დოქტრინა ღმერთზე - ლუკას სახარება და საქმე მოციქულთა | ქრისტიანი.ge

დოქტრინა ღმერთზე – ლუკას სახარება და საქმე მოციქულთა

    ზოგადად მიღებულია, რომ ლუკას სახარება და მოციქულთა საქმეები ერთი და იგივე ავტორის კალამს ეკუთვნის. ეს მას მნიშვნელოვან ფიგურად ხდის ახალი აღთქმის შესწავლისას, რადგან ხსენებული ორი ნაწარმოები ერთად მის მეოთხედ ნაწილს შეადგენს. სხვებზე დიდია ამ ავტორის წვლილი და რომ არაფერი ვთქვათ ღვთივსულიერების ფაქტზე, მისი სრული ნაშრომი ჩვენგან სერიოზული ყურადღების მიქცევას მოითხოვს.
    ეკლესიის ისტორიის განმავლობაში ჩვეულებრივ ითვლებოდა, რომ ორივე ზემოხსენებული ნაშრომის ავტორი ლუკა გახლდათ და არ არსებობს ამაში ეჭვის შეტანის ყურადსაღები მიზეზი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ლუკამ დაწერა ორივე ნაწარმოები, თუმცა მთავარი ავტორობის ზუსტად დადგენა როდია. ლუკა ზოგადად ისტორიკოსად მიიჩნევა და მის შესახებ დისკუსიებში გამოიკვეთა კითხვა – რამდენად კარგი ისტორიკოსია იგი.
    ბოლო დროს უფრო ნათლად გაცნობიერდა, რომ მისი როგორც ისტორიკოსის დამსახურების მიუხედავად, იგი გამორჩეული თეოლოგია. ეს თვალსაზრისი საყოველთაოდ გაზიარებული არ გახლავთ და ვინსენტ ტეილორი, მაგალითად, ამბობს, რომ “ლუკა არ არის უპირატესად თეოლოგი". გარდა ამისა, შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯ. ქრისტიან ბეიკერის ვერდიქტი, რომ ლუკა “დახელოვნებული თეოლოგია" , ან ჯ. დ. გ. დანის შეხედულება, რომ “იგი ერთერთია ახალი აღთქმის სამ მთავარ თეოლოგს შორის." უკანასკნელ ხანებში ლუკას სახარებისა და საქმე მოციქულთა წიგნებზე დაწერილ ნაშრომთა ურიცხვი რაოდენობის ფონზე ძნელია რეალური თეოლოგიური ემფაზის უგულებელყოფა ახალი აღთქმის ამ ნაწილში. მართალია,  ლუკა მნიშვნელოვანია მის მიერ აღწერილი ისტორიისთვის, მაგრამ ასევე ჭეშმარიტია, რომ ნაწერის მიღმა მან სერიოზული თეოლოგიური მიზნები ჩადო. იგი არ აღწერს იესო ნაზარეველის ისტორიას და სხვა დანარჩენს ადრეული ეკლესიის ისტორიული მონახაზით. იგი წერს, თუ რა გააკეთა ღმერთმა იესოში და რა გააკეთა ღმერთმა პირველ ეკლესიაში. მას მეტად აინტერესებს თეოლოგია ვიდრე ისტორია და მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ვართ მისგან დავალებული ისტორიული ინფორმაციისთვის.
    შესაძლოა, ედუარდ შვაიზერის დახმარებით ცოტაოდენ გავერკვეთ მდგომარეობაში. ლუკას სახარების შესწავლისა და მასზე კომენტარების წერისას ამ უკანასკნელმა აღმოაჩინა, რომ “გამუდმებით აშფოთებდა ქრისტოლოგიის ანუ სოტერიოლოგიის პრობლემები, რომელზეც ჩანს, ლუკას ნათელი პასუხი არ ჰქონდა." მეორე მხრივ კი, ამბობს იგი, “ჩემდა გასაკვირად, თანდათანობით მივხვდი, თუ როგორ დამეხმარა მისი მიდგომა ქრისტეს მოვლენის მნიშვნელობის ახლებურ თეოლოგიურ აღქმაში." მან ლუკას სახარებაში იპოვა “მთელი რიგი ისტორიები და იგავები იესოზე, რომლებიც ცნობილი არ იყო დანარჩენი მახარებლებისთვის და სხვადასხვა ცხოვრებისეული სიტუაციების აღწერილობები, მაგალითად, იესოს გამგზავრება იერუსალიმისკენ, რამაც მრავალი შემთხვევისა თუ ნათქვამის თეოლოგიურად მნიშვნელოვანი ახალი გარემოებებით უზრუნველყო." ლუკა არ გვითრევს გრძელ და აშკარად თეოლოგიურ დისკუსიებში, მაგრამ იესოს ცხოვრებიდან შერჩეული მოვლენების და პირველ ეკლესიაში მომხდარის მისეული აღწერა ბევრად გვეხმარება ჩვენს თეოლოგიურ ძიებაში. იგი არ გახლავთ თეოლოგიური ნაშრომის წერაში დახელოვნებული, მაგრამ რასაც ის გვაწვდის, თეოლოგიურად დატვირთულია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ახალი აღთქმის თეოლოგიის ჩვენეულ გაგებაში. 

ყოვლისშემძლე ღმერთი

    ლუკას თეოლოგიის მრავალმხრივობა მრავალ შესაძლო საწყის წერტილს გვაწვდის. თუმცა, მოდით დავიწყოთ მისი მოსაზრებით, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, ძალუძს საკუთარი მიზნების განხორციელება და ასეც იქცევა. ადრევე ვიგებთ, რომ სწორედ “მაღლის ძალამ" მოუჩრდილა მარიამს, რის შედეგადაც “წმინდად შობილი ღვთის ძედ" იწოდებოდა (1:35). იესოს უბრალოდ კარგ ადამიანად არ აღვიქვამთ, მოცდაათის დავალებაზე წარგზავნის წინ. სხვა საკითხებს შორის, მათ სასუფევლის მოახლოებაზეც უნდა ექადაგათ (10:9; შეად. მათ. 10:7). თუ რომელიმე ქალაქი არ მიიღებდა მათ სიტყვის გადაცემისას, ქუჩებში უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ: “თქვენი ქალაქის მტვერს, რომელიც ჩვენს ფეხებს მიეკრო, ვიბერტყავთ თქვენს მიმართ. ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ გიახლოვდებათ ღვთის სასუფეველი" (10:11; მათეს აქვს ადრინდელი სიტყვები სასუფეველზე, მაგრამ არა ესენი). სასუფევლის მოახლოება მნიშვნელოვანი საკითხია. მისი აურყოფა უბედურებაა. იესოს გაფრთხილების ერთ-ერთი საკითხი თვითკმაყოფილ ადამიანებს ეხება, რომლებიც ტირილსა და კბილთა ღრჭენაში დაინახავენ დიდ პატრიარქებსა და წინასწარმეტყველებს, თვითონ კი გარეთ იქნებიან გამოგდებული. ისე არ უნდა გავიგოთ, რომ სასუფეველში გამორჩეული უმცირესობა მოხვდება; მოვლენ ადამიანები აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან და დასხდებიან სასუფეველში. რამდენადაც იქ მრავალნი იქნებიან, არაგონივრულია ვინმეს მდგომარეობაზე ლაპარაკი (13:28-30).
