რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვის არსებობას? | ქრისტიანი.ge

რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვის არსებობას?

დღესდღეობით აპოლოგეტიკაში არ არსებობს იმაზე უფრო კრიტიკული შეკითხვა, რომელიც ჩვენს სათაურშია დასმული. როგორ შეუძლია ქრისტიანს მიდგომა სამყაროში არსებული ბოროტებისადმი, რომელიც იწვევს ტანჯვას, განადგურებას,  და სიკვდილს? როგორ უნდა ავუხსნათ ეს იმ ადამიანებს, რომლებიც ემსახურებიან კეთილ, ბრძენსა და ყოვლადძლიერ ღმერთს? არსებობს თუ არა დამაკმაყოფილებელი ახსნა?

მეოცე საუკუნე მთელ ქვეყნიერებაზე უამრავი ადამიანის ინტენსიური ტანჯვის პერიოდი იყო. ჩვენს დროებას მემკვიდრეობით გადმოეცა სამყაროს ყველაზე სისხლიანი ომები, ატომური კატასტროფის საშიშროება, და სხვადასხვა ქვეყნებში ეთნიკური ჯგუფების მიერ სხვა ჯგუფებისადმი მხეცური მოპყრობა. ამას დავუმატოთ ბუნებრივი კატასტროფები, რომლებიც დღესაც ხდება, როგორიცაა ქარიშხლები, წყალდიდობები, მიწისძვრები და ფართოდ გავრცელებული შიმშილობა, და ამით მიხვდებით, თუ რატომაა ჩვენი ეპოქა პერსიმისტური.

 

პრობლემის განცხადებები

ალბათ ბოროტების პრობლემის შესახებ ყველაზე ხშირი განცხადებებია გაკეთებული დევიდ ჰუმის წიგნში ბუნებრივ რელიგიასთან დაკავშირებული დიალოგები . ღმერთის შესახებ საუბრისას ჰუმი შემდეგ კითხვებს სვამს: “სურს მას ბოროტების აცილება მაგრამ არ შეუძლია? მაშინ ის უძლური ყოფილა. შეუძლია მას, მაგრამ არ სურს? მაშინ ის არაკეთილმოსურნე ყოფილა. იქნებ მას შეუძლია და სურვილიც აქვს? მაშ, რატომ არის ბოროტება? (1974, 490).

სიტყვა უძლური ამ შეკითხვაში ნიშნავს “ძალის არმქონეს". სიტყვა არაკეთილმოსურნე ნიშნავს “ცუდს" ან “ბოროტს". ეს მნიშვნელობით საპირისპიროა სიტყვებისა კეთილი და ყოვლადძლიერი , რომლებიც ღმერთის ღვთაებრივი ხასიათის თვისებებს მიეწერება.

მოდით, ბოროტების პრობლემა სხვა გზით წარმოვადგინოთ:
როგორ შეუძლია ღმერთს იყოს კეთილი (ანუ, არ სურდეს ბოროტი), ბრძენი  (შეეძლოს სამყაროს ისე მოწყობა, რომ არანაირი უწესრიგობა არ იყოს მასში), და ძლიერი (არ დაუშვას ისეთი რამის არსებობა, რაც მის კონტროლს სცილდება), და მაინც დაუშვას ბოროტის არსებობა?
აქ აშკარა დილემის წინაშე ვდგებით. თუ ღმერთი მთლიანად კეთილია, მაშინ მისი სურვილი იქნება, რომ მისი ქმნილება ბედნიერი იყოს. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ სამყაროში უბედურებას ვხედავთ, ადამიანს აფიქრებინებს, რომ კეთილ ღმერთს არ შესწევს საკმარისი ძალა ამის აღსასრულებლად.

ან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ღმერთი რომ ყოვლადძლიერი ყოფილიყო, მაშინ ადამიანი იფიქრებდა, რომ ის კეთილი არ არის, რადგან თუ მას შეუძლია, რომ თავისი ქმნილება ბედნიერად ამყოფოს და არ იყენებს ამ ძალას, ეს გულისხმობს, რომ ის კეთილზე უფრო ნაკლებია. ღმერთის სიბრძნეზე რაღა ვთქვათ? შესაძლებელია თუ არა, რომ ღმერთმა საკმარისად იცის საუკეთესოს გაკეთება? ეს გვიხსნის თუ არა იმას, თუ რატომ დაუშვებს იგი ბოროტებას? პრობლემის დამტკიცების ამ სხვადასხვა გზებიდან შეგვიძლია დავინახოთ, რომ ბოროტების არსებობის რეალობას შეუძლია წამოაყენოს კითხვები ღმერთის ხასიათთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ეს გადამწყვეტი საკითხია აპოლოგეტიკაში.

ბერნანდ რამი ერთმანეთისგან გამოყოფს ბოროტებასა და ცოდნას:

ბოროტება: კეთილის განადგურება.
ცოდვა:  ქმედება, რომელიც მორალური კანონების საპირისპიროა.  

  
თეოლოგები ზოგჯერ განასხვავებენ მორალურ ბოროტებას  (ცოდვა) და ბუნებრივი ბოროტება (ის, რაც ზიანის მომტანია). ჯონ ფაინბერგი მორალური ბოროტების პრობლემას აღწერს, როგორც “ბოროტების თეოლოგიურ-ფილოსოფიურ პრობლემას" და მორალურ პრობლემებს აღწერს, როგორც “ადამიანური ქმედებებისგან წარმოქმნილს". ის მორალურ ბოროტებას განასხვავებს ბუნებრივი ბოროტებისგან, როგორიცაა "ტკივილები და დაავადებები, მიწისძვრები, ცეცხლი, წყალდიდობები, ქარიშხლები და შიმშილი". ფაინბერგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ბოროტების პრობლემა ზოგადად შეიცავს ბოროტების რაოდენობის , ინტენსივობის და უმიზეზობის პრობლემას. მთლიანობაში ის განსაზღვრავს ამ პრობლემებს მომდევნო შეკითხვებთან ერთად (1994,16).

