთევზეები, და იურისტები. დროის ამ უდიდესი პერიოდის მანძილზე, ამ სხვადასხვა მწერლის მიუხედავად ბიბლიის ერთიანობა მართლაც გასაოცარია. დაბადების წიგნიდან გამოცხადებამდე გადმოცემულია ღმერთის და მისი გამომსყიდველი გეგმის შესახებ. ბიბლიის კითხვისას მკითხველი აღმოაჩენს ძველი და ახალი აღთქმის ურთიერთ-დაკავშირებულობას- ახალი ძველშია დამალული, ძველი კი ახალშია გამჟღავნებული.
კაცობრიობას, რომელიც ადამიანური საზღვრებით შეზღუდულია და ცოდვისგან დასუსტებულია, არ შეუძლია მიაღწიოს ღმერთამდე ცოდვით გამოწვეული უფსკრულის გამო. ებრაელთა 1:1-2 გვახსენებს, რომ ყველაზე სრულყოფილი და ბოლო დალაპარაკება ღმერთსა და ადამიანს შორის იყო იესო ქრისტე, განკაცებული ღმერთი. თუმცა, გადამწყვეტი კითხვა ისევ რჩება: როგორ შეიცნობენ დღეს ადამიანები ღმერთის ცოცხალ სიტყვას?
პირველი მიზეზი, რომელიც ბიბლიას, როგორც ღმერთის გამოცხადების მისაღებად წარმოაჩენს, არის ის რომ წმინდა წერილი აცხადებს, რომ ის ღვთივსულიერია; გამუდმებით ამტკიცებს, რომ ზუსტად ისაა, რასაც ღმერთი ელაპარაკება ადამიანს. იესო ქრისტეს შესახებ ჩვენი ცოდნა დაფუძნებულია ღვთით შთაგონებულ სიტყვაზე, რომელიც აშკარად მიგვითითებს ძეზე. ბიბლია ღმერთის გამომჟღავნებაა წერილობითი ფორმით. ის არამარტო იმას გვიჩვენებს, თუ როგორია ღმერთი, არამედ ყველა ადამიანის გამოსყიდვის გეგმასაც, იესო ქრისტეს მეშვეობით.
თუ გადავხედავთ წიმინდა წერილს, ჯერ მარტო ბიბლიის პირველ ხუთ წიგნში ოთხასზე მეტჯერ არის დადასტურებული, რომ მოსეს მეშვეობით დაწერილი მასალა ექვივალენტურია მოლაპარაკე ღმერთის ხმისა. ამის მაგალითებია:
გამოსვლის 17:14 – და უთხრა უფალმა მოსეს: “ჩაწერე ეს სამახსოვრო წიგნში".
გამოსვლის 19:6-7 – [უფალმა თქვა:] “აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!" და მივიდა მოსე და მოიწვია ხალხის უხუცესნი და წინ დაუდო მათ ყველა ეს სიტყვა, რომელიც აღუთქვა მას უფალმა. ასევე მეფსალმუნე ხშირად მოიხსენიებს წმინდა წერილს ღმერთის ხმად. მარტო 118 ფსალმუნში წმინდა წერილი მრავალჯერ არის მოხსენიებული, როგორც “უფლის სიტყვა", ან “უფლის კანონი". ბიბლიის მხოლოდ ამ ნაწილში სულ მცირე, 179ჯერ არის წმინდა წერილი მოხსენიებული, როგორც ღმერთის სიტყვა. დააკვირდით ამ მაგალითებს: “ხალასია შენი ნათქვამი ფრიად, და შენს მორჩილს უყვარს" (მ.140), “სიმართლე შენი მარადიული სიმართლეა და შენი რჯული ჭეშმარიტია" (მ.142); “იტყვის ჩემი ენა შენს ნათქვამს, რადგან ყველა შენი მცნება სიმართლეა" (მ.172).
რაც შეეხება ახალ აღთქმას, იგი სავსეა ისეთი მტკიცებულებებით, სადაც წმინდა წერილი გაიგივებულია ღმერთის სიტყვასთან. ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა “დაწერილია", “წმინდა წერილი ამბობს" და “ღმერთი ამბობს" იმდენად ურთიერთჩანაცვლებადია, რომ აშკარად ჩანს: ახალი აღთქმის მწერლები მათ სინონიმებად იყენებდნენ. მაგალითად, დააკვირდით, პავლეს ციტატას დაბადების 12:3-დან, რომელიც გალატელთა 3:8-ში ჰყავს მოყვანილი: “წერილმა, როცა წინასწარ განჭვრიტა, რომ ღმერთი რწმენით გაამართლებს წარმართებს, წინასწარ ახარა აბრაამს" და იკურთხება შენში ყველა ერი". როცა ღმერთი აბრაამს დაელაპარაკა, მაშინ წმინდა წერილები ჯერ კიდევ არ არსებობდა. პავლესთვის ღმერთის მიერ წარმოთქმული სიტყვა და წმინდა წერილის ღვთივსულიერი სიტყვა ერთი და იგივე რომ არ ყოფილიყო, იტყოდა ასეთ რამეს?