    რაღაც ამგვარი ნათლად ჩანს იესოს საუბარში კურთხევებზე, რომლებიც სასუფეველში მყოფებზე მოვა. ერთხელ პეტრემ ყურადღება მიაქცია ფაქტს, რომ მან და სხვა იესოსთან ახლოს მყოფებმა მიატოვეს თავიანთი სამკვიდრო და ქრისტეს გაჰყვნენ. პეტრეს სავარაუდო კითხვა ალბათ ასე გაიჟღერებდა: “ნიშნავს თუ არა ეს, რომ გვაქვს სასუფეველში შესასვლელი?" იესოს პასუხი მეტყველებს მრავალ კურთხევაზე, რომელსაც ისინი მიიღებენ, მაგრამ მათ წინ უძღვის ერთი პირობა: : არავინ არის, რომ ღვთის სასუფევლის გულისათვის დატოვოს სახლი ან ცოლი, ან მშობლები, ან ძმები, ან შვილები, და ახლავე არ მიიღოს მრავალგზის მეტი . . ." (18:28-30). სასუფეველში შესვლა საზღაურს მოითხოვს, მაგრამ ღირს ამის გაკეთება: აქვეა გათვალისწინებული მრავალგზის კურთხევა და საუკუნო სიცოცხლე მომავალში. სასუფევლის კურთხევებში მოწვეულთა ნადიმის აღნიშვნამ იესოს დიდი პურობის იგავის მოყოლისკენ უბიძგა (14:15).
    საკმაო კამათი გაიმართა ნაწყვეტზე, სადაც ფარისევლების იესოს ეკითხებიან ღვთის სასუფევლის მოსვლის ვადაზე. შესაძლოა, ისინი გულწრფელი მაძიებლები იყვნენ ან სურდათ იესოს მოსაზრების მოსმენა, რომ საჭირო დროს მის წინააღმდეგ გამოეყენებინათ. როგორც არ უნდა იყოს, იესომ უპასუხა, “ღვთის სასუფეველი არ მოვა თვალსაჩინოდ. არც იტყვიან: აგერ, იქ არისო ან: აგერ, აქ არისო. ვინაიდან, აჰა თვითონ თქვენშია ღვთის სასუფეველი" (17:20-21).
    ეს გარკვევით მიუთითებს, რომ ფარისევლებს მცდარი წარმოდგენა ჰქონდათ სასუფევლის რაობაზე. მათი მხრიდან სასუფევლის ძიება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა იესოს სწავლებისგან. იგი “თვალსაჩინო" არ არის ანუ “არ მოდის ისე, რომ მისი დანახვა შევძლოთ" (BAGD). იგი არ გამოჩნდება მას შემდეგაც, რაც იხილავენ სხვადასხვა სახის ნიშნებს, რომელთაც ელოდებიან.  
    “თვითონ თქვენშია" (ენტოს ჰყმōნ) გამოთქმის მნიშვნელობა სადაოა. ზოგიერთები თვლიან, რომ იესო გულისხმობდა სასუფევლის შინაგანში არსებობას, რაც სულიერ სფეროს ეხება. მას მორწმუნეთა გულში აქვს ადგილი და ამის გამო მისი დანახვა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ეს მართალია (შეად. რომ. 14:17), მაგრამ იესო ამაზე არ ლაპარაკობს. ახალ აღთქმაში მრავალი განცხადებაა სასუფეველზე, მაგრამ ზემოხსენებულის გარდა არც ერთი არ მიუთითებს, რომ ის არსებითად შინაგანია. სხვა ნაწყვეტების თანახმად ლაპარაკია მის უეცარ მოსვლაზე. ის ისე დაუყოვნებლივ მოვა, რომ მისი მოახლოების მაუწყებელი ნიშნების დანახვის კითხვაც აზრს კარგავს. თუ მართლაც ასეთია მისი მნიშვნელობა, მაშინ ის ძალზე უჩვეულო ხერხით არის გადმოცემული. კიდევ ერთი მოსაზრება გახლავთ “მისი მისაწვდომობა": შეგიძლიათ გქონდეთ სასუფეველი თუ გაირჯებით მის დასამკვიდრებლად. ამ აზრს ერთი ფაქტორი ეწინააღმდეგება. სასუფეველი ღვთის საჩუქრად აღიქმება და არა ადამიანური მცდელობის ნაყოფად. ყველაფრის გათვალისწინებით ჩანს, რომ მეოთხე შეხედულება უნდა მივიღოთ, რომლის თანახმადაც გამოთქმის მნიშვნელობა არის "თქვენს შორისაა". სასუფეველი იესოს პიროვნებაში ადამიანთა შორის მოვიდა. სწორედ მას მოაქვს სასუფეველი.
    ლუკა საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რომ სასუფეველს მნიშვნელოვანი სამომავლო მხარე გააჩნია. ეს დამოკიდებულია იესოს მეორედ მოსვლაზე. ამ გაგებით იქნება ნიშნები, რომლებიც საშუალებას მოგვცემს დავინახოთ სასუფევლის მოახლოება (21:31; მათესა და მარკოზში გვაქვს “ახლოა". კვლავ ვაწყდებით ლუკას ტენდენციას, რომ მხედველობაში სწორედ სასუფევლის სიახლოვეა). თუმცა ადამიანებმა არ უნდა გააზვიადონ სასუფევლის მოახლოება. მნეების იგავი ეძღვნება სიტუაციას, როცა ზოგიერთებს ეგონათ, რომ სასუფეველი “მალე" გამოჩნდებოდა (19:11). ეს რომ  ასე არ იყო, იესომ ცხადად განმარტა.
    ზემოთვალში იესოს განცხადებებიდან ჩანს ორი მითითება ღვთის სასუფეველზე. პასექზე ლაპარაკისას, რომლის ჭამა მას მოწაფეებთან ერთად სურდა, იესომ თქვა, “აღარ ვჭამ მას, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სასუფეველში" (22:16).330პასექი გახლდათ გადარჩენის ზეიმი. მასში იდო ღვთის დიდებული საქმის მოგონება ეგვიპტის მონობიდან მისი ხალხის გამოხსნასთან დაკავშირებით. იესო ამბობდა, რომ ამას ტიპოლოგიური მნიშვნელობა ჰქონდა. ძველად მოტანილი მძლავრი თავისუფლება მიუთითებდა კიდევ უფრო დიად ხსნაზე, რომელიც ყველაფრის აღსასრულს მოხდებოდა, სასუფევლის მოსვლისას. მომავალი განთავისუფლების ინტენსიური მოლოდინი ისევ ცხადად ჩნდება იესოს ნათქვამში, რომ აღარ შესვამს ვაზის ნაყოფისგან, სანამ “არ მოვა ღვთის სასუფეველი" (22:18). 