1. ბოროტების რაოდენობა. როგორიც არ უნდა იყოს ღმერთის მიზანი ბოროტების მიმართ, რატომ არის ამდენი ბოროტება დედამიწაზე?
2. ბოროტების ინტენსივობა. თუკი ზოგადად ბოროტებისთვის არსებობს რაღაც გამართლება, რატომ არის ამდენი კონკრეტული ბოროტება (მაგალითად, კიბო) ამდენად ცუდი?
3. ბოროტების უმიზეზობა. მართალია, ზოგიერთი ბოროტება კეთილად მთავრდება, სხვები ჩანს, რომ უმიზეზოა (მაგალითად, ბავშვებისა და ცხოველების ტკივილი). რატომ უნდა დაუშვებდეს ყოვლადძლიერი, მოსიყვარულე ღმერთი ასეთ გაუმართლებელ ბოროტებას? 

პრობლემის გადაჭრის მცდელობები

ახლა, როცა ჩვენთვის გასაგებია, თუ რატომ წარმოადგენს ქრისტიანი აპოლოგისტისთვის პრობლემას სამყაროში არსებული ბოროტება, განვიხილოთ რამდენიმე მცდელობა, რომ ბოროტების იდეასა და ღმერთის ხასიათს შორის არსებული კონფლიქტის მოსაგვარებლად  თავდაპირველად ჩამოვაყალიბებთ ამის ანალიზს შემდეგ შეხედულებებზე: 

1. ბოროტება მეტაფიზიკური ნაკლოვანებაა
2. ბოროტება ინსტრუმენტია
3. ბოროტება თავისუფლების რეალობაა
4. ბოროტება, როგორც მოცემული

სხვადასხვა ფილოსოფიური და რელიგიური შეხედულებები  

როგორც მეტაფიზიკური ნაკლოვანება

გერმანელმა ფილოსოფოსმა გოტფრიდ ვილჰელმ ლაიბნიცმა (1646-1716), წარმოქმნა ახალი სიტყვა თეოდიცია, როგორც სათაური ბოროტების პრობლემისთვის მიძღვნილ  თავის 1710-ე თხზულებისთვის. თეოდიცია აღნიშნავს ღმერთის გზების დამტკიცებას ან გამართლებას ადამიანთან მიმართებაში, განსაკუთრებით თუკი ისინი ბოროტების პრობლემასთან არიან დაკავშირებული" (გვ.120). ლაიბნიცმა განასხვავა სამი სახის ბოროტება: მორალური, ფიზიკური და მეტაფიზიკური. ჯონ ფაინშტეინი გვეხმარება ბოროტების ლაიბნიცისეული სისტემის გაგებაში, რომლიც იწყება იდეით, რომ სრულყოფილების პოვნა მხოლოდ ღმერთში შეიძლება. ლაიბნიცი გვიხსნის, რომ მეტაფიზიკური ბოროტება შედგება უბრალოდ არასრულყოფილებისა და შეზღუდულობისგან, ანუ, არსებობის ნაკლოვანებისგან, ანუ მეტაფიზიკური ნაკლოვანებისგან. მორალური და ფიზიკური ბოროტება მეტაფიზიკური ბოროტების შედეგია. მორალური ბოროტება იმიტომ იჩენს თავს, რომ ადამიანი შეზღუდულია და აქედან გამომდინარე, მას შესწევს ცოდვაში ჩავარდნის უნარი.  ფიზიკური ბოროტება ობიექტში  “მიგვანიშნებს, რომ მისი ფიზიკური ბუნება არ შეიძლება გავიაზროთ დეფექტის გარეშე" (ფაინშტეინი, 1994, 36-37).

მისი მცდელობა, რომ გადაწყვიტოს ღმერთის სიკეთის, სიბრძნისა და ძალის პრობლემა სამყაროს არასრულყოფილების მკაცრი რეალობის წინაშე გამოსახულია მზისა და მისი სხივების ანალოგიით. როცა მზის სხივები მზისგან შორს მიდის, მათი ძალა იკლებს. ამიტომაც, ანალოგია ღმერთს, როგორც სრულყოფილ ქმნილებას ადარებს თავის შექმნილს. რაც უფრო შორს მიდის მისი ქმნილება მისგან, მით უფრო მეტ ნაკლოვანებას ვხედავთ მასში.

რამი ამბობს, შეკითხვა, რომელიც თავს იჩენს, შემდეგია: როგორ შეიძლება სიცარიელე ან ნაკლოვანება იყოს ის სფერო, რომელშიც შეიძლება ბოროტება მოვიდეს და ის მაინც არ იყოს ბოროტება? ამ შეხედულებასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემა ისაა, რომ ის ბერძნული იდეების სამყაროდან და ნეოპლატონიზმად წოდებული ფილოსოფიის სისტემიდან მოდის. აზროვნების ეს სისტემა პანთეიზმის მიმართულებით იხრება. თუმცა, მას მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქრისტიანულ აზროვნებაზე ისეთი ადამიანების მეშვეობით, როგორებიც ავგუსტინე და ტომას აქინესი იყვნენ.

ბოროტება ინსტრუმენტია

ღმერთი….
გვეჩურჩულება ჩვენი განცხრომის დროს, ესაუბრება ჩვენს სინდისს,
მაგრამ ყვირის ჩვენი ტკივილების დროს:   ეს მისი მეგაფონია   სმენადაკარგული სამყაროს გამოსაცოცხლებლად.
ქ.ს.ლევისი, ტკივილის პრობლემებში (1940,81) 

ბოროტება, როგორც ინსტრუმენტის შეხედულების თანახმად, ღმერთი თავისი სიბრძნითა და მზრუნველობით ყველა ბოროტებას აიძულებს, რომ ყველა ბოროტებამ თავისი წვლილი შეიტანოს სამყაროს მთლიან სიკეთეში. სხვა სიტყვებით,  ღმერთი იყენებს ბოროტებას, როგორც ინსტრუმენტს ადამიანთა სასიკეთოდ. დაბადების 50:20 და რომაელთა 8:28  ციტატად არის მოყვანილი ამ შეხედულების მხარდასაჭერად. რამი განიხილავს ამ შეხედულების შვიდ ვერსიას (გვ.122-129).

