ხსნა(ღვთის გეგმა) - ლუკას სახარება და მოციქულთა საქმეები | ქრისტიანი.ge

ხსნა(ღვთის გეგმა) – ლუკას სახარება და მოციქულთა საქმეები

    სხვა მახარებელთა და ამ საკითხში ახალი აღთქმის დანარჩენ ავტორთა მსგავსად ლუკაც ცდილობს გადმოსცეს დიადი ჭეშმარიტება, რომ ღმერთმა ადამიანებს მოუტანა გადარჩენა, რომელსაც ისინი არ იმსახურებდნენ. თუმცა მას ამ თემისადმი განსხვავებული მიდგომა აქვს. ის ერთადერთია, რომელმაც დაწერა როგორც სახარება, ისე საქმეთა წიგნი, ამიტომ არც ერთის უგულებელყოფა არ შეიძლება.
    სახარება მოგვითხრობს, რა გააკეთა და რა ასწავლა იესომ. იგი აგრძელებს მისი გაცემისა და საკუთარი ერის მიერ რომაელებისთვის გადაცემის, ჯვარცმისა და დასაფლავების, აღდგომისა და მიმდევრებისთვის მითითებების მიცემის აღწერას. ჩანს, რომ მათე, მარკოზი და იოანე ამ ინფორმაციით კმაყოფილდებიან, მაგრამ არა ლუკა. იგი გვიამბობს ამაღლების შემდეგ მომხდარ მოვლენებზე – სულიწმიდის გადმოსვლაზე, პირველი ეკლესიის ამაღელვებელ ქადაგებაზე, სახარების გავრცელებაზე, სანამ დასასრულს პავლე, მისი გმირი, არ იქადაგებს რომში გაბედულად და დაუბრკოლებლად. ჩვენს თვალწინ დიდებული პანორამა იშლება, მაგრამ სახარება აქაც არ მთავრდება. ლუკას ორივე ნაშრომში გვაქვს მითითებები წინასწარმეტყველებებზე, ამრიგად იგი გვიხსნის ძველთაგან ჩაფიქრებულ ღვთიურ გეგმას. ორივე მათგანში გვაქვს მითითებები საბოლოო მიზანზე, როცა ქრისტე დაბრუნდება და ახალ სამყაროში შეგვიძღვება.
    რასაკვირველია, ჭეშმარიტია, რომ სხვა მახარებლებიც აცხადებენ ღვთიურ გეგმაზე ეკლესიის ისტორიის მიმდინარეობის შესახებ, რომელიც ღმერთმა მარადისობაში ჩაიფიქრა და საჭირო დროს მისი სუფევით გამოცხადდება ქრისტეს მეორედ მოსვლისას. ეს გახლავთ სტანდარტული ახალაღთქმისეული სწავლება. და მაინც, ლუკა უნიკალურად უდგება ამ საკითხების მიმოხილვას და ორნაწილიანი ნაშრომი მას საკუთარი თვალთახედვის გადმოცემის საშუალებას აძლევს. იგი შესანიშნავად მოგვითხრობს და ამას თავისებურად აკეთებს. მოდით, ვნახოთ, რას გვეტყვის იგი ხსნის შესახებ.

