ღმერთის სახელები | ქრისტიანი.ge

ღმერთის სახელები

ბიბლიის ეპოქაში და მისი კულტურის პირობებში სახელს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ყოველ ებრაულ სახელს თავისი მნიშვნელობა ენიჭებოდა და ბავშვის ცხოვრებაში ის დიდ როლს ასრულებდა. ამიტომ ებრაელები ფიქრობდნენ, რომ სანამ ადამიანს კარგად გაიცნობდნენ, უნდა სცოდნოდათ მისი სახელი. მიუხედავად იმისა, რომ სახელებს შეეძლოთ გამოეხატათ კონკრეტული ხასიათის შტრიხები, ისინი მაინც ვერ იძლეოდნენ ადამიანის ხასიათის სრულ სურათს, რომელიც მთელი მისი ცხოვრებით განისაზღვრებოდა. მაგალითად, იაკობი, რომლის სახელი ნიშნავდა “არამზადა წამგლეჯს", ისრაელი გახდა, რაც “ღვთის უფლისწულად" ითარგმნება. მაშინ აღარაა გასაკვირი ის, რომ ღმერთი უფრო სრულყოფილად უცხადებდა თავს ადამიანებს თავისი სახელების მეშვეობით, რადგან ადამიანები სახელებს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ისინი ღმერთის ხასიათს უფრო კარგად იმიტომ აღიქვამდნენ, რომ მისი სახელები ავლენდა მის ბუნებას. 

ღმერთის პიროვნული სახელები 

ელოჰიმი (ებრაულად: אֱלֹהִים)

ბიბლიაში მოხსენიებული ღმერთის პირველი სახელი არის ელოჰიმი. ჩვენ სრულად არ ვართ დარწმუნებული ამ სიტყვის ძირეული მნიშვნელობის სიზუსტეში, მაგრამ სავარაუდოდ იგი ძალასთან უნდა იყოს დაკავშირებული. თვით სიტყვა მრავლობით რიცხვში დგას და დიდობის ან უზარმაზარობის იდეას ქმნის. ის შეიძლება აღნიშნავდეს “ზეციურ ქმნილებებსაც" (როგორც ფს. 8:6-შია ნახსენები) ან წარმართულ ღმერთს ან ქალღმერთს, როგორც III მეფ. 11:33-შია აღნიშნული) თუმცა, ამის მსგავსი რამდენიმე მაგალითის გარდა, ელოჰიმი ჩვეულებრივ ისრაელის ღმერთის აღსანიშნად იხმარება. ზოგიერთი მკვლევარი ამ სახელს ღმერთის ყოვლისშემძლეობას უკავშირებს.
მწერალი იყენებს სიტყვა ელოჰიმს როცა ამბობს: “დასაწყისში შექმნა ღმერთმა ცა და მიწა" (დაბად. 1:1), და ის აგრძელებს ამ სიტყვის გამოყენებას დაბადების წიგნში, განსაკუთრებით კი პირველ თავში. სხვა მწერლები ამ სიტყვას მიმართავენ ძველი აღთქმის სხვადასხვა წიგნებში. ფაქტობრივად, ერთადერთი სახელი, რომელსაც ისინი უფრო ხშირად იყენებენ ძველ აღთქმაში, არის იაჰვე. ასე ხშირად სახელი “ელიჰიმის" გამოყენება დაბადების წიგნში მიანიშნებს იმაზე, რომ მწერალი ღმერთს გვიხატავს, როგორ სამყაროს ყოვლისშემძლე შემქმნელს. ამრიგად, ღმერთმა თავისი თავი გამოგვიცხადა როგორც ძლიერი შემოქმედი, რადგან ყოველივე არსებული მან შექმნა  და ინახავს. ღმერთმა აგრეთვე გაგვიცხადა თავი, როგორც ყოველი ძალის მქონე ღმერთი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახელი ელოჰიმის მეშვეობით. ეს გამოცხადება უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როცა ვხედავთ, რომ ელოჰიმი ბიბლიაში გამოყენებულია წარმართული ღვთაებების აღსანიშნად. როგორც ეს ფს. 95:5 და 96:7-შია ნახსენები, მეფსალმუნე ამ მნიშვნელობით იყენებს სიტყვას “ღმერთები" (ელოჰიმ). სავარაუდოდ, როდესაც ადამიანებმა ზურგი შეაქციეს ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს ისინი სახელ ელოჰიმს იყენებდნენ მათი ღმერთებისა და კერპების სახელებად. ისეთ ღვთაებებს ეთაყვანებოდნენ, როგორებიც სურდათ; ამრიგად, ეს ღმერთები არ იყვნენ ჭეშმარიტნი. ფაქტობრივად, მათ არ გააჩნდათ არანაირი რეალური ძალა, რადგან უბრალოდ ხის ან ქვის უსიცოცხლოს ფორმას წარმოადგენდნენ. ამრიგად, ბიბლია ღმერთის ყოვლისშემძლე ძალას უპირისპირებს კერპების უძლურებას. მიუხედავად იმისა, რომ ფარაონის ჯადოქრები ცდილობდნენ, მიებაძათ ღმერთის სასწაულებრივი ნიშნებისთვის, ნამდვილმა გამოცდამ მოგვიანებით აჩვენა ეგვიპტური ღმერთების უძლურება. (შეადარეთ გამოსვლის 7:10-13,19-22; 8:6-7, 16-19). ამრიგად, არანაირი მსგავსება არ იყო წარმართთა ღმერთებსა და ელოჰიმს შორის, რომელიც ისრაელს თავისი ძლიერებით მიუძღვოდა წინ. ვინაიდან ძველი აღთქმა ებრაულ, ახალი აღთქმა კი ბერძნულ ენაზე იწერებოდა, სიტყვა ელოჰიმი აღარ გვხვდება ახალი აღთქმის ტექსტში. თუმცა, ელოჰიმის ბერძნული ეკვივალენტი ახალ აღთქმაში არის თეოს, რომელსაც იგივე მნიშვნელობა აქვს. თეოსი არის ღმერთის ზოგადი, პიროვნული სახელი. 