იერუსალიმის ეკლესიის ადრეული მოწაფეებიც ასე იყვნენ დარწმუნებულები მათი დროის ბიბლიაში (ძველ აღთქმაში). დააკვირდით, როგორ ლოცულობდნენ მორწმუნეები პეტრეს და იოანეს გასანთავისუფლებლად, რომლებიც დატუსაღებული ჰყავდათ:
“ღმერთო, შემოქმედი ცისა და მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მასშია, ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის ბაგე ალაპარაკე სულიწმიდით: “რად შფოთავენ წარმართნი და ხალხები განიზრახავენ ამაოებას? აღდგნენ მეფენი ქვეყნისა და მთავრები ერთად შეიკრიბნენ უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ". (საქმეთა 4:24-26; ფსალმუნის 2:1-2).
ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იესოს დამოკიდებულება ძველი აღთქმის წერილების (იმდროინდელი ბიბლიის) მიმართ. მაგალითად, იესო ფარისევლებს ასე ელაპარაკა:
“ვინაიდან ღმერთმა თქვა: ‘პატივი ეცი მამას და დედას’ და ‘მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.’ თქვენ კი ამბობთ: თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას: ეს შესაწირავია, რითაც ჩემგან უნდა გესარგებლაო, ამით პატივს არ სცემს თავის მამას ან დედას. ამრიგად, თქვენ გააუქმეთ ღვთის მცნება თქვენი ჩვეულებით." (მათეს 15:4-6; გამოსვლის 20:12; მეორე რჯულის 5:16; გამოსვლის 21:17; ლევიანთა 20:9).
ზემოთ აღნიშნულიდან ნათლად ჩანს რომ, წერილობითი ტექსტი-ბიბლია არის ღვთის სიტყვა. მაცხოვარი ძველ აღთქმას მიიჩნევდა, როგორც აბსოლუტურად სანდო წიგნს. პავლე მოციქული ტიმოთესადმი გაგზავნილ წერილში აღნიშნავს:
“მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში". 2 ტიმოთეს 3:16. ბერძნული სიტყვა, რომელიც “ღვთივსულიერად" ითარგმნება, არის ტჰეოპნეუსტოს, რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს “ღმერთის მიერ შთაბერილს". ამრიგად, ღმერთმა შთაბერა თავისი სული წმინდა წერილებში. ისინი ღმერთის სულითა შთაბერილი და შთაგონებული. მიუხედავად ძველ აღთქმასა და ახალ აღთქმას შორის არსებული ოთხასწლიანი შუალედისა, მათ შორის ძალიან ძლიერი კავშირია. მაგალითად, ესაია წინასწარმეტყველის წიგნში დაწერილია: ამიტომ უფალი თვითონ მოგცემთ ნიშანს: აჰა, ქალწული დაორსულდება და შობს ძეს და უწოდებს მას სახელად ემანუელს. ესაია: 7;14. ისრაელის ისტორიის მანძილზე ერთი რამ ცხადია, რომ ღმერთი თავის ხალხს თაყვანისცემის სიწმინდისკენ და კერპთაყვანისმცემლობის არიდებისკენ მოუწოდებს. წინასწარმეტყველური წიგნები გამუდმებით ამტკიცებენ, რომ ღმერთი წმინდაა და რომ რწმენა და მონანიება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რიტუალი და მსხვერპლშეწირვა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წმინდა წერილებში აბსოლუტური რეალიზმია. ბიბლიაში მიუხედავად ყველა იმ რწმენის გმირების დადებითი მხარეაბისა, ასევე მტკივნეულად არის დახატული დიდებულ ღვთისმსახურთა შეცდომები (აბრაამის,დავითის და ა.შ.). ტყუილად არ უწოდებენ მას მართალ წიგნს.
ახალი აღთქმა გვიხატავს იესოს, როგორც ძველი აღთქმის ყოველი წინასწარმეტყველების და ძლიერი სურვილების აღმასრულებელს. ეს არის თითქოსდა ძლიერი ბირთვი, ცენტრალური უწყება, რომელიც გადაფარებულია მთელ ბიბლიაზე, და ეს არის გამომსყიდველი თემა. ღმერთის სიწმინდე და სიყვარული განთავსებულია გოლგოთის ჯვარზე. ძველ აღთქმაში ნაწინასწარმეტყველი და სახარებაში მოთხრობილი ეპისტოლეებშია ახსნილი და გაცხადებული. რას უნდა მივაწეროთ ბიბლიაში ჭეშმარიტების ასეთი ერთიანობა? მხოლოდ ერთი პასუხი არსებობს: არის მხოლოდ ერთი ავტორი, სულიწმიდა. აქედან გამომდინარე, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიბლია არის ინერანტული, შეუცდომელი და ავტორიტეტული ღმერთის სიტყვა ადამიანისადმი, და ის სასარგებლოა “სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და დასარიგებლად სიმართლეში, რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული". (2 ტიმოთეს 3:16, 17).
სტატიზე მუშაობდა: აჩიკო ივანიშვილი
წყარო: წიგნიდან "აპოლოგეტიკა"