    აღნიშვნის ღირსია ლუკას მიერ საქმეების წერისას ღვთის სასუფევლის კიდევ ერთხელ ხსენება. იგი გვეუბნება, რომ აღდგომასა და ამაღლებას შორის ორმოცი დღის მანძილზე იესო მოწაფეებს “მოუთხრობდა ღვთის სასუფეველზე" (ს 1:3). ამის შემდეგ ქრისტიან მქადაგებლებს საქმე ემატებათ. სამარიაში ფილიპე “ახარებდა ღვთის სასუფეველსა და იესო ქრისტეს სახელს" (ს 8:12). ეფესოში სასუფეველზე ქადაგება პავლეს სატარებელი ტვირთი იყო სამი თვის განმავლობაში (ს 19:8). დასასრულს მოციქული იგივეს ქადაგებდა, რადგან მის სახლში მოსულ იუდეველებს უმოწმებდა სასუფეველზე (ს 28:23). მოციქულთა საქმეების უკანასკნელი წინადადება გვაუწყებს, რომ პავლე რომში ღვთის სასუფეველზე ქადაგებდა  უფალ იესო ქრისტეზე გაბედულად და დაუბრკოლებლად ასწავლიდა (ს 28:31). პავლეს სასუფეველი იოლად მისაღწევ სახარებად არ უქცევია, რადგან ლისტრაში, იკონიასა და ანტიოქიაში ასწავლიდა, “მრავალი ჭირით გვმართებსო ცათა სასუფეველში შესვლა" (ს 14:22).
    ყოველივე ზემოთქმულიდან ვხედავთ, რომ ლუკა სერიოზულად ეკიდება ღვთის უზენაესობას. ნათელია, რომ იგი დიდად იწონებდა იესოს ნათქვამს სასუფეველზე. ლუკა აცხადებს, რომ იესო ხშირად და მნიშვნელოვნად ასწავლიდა სასუფეველზე, მაგრამ პირველი ეკლესიაც აგრძელებდა მის ქადაგებას. ქრისტიანულ ცნობიერებაში არსებითი ადგილი უჭირავს შემდეგს: ღმერთი მართავს ყოველივეს და ჟამთა აღვსებისას იგი მოიტანს სასუფეველს მთელი სისრულით.

ქრისტეში მოქმედი ღმერთი

    ქრისტიანული ცნობიერებისთვის, რასაკვირველია, მთავარია, რომ იესოს ცხოვრებაში, სიკვდილში, აღდგომასა და ამაღლებაში მარტოოდენ ღვთის მოქმედებას ვხედავთ. არ შეგვიძლია ვიფიქროთ იესოზე თუ არა დიდებულ ადამიანზე. ღმერთი მასში განსაკუთრებული გზით მოქმედებდა. უკვე შევნიშნეთ, რომ ლუკა ცდილობს ნათელი მოჰფინოს იესოს შობაში ღვთაებრივი ჩარევის დეტალებს. ღმერთი ენერგიულად მოქმედებს იესოს მსახურებაში. მაგალითად, ლუკა გვეუბნება, რომ იესომ გერასენელ შეპყრობილს უთხრა, სახლში დაბრუნებულიყო და ადამიანებისთვის მოეყოლა, რა გაუკეთა ღმერთმა (8:9) და არა პირადად მან რა გაუკეთა. სწორედ ღმერთი მოქმედებდა იესოში. ლუკას ჩანაწერი ზემოხსენებული კაცის დავალებაზე, რომ ხალხისთვის მოეყოლა, რა გაუკეთა ღმერთმა და შემდეგ იესოს ნამოქმედარის აღწერა, ქრისტეს როგორც ღმერთის ხაზგასმად გვეჩვენება. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს ფაქტი, რომ ღმერთი აქტიურად იყო ჩართული იესოს მოხდენილ განკურნებებში. იესო ქველმოქმედებდა  და კურნავდა ეშმაკისგან შეპყრობილებს, რადგან “ღმერთი იყო მასთან" (ს 10:38).
    სხვა მახარებელთა მსგავსად ლუკაც ლაპარაკობს იესოზე როგორც “ღვთის ძეზე" (მაგ. 1:35; 4:3, 9, 41; 8:28; ს 9:20). ის ასევე იყო “ღვთის" ცხებული (9:20; 23:35). ლუკა გვამცნობს, რომ “ღვთის მადლი" იყო ყმაწვილ იესოზე (2:40; შეად. 2:52), რაც მიანიშნებს იესოში და იესოსთან ღვთის მოქმედებას ადრეული წლებიდანვე. იესოს მსახურების დასაწყისში შეპყრობილმა კაცმა მასში “ღვთის წმინდა" ამოიცნო (4:34), რაც ზეციერ მამასთან მისი ახლო ურთიერთობის მიმანიშნებელია. იესომ თავად გაგვიმხილა ღმერთზე მისი დამოკიდებულების შესახებ, როცა თორმეტის არჩევის წინ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (6:12). მისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მისი უახლოესი ადამიანები სწორად შერჩეულიყვნენ. იესომ ღვთიური მითითებით იხელმძღვანელა, სანამ ხსენებულ არჩევანს გააკეთებდა.
    ემაუსის გზაზე მიმავალმა ორმა მოწაფემ გააცნობიერა, რომ იესო იყო “ძლიერი საქმითა და სიტყვით ღვთისა და მთელი ხალხის წინაშე" (24:19). მათ იესო მტრებისგან საბოლოოდ დამარცხებული და მოკლული ეგონათ, მაგრამ აცნობიერებდნენ, რომ მისი საქმეები და სიტყვები ღვთისგან მოწონებული იყო.331პეტრემ ეს აზრი უკეთესად ჩამოაყალიბა, როცა ორმოცდამეათე დღეს ხალხს უთხრა: “იესო ნაზარეველი, კაცი დამტკიცებული ღვთისაგან თქვენთვის ძალით, სასწაულებითა და ნიშნებით, რომლებიც ღმერთმა მოახდინა მისი ხელით თქვენს შორის, როგორც თვითონვე იცით." (ს 2:22). აქ ყურადღება მახვილდება ფაქტზე, რომ ხალხმა თვითონვე იცოდა, რა გააკეთა იესომ. თუმცა ისინი მხოლოდ სასწაულებს ხედავდნენ და რეალურად მომხდარს ვერ აცნობიერებდნენ. ახლა პეტრემ მიახვედრა მათ, რომ ეს სასწაულებრივი ქმედებანი ღვთისგან იესოს დამტკიცების ნიშანს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, იმ დიდებულ საქმეებს სხვა არავინ აკეთებდა თუ არა ღმერთი.