იაჰვე (ებრაულად: יהוה)

სახელი იაჰვე ანუ იეჰოვა აღნიშნავს, რომ ღმერთი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვის წარმოშობის საკითხი ზუსტად ცნობილი არ არის, ამას ვერ ვიტყვით მის გამოყენებაზე. წმინდა წერილის ავტორები სახელ იეჰოვას იყენებენ ღმერთის არსებობის დასამტკიცებლად. შუა საუკუნეების ერთ-ერთი ებრაელი მკვლევარი აღნიშნავდა, რომ წმინდა წერილებში მოყვანილი ღმერთის ყველა სახელი გადმოსცემდა ღმერთის საქმეებს, გარდა ერთისა, და ეს სახელი იაჰვეა. ის ამბობს, რომ იაჰვე “ადვილად გასაგები სახელია", რადგან გარკვევით მიგვანიშნებს ღმერთის არსებობას. მისი შეხედულებით სახელი იაჰვე დაკავშირებულია ღმერთის არსებობასთან, ყოფნასთან და რაობასთან. ახლა ყურადღებით გადავამოწმოთ გამოსვლის 3:13-14 და ვნახოთ, ვეთანხმებით თუ არა ამ შეხედულებას. აქ მოსე ეკითხება ღმერთს, თუ რა უნდა უთხრას ისრაელიანებს, როცა ისინი ღმერთის სახელის შესახებ ჰკითხავენ. ღმერთი მას პასუხობს: “მე ვარ რომელიც ვარ. ასე უთხარი ისრაელის ძეთ მე ვარმა მომავლინა – თქო თქვენთან" (გამოს. 3:14), ვინაიდან სახელი მე ვარ  აღნიშნავს ღმერთის არსზე, ის გარკვევით მიუთითებს მის არსებობას.