1. ესთეტიკური ვერსია . ბოროტება თავისთავად ღმერთის სიკეთისადმი ირაციონალური და საპირისპიროა. თუმცა, მთელი თავისი პერსპექტივით ის ინსტრუმენტალურია სამყაროს სილამაზეში თავისი წვლილის შეტანაში.
2. დუალისტური ვერსია . ეს შეხედულება დაფუძნებულია იმ მოსაზრებაზე, რომ სიკეთესა და ბოროტებას შორის მიმდინარე ბრძოლა თავად სამყაროშია მოწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ჯერ არ არის,  სიკეთე აუცილებლად გაიმარჯვებს და უფრო დიდი სიკეთე წარმოჩინდება.
3. განსაზღვრების თეორია . ამ თეორიის თანახმად, მხოლოდ ტკივილის ცოდნის შემთხვევაში გაიგებს ადამიანი ტკივილისგან განთავისუფლების მნიშვნელობას. ქ.ს. ლევისი აღნიშნავს ტკივილისგან განთავისუფლების გაგებას ძალიან მარტივი ილუსტრაციით. ის წერს: “და თუ მე შემიძლია ვენდო ჩემს გრძნობებს, მცირე ტკივილის შეგრძნება დღისით სიარულის შემდეგ საწოლში დაწოლის დროს, სინამდვილეში სასიამოვნოა" (1940, 20). აქედან გამომდინარე, იმისათვის, რათა სიკეთე შეაფასოს, ადამიანმა ბოროტებაც უნდა გამოსცადოს. რამი ამტკიცებს, რომ ადამიანი “ამასთანავე სამუდამოს უკეთესი ხდება ბოროტების განცდის შემდეგ, რადგან მან უკვე იცის კარგის რეალური ხასიათი… მხოლოდ ისინი, ვინც იცის ბოროტება, სირცხვილი, გახრწნილება, ცოდვა და დანაშაული, შეძლებენ გაიგონ სიყვარული, გამოსყიდვა, მიტევება, პატიება, და გადარჩენა" (გვ.124-125).
4. ბრძოლის თეორია . ამ თეორიის თანახმად, ხასიათი შინაარსიდან გამომდინარეობს. ამიტომ, დასაძლევი დაბრკოლებები მნიშვნელოვანია პიროვნების ხასიათის სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის.  მხოლოდ ბოროტებასთან ბრძოლის მეშვეობით შეუძლია ადამიანს შეიძინოს ისეთი თვისებები, როგორიცაა გამბედაობა, მოხერხებულობა, ღვთიური ხასიათი და სიყვარული. 
5. კალვინის თეორია . ეს თეორია განვითარდა ჯონ კალვინის (1509-64), ფრანგი რეფორმატორისა და თეოლოგის ნაშრომებიდან. თეორია ამტკიცებს, რომ სამყაროში ქრისტეს აბსოლუტური უფლობის ქვეშ ყველაფერი უკიდურესად მიმართული იქნება ღმერთის დიდებისადმი. ამ დიდებულ შეხედულებაში ბოროტებაც კი ამ დასასრულს დაემორჩილება. რადგან ღმერთის ბოროტებაზე გამარჯვებაში გამოვლინდება უფალი მთელი თავისი დიდებით.
6. ლაიბნიცის თეორია . ეს თეორია დაფუძნებულია იმ პირობაზე, რომ იმისათვის, რომ ღმერთმა შექმნას ყველაზე საუკეთესო სამყაროები, “ჩვენს სამყაროში უნდა არსებობდეს სწორედ იმდენი ბოროტება, რამდენიც არსებობს დღეს". (ფეინბერგი, 1994,38). რამი ამას მოგვიანებით გვიხსნის: 
ღმერთმა დღევანდელი სამყარო იმისთვის აარჩია, რომ იგი ამზადებს ყველაზე საუკეთესოს… მოწესრიგების თვალსაზრისით. ეს არის ყველაზე კარგად მოწესრიგებადი სამყარო! ღმერთს შეეძლო გაეუქმებინა კიბო. მაგრამ ეს დააკნინებდა ქვეყნიერებაზე არსებულ სიკეთეს, რადგან ღმერთი ფიქრობდა ყველა სავარაუდო სამყაროზე, რომელიც ზუსტად ისეთი იქნებოდა, როგორშიც ახლა ვცხოვრობთ, მაგრამ კიბოს გარეშე. კიბოს გაუქმებამ მრავალი სანტიმეტრით დაადაბლა სიკეთე. გააუქმეთ ნებისმიერი ბოროტება, რომელიც აზრად მოგივათ. ღმერთმა უკვე იფიქრა ასეთ სამყაროზე და დაინახა, რომ ბოროტების გაუქმებამ დააკნინა სიკეთე ამ სამყაროში (გვ.127).
რამის მოსაზრება შეიცავს მოწესრიგებულობის იდეას. ამით ის გულისხმობს, რომ ფაქტორთა გადანაწილებით , რომელთა განლაგება ჰარმონიულად არის შესაძლებელი, შეიძლება წარმოიქმნას შესაძლო სიკეთის მაქსიმუმი. სხვა სიტყვებით, ის აღნიშნავს შესაძლო მდგომარეობათა საუკეთესო კომბინაციებს რათა უდიდეს სიკეთეს მიაღწიოს კოსმოსის, ანუ მთელი სამყაროს მასშტაბით.
7 . სულის ჩამოყალიბების თეორია . სულის ჩადგმის თეორია ძალიან ჰგავს ბრძოლის თეორიას. ის გვეუბნება, რომ ადამიანის ხასიათი მაშინ ვითარდება, როცა ის იდეათა დაბრკოლებების წინააღმდეგ იბრძვის, რომელზეც შეუძლია გამარჯვება. ამრიგად, ცხოვრებაში არსებული ბოროტება და სიძნელეები ინსტრუმენტებია , რომელიც მეშვეობით ადამიანი სულიერად მოწიფული ხდება. სულის ჩამოყალიბების ლიბერალური თეორია დაკავშირებულია ევოლუციურ სწავლებასთან, რომლის თანახმად ცხოველისგან ადამიანამდელ პერიოდამდე,  და თანდათანობით მივიდა ადამიანობამდე სხვადასხვა დაბრკოლებების დაძლევით და თავისი მსოფლმხედველობის თანდათანობით მორალურად განვითარების მეშვეობით. აშკარა ხდება ინსტრუმენტალური შეხედულების სხვადასხვა გამოხატულებებიდან, რომ ეს ფოკუსირება მნიშვნელოვანი იყო ბოროტების პრობლემის გადაჭრის საქმეში. 