ღვთის გეგმა

    ლუკა გვეუბნება, რომ გეთსემანიაში იესო ლოცულობდა, “ჩემი ნება კი არა, შენი იყოს" (22:42; ასევე მათ. 26:42). ჯვარცმა ღვთის მარცხი როდი იყო. მისით გამოაშკარავდა ღვთის ჩანაფიქრი. ლუკა პირველი თავებიდანვე წერდა ადამიანებზე, რომლებიც ღვთიურ მიზანს ეწინააღმდეგებოდნენ (7:30) და ისევ უბრუნდება იგივე მიზანს, როცა აღწერს პეტრეს მითითებას “ღვთის განჩინებულ ზრახვასა და წინასწარცნობაზე" (ს 2:23). იგი მაშინ გამჟღავნდა, როცა იუდეველებმა იესო ჯვარცმისთვის გაწირეს. ეს იყო ის, “რისი მოხდენაც წინასწარ განსაზღვრა [ღვთის] ხელმა", ვინაიდან შეიკრიბნენ ჰეროდე და პონტოელი პილატე წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად, რომ ჯვარს ეცვათ იესო (ს 4:28). ყველა ამ პერსონაჟის გაუცნობიერებელი თანამშრომლობა ხაზს უსვამს ლუკას აზრს, რომ ღვთის გეგმის ჩაშლა არანაირ ადამიანურ ძალისხმევას არ ძალუძს, რაოდენ ძლიერი ხელიდანაც არ უნდა მოდიოდეს. გამალიელი ამას მიხვდა: ადამიანის გეგმა შეიძლება გაცუდდეს, მაგრამ არა ღვთის (ს 5:38-39). ღვთის მიზანმა კულმინაციას მიაღწია იესოს სიკვდილში ცოდვილთა გადარჩენისთვის, მაგრამ იგი იესოს განკაცებით არ დაწყებულა. იგი დავითის სიცოცხლეშივე არსებობდა (ს 13:22). მიზანი ძველთაგანვე მოქმედებდა, მიუხედავად იმისა, რომ იესოს მოსვლით დასრულდა.
    პავლემ იერუსალიმში შეკრებილი ხალხის ჯგუფს უთხრა, რომ მისი მოქცევისას ანანია მოვიდა და უთხრა: “ჩვენი მამების ღმერთმა წინასწარ განგაწესა შენ, რომ შეიცნო მისი ნება . . ." (ს 22:14). პავლემ ქრისტიანული გამოცდილების დასაწყისშივე გააცნობიერა, რომ ღმერთმა თავისი გეგმა აამოქმედა ქვეყნიერებაზე და ამას საერთო არაფერი ჰქონდა მის ქრისტიანობამდელ წარმოდგენებთან. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ეს გახდა პავლეს ქადაგების თემა. მან ეფესოელ უხუცესებს განუცხადა, რომ გაუცხადებლად არ დაუტოვებია “ღვთის ყოველი ნება" (20:27). ლუკა უფრო ნაკლები მასშტაბით გვიყვება იმ დროზე, როცა მეგობრები ცდილობდნენ პავლესთვის გადაეთქმევინებინათ იმ მიმართულებით წასვლა, სადაც საფრთხე ელოდა, თუმცა მხოლოდ მოციქულის მტკიცე უარი მიიღეს. ბოლოს და ბოლოს, მათ ფარხმალი დაყარეს დათქვეს: “უფლის ნება იყოს!" (ს 21:14). ღმერთმა დიდი მიზანი განახორციელა, როცა თავისი ძე სასიკვდილოდ გამოგზავნა, მაგრამ მას ასევე ჰქონდა გეგმა პავლესთვის. მისი იერუსალიმში გამგზავრება მოციქულისთვის რომში სახარების ქადაგების საშუალებად იქცა. არ უნდა გამოგვეპაროს ლუკას სათქმელი, რომ  უსახელო ქრისტიანთა პატარა ჯგუფს შეეძლო დაენახა, როგორ ამოქმედებდა ღმერთი თავის გეგმას მისი მსახური პავლეს მოძრაობაშიც.
    სიტყვის გამოყენებით, რომელსაც ჩვენ “უნდა"-დ ვთარგმნით (ან “აუცილებელია"; dei), ლუკას მოაქვს აზრი, რომ ღმერთი თავის ნებას ახორციელებს ქვეყნიერებაზე. იგი ამ სიტყვას თვრამეტჯერ იყენებს სახარებაში და ოცდაორჯერ საქმეებში. შეიძლება ამაში გარკვეული ძალდატანებაც დავინახოთ, რადგან ხსენებული სიტყვის გამოყენების მაქსიმალური მაჩვენებელი ათს არ აღემატება (იოანეში). ლუკა დეი-ს იყენებს დაუძლეველი ღვთიური აუცილებლობის გადმოსაცემად. აქ მხოლოდ იმაზე როდია ლაპარაკი, რომ რაღაც გარემოებების გათვალისწინებით ესა თუ ის მეტისმეტად სასურველია. ეს ზმნა ნიშნავს, რომ მოქმედება უკიდურესად აუცილებელია. ნათელი უნდა მოვფინოთ, რომ აუცილებლობა არა გარემოებებისგან , არამედ ღვთის ნებისგან წარმოდგება.
     ლუკა ზმნას იყენებს იესოს მსახურების სხვადასხვა მხარეების წარმოსაჩენად. ეს ჩნდება ყრმა იესოს ცხოვრებაში, როცა ბიჭი აუცილებლად მიიჩნევს მამის სახლში ყოფნას (2:49). ეს ასევე ჩანს მის ქადაგებასთან დაკავშირებით: მისთვის აუცილებელი იყო სხვა ქალაქებისთვისაც ეხარებინა (4:43). სახარებაში გვაქვს განსხვავებული ფასეულობის საინტერესო მაგალითი, როცა სინაგოგის მმართველი ამბობს: “ექვსი დღეა, როცა შეიძლება რაიმეს კეთება. ამ დღეებში მოდით და განიკურნეთ, ოღონდა შაბათს არა" (13:14, 16). ორივე გრძნობდა საჭიროებას, მაგრამ სინაგოგის მთავარს უფრო კანონის პუნქტუალურობა აღელვებდა, ხოლო იესოს – მისი ღვთაებრივი მისიის აღსრულება და ხალხის საჭიროებასაც უგულისყუროდ არ ტოვებდა. იგივე აუცილებლობამ აიძულა იგი ზაქეს სახლში წასულიყო (19:5). იერიქონში სხვა სახლებიც იყო, თუმცა გადარჩენის მისიამ იგი ზუსტად იმ სახლში მიიყვანა.
    ღვთის გეგმის აუცილებლობასთან ყველაზე ხშირად დაკავშირებულია იესოს ტანჯვის აუცილებლობა (9:22; 17:25; 24:7, 26, 44; ს 17:3). ეს მომენტი ნათელი ხდება წინასწარმეტყველების ფონზე, რომ იგი ბოროტმოქმედებს მიეთვლებოდა (22:37). წმ. წერილი უნდა აღსრულებულიყო (ს 1:16). იესომ თქვა, რომ ივლიდა “დღეს, ხვალ და ზეგ", რადგან წინასწარმეტყველი იერუსალიმის გარეთ არ მოკვდებოდა (13:33). მიუხედავად განსხვავებული სტილისა, იგივე აზრს ვაწყდებით წინა მუხლში, რომელიც მისი საქმეების “დასრულებას" და “დღეს და ხვალ" განკურნებას ეხება, ხოლო “მესამე დღეს" იგი მიზანს აღწევს (13:32). ეს გახლავთ ლუკას ერთ-ერთი მთავარ აზრთაგანი და არ უნდა გამოგვრჩეს მისი ხაზგასმის ხერხი. იესოს სიკვდილი ღვთიური გადარჩენის გეგმის გული იყო.
    ამ აუცილებლობას ვხედავთ ფაქტიდან, რომ იგი ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს" (ს 3:21; ეს იყო წინასწარმეტყველთა ნათქვამი დრო). ამაღლებასა და პაროუსია-ს შორის არსებული ინტერვალიც ღვთის გეგმის ნაწილს შეადგენდა. და ჩვენ ღვთიურ საჭიროებას ვხედავთ გადარჩენაში, რომელიც ამ ინტერვალის განმავლობაში ხალხმა მიიღო: “სხვაში არავისში არ არსებობს ხსნა, არც არის ცის ქვეშ ხალხისთვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით" (4:12). ღვთის გეგმა ნათელია. ხსნის გზა იესოზე გადის და სისულელეა იფიქრო, რომ რაიმე სხვა საშუალებაც არსებობს. იგივეს ვხედავთ პავლეს სიტყვებში ფილიპელი ციხის ზედამხედველის მიმართ, როცა მან პავლესა და სილას ჰკითხა: “ბატონებო, რა ვქნა, რომ გადავრჩე?". მან ასეთი პასუხი მიიღო: “იწამე უფალი იესო და გადარჩებით შენც და მთელი შენი სახლიც" (16:30-31). გადარჩენის ღვთიური მიზანი საკმაოდ ნათელია და ლუკა იწერს ამის დამადასტურებელ სიტყვებს.
    ზოგჯერ ლუკა იმ აზრსაც ატარებს, რომ ღვთიური აუცილებლობა რიგითი ქრისტიანების შესასრულებელ მსახურებაშიც დევს. ამრიგად, ადამიანებმა ყოველთვის უნდა ილოცონ და არ მობეზრდეთ (18:1). რამდენადმე განსხვავებულ დონეზე ვხედავთ მანუგეშებელ ინფორმაციას, რომ მტრულად განწყობილი სასამართლოს წინაშე წარმსდგარ ქრისტიანებს სულიწმიდა ასწავლის “რა უნდა ილაპარაკონ" (12:12). ამ მოვალეობას არ უნდა გავექცეთ საკუთარი თავისთვის უხერხული მდგომარეობის არიდების სურვილის გამო. ასეთ მდგომარეობაში არსებობს გარკვეული მოსაზრებები, რაც უნდა ითქვას. ღმერთი ასე გეგმავს. ეს აზრი მღვდელმთავრისადმი პეტრეს პირდაპირ მიმართვაშიც იკვეთება: “ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს" (ს 519). ლუკასთვის მნიშვნელოვანია თავმდაბალ ქრისტიანებს დაანახოს, რომ ქრისტესთვის ცხოვრება გარკვეულ აუცილებლობას წარმოადგენს, რომელიც ყველა ჩვენგანმა უნდა გაითავისოს. ქრისტიანული მსახურება არჩევითი როდია!
     ლუკა პავლეში ხედავს ადამიანის გამოყენებით ღვთიური გეგმის მოქმედების განსაკუთრებულ მაგალითს. იგი ხშირად იყენებს სიტყვა “უნდა"-ს პავლეს ქმედებებთან დაკავშირებით. ხმამ დამასკოს გზაზე უთხრა მას, რომ უნდა წასულიყო ქალაქში, სადაც ეტყოდნენ რა “უნდა" გაეკეთებინა (ს 9:6). მსახურება, რომლისთვისაც მოწოდებული იყო, საკეთებლად სავალდებულო გახლდათ. ეს რომ ყოველთვის სასიამოვნო არ არის, ჩანს უფლის სიტყვებიდან ანანიას მიმართ: “მე ვაჩვენებ მას, რამდენი უნდა იტანჯოს ჩემი სახელის გულისათვის" (ს 9:16). პავლემ ეს კარგად გაითავისა და მოგვიანებით ვხედავთ, როგორ შეაგონებს ახალმოქცეულებს: “მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა" (ს 14:22). მან ეფესოელ უხუცესებს შეახსენა, რომ საკუთარი შრომით აჩვენა, “როგორ უნდა შეეწიონ უძლურებს" (20:35). ღვთიური მიზნის მცირე ნაწილს ვხედავთ “უნდას" გამოყენებაში პავლეს რომში წასვლასა (ს 19:21; 23:11) და კეისრის სამსჯავროს წინაშე დგომასთან (ს 25:10; 27:24) დაკავშირებით. მიზანი იესო ქრისტეს ამაღლებით არ დასრულებულა, არამედ ეკლესიის ცხოვრებაში გაგრძელდა.
    ზოგჯერ ლუკა იყენებს ზმნა horizō-ს (“საზღვრების დადება", “განსაზღვრა"), როცა იესოს სიტყვების ანგარიშს გვაწვდის: “რადგან ძე კაცისა მოდის განჩინებისამებრ" (22:22). იგივე ზმნა გამოიყენება გამოთქმაში “მიზნის დასახვა", რაც უკავშირდება ღვთის წინასწარცნობას, როგორც იესოს სიკვდილამდე გადაცემის მთავარ მიზეზს (ს 2:23). შემდეგში განვითარებულ მოვლენებს რომ ვაკვირდებით, ვხედავთ, რომ იესო იყო “განწესებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად" (ს 10:42; ასევე ს 17:31). იგივე ზმნა არის გამოყენებული, როცა ლაპარაკია ღვთის მიერ ადამიანთა მკვიდრობის დროისა და საზღვრების დადგენაზე (ს 17:26). ღმერთს აღელვებს ყველა ერი და მათი ცხოვრების წესი და არა მხოლოდ გადარჩენის დიდებული საქმე. სხვაგვარი ზმნა იხმარება ქრისტეს “განწესებასა" (ს 3:20) და ღვთის მიერ პავლეს დაყენებასთან (ს 22:14; 26:16) დაკავშირებით. კიდევ ერთი ზმნით ლუკა გვიყვება აღდგომის მოწმეებზე, რომლებიც ღმერთმა ამოარჩია (ს 10:41).
    სხვა ახალი აღთქმის ავტორთა მსგავსად ლუკა ყურადღებას აქცევს წერილის აღსრულებას ქრისტეს ცხოვრებასა და სიკვდილში (მაგ. 4:21; შეად. 1:70; 18:31; 21:22; ს 318; 26:22-23). ქრისტეს გამომსყიდველი სიკვდილი ნაწინასწარმეტყველევი იყო ზოგიერთ დეტალთან ერთად, მაგალითად, მისი “ბოროტმოქმედებთან შერაცხვა" (22:37) ან სიტყვები, რომლითაც მამა ღმერთს გადასცა თავი სიკვდილის მომენტში (23:46).
    ლუკა მხოლოდ წმ. წერილის განსაკუთრებული ადგილების აღსრულებაზე როდი მიგვითითებს. მნიშვნელოვანია მისი სახარების დასაწყისი, რაც “ჩვენს შორის აღსრულებულ ამბავთა" აღწერას შეეხება (1:1); ჯერ კიდევ გადაუშლელი პანორამა გახლავთ ღვთის ნამოქმედარის აღსრულება.  ლუკა საკმაოდ ხშირად მიანიშნებს ასეთ შემთხვევებზე (მაგ. 1:20; 9:31; 21:24; 22:16; 24:44; ს 3:18; 12:25; 13:27). ზმნა  teleō-ს გამოყენებაში იგრძნობა მიზანი, რომელსაც ლუკა ხაზს უსვამს იესოს ნათლობის აუცილებლობით (12:50) და წერილის აღსრულებით (18:31; 22:37).
    ღვთიური გადარჩენის გზებისადმი ლუკას დიდი ინტერესს ვხედავთ ფერისცვალების აღწერის რამდენიმე შტრიხში. ეს მონაკვეთი მოგვითხრობს იესოს დიდებით გამოჩენაზე, მაგრამ ლუკა ახერხებს მის ტანჯვასთან დაკავშირებას. დასაწყისშივე მოყვანილია იესოს რამდენიმე ნათქვამი ტანჯვის წინასწარუწყების ჩათვლით (9:22-27). იგი ფერისცვალების აღწერას წარმოგვიდგენს შენიშვნით, რომ ამ მოვლენას ადგილი ჰქონდა “იმ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ" (9:28). როცა გაბრწყინებული იესო ზეციურ სტუმრებს ელაპარაკება, საუბრის თემად კვლავ მისი მომავალი სიკვდილი რჩება (9:31).370ლუკა ნათელყოფს, რომ იესო დიდებით გამოცხადდა, მაგრამ ეს შტრიხები (რომლებიც არც ერთ სხვა სახარებაში არ გვხვდება) გვაჩვენებს, მის აზროვნებას მთლიანად ჯვარცმა იპყრობდა და სრულიად მოულოდნელ ადგილებში ამოჰყოფდა თავს. 