სახელი იაჰვე ყველა სხვა სახელზე უფრო ხშირად გვხვდება ბიბლიაში. მისი ახალი აღთქმისეული ეკვივალენტი არის კურიუსი, რომელიც ითარგმნება როგორც “უფალი". პირველ გაკვეთილში აღვნიშნეთ, რომ ბიბლიის მკვლევარები ვერ თანხმდებიან სიტყვა იაჰვეს ზუსტი წარმომავლობის შესახებ, რომელიც ინგლისურში ჯეჰოვას ტრანსლიტერაციული სახით გვხვდება. ზოგი ამბობს, რომ ეს სახელი “ყოფნა" ზმნისგან მოდის, სხვები კი ირწმუნებიან, რომ მას საფუძვლად ზმნა “გახდომა, ქცევა" უდევს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სიტყვა არსებობას აღნიშნავს. (შესაძლოა, დაგჭირდეთ I გაკვეთილის გადამეორება, რომელიც დაგეხმარებათ ამ საკითხის უკეთ გაგებაში).

ტერმინი იაჰვე ბიბლიაში პირველად ღვთივშთაგონებულმა მწერალმა გამოიყენა დაბად. 2:4-ში, სადაც სახელები იაჰვე და ელოჰიმი ერთმანეთთან დააკავშირა. ამ მუხლში იაჰვე ითარგმნება როგორც “უფალი" ხოლო ელოჰიმი – როგორც “ღმერთი". ღმერთმა თავიდანვე განაცხადა თავისი თავი, როგორც არსებობისა და ძალის ღმერთი. შემდეგ, იესომ განამტკიცა ეს ჭეშმარიტება თავისი მსახურების პერიოდში, როგორც ეს ახალ აღთქმაში, იოანეს 8 თავშია მოხსენიებული. აქ იესო იუდეველებს ელაპარაკება თავისი მოწმობის საფუძვლიანობის შესახებ. თანდათანობით დიალოგი უფრო მწვავე და იმპულსური გახდა. იესოს საუბარს ებრაელებისგან უფრო უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. როცა იესომ თქვა, რომ აბრაამმა იხილა მისი დღეები და “გაიხარა" (56 მუხლი), მათ უკმაყოფილებით წამოიძახეს: “ჯერ ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს? (მუხლი 57). იესომ უპასუხა: “სანამ აბრაამი იქნებოდა, მე ვარ!" (მუხლი 58), იუდეველები აღშფოთდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ “მე ვარ" სახელის გამოყენებით იესო თავს ღმერთად აცხადებდა. ისინი იმასაც მიხვდნენ, რომ სახელი “მე ვარ" ღმერთის არსებობისა და ყოფნის შესახებ განცხადება იყო.

გამოსვლის 3:14-ში ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებული ურთიერთობის დასაწყისს ღმერთსა და ისრაელის ძეებს შორის, მათი ურთიერთობის ქვაკუთხედი სახელი “იაჰვეა." ღმერთმა მათ თავისი თავი ამგვარად განუცხადა, როგორც მოწმობა იმისა, რომ მოსესა და მისი ხალხისთვის ის ღმერთი იქნებოდა, ვინც მათი წინაპრებისთვის იყო. მისი სახელი იყო “მე ვარ" და ის არასოდეს შეცვლილა. ამ კუთხით “იაჰვეს" მნიშვნელობა უფრო გარკვეულია გამოსვლის 6:2-3-ში, სადაც ღმერთი ამბობს: “მე ვარ უფალი! მე გამოვეცხადე აბრაამს, ისააკს და იაკობს ყოვლადძლიერ ღმერთად, და ჩემი სახელით – უფლით – არ გავეცანი მათ." ამრიგად, სახელი იაჰვე იყო ის საფუძველი, რომელზეც განსაკუთრებული ურთიერთობა დამყარდა. 