 

ბოროტება და თავისუფლების რეალობა პიროვნება,

რომელსაც რამი ყველაზე მეტად უკავშირებს თავისუფლების რეალობის შეხედულებასთან, არის შოტლანდიელი თეოლოგი ა.მ. ფაირბაირნი (1838-1912). ფაირბაირნის არგუმენტი მტკიცედ არის დაფუძნებული იმაზე, რომ ადამიანი ღმერთის ხატად არის შექმნილი. რისგან შედგება ეს ხატება? რამი ამ შეხედულებაში ხედავს მცდელობას, რომ ღმერთის ხატება სრულყოფილი თავისუფლების მნიშვნელობით განიხილოს. ანუ, იყო ადამიანი, ნიშნავს იმას, რომ გქონდეს შეცოდების ან არ შეცოდების არჩევანი. ღმერთს ადამიანები რობოტებად არ შეუქმნია, არამედ არამედ როგორც პიროვნებები, რომელთაც შესწევთ მორალური გადაწყვეტილებების მიღების ძალა. ამ ძალასთან ერთად არსებობს არასწორი გადაწყვეტილებების მიღების რისკი. ამიტომაც, თავისუფლება, როგორც ადამიანის მნიშვნელოვანი ასპექტი, მოითხოვს ბოროტების პოტენციალსაც.

ბოროტება, როგორც მოცემული .

ფილოსოფიის სფეროში მოცემული ახსნილია, როგორც “არსებული". ეს არის ის, რაც მიღებულია, როგორც თავისთავად არსებული მთავარი მდგომარეობა ან მოსაზრება. მოცემული აგრეთვე ისეა სამყაროში გაჯერებული, რომ უბრალოდ მასშია. ამასთანავე, არსებობს რამდენიმე მოცემულები , რომლებიც უგულებელყოფენ განსაზღვრებას ან ახსნას; ისინი უბრალოდ მოითხოვენ აღიარებას. ვინაიდან ბოროტება მოცემულია, არ არსებობს მისი დამტკიცების ან ახსნის საჭიროება. ამ შეხედულების წარმომადგენელი შვეიცარიელი თეოლოგი კარლ ბართია (1886-1968).

ზოგიერთი თეოლოგი, რომლებიც ეთანხმებიან ამას, “ღმერთის ბნელ მხარეს" უწოდებენ. ასე აღწერენ ღმერთს, როგორც შეზღუდულს, ან ყოვლისშემძლეზე უფრო ნაკლებს.

თუმცა რამი ამ შეხედულების მეორე ასპექტს ხედავს. ის ხედავს კოსმიური დაცემის იდეას, ამ სამყაროში ბოროტების რეალობის შესახებ საუბრის საშუალებას. ღმერთის მუდმივად შეზღუდულობის ჩვენების ნაცვლად დაცემის ცნება გვიჩვენებს ცოდვის შედეგებს თანამედროვე სამყაროში, როგორც მკარც რეალობას, რომელსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ. ის არ უყურებს ღმერთს, როგორც სრულყოფილებაში შეზღუდულს, პირიქით,  ბოროტებაა დანახული, როგორც მითითება, რომ ძლიერი ღმერთი ერთ დროს მიხედავს ამ საქმეს. 
 

ქრისტოლოგიურად შემსუბუქებული ბოროტება

ბოროტი შემთხვევები წამოჭრიან შეკითხვებს ღმერთის სიყვარულისა და სიკეთის შესახებ. ქრისტოლოგიური შეხედულების მცდელობა არ არის ბოროტების ახსნა. პირიქით, ის მიგვანიშნებს ჯვარზე იესოს სიკვდილზე, სადაც მან ჩვენი ცოდვების სასჯელი აიღო, როგორც პასუხი ღმერთის სიყვარულის შესახებ წამოჭრილ შეკითხვებზე. ქრისტეს ჯვარი მთლიანი არგუმენტი ხდება. ქრისტიანი, რომელიც დაბნეულია ტანჯვისა და ტრაგედიისგან, ამ ჯვრის აღებით სიმშვიდეს და ღმერთის სიყვარულსა და სიკეთეში დარწმუნებას ღებულობს. რამი ამ შეხედულებას უკავშირებს სერ რობერტ ანდერსონის წიგნს ღმერთის სიჩუმე , რომელიც დაიწერა  ქრისტიან სომეხთა დიდი დევნის შედეგად, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მოხდა. რამი ამბობს, რომ ანდერსონის მთავარი მიზანი ამ წიგნში იმის ჩვენება იყო, რომ ღმერთმა თავისი უდიდესი სიყვარული ადამიანის მიმართ ქრისტეს ჯვარზე სიკვდილის მეშვეობით გამოავლინა; სხვა რამის თქმა საჭირო არ არის: “ამიტომაც ქრისტიანის რეაქცია თავის ბოროტებაზე, სიმხეცესა და ბარბაროსობაზე ჯვარზე ღმერთის სიყვარულისადმი დაიმედებაა" (გვ.131). 

ბოროტების ქრისტოლოგიური შეხედულების კიდევ ერთი პროპონენტი არის კარლ ბართი, რომელიც სერ რობერტ ანდერსონის მსგავსად დარწმუნებული იყო, რომ არ არსებობს ბოროტების ირაციონალურობის რაციონალური ახსნა. ბართისთვის ქრისტეს ჯვარი საბოლოო პასუხია. ღმერთის უდიდესი სიყვარული ქრისტეს ჯვარზე ასვლით გამოვლინდა. თუ დამწუხრებული ქრისტიანი გოლგოთას შეხედავს, მიხვდება, რომ ცოდვასა და ბოროტებას იქ გაეცა პასუხი და ღმერთის დროს ის მთლიანად იქნება დაძლეული. ამჟამად რამი წერს “იესოს სისხლიანი ჭრილობები უფრო ძლიერია დასამშვიდებლად, ვიდრე ბოროტების სისხლიან ჭრილობებს შეუძლიათ ეჭვის ან იმედგაცრუების გამოწვევა" (გვ.134). 