    ახალშობილი ეკლესიის პირველი დღეების ლუკასეული აღწერა ცხადყოფს, რომ პირველი მორწმუნეები აღდგომის ფაქტსა და სასწაულს შეეპყრო. იესოს სიკვდილით მათ ფეხქვეშ მიწა გამოეცალათ. როცა აღმოაჩინეს, რომ იესო აღსდგა და სიკვდილი დაამარცხა, მთელი მათი მსოფლმხედველობა გარდაიქმნა. აღდგომით გამოწვეული მღელვარება ატყვია იმ მხიარული დღეების ყოველ ნათქვამსა თუ ნამოქმედარს, რასაც ლუკა აღწერს. იგი გამუდმებით გამოკვეთს ჭეშმარიტებას, რომ სწორედ ღმერთმა მოიტანა აღდგომა. პეტრე უბრალოდ ლაპარაკობს იესოზე, რომელიც “ღმერთმა აღადგინა" (ს 2:24) და იგივე ქადაგებაში უბრუნდება ხსენებულ აზრს, “ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ჩვენ ყველანი ვართ" (ს 2:32). პეტრე თავის მომდევნო ქადაგებაში უკმაყოფილებას გამოთქვამს, რომ მისმა მსმენელებმა მოკლეს “სიცოცხლის წინამძღვარი" და თან ურთავს, “რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით". იგი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ამ ყველაფრის მოწმენი არიან (ს 3:15). მოციქული ამბობს, რომ  ღმერთმა “აღადგინა თავისი მსახური" (ს 3:26). ეს აზრი სხვა გამოთქმების მოძიებასაც მოითხოვს (ს 4:10; 5:30; 10:40). როცა ასპარეზზე პავლე გამოდის, ლუკა აღწერს, რომ პისიდიის ანტიოქიის სინაგოგაში ქადაგებისას მან არაერთხელ ილაპარაკა აღდგომის ღვთაებრივ აქტზე (ს 13:30, 33, 37). აშკარაა, რომ ეს თემა დომინირებდა ადრექრისტიანულ ქადაგებებში. ღმერთმა ქრისტეში იმოქმედა და სწორედ ღმერთმა დაამარცხა სიკვდილი ქრისტეს აღდგინებით.
    პირველი მქადაგებლები ხაზს უსვამდნენ ყველა იმ საშუალებას, რომლებითაც ღმერთმა იესოს პატივი მიანიჭა და აღამაღლა. იესო “ღვთის მარჯვენით ამაღლდა" (ს 2:33). ღმერთმა გახადა იგი “უფლად და ქრისტედ" (ს 2:36; პეტრე აგრძელებს მსმენელთა საზიზღარი დანაშაულის გამოაშკარავებას და ამატებს, “ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით . . ."). მოსეს წინასწარმეტყველებათა თანახმად ღმერთმა აღადგინა წინასწარმეტყველი (ს 3:22; 7:37). ღმერთმა იესო თავის მარჯვნივ აღამაღლა “წინამძღვრად და მაცხოვრად" (ს 5:31) და დაადგინა “ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად" (ს 10:42). ღმერთმა იგი “სულიწმიდით სცხო" (10:38). უპრიანი იქნება აქვე დავურთოთ ფაქტი, რომ ღმერთმა დავითისთვის მიცემული აღთქმა იესოში აღასრულა. დავითის ტახტზე დასვა მისი შთამომავალთაგანი (ს 2:30) და ისრაელს მხსნელად მოუვლინა (ს 13:23).
    ყოველივე ზემოხსენებულში ვხედავთ ლუკას მთავარ ემფაზას. ყველასთვის ცხადია მისი დაწერილი, რომ ქრისტიანული მოძრაობა რეალობა გახლდათ. არ შეიძლებოდა იმის უარყოფა, რომ არსებობდნენ ღვთისგან შთაგონებული ადამიანები და ეს ადამიანები ამოწმებდნენ ერთადერთ იესოზე, რომელმაც საყოველთაო გადარჩენა მოიტანა. ერთ რამეს ლუკად სრულიად ცხადად წარმოაჩენს: ეს არ გახლდათ მორიგი ადამიანური მოძრაობა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ რამდენიმე მჭერმეტყველ გალილეველს შეეძლო ხალხის აყოლიება. აქ საქმე დიდებულ ღვთაებრივ აქტში მდგომარეობდა: ღმერთმა  იესო მხსნელად მოავლინა. ამ მოძრაობას ვერაფერს გავუგებთ, თუ არ დავინახავთ მასში მოქმედ ღმერთს. იესომ რაც გააკეთა იმიტომ გააკეთა, რომ მასში და მისი მეშვეობით ღმერთი მოქმედებდა.

მორწმუნეებში მოქმედი ღმერთი

    ღმერთი არა მარტო იესოში მოქმედებდა, არამედ მის მიმდევრებშიც. ახალი აღთქმის არც ერთი ავტორი არ არის ისე დარწმუნებული, რომ ღმერთი ახლაც მოქმედებს, როგორც ლუკა, რასაც მის მიერ აღწერილი სასწაულებიც ამტკიცებს. იგი საკმაო რაოდენობით გვაწვდის მათ, როგორიცაა, მაგალითად, დავრდომილის განკურნება საქმეთა მე-3 თავში. მას ასევე აქვს განცხადებები, “ღმერთი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა [ეპოიეი, განუწყვეტელი მოქმედება] პავლეს ხელით “ (ს 19:11). ღმერთი, რომელზეც ლუკა ლაპარაკობს, არ გახლავთ უძალო გამონაგონი, არამედ ყოვლადძლიერი ღმერთი, რომელიც თავისი ხალხით დაინტერესებულია და მზად არის მათ შორის მოქმედებისთვის მისი მიზნების განსახორციელებლად.
    ლუკა დარწმუნებულია, რომ ღმერთი ადამიანებს ელაპარაკება. ასე მაგალითად, სულიწმიდა ელაპარაკა პეტრეს (ს 10:19; 11:12) და პავლესა და ბარნაბას მისიონერულ მოგზაურობაში გასაგზავნად, რადგან მანამდე სულიწმიდამ ანტიოქიელ მასწავლებელებს მიუთითა, ისინი ამ საქმისთვის გამოეყოთ (ს 13:2). ღმერთი ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, რაზეც ადამიანების მიმართ გაკეთებული სიკეთე მეტყველებს, მაგალითად წვიმისა და ნაყოფიერი სეზონების გაგზავნა (ს 14:17).