გადარჩენის ისტორია

    ლუკას სახარებაზე ნაშრომთა ავტორები ხშირად იყენებენ გერმანულ ტერმინს – Heilgeschichte, იმის აღსანიშნავად, თუ რაზეა სახარება. ამ სიტყვის ინგლისურად თარგმნა ადვილი როდია, მაგრამ იგი გულისყურს ლუკას ისტორიით დაინტერესებისა და იმ დარწმუნებულებისკენ მიმართავს, რომ ღვთის მოქმედებანი იესოში ვრცელ ისტორიულ ფონზე განვითარდა. ამით იგი გამოირჩევა სხვა მახარებლებისგან. ისინი გვეუბნებიან იესოს ნათქვამსა და ნამოქმედარზე, მაგრამ საერო ისტორიას მხოლოდ მაშინ ეხებიან, როცა იგი უშუალოდ აისახება სახარების ჩანაწერებზე, როცა მაგალითად, იესო იქნა მიყვანილი პილატეს წინაშე. ლუკა ახსენებს ბევრს, ვინც ხელი მოჰკიდა “თხრობას", და ამ ტერმინის გამოყენებით იგი თავის წიგნს ისტორიით დაინტერესების ნიშან-თვისებას სძენს.
    ლუკა საუბრობს კეისარ ავგუსტუსზე, რომელმაც მთელი მსოფლიოს აღწერა ბრძანა (2;1). ეს ფაქტი არ არის ნახსენები სხვა სახარებებში, რაც გარკვეულ პრობლემას წარმოადგენს დღესდღეობით, რადგან ამ ბრძანების წერილობითი ფორმა შემონახული არ არის. თუმცა ჩვენი პრობლემების მიუხედავად, ეჭვგარეშეა, რომ ეს საკითხი ლუკასთვის მნიშვნელოვანი იყო. იგი ღვთის მიზანს ხედავს არა მარტო იუდეასა და გალილეაში განვითარებულ მოვლენებში, არამედ შორეული რომის იმპერატორის ნამოქმედარშიც. შესაძლოა მან არაფერი იცოდა ისრაელის ღმერთზე, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა, უცილობლად ღვთის მიზანს ემსახურებოდა. ლუკა კიდევ უფრო მეტ პრობლემას გვიქმნის კვირენიოსის, სირიის მმართველის ხსენებისას. თუმცა გადავჭრით თუ არა მას, საერო პირის ხსენება იმ დროს განვითარებულ მოვლენებს გამოკვეთილ ისტორიულ კონტექსტში აქცევს.
    პროცესი კვლავ მეორდება 3:1-2 მუხლების რთულად დასადგენი თარიღის კითხვისას. ისევ ჩნდება პრობლემები თანამედროვე ისტორიკოსთათვის, მაგრამ ლუკა მის თეოლოგიურ მიზანს წინა პლანზე წამოსწევს. მთელი ისტორია ღვთის გეგმაში თავსდება და ისეთი დიდი ადამიანიც კი, როგორიც იმპერატორია, თავის ნამდვილ დანიშნულებას ღვთიურ გეგმაში მისი როლის შესრულებით ჰპოვებს. ისტორიული პროცესისადმი გულგრილობა არ უნდა გამოვიჩინოთ, რადგან მასში ღმერთი მნიშვნელოვან რამეებს აკეთებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ რასაც ლუკა აღწერს, უკავშირდება როგორც რომის, ასე პალესტინის ისტორიას. იგი ახსენებს იმპერატორებს, ავგუსტუსსა და ტიბერიუსს, ასევე ჰეროდეს (1:5), ჰეროდე ანტიპას, ფილიპეს და ლისანიასს (3:1) და ანასა და კაიაფას (3:2). იგი ახსენებს კლავდიუსის დროინდელ შიმშილობას (ს 11:28) და ამ მონარქის ბრძანებას, რამაც აკვილა და პრისცილა კორინთოში მოიყვანა (ს 18:2). იგი გვიყვება პროკონსულ გალიონსა (ს 18:12) და ორი რომაელი პროკურატორის, ფელიქსისა და ფესტოსის შესახებ (ს 23:24; 24:27). ლუკა ორ რომაელ ოფიცერსაც ასახელებს: ათასისთავ კლავდიუს ლუსიას და კეისრის ასისთავს, იულიოსს (ს 23:26; 27:1). მიუხედავად იმისა, რომ ყველა მახარებელი გვატყობინებს პილატე პონტოელის წინაშე იესოს წარსდგომის ფაქტს, მხოლოდ ლუკა გვეუბნება ამ საქმეში ჰეროდეს თანამონაწილეობის შესახებ (23:6-12).
    ამრიგად, ლუკა ღვთის ნამოქმედარს ქრისტეში მტკიცედ აღბეჭდავს მისი ეპოქის ისტორიაში. გადარჩენა არ უკავშირდება რაღაც მისტიკურ ან მითიურ რელიგიას, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან. ეს გახლავთ ღვთის წარმატებით განხორციელებული გეგმა ამ ცხოვრებაში, რეალურ ადამიანებთან. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუკამ თხრობა არ შეწყვიტა, როცა იესო ნაზარეველის დედამიწაზე ცხოვრება დასასრულს მიუახლოვდა. იგი განაგრძობს ეკლესიის ადრეული მოღვაწეობის ამბავს იმ ფაქტამდე, როცა გამორჩეული მოქადაგე პავლე რომში ჩავიდა. ლუკა თხრობას ასრულებს პავლეს ღია და დაუბრკოლებელი ქადაგების ამბით მსოფლიოს დედაქალაქში. ხსნა კვლავ გრძელდება, თუმცა არა იმ გაგებით, რომ ცოდვის მოსაშორებლად კიდევ რაიმეს დამატებაა საჭირო, რადგან ლუკას აზრით, იესოს ნამოქმედარი გადამწყვეტი იყო ამ საქმეში. და მაინც, რისთვისაც იესო მოკვდა, აქტუალური მხოლოდ მათთვის ხდება, ვინც ქადაგებას გამოეხმაურება. ისტორია მოქმედების ის სფეროა, სადაც ღმერთი თავის გეგმას ახორციელებს და ლუკასთვის იესო ზუსტად მის შუაგულში იმყოფება.
    ჰ. კონზელმანმა მისი მნიშვნელოვანი წიგნი ლუკას თეოლოგიის შესახებ ასე დაასათაურა – Die Mitte der Zeit, “დროის შუაგულში", რაც ამ მახარებლისთვის მნიშვნელოვან ჭეშმარიტებაზე მიუთითებს. ბევრი რამ მოხდა იესოს მოსვლამდე, მაგრამ ეს ყველაფერი მოსამზადებელი სამუშაო გახლდათ. ბევრი რამ მოხდა იესოს ამაღლების შემდეგ, მაგრამ ყველაფერი მოჰყვა მის გამომსყიდველ სიკვდილს. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას უკავშირდება იესოს დედამიწაზე ცხოვრებამდე თუ მისი დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები, ლუკასთვის იესოს ცხოვრება, სიკვდილი, აღდგომა და ამაღლება ისტორიის ცენტრს წარმოადგენს. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ცენტრი გულისხმობს მანამდე და მის შემდეგ იგივე რაოდენობას, არამედ იგია ღერძი, რომლის ირგვლივ ტრიალებს სხვა დანარჩენი. ლუკას სახარებას ვერ გავიგებთ, თუ არ დავინახავთ იესოს უმთავრეს ადგილს მასში.
    მისთვის ასევე მნიშვნელოვანია პირველი ეკლესიის ისტორია, თუმცა აქ იესოს მნიშვნელოვანი ადგილი არ უჭირავს. იმ დროს სახარებას ებრაელებს უქადაგებდნენ და “ისრაელის სასოება" ლუკას მთავარი თემაა დასასრულამდე (ს 28:20). როცა ებრაელები, როგორც ერი ამ მოწოდებას არ გამოეხმაურნენ, ღვთის გეგმა არ ჩაშლილა. ცხადი გახდა გეგმის წარმართებამდე გავრცობის მასშტაბები. ლუკა ამას გამოკვეთს პავლეს მიმართვით პისიდიის ანტიოქიის სინაგოგაში (მის მიერ აღნუსხული პავლეს პირველი ქადაგება). პავლემ თქვა, რომ “აუცილებელი" იყო “ღვთის სიტყვის" თავდაპირველად ებრაელებისთვის მიტანა, მაგრამ როცა მათ უარყვეს იგი, მქადაგებლები წარმართებს მიუბრუნდნენ (ს 13:46-47).
    მნიშვნელოვანია, რომ იესოს მოსვლა ახალი ეპოქის დადგომას ნიშნავდა. იგი არ მოსულა მეტისმეტად გაცვეთილი იუდაიზმისთვის ახალი საკერებლის დასადებად. მისი ახალი ღვინო ტრადიციული იუდაიზმის ძველ ტიკებში ვერ მოთავსდებოდა (5:36-37). იგი რადიკალურად განსხვავებულს ასწავლიდა და იესოს ვერ გავუგებთ (ან ლუკას), სანამა ამას არ დავინახავთ. იგი აცნობიერებდა, რომ ყველა როდი აღფრთოვანდებოდა იმით, რასაც აკეთებდა. არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ "ძველი სჯობია" (5:39) და ახლის გასინჯვაც კი არ სურთ.
    ლუკა მეტად მნიშვნელოვნად მიიჩნევს ცხოვრების ყველა სფეროს რადიკალურად შეცვლას. სახარების საწყის თავებშივე ვხედავთ ანგელოზის ნათქვამს, რომ იოანე ნათლისმცემელი “მოაქცევდა მამათა გულებს შვილთა მიმართ" (1:17). მამები შესაძლოა ძველი დიდი პატრიარქები იყვნენ და ანგელოზი ამბობს, რომ ისინი ზაქარიას თანამედროვეებით უკმაყოფილონი იყვნენ. იოანე მოუწოდებდა, რომ ცხოვრების სტილი შეეცვალათ და პატრიარქებისთვის მისაღები გამხდარიყვნენ. ამრიგად, იგი დიდი პიროვნებების გულებს მოაქცევდა, რომ თავიანთი შთამომავლები მოეწონებინათ. შესაძლოა მას მხედველობაში ჰქონდა მისი დროის ოჯახები, რომლებიც ბოროტი ქცევით დაყოფილიყვნენ. როცა მათ სწორად მოქცევაში დაარწმუნებდნენ, მამებსა და მათ შვილებს შორის ჰარმონია დაისადგურებდა. როგორც არ უნდა განვმარტოთ ეს მონაკვეთი, ქცევის მთელი გულით შეცვლა მაინც გარდაუვალი ჩანს, რაც შემდეგ სიტყვებში აისახება: “წარუდგინოს უფალს მომზადებული ხალხი" (1:17). ადამიანები მზად არ იყვნენ უფალთან შესახვედრად. მათი მომზადება უდიდეს ცვლილებას მოითხოვდა.
    მაგნიფიკატი (მარიამის საგალობელი) ისე მეტყველად გამოხატავს მიღებული ფასეულობების გაუქმების აუცილებლობას, რომ ლაპარაკობს თავმდაბალთა ამაღლებასა და ძლიერთა გადმოყრაზე (1:5155). ეს ეთანხმება ვაკეზე ქადაგებას – გლახაკთა, მშიერთა, მოტირალთა და შეძულებულთა ნეტარებას, რასაც თან ახლავს მდიდართა, მაძღართა და მოცინართა მრავალგზის ვაი (6:20-26). ზოგჯერ ამ სიტყვებს პრინციპული მნიშვნელობა აქვს სოციალური რეფორმების ჩატარებისთვის და რასაკვირველია, ელდას გვგვრის ტრადიციული ფასეულობების თვითკმაყოფილებით მიმღებთ. თუმცა მათში არის რაღაც უფრო მეტი. მთელი სახარება მოწმობს, რომ იესო არ ყოფილა მხოლოდ სოციალური გარდაქმნების მომტანი. მას ღვთის სასუფეველი აინტერესებდა ამ ტერმინის სრული მნიშვნელობით. მისი სიტყვები მიღებული სტანდარტებისა და ფასეულობების უკომპრომისო უარყოფას გამოხატავს. ლუკას სახარება მრავალგზის აჩვენებს, რომ “კაცთა შორის ამაღლებული ღვთის წინაშე სისაძაგლეა" (16:15). ადამიანები არასწორ მიმართულებას ადგანან და არასწორი ფასეულობები გააჩნიათ. მათი მიღწევები მინიმალურია, რადგან საქმის დასრულებისას მათ მხოლოდ “უსარგებლო მონები" შეიძლება ეწოდოთ (17:10). ადამიანისთვის ბუნებრივი არ არის საკუთარი თავის ამგვარად აღქმა. მიუხედავად ამისა, ვხედავთ, რომ სახარება ადამიანური ფასეულობების სრული უარყოფისკენ, მთელი ცხოვრების რადიკალური ცვლილებისკენ მოგვიწოდებს.