დოქსოლოგიური ვერდიქტი

დოქსოლოგიური ვერდიქტი აღნიშნავს დანიელი თეოლოგის, გ.ქ. ბერკოუვერის შეხედულებას, რომელიც თეოდიციას ეხებოდა. ბარკოუვერისა და ბართის შეხედულებებში არსებობს მსგავსება, რადგან ორივე უარყოფს ფილოსოფიურ და რელიგიურ მიდგომებს, რომლებიც ბოროტების პრობლემის ახსნას ცდილობენ. თუმცა, ბარკოუვერი არ ეთანხმება ბართის მიერ სამყაროს შექმნისა ქრისტოლოგიურად ინტერპრეტაციას. მას სწამს, რომ ქრისტიანებმა უნდა დაინახონ სამყაროს ერთიანობა, როგორც ღმერთის საქებარი. ღმერთი გამარჯვებულია, რწმენა არის იმის გამოცხადება, რომ ყველა ხილული წინააღმდეგობის მიუხედავად მისი სიკეთის, ძალის, სიბრძნისა და დიდების მიმართ, ღმერთი მაინც გამარჯვებულია. ამ შეხედულებას დოქსოლოგიური ვერდიქტი ეწოდება,  რადგან ის აღნიშნავს, რომ ქრისტიანს შეუძლია მოვლენათა ეპიცენტრში  აქოს და ადიდოს ღმერთი. მერლინ ქაროტერსი თავის წიგნში, ძალა ქებაში , ამბობს: “ქება დაფუძნებულია აწმყოს, როგორც ღმერთის მოსიყვარულე და სრულყოფილი ნების მთლიანად და სიხარულით მიღებაზე. ქება არ არის დაფუძნებული იმაზე, რაზეც ვფიქრობთ, ან ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მოხდება" (1973,5). 

ესქატოლოგიური ვერდიქტი

ბოროტებასთან დაკავშირებული ესქატოლოგიური ვერდიქტი მიეწერება ფილოსოფოსს ემანუელ კანტს (1724-1804). მაშინ, როცა დოქსოლოგიური ვერდიქტი მიმართულია ამჟამინდელ სიძნელეებში მორწმუნის განმტკიცებაზე, ესქატოლოგიური ვერდიქტი მომავალზეა ორიენტირებული. მასში არ არის მცდელობა ამჟამინდელი ცხოვრების უწესრიგობის მოსაგვარებლად. ამ ცხოვრებაში ჰარმონიისა და სამართლიანობის ნაკლებობა ღმერთის ხელშია გადაცემული, ოღონდ სამომავლოდ და არა აწმყოსთვის. ამ ქვეყნიერებაზე სამართალზე ლოდინი სისულელეა, რადგან უსამართლობაზე გამარჯვება ამ ცხოვრების მომავალი დროისთვის არის შემონახული. ღმერთის სიკეთე, სიბრძნე და ძალა სრულყოფილად ხილული მხოლოდ ესქატოლოგიურად (დროის ბოლოს) გახდება. იმედი მნიშვნელოვანი სიტყვაა ამ შეხედულებაში. სწორედ იმედი აძლევს მნიშვნელობისა და მიმართულების გრძნობას მორწმუნეს, როცა ის გარშემორტყმულია გადაუწყვეტელი პრობლემებით, რომლებისთვისაც პასუხის პოვნა არ შეუძლია. 

მთავარი ბიბლიური მუხლები

 ახლა, როცა ვნახეთ სხვადასხვა ფილოსოფიური, რელიგიური და ქრისტიანული შეხედულებები ტანჯვისა და ბოროტების პრობლემასთან დაკავშირებით,  საჭიროა ვნახოთ ბიბლიური მუხლები ამ პრობლემებთან დაკავშირებით და გავიგოთ, რა შეგვიძლია მისგან ვისწავლოთ. ყურადღებით წაიკითხეთ მომდევნო ბიბლიური ადგილები, როცა ამ ქვეთავში შეხვდებით:
1. იობის წიგნი
2. ფსალმუნი 72
3. აბაკუმის წიგნი
4. ლუკას 13:1-5
5. რომაელთა 8:18-25
6. 2 კორინთელთა 4:16-18
7. გამოცხადების წიგნი

ძველი აღთქმა

ობის წიგნი

წმინდა წერილებში ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილია ბოროტების პრობლემის შესახებ. რამი არ ცდილობს ამ წიგნის დეტალურად განხილვას, არამედ გვაწვდის ოთხ თემას, რომლებიც გვეხმარება ამ წიგნის მნიშვნელობის გაგებაში.

1. ღმერთისადმი სიყვარულის საფუძველი . რამის თანახმად, იობის წიგნში ცენტრალური თემა ისაა, რომ იობის ღმერთისადმი სიყვარული დაფუძნებულია მხოლოდ ღმერთის არსებაზე, სრულყოფილებაზე, სიკეთესა და სამართალზე და არა იმ ამქვეყნიურ კურთხევებზე, რომლებიც მას, იობს ჰქონდა. როგორც რამი მიგვანიშნებს, უდიდესმა მისიონერულმა ევანგელისტმა, ჯონათან ედვარდსმა (1703-58) თავის უდიდეს ნაშრომში რელიგიური სიყვარულის ტრაქტატი, ამტკიცებს, რომ რწმენა სიყვარულს იჩენს ღმერთის მიმართ, როგორიც არის იგი და სახარების წმინდა უპირატესობისთვის. იობისა და ედვარდის თეზისი, როგორც რამი ამბობს, შემდეგია: “ნამდვილი რწმენა არ არის ჯილდოსთვის, არამედ თავად ღმერთისთვის". (გვ.137). იობი ვერ გაანადგურა ბოროტებამ, რადგან მისი რწმენა არ იყო დაფუძნებული მიწიერ კურთხევებზე, რომლის განადგურებაც ბოროტებას შეუძლია.

2. ესქატოლოგიური ინტერპრეტაცია : ეს თემა გადმოცემულია იობის 19:25-27ში. ყურადღებით წაიკითხეთ ეს ადგილები. ესქატოლოგიური თემის კრიტიკული იდეა ისაა, რომ ყველა ტანჯვა არ წარმოადგენს სასჯელს,  და რომ დარდი ყოველთვის არ არის ის შედეგი, რომელიც დატანჯულ ადამიანს ახასიათებს. ღმერთი ტანჯულს არ მიატოვებს აუცილებლად დაიცავს უდანაშაულოებს. იობი უდიდეს იმედს გამოთქვამს, რომ სიმართლე გაიმარჯვებს, რადგან სამართალი ღმერთის ხასიათის ნაწილია. იობს სურს იცხოვროს ბოროტებისა და ტანჯვის უეცარი შეპასუხების გარეშე, რადგან ის იცნობს ღმერთს და სწამს მისი.