    როცა თავის დროზე პავლე და ბარნაბა პირველი მისიონერული მოგზაურობიდან ანტიოქიაში დაბრუნდნენ, წარმგზავნელ ეკლესიას მოახსენეს “რაც გაუკეთა მათ ღმერთმა და როგორ გაუხსნა რწმენის კარი წარმართებს" (ს 14:27). ეს საქმე მოციქულებმა კი არ მოიმოქმედეს, არამედ ღმერთმა. ეს მათ იერუსალიმის საბჭოზეც გაიმეორეს (15:4) და პეტრემაც დაურთო, რომ ღვთიური განჩინებით ღმერთმა თავიდანვე ამოირჩია იგი წარმართთა სახარებლად (ს 15:7). მოგვიანებით პავლე კვლავ აუწყებს იერუსალიმის ეკლესიას, რომ მისი მეშვეობით წარმართებმა სახარება მოისმინეს (ს 21:19). ასევე ვკითხულობთ, რომ ღმერთი მქადაგებლების მეშვეობით “მოწმობდა" (ს 15:8). სწორედ მან მოუწოდა მქადაგებლებს მაკედონიაში სახარებლად (ს 16:10). პავლეს შეეძლო თავისი მგზავრობა დაეგეგმა, მაგრამ იგი აუცილებლად ურთავდა ფრაზას “ღვთის ნების" შესახებ (ს 18:21); ღმერთი წყვეტდა სად უნდა ეშრომათ და არა თვითონ მოციქულები. როცა პავლე თავისი მოქცევის ამბავს ყვება, მსმენელებს აცნობს ანანიას ნათქვამს, “ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ" (ს 22:14). მსგავს შემთხვევაში მან აღნიშნა, რომ ღვთის აღთქმა მეტად მნიშვნელოვანი იყო: იგი სასამართლოს წინაშე სწორედ ამ აღთქმის შესრულების მტკიცე რწმენისთვის იდგა (ს 26:6).
    პავლე ხედავდა ღვთიურ ხელს მისი მისიისთვის ყოველდღიურ შრომაში. ღმერთი მას კორინთოში დაელაპარაკა და გაამხნევა (ს 18:9-10). ღმერთი კვლავ ელაპარაკა მას იერუსალიმში დატყვევებულს და დაარწმუნა, რომ რომში დამოწმება მოუწევდა (ს 23:11). საშინელი ქარიშხლისას ღვთის ანგელოზი მოვიდა და პავლე დაარწმუნა, რომ მართლაც წარსდგებოდა კეისრის წინაშე და მასთან ერთად ყველა მგზავრი ცოცხალი გადარჩებოდა (ს 27:23-24). პავლე ყოველთვის აცნობიერებდა, რომ ღმერთს მკვდრეთით აღდგენის ძალა ჰქონდა (ს 26:8). იგი ღვთის დიდებულ საქმიანობას მარტოოდენ ბოლო დროით არ შემოფარგლავდა. პავლემ იგი აწმყოში, ყოველდღიურ ცხოვრებაში და მისი მსახურებისთვის ახლანდელ დროში მოქმედი ნახა.
    აქ, რასაკვირველია, ახალი არაფერია. ღმერთი წინასწარმეტყველების პირით ლაპარაკობდა (ს 2:17; 3:21; 7:6). იგი განიკითხავდა ერს (ს 7:7). როცა ადამიანებმა ზურგი აქციეს და კერპებს მიუბრუნდნენ , ღმერთის ხელი იყო ამ ყველაფერში და ისინი თავიანთ ცრუ თაყვანებას “გადასცა"; მისი სასჯელი კერპთაყვანისცემას მოიცავდა მაშინ, როცა შეეძლოთ გაცილებით სავსე ცხოვრებით ესიამოვნათ (ს 7:42; შეად. 3:19). რაც შეეხება ერის პოლიტიკურ ცხოვრებას, ღმერთმა მათ საული მისცა პირველ მეფედ (ს 17:24). ასევე ადამიანებს “ღმერთის მოდგმა" ეწოდებათ (ს 17:29).

ღმერთი ჩემი მხსნელი

    სახარებების სხვა ავტორთა მსგავსად, ლუკაც საკმაო ადგილს უთმობს ვნების თხრობას. ეს გახლავთ კულმინაციური წერტილი და ავტორი მასზე მზრუნველობით ყვება. მისი ნაწარმოების ერთ-ერთი მახასიათებელია ღვთის აქტიურობის გაცხადება ჯვარზე გადარჩენის საქმეში. იესოს ჯვარცმა “ღვთის განჩინებული ზრახვით და წინასწარცნობით" მოხდა (ს 2:23). ღმერთმა უბრალოდ კი არ იცოდა რა მოხდებოდა; მან თავად დაგეგმა ყველაფერი. იეოს სიკვდილი გადარჩენის მოტანის მისეული გზა გახლდათ.
   ეს ჩანს ვნების წინასწარმეტყველებების მითითებებიდან და იესოს ნათქვამიდან. ამის მაგალითია იესოს წინასწარმეტყველება მოწაფეებთან ერთად იერუსალიმისკენ მიმავალ გზაზე: “აღსრულდება წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილი კაცის ძეზე" (18:31). შემდეგ იგი ნაწილობრივ ახსენებს წარმართებისთვის გადაცემას, შეგინებას, შეურაცხყოფას, შეფურთხებას, გაშოლტვას, სიკვდილსა და აღდგომას. ღმერთმა წვრილმანებამდე დაგეგმა ყველაფერი, რაც მის ძეს უნდა გადაეტანა.
    იესოს ამ წინასწარმეტყველებას ხშირად ვნების მესამე წინასწარმეტყველებას უწოდებენ.332ეს კურიოზია, რადგან სინამდვილეში, მესამე კი არა მეშვიდე წინასწარმეტყველება გახლავთ ამ სახარებაში (იხ. 5:35; 9:22, 43-45; 12:50; 13:32-33; 17:25). მათგან პირველი ნაკლებად დეტალურია და უბრალოდ ამბობს, “დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ . . ." ძნელად თუ შეიტან ეჭვს, რომ იესო ძალადობრივ სიკვდილზე ლაპარაკობს.     იგი მისი სიკვდილის გარდაუვალობაზე საუბრობდა: “კაცის ძის ხვედრია, მრავალი ტანჯვა აიტანოს და უარყოფილ იქნეს უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართა მიერ, მოკლულ იქნეს და მესამე დღეს აღდგეს" (9:22). სიტყვა “ხვედრია" (დეი –უნდა) მიუთითებს ღვთაებრივი საჭიროების გარდაუვალობაზე. ეს არ გახლდათ მოვლენათა ამგვარი განვითარება. ეს თავად ღვთის გეგმა იყო და უნდა შესრულებულიყო.
    მესამე წინასწარმეტყველება მაშინ მოვიდა, როცა ადამიანებს უკვირდათ იესოს გაკეთებული დიადი სასწაულები. ისინი აშკარად ფიქრობდნენ, რომ ამ ყველაფერს მშვენიერი დასასრული ექნებოდა. თუმცა იესო მნიშვნელოვან გაფრთხილებას იძლევა: “თქვენ [ნაცვალსახელი მეტყველია: თქვენ, ვინც ამ სასწაულების შთაბეჭდილების ქვეშ ხართ] ყურად იღეთ ეს სიტყვები". მათ ყურადღება არ უნდა მიექციათ დიდებული შედეგისთვის, რადგან ღმერთმა სრულიად განსხვავებული რამ დაგეგმა. წინასწარმტყველება საკმაოდ ზოგადია: ძე კაცისა გადაეცემა კაცთა ხელში". თუმცა სიტყვები დარწმუნებით მიუთითებს ღალატზე, რომელსაც ჯვარცმა მოჰყვება. ლუკა ამ ნაწილს ამთავრებს ნათქვამით, რომ მსმენელებმა ვერაფერი გაიგეს და ეშინოდათ, მისთვის ეკითხათ (9:43-45).