ანგარიშვალდებულება

     ლუკა ხედავს, რომ ადამიანებს ღვთის წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ და გამუდმებით არ შეესაბამებიან იმას, რაც უნდა იყვნენ. მას არ აქვს განცხადებები ცოდვის უნივერსალურობაზე, თუმცა ამის გადმოცემას თავისებურად ახერხებს. იესო მის ეპოქაში მომხდარ მოვლენებს იყენებს, რომ თანამოქალაქეებს გაკვეთილი შეასწავლოს. პილატემ ზოგიერთი გალილეველი მოკლა თაყვანისცემის დროს, რადგან მათი სისხლი მათ მიერ მოტანილი მსხვერპლების სისხლს შეერია. სილოამის კოშკი ჩამოიქცა და თვრამეტი კაცი მოიყოლა. ნუთუ ეს ადამიანები იმიტომ დაიხოცნენ, რომ სხვებზე მეტად ცოდვილები იყვნენ? იესო გადაჭრით უარყოფს ამ აზრს და ცდილობს მათ თავში ჩაუჭედოს გაკვეთილი: “თუ არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით" (13:1-5). სრულიად ნათელი იყო, რომ ყველა მათგანი ცოდვილი გახლდათ (შეად. “არავინ არის კეთილი, გარდა ერთი ღვთისა" [18:19]) და რამდენადაც ცოდვილები იყვნენ, ღვთის სასჯელსაც ექვემდებარებოდნენ.
    თითქმის ანალოგიურია უნაყოფო ლეღვის ხის იგავი (13:6-9). მებაღე სასჯელის გადავადებას ითხოვდა, რომ კიდევ შემოებარა და მოევლო. თუმცა მისთვისაც და მეპატრონისთვისაც ცხადი იყო, რომ ნაყოფის მიუღებლობის შემთხვევაში, ხე განწირული იყო. ცოდვილებს გაფრთხილება მიეცათ!
    იგივე გაკვეთილი სხვა იგავებიდანაც მომდინარეობს. მდიდრისა და ლაზარეს ამბავი პირდაპირ ცოდვასა და სასჯელს არ ეხება, მაგრამ მას აზრი არ ექნებოდა, თუ ამ რეალობებს არ გავითვალისწინებდით (16:19-31). უგუნური მდიდრის იგავი (12:16-21) თავისი დასკვნით, “ამაღამ სულს მოგთხოვენ", კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ანგარიშვალდებულებას. იგივე ითქმის ათი მნის იგავზე (19:12-27), სადაც თითოეულ მონას ანგარიშს სთხოვენ და დამნაშავე სასჯელის წინაშე აღმოჩნდება. ბოროტი მევენახეების იგავი (20:918) მძლავრად გამოკვეთს ჭეშმარიტებას, რომ ბოროტი ადამიანები გარდაუვალ სასჯელს იმსახურებენ. შესაძლოა, რაღაც დროით თავი აარიდონ სამართლიან საზღაურს, მაგრამ მათი პასუხისმგებლობა რჩება და საბოლოოდ, თავიანთი ნამოქმედარისამებრ მოიმკიან.
    ლუკა იგივე აზრს სხვა გზითაც გადმოგვცემს. ამრიგად, იგი აღწერს იესოს დამრიგებლურ და განსაკუთრებულ სწავლებას სათანადო შიშთან დაკავშირებით: “გაჩვენებთ, ვისი უნდა გეშინოდეთ: გეშინოდეთ მისი, ვისაც მოკვლის შემდეგ აქვს ხელმწიფება გეენაში ჩაგდებისა. აჰა, გეუბნებით, მისი გეშინოდეთ" (12:5). მნიშვნელოვანი სიკვდილი კი არ არის და ადამიანს ღვთის არ უნდა ეშინოდეს იმის გამო, რომ მისი სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდება. ღვთის იმის გამო უნდა გვეშინოდეს, რის გაკეთებაც მას სიკვდილის შემდეგ შეუძლია. ნათელია, რომ იესო ცოდვის სასჯელზე ლაპარაკობს და კიდევ ერთხელ ვხედავთ, რომ ანგარიშვალდებულების მოთხოვნა უფრო სერიოზულ სახეს იღებს ჩვენი ცოდვილობის გამო. ამრიგად, იესო ამბობს, რომ კაპერნაუმი “ჯოჯოხეთამდე დაეშვება" (10:15). ზოგიერთი ცოდვილი უარყოფილი იქნება ღვთის ანგელოზთა წინაშე (12:9). სულიწმიდის წინააღმდეგ გმობა არ მიეტევება (12:10). ისინი, ვინც “ჭამენ ქვრივთა სახლებს" უფრო დიდ სასჯელს მიიღებენ (20:47).
    საქმეებში აღწერილი პირველი ქადაგებების მნიშვნელოვანი მომენტია მქადაგებელთა დაჟინებული და განუწყვეტელი ხაზგასმა მათი მსმენელების საშინელ პასუხისმგებლობაზე იესოს სიკვდილის გამო. ამ სიკვდილმა ღვთის გეგმა აღასრულა, და მაინც, პეტრე იერუსალიმის მკვიდრებს ეუბნება, “იგი . . . მიალურსმეთ და მოკალით" (ს 2:23). მოგვიანებით იგი აგრძელებს, “იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით . . ." (ს 2:36; ნაცვალსახელი ემფატიკურია). თავის მეორე ქადაგებაში პეტრე აღწერს იესოს, რომელიც იუდეველებმა უარყვეს “პილატეს წინაშე, როცა იგი აპირებდა მის გათავისუფლებას" (ს 3:13). იგი განაგრძობს, “თქვენ უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის. სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით . . ." (ს 3:13-15). ეს სიტყვები იერუსალიმის რიგით მოსახლეობას ეხება, მაგრამ პეტრემ იგივე გაიმეორა იუდეველთა უმაღლესი ხელისუფლების წინაშე: “იესო ნაზარეველი, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით . . ." (4:10; მსმენელთა ვინაობისთვის იხილეთ 5-6 მუხლები). პეტრე არაერთხელ იმეორებს ბრალდებას (ს 5:28-30; 10:39), ისევე როგორც სტეფანე (ს 7:52) და პავლე (ს 13:27-28). მეტისმეტად ნათელია, რომ პირველი მქადაგებლები ხაზს უსვამდნენ ადამიანთა ანგარიშვალდებულებას ღვთის წინაშე.
    განსახილველი საკითხის ეს მხარე არ უნდა დავტოვოთ საკუთარი პასუხისმგებლობის გააზრების გარეშე. ადვილია თქმა, რომ მხოლოდ კაიაფა, პილატე და მათი მომხრეები აგებენ პასუხს იესოს ჯვარცმისთვის. თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რის წარმოჩენასაც ცდილობენ ახალი აღთქმის ავტორები, დავინახავთ, რომ იესო ქვეყნიერების ცოდვებისთვის მოკვდა, ამრიგად, ჩვენც მათ სასჯელს ვიზიარებთ. აქ საუბარი როდია აკადემიურ სწავლებაზე, რომელიც ხელშეუხებელს დაგვტოვებს.
     დანაშაულთან ერთად სასჯელზე ფიქრიც მოდის. განსახილველ სახარებაში ლუკა ახსენებს ჯოჯოხეთსა და ღვთის ანგელოზთა წინაშე უარყოფილებს. ანგარიშვალდებულება განკითხვას ნიშნავს, რომელიც უზენაესი სასამართლოს უმაღლესი სტანდარტებით წარიმართება. საქმეებში ვკითხულობთ, რომ იესო იქნება მსაჯული უკანასკნელ დიად დღეს (ს 10:42; 17:31). ერთი მხრივ ეს ფაქტი გვამხნევებს, რადგან არავის შეუძლია ჩვენი თანაგრძნობა ისე, როგორც მას, ვინც ჩვენი გულისთვის მოკვდა. თუმცა მეორე მხრივ, მისი მსაჯულობა პროცესს უფრო მნიშვნელოვანს ხდის. თუ იგი დედამიწაზე მოვიდა, იცხოვრა და მოკვდა ჩვენი ცოდვების წარსახოცად და ამით გადარჩენა მოგვიტანა, არ უნდა ველოდოთ, რომ იგი არავითარ ზომას არ მიიღებს ცოდვაში მცხოვრები ადამიანების მიმართ.

მონანიება

   ახალი აღთქმის ყველა ავტორი ამა თუ იმ გზით მიუთითებს ცოდვილებს თავიანთი ცოდვებიდან შემობრუნების შესახებ. ყველა მათგანის მიდგომა ამ საკითხისადმი განსხვავებულია და ამიტომ უნდა აღვნიშნოთ, რომ ლუკა სხვებზე მეტად გამოკვეთს მონანიების აუცილებლობას. იგი მათესა და მარკოზის მსგავსად უყვება მკითხველს, რომ იოანე ნათლისმცემელი “სინანულის ნათლისღებას" ქადაგებდა (3:3; ს 13:24; 19:4) და ადამიანებს მოუწოდებდა გამოეღოთ “მონანიების ღირსი ნაყოფნი" (3:8). თუმცა ზემოხსენებული მახარებლებისგან განსხვავებით ლუკა აღნიშნავს, რომ იოანე განმარტავს, რას ნიშნავს ეს: ვისაც ბევრი აქვს, უქონელს უნდა გაუნაწილოს, მებაჟეებმა დაწესებულზე მეტი არ უნდა აუღონ, ჯარისკაცები ჯამაგირს უნდა დასჯერდნენ და არავინ შეავიწროვონ (3:10-14).
    სამივე სინოპტისტს აღნიშნული აქვს იესოს ნათქვამი: “მოვედი არა მართალთა მოსაწოდებლად, არამედ ცოდვილთა", მაგრამ მხოლოდ ლუკას დასძენს, “რათა მოინანიონ" (5:32). შესაძლოა, მავანი შემეკამათოს, რომ მათე და მარკოზი ამაზე ირიბად მიუთითებენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ლუკა პირდაპირ მიუთითებს. იგი საშუალებას არ გვაძლევს მონანიების მოთხოვნას გავექცეთ. იგი გვეუბნება, რომ იესო ნინევიელთა მონანიებას ახლანდელი მოუნანიებელი მოდგმის მსჯავრდასადებად გამოიყენებს (11:32). იესო ტვიროსისა და სიდონის მარცხსაც კი იგივე მიზნისკენ მიმართავს (10:13; ისინი არ გაჯიუტდებოდნენ ამ მოდგმის მსგავსად, იგივე  “ძალთაქმედებები" რომ ეხილათ). უკვე აღვნიშნეთ, რომ იესომ მსმენელები დააფიქრა პილატეს მიერ გალილეველთა მკვლელობისა და სილოამის კოშკქვეშ მოყოლილთა ფაქტებით. აქ მხოლოდ მის ნათქვამს დავურთავ – “თუ  არ მოინანიებთ, ყველანი მათსავით დაიღუპებით" (13:3, 5).
    თუმცა სადაც მონანიებაა, იქ სიხარულია ზეცაში. ეს ჭეშმარიტება მომდევნო იგავებში მეორდება (15:7, 10). მონანიება ცოდვების ჩადენის დასასრულს ნიშნავს და იესოს სწავლების თანახმად, მისით გამოწვეული სიხარული დედამიწის ფარგლებს სცდება. მათეს აქვს იგავი მწყემსზე, რომელიც დაკარგულ ცხვარს ეძებს და როცა იპოვის, უფრო მეტად გაიხარებს ვიდრე დანარჩენ ოთხ ოცდაცხრამეტზე, რომლებიც არ დაკარგულან (მათ. 18:12-14). აქ ლაპარაკი არ არის მონანიებაზე ისე, როგორც ლუკას აქვს.
    იესოს სწავლებაში მონანიების ემფაზის შემდეგ გასაკვირი არ გვეჩვენება, რომ პირველი ეკლესიის მქადაგებლები ამ მიდგომას ეძებენ. პირველი ქრისტიანული ქადაგების შემდეგ პეტრემ მსმენელებს უთხრა: “მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს . . ." (ს 2:38). მან მომდევნო ქადაგებისას იგივე გაიმეორა: “მოინანიეთ და მოიქეცით . . . (ს 3:19). პეტრე სიმონ გრძნეულს მონანიებას შეაგონებდა (8:22), ისევე როგორც პავლე ათენელებს (ს 17:30). მართლაც, მან მეფე აგრიპას წინაშე აღიარა, რომ არ ეურჩა ციურ ჩვენებას და"პირველად დამასკოს მკვიდრთ და მერე იერუსალიმელებს და იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს" უქადაგებდა “მონანიებას და ღვთისკენ მოქცევას და მონანიების ღირსს საქმეებს" (ს 26:20). ეს განცხადება, რომელიც პავლეს კარიერის დასასრულს გაკეთდა, მისი შრომის ძალზე ფართო ასპარეზს მოიცავს და ნათელს ხდის, რომ მონანიებას ცენტრალური ადგილი ეჭირა მის ქადაგებაში.
    ზოგიერთი წინადადებიდან ირკვევა, რომ მონანიება არ უნდა ჩავთვალოთ ადამიანის თვისებად, რომელიც მისი რესურსების ამოქმედებით მიიღწევა. იგი გარკვეული გაგებით ღვთის ნიჭია. ღმერთმა აღამაღლა ქრისტე, რომ “მიეცეს ისრაელს მონანიება და ცოდვების მიტევება" (ს 5:31). სწორედ ღმერთმა მისცა წარმართებს “მონანიება სასიცოცხლოდ" (ს 11:18).
    ეს ყველაფერი კარგად ერგება მადლის დიდებულ და ძირეულ ქრისტიანულ ემფაზას. სულგრძელი ღმერთი იძლევა მონანიების ნიჭს და ამით სიცოცხლის საშუალებას აძლევს მათ, ვისაც ცოდვილი ცხოვრება სიკვდილისკენ მიუძღოდა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რადიკალური მონანიება და ცხოვრების სრული შეცვლა მომდინარეობს ფაქტიდან, რომ ქრისტიანული გზა მადლის გზაა. რჯულის რელიგიით მთავარია ანგარიშის საკრედიტო მდგომარეობაში შენარჩუნება ანუ კეთილი საქმეების დიდი წილით მეტობა ცუდ საქმეებზე. მადლით გადარჩენის გზის მიხედვით საკმარისი როდია გარკვეული ოდენობის კეთილი საქმეების დაგროვება. მავანი უნდა შემოტრიალდეს არა გარკვეული რაოდენობის ბოროტებისგან, არამედ ყოველგვარი ბოროტებისგან. მონანიება მთელი გულით უნდა მოხდეს და ასეთი მოთხოვნა მომდინარეობს სრული ხსნისგან, რომელიც ქრისტემ თავისი ხალხისთვის მოიპოვა.