3. ღმერთის უზრუნველყოფა . იობს სწამს ღმერთის ამჟამინდელი უზრუნველყოფისა. მართალია, მას არ შეუძლია თავისი ტანჯვის ახსნა, მაგრამ მას არა აქვს დაკარგული ნდობა წელიწადის დროების მონაცვლეობისა და სხვა გასაოცარი საშუალებების მიმართ, რომლებიც ღმერთს მოწყობილი აქვს სიცოცხლის მიმდინარეობისთვის. როგორც რამი გვეუბნება, იობისთვის ბოროტების პრობლემა გადაწყვეტილი კი არ არის, არამედ ის სწავლობს მასთან ერთად ცხოვრებას შემოქმედი ღმერთისადმი რწმენის გამო. ჩვენ ამის დამტკიცება სხვაგვარად შეგვიძლია: ცხოვრებისეული ქარიშხლებისა და დაბრკოლებების შუაგულში ის ფაქტი, რომ ღმერთი გადარჩენის საშუალებებს გვაძლევს, ესეც თავისთავად მისი მზრუნველობის მოწმობაა. ყოველ ჩვენგანს გვაქვს ღმერთისთვის სამადლობლის მიზეზი. პავლე ამას დარწმუნებით გვეუბნება: “ყველაფრისთვის მადლიერნი იყავით, ვინაიდან ეს არის თქვენს მიმართ ღვთის ნება ქრისტე იესოში" (1 თესალონიკელთა 5:18).

4. ბოროტების ინსტრუმენტალური ასპექტები . იობის წიგნის ეპილოგი იობს გვიჩვენებს ძალიან წარმატებულს იმ დროის კულტურის გათვალისწინებით. რამი ამაში ხედავს იმ პრინციპს, რომ არაფერი ვთქვათ  მიერ განცდილი ტანჯვაზე,  შემდეგ იობის დასასრულს არ ექნებოდა ის სიმდიდრე და მნიშვნელობა, რომელიც ღმერთს სურდა, რომ იობს გაეგო. 

ფსალმუნი 72

17-20 მუხლებში მეფსალმუნეს ახსენდება, რომ ბოროტეულნი მათი საქმეების მიხედვით გასამართლდებიან. ამის საპირისპიროც ჭეშმარიტია. დადგება დღე, როცა მართლები დაჯილდოვდებიან. მეფსალმუნეს ციტატად მოაქვს მთავარი პრინციპი, რათა ახსნას, თუ რატომ უნდა ჰქონდეთ ღმერთის მორწმუნეებს იმედი შუა განსაცდელების დროს: ღვთაებრივი გამოცხადებით. ღმერთი ნაჩვენებია, როგორც “მორალური დამცველი" (გვ.140).

აბაკუმი

აბაკუმის 2:1-4 მთავარი ადგილია ამ წიგნის გასაგებად. აბაკუმი მაღლა კოშკზე ადის, რათა ღმერთისგან სიტყვას დაელოდოს. მაგრამ როცა ღმერთი ელაპარაკება, ეუბნება, რომ გამოცხადება, რომელიც ახსნის ამჟამინდელ გაუგებრობას, სადაც თითქოს ბოროტებაა გაბატონებული, მაშინვე არ მოვა. ამ დროს წინასწარმეტყველს ამხნევებს ის, რომ ერწმუნოს უფალს, რადგან “მართალი თავისი რწმენით იცოცხლებს" (მ.4).
რამი ახალი აღთქმიდან პარალელურ მუხლს მოიშველიებს: ებრაელთა 19:32-39. აქ საუბარია ქრისტიანთა ტანჯვაზე. ღმერთის დაპირებას აქვს როგორც ესქატოლოგიური, ისე ქრისტოლოგიური მნიშვნელობა.  

ახალი აღთქმა

ლუკას 13:1-5

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის მიერ ცოდვის ჩადენას ტრაგიკული შედეგები მოაქვს მისთვის, იესომ ლუკას 13:1-5-ში აღწერილ მოვლენებზე თავის მოწაფეებს ასწავლა, რომ ტრაგედიები, ტკივილი და ტანჯვა აუცილებლად გარკვეული ჩადენილი ცოდვის შედეგი შეიძლება არ იყოს. მიუხედავად ამისა, რამი ამბობს: “ტრაგიკული მოვლენები ზოგადად ყველა ადამიანს ემართება, რადგან ადამიანები ცოდვილები არიან" (გვ.143). აგრეთვე, ღმერთი გაასამართლებს ადამიანთა ცოდვილს ქცევებს, თუ ისინი არ მოინანიებენ. 

რომაელთა 8:18-25

რომაელთა 8:18-25-ში მოციქული პავლე საუბრობს ქმნილების შესახებ, რომელიც ცოდვის გამო დამორჩილებულია ამაოებას, მაგრამ რომელიც გათავისუფლდება ხრწნილების მონობიდან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის." (მ.21). როგორც რამი მიგვანიშნებს, ამ მუხლების თეოდიცია ესქატოლოგიურია. პავლე იმის ახსნას კი არ ცდილობს, თუ რატომ იტანჯებიან მართალი ადამიანები, არამედ მომავალ იმედს გვისახავს. რამი გამხნევებას უყურებს, როგორც ინსტრუმენტალური ღირებულების მქონეს. 

2 კორინთელთა 4:16-18 2

კორინთელთა 4:16-18-ში მოციქული პავლე მორწმუნის “გახრწნის" გარეგნულ განცდას (რომელიც ემორჩილება ავადმყოფობას, ხრწნილებას და სიკვდილს) უპირისპირებს შინაგან მდგომარეობას “განახლდება დღითი დღე". 