    იესოს განცხადება, “ამქვეყნად ცეცხლის მოსატანად მოვედი", ჩანს სამსჯავროს ეხება, რომელიც მან მოიტანა ყველა ფორმის ურწმუნოებაზე. იგი ასეთნაირად აგრძელებს: “ნათლობით უნდა მოვინათლო და როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება" (12:49-50; NEB ბოლო სიტყვებს ასე გადმოგვცემს: “როგორი შეჭირვებული ვარ, სანამ ეს მკაცრი გამოცდა დამთავრდება"). შედარება უჩვეულოა, მაგრამ აქ ნათლობა სიკვდილს უტოლდება. ნათლობას ხშირად სიმბოლურ გაწმენდად აღვიქვამთ და ზოგიერთ შემთხვევაში მართლაც ეს მნიშვნელობა აქვს. თუმცა უფრო საფუძვლიანი მნიშვნელობა სიკვდილია, როგორც ჯ. ისებერტი აჩვენებს.335ცოდვის მსჯავრდების აზრს ცოდვისთვის იესოს სიკვდილისკენ მივყავართ. ეს ნაწყვეტი საშუალებას გვაძლევს თვლაი შევავლოთ, თუ რა უღირდა იესოს ჯვარცმის გარდაუვალობა და მისკენ განუხრელი სვლა.
     ერთი მხრივ, რამდენიმე ფარისეველმა იესო გააფრთხილა, რომ ჰეროდეს მისი მოკვლა სურდა. (როგორც წესი, ფარისევლები იესოს ეწინააღმდეგებოდნენ და უჩვეულოა მათი მხრიდან დახმარების მცდელობის ხილვა). მისი პასუხი ასეთი იყო, “წადით და უთხარით იმ მელას: “აჰა, ვდევნი ეშმაკებს და ვკურნავ დღესა და ხვალ, მესამე დღეს კი დავასრულებ [ანუ მიზანს მივაღწევ] (13:32). მიუხედავად უჩვეულო გადმოცემისა, ეჭვის შეტანა შეუძლებელია, რომ იესო თავის სიკვდილზე მიუთითებს და ამბობს, რომ ამას ღვთისგან შერჩეული ადგილი და დრო განსაზღვრავს და არა ჰეროდეს სურვილი. იესო აგრძელებს, “მე უნდა [დეი] ვიარო დღეს, ხვალ და ზეგ, ვინაიდან არ იქნება, რომ წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ დაიღუპოს" (მ. 33). ნათელია, რომ მას მხედველობაში ჰქონდა მისი სიკვდილი და ასევე გარკვევით ამბობს, რომ ყველაფერი არა ჰეროდეს, არამედ ღვთის ნების შესაბამისად მოხდებოდა.
    კიდევ ერთი “უნდა" ტერმინი ხაზს უსვამს მისი სიკვდილის ცენტრალურ ადგილს. იესო ფარისევლებს ელაპარაკებოდა ღვთის სასუფევლის მოახლოებაზე და თქვა, რომ ეს მოვლენა ელვის მსგავსი იქნებოდა, რაც ბრწყინვალებასა და მოულოდნელობაზე მითითებს. შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ იგი მის დიდებულებაზე, ხალხების გასამართლებაზე ან სხვა მსგავს თემებზე ისაუბრებდა, მაგრამ ამის ნაცვლად ვკითხულობთ, “ოღონდ თავდაპირველად მისი ხვედრია [დეი] მრავალი ტანჯვის ატანა და უარყოფა ამ მოდგმის მიერ (17:25). დეტალები მითითებული არ არის, მაგრამ ცხადია, რომ  კიდევ ერთხელ საუბარია მის სიკვდილზე. ეს ღმერთმა განსაზღვრა და უცილობლად მოხდება.    
    იესოს მსგავსი შინაარსის წინასწარმეტყველებები ეთანხმებოდა ძველ წინასწარმეტყველთა ნათქვამს. ლუკა გვეუბნება, რომ იესო მიუთითებდა “წინასწარმეტყველთა ყოველი დაწერილისა" და “რაც დაწერილია მოსეს რჯულში, წინასწარმეტყველებში და ფსალმუნებში" შესახებ (18:31; 24:44). მოწაფეებისთვის იესოს გაუგებარმა სიკვდილმა და უფლის შეკითხვამ, “განა ასე არ უნდა დატანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?" (24:26), ემაუსის გზაზე დიალოგი გამართა. შემდეგ, “დაიწყო მოსედან და ყველა წინასწარმეტყველიდან და განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მასზე ნათქვამს". ეს ყველაფერი დანამდვილებით მიუთითებდა ფაქტზე, რომ მას უნდა ეტანჯა და მკვდრეთით აღმსდგარიყო (24:46). ზოგჯერ საუბარია განსაკუთრებულ წინასწარმეტყველებებზე, როგორიცაა მაგალითად, მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა (20:17) და ესაიას სიტყვები “ბოროტმოქმედებთან შერაცხვაზე" (22:37).
    მარტივად ჩანს, რომ ლუკა იესოს თავს გადამხდარს ღვთის მოქმედებად მიიჩნევს, რაც დიდი ხნის წინ ითქვა და იესოც აცნობიერებდა მთელი მსახურების განმავლობაში. ზოგჯერ ლუკა უბრალოდ ლაპარაკობს ღვთის ნამოქმედარზე საწყის თავებში აღწერილი საგალობლების შინაარსით. ასეთია მარიამის სადიდებელი, სადაც იგი ღმერთს “ჩემს მაცხოვარს" უწოდებს (1:47). შემდეგ იგი ლაპარაკობს ამპარტავანთა გაფანტვაზე, ძლიერების გადმოყრასა და თავმდაბალთა ამაღლებაზე და ა.შ. ზაქარიას საგალობელიც ასევე სავსეა უფლის დიდებული საქმეების მოხსენიებით, რომელმაც “მოუმზადა თავის ხალხს გამოსყიდვა" (1:68). ალბათ, ველოდებოდით, რომ მხცოვანი მღვდელი თავისი ახალჩასახული ვაჟის ფუნქციასაც შეეხებოდა, მაგრამ პატარა იოანეს სიდიადის გაცნობიერების მიუხედავად (1:76-დან), იგი თავდაპირველად ღვთიური გამოსყიდვის დიდებულ საქმეებზე ამახვილებს ყურადღებას. ნათლისმცემელსაც მოჰყავს წინასწარმეტყველება, როცა ამბობს, რომ “ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღვთისაგან" (3:6).