ქრისტეს ვნების ცენტრალური ადგილი

    სხვა მახარებლების მსგავსად ლუკასთვისაც ვნება სახარების უმაღლეს წერტილს წარმოადგენს. მისთვის და დანარჩენებისთვის ნათელია, რომ იესოს სიკვდილი და აღდგომა ღვთიური ხსნის გზის ცენტრალური ნაწილია. ეს დავინახეთ ვნების წინასწარმეტყველებებიდან, ტანჯულ მესიაზე ლუკას კონცეფციიდან და ღვთიური გეგმის მიმდინარეობიდან, რომელიც, როგორც ევანგელისტებმა ნახეს, უცილობლად ითვალისწინებდა იესოს სიკვდილს გადარჩენის მოსატანად. ლუკას სახარება იმგვარადაა აგებული, რომ ვნება ყველაფრის კულმინაციად აღიქმება.
    იესოს ბავშვობის ლუკასეული აღწერა მნიშვნელოვანი დასაწყისია. მსგავსი არაფერია სხვა სახარებებში. ისე არ უნდა გაგვიტაცოს აღწერის სილამაზემ, რომ ვერ შევამჩნიოთ მთელ წიგნს გადევნებული რამდენიმე მნიშვნელოვანი მოტივი, რომელთა წამოწევასაც ლუკა ცდილობს. ასე მაგალითად, ვპოულობთ, რომ ჩვილი იესო არის როგორც ქრისტე, ისე უფალი. იგი მაცხოვარია. იგი დადგენილია მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში, ხოლო მარიამის სულში გავლილი მახვილი ნაღველსა და უარყოფაზე მიუთითებს.
    როცა იესომ დაასრულა თავისი საპროგრამო ქადაგების გადმოცემა, მიუთითა, რომ იგი დაინტერესებული არ იყო მორიგი მესიანური პრეტენდენტობით. იესომ “უფლის შეწყალების წლის" (4:18-19) გამოცხადებისთანავე დაიწყო ზრუნვა გლახაკთა ხარების, ტყვეთა გამოშვების, ბრმათათვის თვალის ახელის და ჩაგრულთა გათავისუფლებისთვის. ხალხი განცვიფრებული იყო მისი პირიდან გამოსული “მადლის სიტყვებით", თუმცა აღწერა უარყოფის ნოტაზე მთავრდება (4:29-30). ლუკა მსგავს შენიშვნას სხვა ადგილზეც აკეთებს (7:33-35). მას ეს საკითხი თავიდანვე მხედველობაში ჰქონდა.
    დავინახეთ, რომ ლუკასეული ფერისცვალების აღწერაში, მოსე და ელია იესოს სიკვდილზე ლაპარაკობენ (9:31). იგივე თავში ვპოულობთ იესოს კიდევ ერთ წინასწარმეტყველებას მომავალ ტანჯვაზე (9:4445). იესო მის წინაშე მდგარ  “ნათლობას" ახსენებს და ურთავს, “როგორ ვარ შეჭირვებული, ვიდრე ეს აღსრულდება" (12:50). იგი გამუდმებით მიიწევს ჯვრისკენ. ლუკას სახარების აღსანიშნავი დოკუმენტია მოგზაურობის დოკუმენტი (9:51-19:44; ზოგიერთები ამ ნაწილს სადღაც 19:27-თან ასრულებენ). ამ მონაკვეთის ირგვლივ საკმაო სამეცნიერო კამათი გაიმართა და აზრთა სხვადასხვაობაც გამოიკვეთა. ზოგიერთები მასში ერთზე მეტ მგზავრობას ხედავენ, სხვებს სჯერათ, რომ ერთი მოგზაურობის განსხვავებულ გადმოცემებს იყენებდა, ხოლო დანარჩენებისთვის ასეთი მოგზაურობა არასოდეს შემდგარა, არამედ ლუკა იდეას იყენებს თავისი თეოლოგიური მიზნებისთვის.379უ. გ. ქიუმელი ისეთ არეულობას ხედავს სახარების ამ ნაწილში, რომ მისი დასკვნის თანახმად, მხოლოდ ერთი რამის თქმა შეგვიძლია, “უფალი, რომელიც ღვთის ნების თანახმად სატანჯველად მიდიოდა, მოწაფეებს აღჭურვავს მისი სიკვდილის შემდეგ ქადაგების მისიის შესასრულებლად." 
    თუმცა ჩვენ შეგვიძლია ამის თქმა და ეს მნიშვნელოვანია. 9:51-დან მოყოლებული ლუკას მხოლოდ ჯვარი აქვს მხედველობაში. იგი სადღაც ბოლო წუთებში არ ამოზრდილა, როცა მოვლენები არასასურველად წარიმართა. იესო ნებაყოფლობით მიაბიჯებდა ჯვარცმისკენ ღვთის ნების აღსასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ სახარების ამ ნაწილში საკმაოდაა სამოწაფეო სწავლება, ქიუმელი გვახსენებს, რომ იგი უფლის მოსალოდნელი სიკვდილის ფონზე უნდა დავინახოთ. მთელი ეს განყოფილება ხაზს უსვამს ვნების ცენტრალურ ადგილს. ლუკა დასაწყისშივე ამბობს, რომ იესომ “იბრუნა პირი იესრუსალიმში ასასვლელად" (9:51).
    იერუსალიმისკენ სვლის აზრი რამდენჯერმე განმეორდა მოგზაურობის თხრობაში (9:51, 53; 13:22; 17:11; 18:31; 19:28). მართლაც დიდია ამ ქალაქით ლუკას დაინტერესება,381ამიტომაც “იერუსალიმს" ოცდაჩვიდმეტჯერ ახსენებს თავის სახარებაში (მათეს გამოყენებული აქვს ცამეტჯერ, მარკოზს – ათჯერ, ხოლო იოანეს – თორმეტჯერ). მათესა და მარკოზის მსგავსად, ლუკას სახარებაში განვითარებული მოვლენების უმეტესობა დედაქალაქის გარეთ მიმდინარეობს და ამის გამო, კიდევ უფრო გასაკვირია მისი ასე ხშირად ხსენება. იოანეს სახარების მოქმედებათა უმრავლესობა იერუსალიმში ხდება, მაგრამ ლუკა სამჯერ მეტად ახსენებს ქალაქის სახელს ვიდრე იოანე. ლუკასთვის იერუსალიმი ბედისწერის ქალაქია; ადგილი, სადაც ღმერთს გადარჩენის საქმე უნდა აღესრულებინა უფლის ტანჯვით; ადგილი, რომელსაც სულიწმიდა მიეცემოდა; ადგილი, სადაც ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი. ამრიგად, მხეველობაში აქვს რა ვნება, გამუდმებით ჩანს მისი მიდგომა, რომ არაერთხელ ახსენოს იესოს იერუსალიმს წასვლა. სხვა მწერლისთვის ეს, ალბათ, სხვა არაფერი იქნებოდა თუ არა საბედისწერო დედაქალაქი. ლუკას სახარებიდან ვხედავთ, რომ იგი მიიწევს ადგილისკენ, სადაც ღვთის გეგმამ კულმინაციურ წერტილს უნდა მიაღწიოს.
    ლუკა საკმაოდ ვრცლად აღწერს  თავად ვნებას, რასაკვირველია, სხვა მახარებლებთან ერთად. სახარების ამ ნაწილისადმი განსაკუთრებით სერიოზული მიდგომა ცხადყოფს, რომ მისთვის ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგადად თხრობა იგივე სტილში მიმდინარეობს, როგორც სხვა სახარებებში, მაგრამ ლუკას აქვს მათგან განსხვავებული ინფორმაციები. ასე მაგალითად, იგი გვიყვება ზემოთვალში შეკრებილ მოწაფეთა დაინტერესებაზე, თუ ვინ იქნებოდა მათ შორის უდიდესი (22:23), იესოს სურვილზე მათთან ერთად ეჭამა პასექი (22:15-18) და იესოს სიტყვებზე პეტრეს მიმართ, რომ სატანას სურდა მისი ხორბალივით გაცხრილვა (22:31-32). მხოლოდ ლუკა გვიამბობს ორი მახვილის შესახებ (22:35-38), ანგელოზის მიერ იესოს განმტკიცებასა და სისხლნარევი ოფლის წვეთაზე გეთსემანიის ბაღში (22:43-44; არსებობს ტექსტუალური ეჭვი ამ მონაკვეთთან დაკავშირებით). იგი გვიყვება შეკითხვაზე, უნდა გამოეყენებინათ თუ არა მოწაფეებს მახვილი (23:49), მოჭრილი ყურის განკურნებაზე იესოს მიერ (22:51), იესოს მტრების ბრალდებაზე (23:2) და იესოს წარდგომაზე ჰეროდეს წინაშე (23:6-12). ლუკა ასევე გვიამბობს პილატეს განცხადებაზე იესოს უდანაშაულობის შესახებ (23:13-16) და სხვა სახარებებზე გაცილებით სრულად აღგვიწერს ბრბოს მოთხოვნას ბარაბას გასათავისუფლებლად. სწორედ ლუკას სახარებაში ვკითხულობთ “იერუსალიმის ასულებზე" (23:27-31), ლოცვაზე “მამაო, მიუტევე მათ . . ." (23:34), მონანიე ქურდზე (23: 40-43) და იესოს სიკვდილისწინა ლოცვაზე: “მამაო, შენს ხელთ გაბარებ ჩემს სულს" (23:46). ლუკა სხვა საკითხებსაც ეხება, მაგრამ არ მიცდია თქვენთვის ამომწურავი ჩამონათვალი გადმომეცა.  
    ლუკა უბრალოდ არ იმეორებს სხვების ნათქვამს. იგი იმდენადაა დაინტერესებული ვნების გადმოცემით, რომ უყოყმანოდ იყენებს სხვებთან საერთო მასალას (ჯვარცმის აღწერა საკმაო ოდენობის საერთო მასალას მოითხოვს) და თან, კრებს სხვა მახარებლებისგან განსხვავებულ ინფორმაციასაც. იგი მცირეოდენ ეჭვს არ გვიტოვებს, რომ საქმე გვაქვს დიად და მნიშვნელოვან საგანთან. იესო სწორედ ამისთვის მოვიდა. ბოროტება აქ არის – იესოს მტრების ბოროტი ჩანაფიქრი, მისი ერთ-ერთი მიმდევარის მზაობა გასაცემად, ბრბოსგან სისხლამდე დევნილი კაცი, რომლის შესახებ იციან, რომ ცოდვა არ ჩაუდენია, რომაელი მმართველის უუნარობა მის მიერ უდანაშაულოდ ცნობილი კაცის გასათავისუფლებლად. თუმცა აქ არის ღვთის ხელიც. და რადგან ღმერთი მოქმედებს, ბოლო სიტყვა ტრაგედია კი არა ტრიუმფია. 