გამოცხადების წიგნი

რამი გვიხსნის, რომ გამოცხადების წიგნის მთავარი მიზანი ჩვ.წ-ის 1 საუკუნეში დევნილი ქრისტიანების და ეკლესიის გამხნევება იყო. ის აგრეთვე აცხადებს: “წინააღმდეგობა სიკეთესა და ბოროტებას, ღმერთსა და ეშმაკს, წმინდანებსა და მდევნელებს, ანგელოზებსა და დემონებს შორის ყველაზე სრულყოფილად არის გამოცხადებული და ნაჩვენები წმინდა წერილების სხვა ნაწილებთან შედარებით" (გვ.145).

გამოცხადების წიგნში რამი ხედავს ბოროტების პრობლემაზე ყველა პასუხის ერთობლიობას. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ბოროტი ადამიანი დაისჯება და ყველა ბოროტი საქმე გასამართლდება. ყველა მართალი ადამიანი და ყველა მართალი საქმე დაჯილდოვდება. ჯოჯოხეთი იმ ადამიანთა ჯილდოა, ვინც ბოროტი, ცოდვილი, ამორალური და ღმერთის მოწინააღმდეგეა. სამოთხე მართლებისთვის სრულყოფილი სიხარულისა და კმაყოფილების ადგილია. ყველაფერი, რაც ბოროტია, მოიკვეთება ზეციდან. ღმერთი უკანასკნელი გამარჯვებულია, იესო კი ტრიუმფალური ლომი იუდას ტომიდან. 

შემოთავაზებული ბიბლიური სინთეზი

უკვე გავეცანით ბოროტების პრობლემის სხვადასხვა განზომილებას და ვნახეთ რამდენიმე სერიოზული მუხლი, რომლებიც მიგვანიშნებდნენ ტანჯვების სიძნელეებზე. ახლა მივყვების პოლ ლითლის განხილვას და ვეცდებით, ამ პრობლემას ბიბლიური სინთეზი გავუკეთოთ.

თავისუფლება და არჩევანი

ლითლი იწყებს ადამიანის ბუნების განხილვით, რომელსაც გვიხატავს, როგორც ღმერთის განსაკუთრებული ქმნილების შედეგს.  (როცა ადამიანის ბუნებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ ყველა ადამიანს, მამაკაცსა და დედაკაცს.) ის, რაც ადამიანს უნიკალურ ქმნილებას ხდის, ისაა, რომ იგი ღმერთის ხატად შეიქმნა და მას მორალური ბუნება გააჩნია. ღმერთის განზრახვა იყო, რომ ადამიანს შეძლებოდა მასთან ურთიერთობა  თავისი არჩევანის მიხედვით. ასეთი არჩევანი ადვილად უნდა გაკეთებულიყო ღმერთის მიერ ადამიანის სიყვარულის გამო. ამიტომაც, მან ადამიანს მისცა ძვირფასი, მაგრამ სარისკო საჩუქარი თავისუფლებისა. მორალური გადაწყვეტილებების მიღების თავისუფლების გარეშე ადამიანი აღარ იქნებოდა ადამიანი. 

აქ მნიშვნელოვანია ვახსენოთ, რომ ბოროტება არ არის საგანი . არ უნდა დაისვას შეკითხვა: “ღმერთმა შექმნა ბოტორება" ბოროტება არ არის ისეთი რამ, რისი შექმნაც შესაძლებელია. უფრო კარგი იქნება იგი აღვწეროთ, როგორც ძალა ან ურთიერთობა – მოუწესრიგბელი ურთიერთობა – და არა საგანი . მისი პირადი არჩევანის შედეგია ის, რომ ადამიანი ღმერთთან მოუწესრიგებელ ურთიერთობაში შევიდა. ის ფაქტი, რომ ღმერთმა ადამიანი მორალური არჩევანის უნარით დააჯილდოვა, ავტომატურად არ აკისრებს ღმერთს იმაზე პასუხისმგებლობას, რასაც ადამიანი ამ ძალით გააკეთებს.

დააკვირდით რომაელთა 1 თავში რამდენიმეჯერ გამეორებულ ფრაზას “მან გადასცა ისინი" (მმ.24, 26, 28). როცა ადამიანი დაჟინებით წინ აღუდგება იმ სინათლესა და სიყვარულს, რომელსაც ღმერთი აძლევს, მაშინ ღმერთი დაუშვებს, რომ ეს ადამიანი ისეთად იქცეს, როგორადაც მოითხოვს. ბოლოს ღმერთი მას მიატოვებს. საშინელი ბედისწერა იმ ადამიანებისა, რომლებიც საკუთარი არჩევანით გამორიცხავენ სულიწმიდის ყველა მხილებას, ისაა, რომ ისინი იმად გადაიქცევიან, როგორადაც გახდომა შეუძლიათ ღმერთის გარეშე. ჯოჯოხეთი დასახლებულია იმ ადამიანებით, რომელთაც ხელი ჰკრეს ღმერთს თავიანთი ცხოვრებიდან და საბოლოოდ მიიღეს, რასაც მოითხოვდნენ. მხოლოდ საკუთარი თავისთვის, და არა ღმერთისთვის, ცხოვრების ტირანია და სასჯელი გასაფიქრებლადაც საშინელია.

რომაელთა 1 თავი გრაფიკულად გვიჩვენებს მორალური ბოროტების ისტორიულ გამოვლენას. დაბადების 3 თავი გვიყვება ბუნებრივი ბოროტების შესახებ. ადამიანის არჩევანმა, რომ ღმერთს არ დამორჩილებოდა, არამარტო საკუთარი მორალური ბუნება გახრწნა, არამედ მოშალა მთელი შექმნილი სამყარო, მისი გარემოცვა. ფიზიკური ტანჯვა წმინდა წერილებში დახატულია, როგორც ადამიანის ცოდვილი არჩევანის შედეგი. 

გასამართლება და სატანა

ღმერთის მიერ ცოდვის დასჯის შესახებ საუბრისას ლიტლი მიგვანიშნებს, რომ მოდის დრო, როცა იგი მოსპობს ბოროტებას სამყაროში და გაასამართლებს ეშმაკს და მთელ მის საქმეებს. ეს იქნება მარადიული სასჯელი. შემდეგ ლითლი ამბობს: “ღმერთს დღეს რომ მოესპო ბოროტება, ის სრულყოფილ საქმეს გააკეთებდა… მისი ქმედება სრულყოფილი იქნებოდა და მასში შესული იქნებოდა ჩვენი ტყუილები და უწმინდურებები, ჩვენი უსიყვარულობა და სიკეთის კეთების უუნარობა" (გვ.132-133). 