    ეკლესიის ისტორიის საწყის ეტაპზე ღვთიური ხსნის გზა დიდად ხაზგასმულია. უფალი ყოველდღიურად მატებდა დახსნილებს ეკლესიას (ს 2:47). ისინი თავიანთ თავს არ იხსნიდნენ და არც მქადაგებლები აკეთებდნენ არსებით საქმეს. გადარჩენა ღვთის ხელთ იყო. ხსნის მოსურვე ადამიანებს შეეძლოთ მოეხმოთ ღვთის სახელისთვის (ს 2:21), მაგრამ მათ მხოლოდ მოხმობა შეეძლოთ. მიღებული გადარჩენა ღვთისგან მოდიოდა. პავლე ადამიანებს მიანდობდა “ღმერთს და მისი მადლის სიტყვას", რომელსაც მათი აშენება და სამკვიდრებლის მოცემა შეეძლო (20:32); იგი ასევე, სახარებას “ღვთის მადლის სახარებას" უწოდებს (ს 20:24). სწორედ ღმერთმა “აღუდგინა ისრაელს მხსნელი იესო" (ს 13:23). ეს ღმერთმა “აღადგინა თავისი მსახური" და თავისი ერის “საკურთხებლად" გამოგზავნა (ს 3:26). საქმეთა წიგნის სწავლების საინტერესო ნაწილია მონანიება, რომელიც ზოგადად ჩვენი გასაკეთებელია, მაინც ღვთის ნიჭად ითვლება (5:31; 11;18).
    აღსანიშნავია ლუკას მითითებები საიდუმლოებებზე. იგი გვიყვება ქრისტეს მიერ წმინდა ზიარების დაფუძნებაზე (22:17-20) და რომ, პირველი ეკლესია აგრძელებდა “პურის გატეხას" (ს 2:42). მან თქვა, რომ პირველი ქადაგების შემდეგ პეტრემ ხალხს მონანიებისკენ მოუწოდა და მრავალი ასეც მოიქცა (ს 2:38, 41). მრავალი მითითება არსებობს ადამიანთა ნათლობის შესახებ. (მაგ. 8:12, 38; 10:48; 16:15, 33; 18:8). ქრისტიანთა შორის ადრეც იყო და დღემდე არსებობს დიდი უთანხმოება ხსენებული დადგენილებების ზუსტ მნიშვნელობაზე. თუმცა ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი დამსახურებით გადარჩენილი ადამიანებისთვის მათ დაცვა უაზრო იქნებოდა. ორივე მათგანი მიუთითებს გადარჩენაზე, რომელიც უფალმა უკვე მოიტანა.~
    კიდევ ბევრის დამატება შეიძლებოდა საქმეებიდან. იუდას ღალატი, რამაც ჯვარცმა მოიტანა, დიდი ხნით ადრე იყო წინასწართქმული (ს 1:16). ბოროტმა ადამიანებმა იესო ჯვარს აცვეს, მაგრამ წარმატებული მხოლოდ იმ საქმეში აღმოჩნდნენ, რაც ღმერთმა ადრევე განსაზღვრა (ს 4:27-28). წინასწარმეტყველების არსი სწორედ იესოს ტანჯვა გახლდათ (ს 3:18; 26:22-23; 28:23).
    ხსენებული მოსაზრება რომ ასე იყო ეკლესიაში მიღებული, ფილიპესა და ეთიოპიელის საინტერესო მაგალითიდან ჩანს. ფილიპემ ეს უკანასკნელი ეტლში მჯდომარე ნახა, როცა თავს იმტვრევდა ესაიას 53-ე თავის გაგებაზე. საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ფილიპემ წინასწარ იცოდა, ეს თავი რომ შეხვდებოდა, მაგრამ “ამ წერილით დაიწყო და ახარა იესოს შესახებ" (ს 8:35). კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ პავლეს მიმართ იქნა ნათქვამი კორინთოს ხილვაში. მას ღმერთმა უთხრა: “ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში (ს 18:10). მათ არაფერი გაუკეთებიათ, რომ გადარჩენილიყვნენ. შესაძლოა, ბევრ მათგანს არც კი სმენოდა სახარება, მაგრამ მაინც ღმერთისები იყვნენ. ნათელია, რომ სწორედ ის მოიტანს გადარჩენას თავის დროზე. 
    ამრიგად, ლუკა მრავალგვარი ხერხით გამოკვეთს ჭეშმარიტებას, რომ გადარჩენა ღვთისგანაა. მან ეს მარადისობაში განსაზღვრული და წინასწარმეტყველთა მიერ დადასტურებული იხილა. იგი მიღწეულ იქნა იესოს ტანჯვით, სიკვდილით და აღდგომით და პირველი ეკლესიის მორწმუნეთა მიერ იქნა ნაქადაგები. ღმერთი ყოვლისშემძლე ღმერთია და მძლავრი გადარჩენა მოიმოქმედა. 

ღვთის კეთილგანწყობა

    უჩვეულოა ლუკას მითითება ღვთის “გულმოწყალებაზე (1:78). პირდაპირი თარგმანით იგი ნიშნავს “წყალობის შიგნეულს". ბერძნულ ნაწარმოებებში ზოგადად სიტყვა “შიგნეული" ნიშნავს არა მარტო ადამიანის სხეულის შინაგან ნაწილებს, არამედ ღრმა შინაგან ემოციებს.  საინტერესოა ფაქტი, რომ ბერძნები ხსენებულ ტერმინს მაშინ იყენებენ, როცა მხედველობაში აქვთ რისხვა. მათთვის შინაგანად შეძრული პიროვნება განრისხებული გახლდათ. ქრისტიანებისთვის კი ასეთი ემოცია თანაგრძნობაა (შეადარეთ მოძველებულ გამოთქმას “ჯიგარი დაეწვა"). მნიშვნელოვანია ამ ტერმინის ღვთის მიმართ გამოყენება. იგი მეტყველად გადმოსცემს ჭეშმარიტებას, რომ ღმერთი გულმოწყალეა.
    ღვთიური გულმოწყალება ჩანს მისი დამოკიდებულებიდან ქმნილების მიმართ. მას ბეღურაც კი არ ავიწყდება (12:6). ღმერთი კვებავს ყორნებს (12:24) და მოსავს მცენარეებს (12:27-28). ამრიგად, იესოს მიმდევრები სწავლობენ გაკვეთილს: ღმერთი, რომელიც ზრუნავს ყოველ მის ქმნილებაზე, აუცილებლად იზრუნებს მათზე.
    ღმერთი ჰპატიობს. მწიგნობრები და ფარისევლები ფიქრობენ, რომ ღმერთი ერთადერთია, ვისაც პატიება შეუძლია (5:21). ლუკა ეთანხმება მათ ძირითად რწმენას. შეცდომა სხვა რამეში მდგომარეობს. ისინი ვერ ხედავენ, რომ იესო ღვთიური ბუნების თანაზიარია, როცა პატიების უფლებას იყენებს სასწაულების მოხდენისას. ღვთის მზაობა პატიებაში კარგად ჩანს ფარისევლისა და მებაჟის იგავიდან, როცა ეს უკანასკნელი ლოცულობს, “ღმერთო, შემიწყალე მე ცოდვილი" (18:13).339კაცი ცოდვილი იყო და თვითგამართლება არასგზით არ შეეძლო. თუმცა საშუალება ჰქონდა ღვთიური წყალობა გამოეთხოვა და იპოვა კიდეც.