ღვთის ზეიმი

    ლუკა მთელ სახარებაში გვიყვება ბრძოლაზე კეთილსა და ბოროტს შორის, ღმერთსა და ეშმაკს შორის. ეს ბრძოლა კულმინაციას ჯვარცმაზე აღწევს. ეჭვგარეშეა, რომ ბოლო სიტყვა ეშმაკს არ დარჩება. იმარჯვებს ღმერთი და სიკეთე.
   სხვა სინოპტისტთა მსგავსად ლუკაც არაერთხელ გვეუბნება, რომ იესო დემონებს დევნიდა (4:3337, 41; 6:18; 8:2, 27-39; 9:37-43; 11:14; 13:11-16). მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ ეს ფენომენი მცირე როლს ასრულებს ბიბლიაში გარდა იმისა, რომ სინოპტისტებს იესოს მსახურების აღწერაში ეხმარება. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ძველ მსოფლიოში შეპყრობილობა ფართოდ აღიარებული გახლდათ და ისეთებიც მოიძებნებოდნენ, ვინც დემონების განდევნაზე პრეტენზიას აცხადებდნენ.
    ლუკა რაღაც მნიშვნელოვანს გვაწვდის 11:14-დან ექსორციზმის აღწერაში. დემონის განდევნის შემდეგ მწიგნობრებმა იესოს ნამოქმედარი ბელზებულს მიაწერეს. იესომ მიუთითა, რომ ეს სატანის თავის თავის წინააღმდეგ დაყოფის მანიშნებელი იქნებოდა. ასევე წამოიჭრა საკითხი, თუ როგორ დევნიდნენ ეშმაკებს მათი ძენი. თუ მისი მტრები მართლები იყვნენ, მაშინ საკუთარ სახლში ჰყოლიათ სატანის ნებიერები! კრიტიკული მომენტი დგება, როცა იესო ამბობს, “თუ მე ღვთის თითით ვდევნი ეშმაკებს, აბა, დაგდგომიათ ღვთის სასუფეველი" (11:20). იგი აგრძელებს იგავით ძლიერ კაცზე, რომლის ძლევა მხოლოდ მასზე უფრო ძლიერს შეუძლია და ასკვნის: “ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემს წინააღმდეგაა და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის ფანტავს" (11:23). ბრძოლაში, სადაც იესოა ჩართული, არ არსებობს ნეიტრალური მდგომარეობა.
    დემონებთან კონფლიქტი საქმეებშიც გრძელდება, თუმცა განდევენების რიცხვი არცთუ დიდია. თუმცა, როცა ადამიანები დემონებს ყველგან ხედავდნენ, ჯოჯოხეთის ყოველგვარ ძალთა დამარცხება ქრისტიანული ქადაგების ძალზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა ყოფილიყო. პეტრე ამბობს, რომ იესო “ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან შეპყრობილებს" (ს 10:38) და მან თავადაც გაათავისუფლა ხალხი არაწმინდა სულებისგან ფილიპესა და პეტრეს მსგავსად (ს 5:16; 8:7; 16:18).
    ლუკა ნათელს ხდის, რომ აქ არაფერი მაგიური არ ყოფილა. ძველ ექსორცისტებს აშკარად მოსწონდათ ახალი და უფრო ძლიერი საჯადოქრო ლოცვების წარმოთქმა. სკევას შვიდმა ვაჟმაც სცადა ბოროტი სულის განდევნა იესოს დაფიცებით, რომელსაც პავლე ქადაგებდა, მაგრამ შეპყრობილი დაეძგერა მათ და შიშვლები და დაწყლულებულები გამოყარა სახლიდან (ს 19:13-16). იესოს სახელი არ უნდა მოვიჩნიოთ მაგიის პრაქტიკოსთა უახლეს ტექნიკად. მისი სახელით მოციქულები მართლაც მშვენიერ რამეებს აკეთებდნენ და მისი მეშვეობით ძალაუფლება ჰქონდათ დემონებზე. თუმცა იგივე ძალა მხოლოდ მათთვის არის ხელმისაწვდომი, ვინც თავმდაბალია, რწმენით უძღვნის თავს იესო ქრისტეს მსახურებასა და ღვთის მიზნების განხორციელებას და არა საკუთარი რეპუტაციის შექმნას მაგიური ძალების გამოყენებაში.
    ლუკა მთელ სახარებაში გვაჩვენებს ბოროტთან კონფლიქტს. იესო გამუდმებით ეწინააღმდეგება ბოროტ ძალებს და სახარებაში ნათლად ჩანს, რომელ მხარეს არის გამარჯვება. იესო ეშმაკებს დევნის. ისინი მას ვერ უპირისპირდებიან. ისინი ვერც იესოს სახელით მოსულებს შეეწინააღმდეგებიან. ერთხელ იესომ თორმეტნი წარგზავნა საქადაგებლად და მისცა მათ ძალაუფლება დემონებზე (9:1). სხვა შემთხვევაში მან სამოცდაათი მოწაფე გაგზავნა (ან სამოცდათორმეტი; მანუსკრიპტებში რიცხვი სხვადასხვაგვარადაა მოცემული). მათ დავალებაში განსაკუთრებით ხაზგასმული როდია დემონების საკითხი, მაგრამ გახარებული დაბრუნდნენ, “შენი სახელით ეშმაკებიც გვემორჩილებიანო" (10:17). იესოს პასუხი ასე იწყება – “დავინახე სატანა, ელვასავით ციდან გადმოვარდნილი" (10:18). რთულია, მაგრამ შემდეგი სიტყვები საუკეთესო განმარტებაა: “მომხდარის ზერელე დამკვირვებლისთვის რამდენიმე გლახაკმა მქადაგებელმა რამდენიმე პატარა ქალაქში ილაპარაკა და რამდენიმე სნეული განკურნა, მაგრამ ამ სახარების გამარჯვებით სატანამ შესამჩნევი მარცხი იწვნია." ყურადღება მიაქციეთ, რომ იესოს მითითებაში მქადაგებლების მიმართ სატანაზე არაფერია ნათქვამი, მაგრამ მათი გამარჯვება ბოროტზე, სატანაზე გამარჯვებაა.
    კონზელმანი უარყოფს, რომ ამ სახარებაში არის სატანის რაიმე მოქმედება ცდუნებასა და ვნებას შორის: “როცა იესო ცოცხალი იყო, ხსნის ჟამი იდგა; სატანა შორს იყო და ეს პერიოდიც ცდუნებისგან თავისუფალი გახლდათ . . . ცდუნება საბოლოოდ (παντα) დასრულდა და ეშმაკი წავიდა. აქ პრინციპული საკითხი ერთვება, რაც ნიშნავს, რომ სადაც იესოა წინ, იქ სატანა აღარ არის – αχρι   καιρου". ძნელია კონზელმანის განმეორებული განცხადებების შეთავსება ლუკას ნათქვამთან. როგორც ვნახეთ, მან იესოსა და ბოროტ ძალებთან მზარდი დაპირისპირების სურათი დაგვიხატა. იგი სატანას დამარცხებულად წარმოგვიდგენს, როცა მოწაფეები წარმატებას აღწევენ (10:18). იგი აბათილებს მისი მტრების ბრალდებას იმ საფუძველზე, რომ მათი ნათქვამის სამართლიანობის შემთხვევაში, სატანა თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფოდა (11:18). ეს ხდება მისი მისიის მოქმედებისას; იგი მიუთითებს დროზე, როცა იესო დედამიწაზე იყო და მოქმედებდა. იგი ლაპარაკობს “აბრაამის ასულზე", რომელიც თვრამეტი წელი შებოჭილი ჰყავდა სატანას (13:16) და იესომ გაათავისუფლა. მთესველის იგავში იესო ლაპარაკობს ბოროტზე, რომელიც მოდის და იტაცებს ღვთის სიტყვას ხალხის გულებიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ. თუ ჩვენი თეოლოგიის ჩამოყალიბებას ლუკას ნათქვამიდან ვაპირებთ და არა მისი დაწერილის ირგვლივ წარმოქმნილი თეორიებიდან, აუცილებლად უნდა დავინახოთ, რომ სატანა აქტიურად მოქმედებდა იესოს მთელი მსახურების განმავლობაში. ლუკას სახარების მთავარი საყრდენი სწორედ ეს არის, რომ იესო გამუდმებით ამარცხებდა ბოროტის ძალებს.
    სატანა განსაკუთრებით ამოქმედდა ვნებისას. იგი გაცემაში მონაწილეობდა იუდაში შესვლით (22:3). მას პეტრეს ხორბალივით გაცხრილვა სურდა (22:31). ეს იდუმალებით მოცული ნათქვამია, მაგრამ ერთი რამ უეჭველია: მან იესოს საქმის ჩაშლა მოინდომა და პეტრეს წინ დიდი განსაცდელი ელოდა. დაპატიმრებისას იესომ თქვა, “ეს თქვენი ჟამია და სიბნელის ხელმწიფება" (22:53). ნათელია, რომ ქრისტესა და ბოროტს შორის კონფლიქტში კრიტიკული მომენტი დადგა.