ფსალმუნი 102 გვეუბნება, რომ ღმერთის სასამართლო მისი მადლითა და წყალობით შერბილებულია. წაიკითხეთ ეს ფსალმუნი და ყურადღება გაამახვილეთ 8 და 10 მუხლებზე: “შემბრალე და ლმობიერია უფალი, სულგრძელი და მრავალმოწყალე, არც სამუდამოდ იდავებს და არც საუკუნოდ გაწყრება. არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა".

ეს მუხლები წარმოგვიდგენს ღმერთის სასამართლოსთან დაკავშირებულ ორ მნიშვნელოვან სიტყვას: წყალობა და მადლი . წყალობა არის სასჯელის შეჩერება : “არც ჩვენი ცოდვების მიხედვით მოგვაგო და არც ჩვენი ბრალისამებრ გადაგვიხადა". ეს არ ნიშნავს იმას, რომ ცოდვის გამო მისი რისხვა არ გადმოვა, არამედ რომ ის გადაიდება და გვერდს აგვიხვევს. ღმერთი, როგორც წმინდა ღმერთი, უნდა მოქმედებდეს ცოდვის საპირისპიროდ. თავის წყალობაში მან ისე შეაჩერა და აგვარიდა რისხვას, რომ ცოდვილი ადამიანის ნაცვლად ის მის ძეზე, იესო ქრისტეზე გადადის.  

 მადლის მეშვეობით ღმერთი გვაძლევს იმას, რასაც არ ვიმსახურებთ: ის გვაჯილდოვებს იესო ქრისტეს სიმართლით, ასე რომ, მის წინაშე ჩვენი გახრწნილი სამოსით შემოსილები კი არ ვდგავართ, არამედ ქრისტეს სრულყოფილი სიმართლით (გალატელთა 3:26-27). ეს შესანიშნავი საჩუქარი უბრალოდ იესო ქრისტეს რწმენით მიიღება. განა ეს შესანიშნავი არ არის? მაშასადამე, ვხედავთ, რომ ღმერთი წმინდაა და ის ასამართლებს ცოდვას. ბოროტება დაუსჯელი სამუდამოდ არ იქნება. მაგრამ ის ასევე უდიდესი სიყვარულის ღმერთია. წყალობა და მადლი მისი სიყვარულის გამოხატულებებია. დღესაც წყალობის დღეა. ის ფაქტი, რომ საბოლოო სასამართლო ჯერ არ ყოფილა, იმის მანიშნებელია, რომ უფლის მიერ შემოთავაზებული პატიება ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია. 

ბოროტების საკითხის მნიშვნელოვანი თემა სატანის როლია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლია დაწვრილებით არ გვეუბნება სატანის ამბოხების შესახებ, ნათელია, რომ სანამ დაბადების 1 და 2 თავში მოთხრობილი ამბები მოხდებოდა, უკვე შექმნილმა პიროვნულმა არსებებმა – ანგელოზებმა  მორალური გამოცდა გაიარეს. ადამიანის მსგავსად, ისინიც არჩევანის თავისუფლებით შეიქმნენ. ამ გამოცდის დროს ამ არსებათა ერთი მესამედი აჯანყებული ლიდერის, ლუციფერის, “განთიადის ძის" მხარეზე გადავიდნენ (ესაიას 14:12).

ღმერთმა დასაჯა მათი ბოროტი მოქმედება და ეს ანგელოზები ზეციდან გამოყარა. აშკარაა, რომ სატანას თავისუფლების შეზღუდული სფერო მიეცა სამოქმედოდ, რომელშიც შედის დღეს ადამიანთა გონებაზე მიწვდომა. ის არის გამანადგურებელი, მაცდური და მტერი (მათეს 13:24-28).

დღევანდელ სამყაროში სატანა მართლაც მრავალი ავადმყოფობისა და ტანჯვის მომტანია. მართლაც უგუნურია ის ქრისტიანი, რომელიც არ ცნობს, რომ ის ცბიერი მტერია. ის დამარცხდა გოლგოთაზე, მაგრამ ჯერ არ არის მომსპარი. ეფესელთა 6:10-18 პრაქტიკული გზით წარმოგვიდგენს იმ აღჭურვილობას, რაც მორწმუნეს უნდა ჰქონდეს ამ მტრის წინააღმდეგ.
 

ღმერთის პირადი მოქმედება ქრისტიანული გამოცხადება დიდად განავრცობს ბოროტების პრობლემას. ღმერთი პიროვნული არსება შემოდის ბრძოლაში. ბიბლია ღმერთს გვიხატავს არამარტო როგორც შემოქმედს, არამედ როგორც გამომსყიდველს. ღმერთი, რომელმაც ადამიანი თავის ხატად შექმნა და მას კეთილისა და ბოროტის დიდი არჩევანი მისცა, იგივე ღმერთია, რომელმაც მოაწყო ადამიანის განთავისუფლება დანაშაულისგან. იესო ქრისტეს მეშვეობით ცოდვის ჩამოშორება მთელი ისტორია მთავარი საკითხია. გოლგოთაზე ღმერთი მოქმედებდა ცოდვის ძალის დასანგრევად. რომაელთა 8:32 გვეუბნება, რომ ღმერთი პირადად ჩაება ჩვენი სიძნელეების საქმეში

ამიტომაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ეპოქა ჯერ კიდევ ატარებს სატანის გავლენას, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება უკვე მოპოვებული იქნა გოლგოთის მთაზე. მეტიც, მომავალში ღმერთი საერთოდ მოსპობს ბოროტებას. მისი გამოცხადება, დაწერილიც და ცოცხალიც, გვიცხადებს მის სიკეთეს, სიბრძნესა და ძალას.
ჩვენთვის არ არის აუცილებელი ღმერთის საქმიანობის ყველა დეტალის ცოდნა, და არც კონკრეტული მიზეზების ცოდნა იმ  ტრაგედიების გამო, რომლებიც ჩვენზე მოდის. თუმცა, ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი გამოცხადება, რომ ქრისტეში ღმერთმა ჩენი საჭიროებები სიყვარულით, წყალობითა და მადლით აღავსეს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.