ადონაი

ახლახანს უკვე ვნახეთ, რომ ღმერთსა და მის რჩეულ ხალხს შორის ურთიერთობა დაფუძნებული იყო სახელზე იაჰვე. თუმცა, მოგვიანებით, ურთიერთობის გაღრმავებასთან ერთად ადამიანებმა დაიწყეს სახელის “ადონაი" გამოყენება, რაც ნიშნავს “ჩემი უფალი", ან “ჩემი ბატონი". ადონაი აღნიშნავს იმას, რომ ღმერთის ხალხი მთლიანად ღმერთზე არიან დამოკიდებულნი და დამორჩილებულნი. ამრიგად, როცა ადამიანი სიტყვა “ადონაის" იყენებდა, ის აცხადებდა ღმერთის უფლობას მის ცხოვრებაზე, ისე როგორც მონა აღიარებს თავის ბატონს, რადგან იგი ყველაფერში მასზეა დამოკიდებული.

იბლიის მწერალი სახელს “ადონაი" პირველად ღმერთსა და აბრაამს შორის საუბრისას იყენებს (დაბად. 15:1-8). ამ დროს უფალმა თქვა: “ნუ გეშინია, აბრამ, მე ვარ მფარველი შენი. ძალზე დიდია შენი საზღაური (მუხლი 1). აბრამმა უპასუხა: “ბატონო უფალო, რა შეგიძლია მომცე, როცა უშვილოდ გადავდივარ?" (მუხლი 2). ამ და მე-8 მუხლში მწერალი იყენებს ებრაულ სახელებს ადონაი იაჰვე, რაც ითარგმნება, როგორც “უზენაესი უფალი". ამრიგად, აბრაამი ხვდებოდა, რომ ღმერთი, რომელმაც აღთქმა დაუდო მის წინაპრებს, მისი სუვერენული მმართველი და ბატონიცაა.

ღმერთის ერი სახელ ადონაის გამუდმებით იყენებდა პატრიარქებისა და წინასწარმეტყველების პერიოდში. და ეს სახელი ყველაზე ხშირად მოიხსენიებოდა, როცა ადამიანები ღმერთის შესახებ საუბრობდნენ. მაგალითად: ეზეკიელი სხვა წინასწარმეტყველებთან შედარებით ყველაზე ხშირად იყენებდა სახელს ადონაი. ფაქტობრივად, ეზეკიელის წიგნში ის 200-ზე მეტჯერ იყენებს სახელს ადონაი იაჰვე. წინასწარმეტყველებს მართლაც ღრმა ცოდნა ჰქონდათ თავიანთი ღმერთის უფლობის შესახებ. ამასთანავე, სახელი ადონაი გვიჩვენებს იმ ურთიერთობას, რომელიც ღმერთს სურს, რომ ჩვენთან ჰქონდეს. ის არამარტო ჩვენი მამაა, არამედ ჩვენი უფალიც. ჩვენ არამარტო მისი შვილები ვართ, არამედ მისი მსახურებიც. მეტიც, ახალ აღთქმაში მსგავს ფაქტს ვხვდებით. იქ ბერძნული სიტყვა კურიოს აღნიშნავს ქრისტეს უფლობას. ამიტომ ხშირ შემთხვევაში მოციქული პავლე საკუთარ თავს სახარების მონას და იესო ქრისტეს მსახურს უწოდებს.

სიტყვა ადონაი ბიბლიაში აგრეთვე გამოიყენება ადამიანებს შორის ურთიერთობების აღსაწერად. მაგალითად, დაბადების 24:12-ში მსახური აბრაამს მიმართავს “ადონაის" “ბატონის" სახელით. მსახურმა იცოდა, რომ აბრაამის სრული კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა; ამიტომ მან შეითავსა მსახურის როლი იმით, რომ ემორჩილებოდა აბრაამს და ზუსტად იმას აკეთებდა, რაც მის ბატონს სურდა. ჩვენს ზეციერ მამასთან ურთიერთობისთვის ბევრი რამ შეგვიძლია ვისწავლოთ მსახურსა და ბატონს შორის დამოკიდებულებისგან. თუ ჩვენ გვინდა, რომ ღმერთის ჭეშმარიტი მსხურები ვიყოთ, მთლიანად მას და მის ნებას უნდა დავემორჩილოთ. 