    რასაკვირველია, ჯვარცმას აღდგომისკენ მივყავართ, რომელიც ქრისტეს გახმაურებული ტრიუმფია ბოროტზე. ლუკას სახარების დასასრული და საქმეთა წიგნის დასაწყისი ამ გამარჯვების მღელვარებითაა გაჟღენთილი. ნათელია, რომ იესოს მიმდევრებისთვის ეს ყოვლად წარმოუდგენელი იყო. ისინი სრულიად არ ელოდებოდნენ რაიმე მსგავსს და მწარედ დანაღვლიანებულები ფიქრობდნენ პარასკევს მომხდარ ამბავზე. თუმცა აღდგომამ ყველაფერი შეცვალა. მან აჩვენა, რომ იესო ვერ დაამარცხა ყველაზე უარესმა საშუალებამ, რის გაკეთებაც მის მტრებს შეეძლოთ. სიკვდილზე საბოლოო რა უნდა იყოს, ხოლო იესო მათ თვალწინ მოკვდა. თუმცა მისთვის ეს არ იყო დასასრული. იგი გამარჯვებული აღსდგა.
    ეს ყველაფერი საერთოა სხვა მახარებლებთან და ამ საკითხში, მთელი ახალი აღთქმის ავტორებთან. ყველა ააღელვა აღდგომის სიტყვამ. და მაინც, ლუკას ამ ტრიუმფის გამოხატვის საკუთარი ხერხები გააჩნია. მაგალითად, აღდგომის ამბები საკუთრივ მისია, თუ არ ჩავთვლით მათესა და მარკოზთან საერთო აღწერას ქალების სამარხთან მისვლის შესახებ. მისგან ძალზე დავალებული ვართ ემაუსის გზაზე იესოსთან ერთად მიმავალი ორი მოწაფის დაუვიწყარი ეპიზოდისა და ზემოთვალში განვითარებული სცენის აღწერის გამო, როცა მათ უთხრეს იქ შეკრებილებს, რომ იესო ნამდვილად აღდგა!
    რაკი ეს ნიშანი გვაქვს, სახარების წინა ნაწილებში მნიშვნელოვან თემებს ვპოულობთ. არის წინასწარმეტყველებები, სადაც იესო აცხადებს მის მკვდრეთით აღდგომაზე (9:22; 11:29-30; 18:33). ეს სიტყვები საიდუმლოებად ჟღერდა მათი წარმოთქმის მომენტში. ალბათ, მოწაფეები ასე ფიქრობდნენ, “ცხადია, ეს ყველაფერი მეტაფორაა, მაგრამ რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ მათ?" ახლა ჩვენთვის ნათელია, რომ იესო, უბრალოდ, თავის საბოლოო გამარჯვებაზე ლაპარაკობდა. ასევე, გავიხსენოთ ლუკას ჩანაწერი, სადაც იესომ იაიროსის გოგონა (8:41-56) და ნაინელი ქვრივის ვაჟი (7:11-15) მკვდრეთით აღადგინა. იესოს არასოდეს ჰქონია სიკვდილისადმი ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც ადამიანის შვილებს აქვთ. იგი გახლდათ “სიცოცხლის წინამძღვარი" (ს 3:15); “სიკვდილი მას ვერ დააკავებდა" (ს 2:24). იესოს აღდგომა ნაწინასწარმეტყველებია წმ. წერილში და ღმერთმა ინება ამის მოხდენა. პავლემ იგივე აუცილებლობა დაინახა იესოს აღდგომაში, როგორიც მის სიკვდილში: მან ორივე წმ. წერილში ნახა, ამიტომ ორივე უნდა მომხდარიყო (ს 17:3).
    ლუკა დარწმუნებულია აღდგომაში. იგი საქმეების წიგნს იმის მოყოლით იწყებს, რომ იესო ტანჯვის  შემდეგ მრავალს “წარუდგა ცოცხლად . . . მრავალი სარწმუნო ნიშნით" (ს 1:3). საქმეთა წიგნის საწყისი თავები აღდგომის სიხარულით სავსეა, როგორც მოველოდით. ადვილი დასანახია, რომ მოწაფეები ძალზე დათრგუნული იყვნენ იესოს სიკვდილით. იგი მათ აზრებსა და ცხოვრებას იპყრობდა, ახლა კი მკვდარი იყო. რა უნდა ექნათ? სად უნდა წასულიყვნენ? მოულოდნელად მთელი პესიმიზმი გაიფანტა. სიბნელე განქარდა საფუძვლიანი მტკიცებულებით, რომ შეუძლებელი მოხდა. იესომ სიკვდილზე გაიმარჯვა. იგი არ მომკვდარა, არამედ აღსდგა. გასაკვირი არაფერია, რომ აღდგომამ სრულიად მოიცვა ისინი და მათი ქადაგების ცენტრად იქცა.
    პეტრემ თავისი პირველი ქადაგების დიდი ნაწილი ამ საკითხს მიუძღვნა, მიუხედავად იმისა, რომ ქადაგება ექსტრაორდინალური მოვლენების განვითარებამ გამოიწვია, რასაც სულიწმიდის გადმოსვლა ახლდა. არ შეიძლება ითქვას, რომ მქადაგებელმა ყურადღება არ მიაქცია სულიწმიდის მოსვლის მნიშვნელობას. აქ ნიშანდობლივია ფაქტი, რომ იგი ასეთ მომენტშიც კი სრული სისავსით ლაპარაკობდა აღდგომის შესახებ. ეს იყო დიდებული რამ, რაც ღმერთმა მოიმოქმედა და სასწრაფოდ უნდა გამოთქმულიყო. ამრიგად, აღდგომა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს პირველი ეკლესიის ქადაგებათა უმეტესობაში.
    არაერთხელ განმეორდა, რომ ღმერთმა აღადგინა იესო და არა უბრალოდ, იესო აღსდგა (2:32; 3:15, 26; 4:10; 5:30; 10:40; 13:30, 33, 34, 37; 17:31). როგორც ლუკამ და პირველმა მქადაგებლებმა დაინახეს, აღდგომა ნიშნავდა თავად ღვთის ჩარევას ბოროტი ადამიანების ნამოქმედარში და მისი შემობრუნება ღვთიური მიზნების განსახორციელებლად. ამრიგად, აღდგომა არ გახლდათ, უბრალოდ, ერთ-ერთი იმ საგანთაგან, რომელსაც მქადაგებლები ეხებოდნენ. შეიძლება ითქვას, რომ “დიდი ძალით მოწმობდნენ მოციქულები უფალ იესოს აღდგომას" (ს 4:33). ისინი “უქადაგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომას" (ს 4:2).386მოციქულთა ფუნქცია იყო “მისი აღდგომის" მოწმეობა (ს 1:22). აღდგომა იქადაგებოდა ისეთ ადგილებშიც კი, სადაც ეს თემა ყველაზე ნაკლებ პოპულარული იყო, მაგალითად ინტელექტუალურ ათენში (ს 17:18).
    ლუკა აღდგომასთან არ ჩერდება. იგი სახარებას ასრულებს და საქმეთა წიგნს იწყებს ამაღლების საკითხით. შესანიშნავი იყო აღდგომა, მაგრამ ეს მაინც დედამიწაზე მოხდა. იესოს ადგილი ზეცაში იყო. ლუკა იესოს იქ დაბრუნების შესახებ არავითარ ეჭვს არ გვიტოვებს. ვნახეთ, რომ მან იესოს აღდგომაზე საკმაოდ ილაპარაკა და მისი აღდგომა და ამაღლება გარკვეული გაგებით მის სიკვდილთან გაერთიანდა. მოგზაურობის დოკუმენტის დასაწყისშივე, როცა იგი ჯვარცმისთვის იესოს იერუსალიმს წასვლას მოელის, ლაპარაკობს მისი ამაღლების მოახლოებაზე (9:51).387ზემოთვალში, როცა ჯვარცმა შორს აღარ იყო, იესო მოწაფეებს ესაუბრება მათთვის აღთქმულ “სასუფეველზე"; წინ არის როგორც დიდება, ისე ტანჯვა (22:29-30).
    ზოგჯერ პეტრე ამაღლებაზეც ლაპარაკობს აღდგომასთან ერთად. მას შეუძლია იესოზე თქვას, “ . . . ღვთის მარჯვენით ამაღლებულმა “ (ს 2:33) და “იგი ღმერთმა აღამაღლა თავისი მარჯვენით" (ს 5:31).388ეს, ალბათ, იგივეა, რაც “ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო" (ს 3:13) ან “ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო" (ს 2:36). ამ ეპიზოდების არსი ის გახლავთ, რომ იესო უმაღლეს ადგილზეა. აღდგომა არ ნიშნავს, რომ იესო დედამიწაზე სიცოცხლეს დაუბრუნდა, როგორც ადრე ჰქონდა (იაიროსის ასულის, ნაინელი ქვრივის ვაჟის და მისი მეგობარი ლაზარეს მსგავსად). ღმერთმა იგი ზეცის უმაღლეს ადგილზე დასვა. ეს ნიშნავს, რომ ამ პოზიციაზე მას შეუძლია გამოგზავნოს სულიწმინდა საქმეთა მე-2 თავში აღწერილი ხილული შედეგებით. ეს ნიშნავს, რომ დამდაბლებული და უარყოფილი იესო ახლა უმაღლესი და განდიდებულია. ეს ღვთის გამარჯვებას ნიშნავს.