    ასევე წყალობა ჰპოვა იესოს ფეხებთან მოქვითინე ქალმა, ვინც მას ნელსაცხებელი სცხო. იესომ თქვა: “მაგას მიეტევა მრავალი თავისი ცოდვა, რადგან ძლიერ შემიყვარა" და მისი სიყვარული მიიჩნია დასტურად, რომ ცოდვები მართლაც ნაპატიები ჰქონდა (7:47).
    ლუკა ნათელს ხდის, რომ პატიება უნდა გამოცხადდეს. ეს ადრევე იწყება, როცა ზაქარია ყრმა იოანეზე ამბობს: “იწინამძღვრებ უფლის წინაშე მისი გზების გასამზადებლად, რომ მისცე მის ხალხს ხსნის ცოდნა მათი ცოდვების მიტევებით" (1:76-77). დადგენილ ჟამს მართლაც ასე მოხდა. იოანემ იქადაგა მონანიების ნათლისცემა ცოდვების მისატევებლად (3:3). ლუკა გვეუბნება, რომ აღმდგარმა უფალმა მის მიმდევრებს დაავალა, ექადაგათ მონანიება ცოდვათა მისატევებლად (24:47) და ვხედავთ, რომ პეტრემ მეყსეულად დაიწყო ამის კეთება (ს 2:38). მან სინედრიონს აუხსნა, რომ ღმერთი იესოში მოქმედებდა, რათა მისცემოდა “ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება" ს 5:31). პეტრემ კვლავ გამოაცხადა პატიება კორნელიუსსა და მის მეგობრებთან (ს 10:43). პავლემ იგივე გაიმეორა პისიდიის ანტიოქიის სინაგოგაში (ს 13:38) და მეფე აგრიპას წინაშე (ს 26:18). პატიება ღვთიური გულმოწყალების მიღების მნიშვნელოვანი ნაწილია.
    ზოგჯერ ლუკა გვეუბნება, რომ ღმერთი თავის ხალხს “გაიხსენებს" ანუ “მოხედავს". ახლა ღვთის მოხედვა შესაძლოა, შემაშფოთებელი შეიქნეს ცოდვილთათვის. არის შემთხვევები, როცა ზმნა “გახსენება" გვასწავლის, რომ ღმერთი აუცილებლად დასჯის ბოროტის მქნელებს (მაგ. გამ. 32:34; იერ. 14:10; NIV აქ ხმარობს ზმნა “დასჯას", თქვენ კი ნახეთ KჟV). როცა ლუკა ამ სიტყვას იყენებს, მასში ყოველთვის დევს აზრი, რომ ღმერთი კურთხევას აპირებს. იგი “მოხედვას" გადარჩენასთან აკავშირებს (1:68). ლუკა გვეუბნება, რომ ერთხელ ხალხმა იესოს სასწაული იხილა და გააცნობიერა, რომ ღმერთმა “მოხედა თავის ხალხს" (7:16). მოგვიანებით, როცა ღმერთმა წარმართებიც ჰყო გადარჩენის ღირსად, იაკობმა ამას მოხედვა უწოდა (15:14). ღმერთისთვის მოხედვა გულმოწყალების გამოვლენაა.
    ლუკამ ასევე დაწერა “სიხარულზე ზეცაში", როცა ერთი ცოდვილი ინანიებს (15:7, 10). სიხარული ნაწინასწარმეტყველები იყო იოანე ნათლისმცემლის დაბადებასთან დაკავშირებით. ეს უნდა გავითვალისწინოთ, რამდენადაც ადამიანთა უმრავლესობა იოანეს მკაცრ და ლამის, განმზიდავ პიროვნებად მიიჩნევს (1:14). როცა მწყემსებს უფლის ანგელოზი გამოეცხადა, მოიტანა “დიდი სიხარულის" ამბავი, რომ იშვა მაცხოვარი (2:10). ზოგიერთები სიხარულით ხარობენ სიტყვის მიღებისას, კლდოვან ნიადაგში ჩავარდნილი თესლის მსგავსად (8:13), მაგრამ ეს ზედაპირული ემოციაა და ვერ შეედრება ერთგულად მქადაგებელთა სიხარულს, რომელსაც ასევე იწვევს დემონების განდევნა (10:17). ლუკა გვეუბნება, რომ მოწაფეები დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში იესოს ამაღლების შემდეგ (24:52). შემდეგში, როცა სახარება იქადაგეს და მრავალი მოიქცა ქრისტესკენ, გაცილებით მეტი იყო სიხარული (ს 8:8; 13:52; 15:3).
    ასევე მხედველობაში უნდა მივიღოთ ლუკას მოსწონს ფრაზა “ღვთის სიტყვის" გამოყენება (მაგ. 5:1; 8:11, 21; 11:28; ს 4:29, 31; 6:2, 7; 8:14; 11:1; 12:24). ამ სიტყვების გამოყენების ყოველი შემთხვევა მიანიშნებს ღვთის მზაობას, რომ რაიმე სახის გამოცხადება მოიტანოს. ლუკა ღმერთს მიუწვდომლად და დაფარულად არ მიიჩნევს, რომელსაც ადამიანთა საჭიროების დაკმაყოფილება არ სურს. იგი გულმოწყალეა და ცოდვილებს უმხელს ყოველივე საჭიროს ცათა სასუფეველში შესასვლელად.
    მადლი, რასაკვირველია, ერთ-ერთი დიდებული ქრისტიანული სიტყვაა, რაც, ნიშანდობლივად, პავლესია (იგი მას 100-ჯერ იყენებს ახალი აღთქმის 155 შემთხვევიდან). ჩვეულებრივ, არ აღვნიშნავთ, რომ ამ ხმრივ მეორე ადგილი ლუკას უჭირავს (8 – სახარებაში და 17 – საქმეებში). ზოგჯერ იგი მადლს “სარგებლის" მნიშვნელობით იყენებს: “თქვენთვის რა მადლია?" (6:32-34). სხვა შემთხვევებში იგი პავლეს მსგავსად ხმარობს სიტყვას (ს 15:11). ლუკა უბრალოდ არ იმეორებს პავლეს ნათქვამს. იგი ერთადერთია ახალ აღთქმაში, ვისაც ეკუთვნის გამოთქმა “მისი მადლის სიტყვა" (ს 14:3; 20:32) და ჯეიმს მოფატი ამ და კიდევ ერთი ფრაზიდან – “ღვთის  მადლის სახარება" (ს 20:24) – ხედავს ლუკას ორიგინალობას მადლის კონცეფციის გამოყენებაში.342მართალია, პავლე გამორჩეულად ხმარობს მადლის ქრისტიანულ ცნებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია საკუთრივ ლუკას წვლილი მადლის კონცეფციის აღქმის მხრივ ჩვენი თვალსაწიერის გაფართოებაში. 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.