ჯვარცმის მნიშვნელობა

    როგორ მოიტანა გადარჩენა იესოს სიკვდილმა? რამდენადაც ლუკა საკმაო ხაზგასმით გადმოგვცემს იესოს ვნებისა და ამაღლების ამბავს, რა დატვირთვას ანიჭებს ამ ყოველივეს? პასუხი ადვილი როდია, რადგან ლუკა მსგავს კითხვებს თავს იშვიათად უსვამს. იგი ისე აცხადებს ფაქტს, რომ არ უღრმავდება მის სრულ მნიშვნელობას. თუმცა ახლა და მაშინაც გააკეთა განცხადებები, რომლებიც პრობლემას ეხება.
    ალბათ, ნიშანდობლივია რომ იგი იესოში "უფლის მსახურს" ხედავს (ს 3:13, 26; 4:27, 30). მიუხედავად იმისა, რომ პეტრეს პირველ ქადაგებაში მსახური არ უხსენებია, შესაძლოა ფიქრობდა მასზე. ვინსენტ ტეილორს შეეძლო დაეწერა, “ამ მსჯელობაში უკვე [ე.ი. ს 2:22-36] ნათელი ხდება, რომ გამოკვეთილია კონცეფცია მსახურზე, რომელიც სიკვდილამდე დამდაბლდა და ღვთის მიერ ამაღლდა ადამიანთა წინაშე მისი უმაღლესი მსახურების შესასრულებლად. ეს მტკიცება ფასეულია იმის მიუხედავად, რომ ჯერ მსახური ნახსენები არ არის." ჯ. ჯერემიასი “მსახურის" გამოყენებას “გადმოცემის ძალზე ძველ საფეხურს" მიაკუთვნებს და შემდეგში ამტკიცებს, რომ იესოსთვის “მართლის" წოდების შემთხვევები ეს. 53:11-დან მომდინარეობს.390 მაშინ გამოდის, რომ მათი დანიშნულებაა, შეგვახსენოს უფლის მართალ მსახურზე. ბუნებრივია, ფილიპემ ეთიოპიელ კაცთან ლაპარაკი ეს. 53:7-8-დან დაიწყო და “ახარა იესოს შესახებ" (ს 8:35).
    ასეთი ეპიზოდები ნათელს ხდის, რომ ლუკა ესაიას 53-ე თავს იესოს ტანჯვების მითითებად მიიჩნევდა და ერთხელ პირდაპირაც გვითხრა, რომ წერილის ის თავი მასზე უნდა აღსრულებულიყო (22:37). ხსენებული თავი ნამდვილად ლაპარაკობს გამომსყიდველ ტანჯვაზე და ჯერემიასი ამბობს, რომ “სიკვდილისკენ უცოდველად, ნებაყოფლობით, მოთმინებით და ღვთის ნების შესაბამისად სვლის გამო (ეს. 53) მისმა თავგანწირვამ უსაზღვრო გამომსყიდველობითი თვისება შეიძინა. ეს იყო ღვთისგან მომდინარე სიცოცხლე და სიცოცხლე ღმერთში, რომელსაც იგი ღვრიდა." სულ მცირე, ამის თქმა შეგვიძლია. და რადგან, ესაიას 53-ე თავი შენაცვლების ნაკლებობას არ განიცდის, ამის შესაძლებლობას მაინც ვხედავთ, რომ ლუკამ რაღაც ამდაგვარი დაინახა იესოს მიერ გადარჩენის მოტანის გზაში.
    ზოგჯერ იგი ნართაულად მიგვანიშნებს გამოსყიდვაზე. ამას ვხედავთ უფლისგან ზიარების დაფუძნებაში. მახარებელთაგან მხოლოდ ლუკა გვატყობინებს იესოს ნათქვამზე მისი “სხეულის" მიმდევრებისთვის მიცემის შესახებ და რომ, ეს მის “მოსაგონებლად" უნდა ეკეთებინათ. მხოლოდ ლუკა გვეუბნება, რომ სასმისი იყო “ახალი აღთქმა" იესოს სისხლში (22:19-20; ზედსართავი “ახალი" აკლია პირველ ორ სახარებაში საუკეთესო მანუსკრიპტების მიხედვით, მაგრამ ლუკაში აუცილებლად უნდა იკითხებოდეს). იესოს სიკვდილი, რომ ჩანაცვლებითი იყო და მის ხალხს ყოველთვის თვალწინ უნდა ჰქონოდა ეს შთამბეჭდავი დადგენილება, მცირედ როდი მიუთითებს მისი სიკვდილის ეფექტურობაზე.
    და კვლავ, ლუკა ლაპარაკობს ღვთის ეკლესიაზე, რომელიც მან საკუთარი სისხლით [ან მისი საკუთარის სისხლით] შეიძინა (ს 20:28). ეს შორს არ დგას გამოსყიდვის წარმოდგენისგან (რაც ნიშნავს გამოსასყიდის გადახდას ტყვის გასათავისუფლებლად). ამრიგად, ლუკა იმას მაინც გვეუბნება, რომ ღმერთმა დიდი საზღაურის ფასად გვიხსნა. ისიც გავიგეთ, რომ ეს საფასური ქრისტეს სიკვდილის ტოლფასია. ეკლესიის ისტორიაში მრავალი მიიზიდა გამოსყიდვის ამგვარმა აღქმამ. ზოგჯერ ეს ყველაფერი უკიდურეს ლიტერალიზმში გადაიზრდებოდა, როცა ადამიანები სვამდნენ კითხვას, “ვის გადაუხადეს გამოსასყიდი?" არ შეიძლებოდა ლუკა ამ საკითხში შემცდარიყო, რადგან ხსენებული აზრი არ განუვითარებია. თუმცა იგი ერთ რამეს მაინც ხედავს – ჩვენი გადარჩენა გამოსყიდვის შედეგია, ხოლო მისი საფასური – ჩვენი მაცხოვრის სისხლი.
    ლუკა სამჯერ აღწერს ფაქტს, რომ იესო “ძელზე" მოკვდა (ს 5:30; 10:39; 13:29). ეს ჯვარცმის ხსენების გასაკვირი ხერხია, რადგან ბუნებრივი არ გახლავთ ამ სიტყვის ჯვრის სინონიმად გამოყენება. იგი პირდაპირი მნიშვნელობით “ხის მასალას" აღნიშნავს, რომელიც ხის ნივთების მაგალითად, კეტების (მათ. 26:47), საპყრობილის ხუნდების (ს 16:24) დასამზადებლად და საძირკვლის ჩასაყრელად (1 კორ. 3:12) გამოიყენებოდა. იგი ზოგჯერ ხესაც აღნიშნავდა (გამცხ. 2:7; 22:2), თანამედროვე თარგმანის შესაბამისად. სიტყვა, ჩვეულებრივ, არ გამოიყენებოდა ჯვრის აღსანიშნავად და არ უნდა შეგვაცდინოს ქრისტიანულ საგალობლებში მისმა ხშირმა გამოყენებამ. როგორც გ. ბ. ქერდმა თქვა, “ეს არ გახლავთ გარეშე თვალით დანახული ჯვარცმის ბუნებრივი აღწერა".
    გამოთქმა ალბათ ძრწოლას მოგვრიდა პირველი საუკუნის რიგით ებრაელს, რადგან გაახსენდებოდა სიტყვები, “ღვთისგან არის დაწყევლილი ძელზე ჩამოკიდებული (2 რჯ. 21:23). ზოგიერთი იუდეველისთვის ძნელი იყო იმის წარმოდგენა, რომ იესო ღვთით მოვლენილი მესია გახლდათ. მისი სიკვდილი აჩვენებდა, რომ იგი ღვთისგან იყო წყეული. გამოთქმის ასეთი ფორმა იუდეურია (ბევრი ყურადღებას აქცევს სეპტუაგინტისა და ებრაული ნაშრომების შესაბამის ადგილებს).
   მაშ, რატომ არჩია ლუკამ ჯვარცმისთვის უჩვეულო გამოხატვის ხერხის ჩართვა ხსენებულ ეპიზოდებში და ებრაული აზროვნებისთვის ასე ნაცნობი და საშინელი დატვირთვის მქონე ტერმინის გამოყენება? ჩანს, მას სურდა გამოეკვეთა აზრი, რომ იესომ აიღო ჩვენი წყევლა. პავლე მხოლოდ ერთხელ ახსენებს წყევლას (გალ. 3:13), ხოლო პეტრე – ძელს (1 პეტრ. 2:24). ჯვარცმის ასეთი ახალაღთქმისეული ხედვა საქმეთა წიგნის ამ სამ ეპიზოდსა და გალატელებისა და 1 პეტრეს წერილების ორ მონაკვეთში გვხვდება. ქრისტეს მიერ წყევლის აღება არ არის ახალი აღთქმის გავრცელებული სწავლება, მაგრამ ერთერთია ჯვრის ლუკასეული ხედვიდან და იგი სხვებზე მეტად იყენებს მას.
    ზოგჯერ თეოლოგები ყურადღებას აქცევენ ფაქტს, რომ ლუკას არ აქვს მარკ. 10:45-ის ანალოგიური განცხადება – იესომ თავისი სიცოცხლე გასცა მრავალთა გამოსასყიდად – და მის ვრცელ ნაშრომში არც გამოსყიდვის შესახებ რაიმე თეორიის განვითარება ჩანს. მიჩნეულია, რომ ლუკა დაინტერესებულია იესოს ტანჯვით არა დახსნის თვალსაზრისით, არამედ როგორც დიდებისკენ მიმავალი გზით. ადამიანები იესოს ცუდად ეპყრობოდნენ, მაგრამ მან ტანჯვა მოთმინებით აიტანა და დიდებაში შევიდა. ამრიგად, კონზელმანი ფიქრობს, რომ ლუკას სახარებაში “არ გვხვდება იესოს ტანჯვიდან ან სიკვდილიდან გამომდინარე უშუალო სოტერიოლოგიური შედეგები".394ზოგიერთები ასკვნიან, რომ ბევრი პირველი ქრისტიანის მსგავსად ლუკასაც ღრმა მადლიერების გრძნობა ჰქონდა ღვთისადმი იესოს გამოგზავნის გამო. თუმცა ვერ აცნობიერებდნენ რეალურ იდეას, რომ იესოს სიკვდილმა გადარჩენა მოიტანა. ნათქვამია ისიც, რომ ზემოხსენებული იდეა ისეთი მოაზროვნის შრომის შედეგია, როგორიც პავლე იყო.
     შესაძლოა მივიღოთ, რომ ლუკას არ ჰქონდა პავლეს მსგავსი ცოცხალი თეოლოგიური ჭვრეტის უნარი. მაშ, ვის ჰქონდა? ეს არ არის სათანადო მიზეზი, რომ უგულებელვყოთ ლუკას განხილული საკითხები. ისიც მართალია, რომ გამოსყიდვის მკვლევარები გაცილებით მეტ დროს უთმობენ პავლეს ნაშრომთა შესწავლას ვიდრე ლუკასას, თუმცა არ ნიშნავს, რომ ისინი ლუკას ყურადღებას არ აქცევენ. და ბოლოს, იგი არაორაზროვნად ამბობს, რომ იესოს სხეული ჩვენ მოგვეცა, ხოლო საიდუმლო სერობის სასმისი ახალი აღთქმა იყო მის სისხლში, რომელიც ჩვენთვის იღვრებოდა. ასევე გვეუბნება, რომ ეს ყველაფერი უნდა გავიხსენოთ წმინდა ზიარებისას. მის ნაშრომებში ვხედავთ, რომ ქრისტეს სიკვდილმა ცოდვილები გამოისყიდა, რომ ესაიას 53-ე თავი აღსრულდა მისი გამომსყიდველი ტანჯვითურთ, და რომ ქრისტემ ღვთიური წყევლა თავის თავზე აიღო.
    რატომ აქცევს ლუკა ეგზომ დიდ ყურადღებას იესოს ტანჯვასა და სიკვდილს? იგი სოტერიოლოგიურის გარდა სხვა აზრს არ დებს მათში. მაგალითად, იგი არ ლაპარაკობს იესოზე როგორც წამებულზე. როცა იგი რამდენიმე განცხადებას აკეთებს ქრისტეს სიკვდილის მნიშვნელობაზე  და ამხელა ადგილს უთმობს მის გამოკვეთას, სხვა ახალი აღთქმის ავტორთა მსგავსად შეგვიძლია მისგან მივიღოთ, რომ გოლგოთა კეთილი და ღვთისნიერი ადამიანის უარყოფაზე გაცილებით მეტს ნიშნავს. ეს გახლდათ ცოდვილებისთვის გადარჩენის მოტანის ღვთიური გზა.

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.