ღმერთის აღწერილობითი სახელები

ძალაუფლების სახელები

ელი

ზოგიერთი ბიბლიის მკვლევარი ღმერთის სახელს ელი, ელოჰიმთან აკავშირებს. ისინი ამტკიცებენ, რომ ორივე სახელი ერთი და იგივე ფუძიდან წარმოდგება, რომ ელი მხოლობით რიცხვში მდგარი ფორმაა, ელოჰიმი კი – მრავლობითში. ელის კარგი განმარტებაა “იყო ძლიერი". ამ განმარტებაში იგულისხმება ძალაუფლება, სადაც ღმერთი წარმოდგენილია ძალაუფლების ღმერთის სახით, რომელიც თავისი ნების თანახმად მოქმედებს. ელი გვიჩვენებს ყოვლისშემძლეობის თვისებას, რაც ნიშნავს, რომ ღმერთი ყოვლადძლიერია. მას ნებისმიერი რამის გაკეთება შეუძლია, რაც მის ნებას ეთანხმება.

ელი, როგორც ღმერთის სახელი, ხშირად ცალკე გვხვდება როგორც დამოუკიდებელი სიტყვა. ხშირად იგი სხვა აღწერილობით სიტყვასთან ერთადაც გამოიყენება, რითაც უკეთ ვლინდება ღმერთის რომელიმე თვისება, როგორც ეს სახელ ელშადაი-ში ჩანს, რომელიც ახსნილი იქნება მომდევნო ნაწილში.

თქვენ შეგიძლიათ სახელი ელი ძველ აღთქმაში ნახოთ, უფრო ხშირად კი იობის წიგნში და ფსალმუნებში. მას იშვიათად ნახავთ ისტორიულ წიგნებში და საერთოდ ვერ ნახავთ ლევიანთა წიგნში. ელოჰიმთან შედარებით ელი უფრო ნაკლებადაა გამოყენებული.

მოკლედ რომ ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ელი და ელოჰიმი შეიძლება წარმოშობით მონათესავე სიტყვები იყოს, ისინი გარკვეულწილად სხვადასხვაგვარად გამოიყენება. ორივე სახელი გვიცხადებს ღმერთის ყოვლისშემძლეობის თვისებას. მაშინ როდესაც ელოჰიმი უფრო ზოგადი პიროვნული სახელია და მასში დევს ყოვლადძლიერების იდეა, ელი, ჩვეულებრივ, გამოიყენება  ღმერთის ძალისა და ყოვლისშემძლეობის განსაკუთრებით აღნიშვნისას. 

ელ შადაი

ტერმინი ელ შადაი, “ყოვლისშემძლე", აგრეთვე წარმოგვიდგენს ღმერთის ყოვლისშემძლეობას. ეს სახელიც ღმერთს გვიცხადებს, როგორც შეუზღუდავი ძალისა და შესაძლებლობების მქონე ღმერთს. ახალი აღთქმისეული ბერძნული სიტყვა პანტოკრატორ იგივე აზრს გვაწოდებს. ორივე სახელი აღნიშნავს “შეუზღუდავ ძალას და სუვერენულობას". ბევრ შემთხვევაში ბიბლიის მწერლები ელ შადაის იმისთვის იყენებენ, რათა დაანახონ ღმერთის სიუხვიდან უზრუნველყოფა. თუმცა, ზოგჯერ ღმერთი უზრუნველყოფს ისეთი გზებითაც, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება და ეს უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ ის ყოვლადძლიერია.

ელ შადაი დაბადების წიგნში 6-ჯერ არის ნახსენები: 17:1, 28:3, 35:11, 43:14, 48:3, და 49:25. ყველა ამ ადგილებში გარდა 43:14-ისა, მწერალი ელ შადაის უკავშირებს ღმერთის აბრაამისადმი დაპირებას მისი თესლის გამრავლების შესახებ. თავდაპირველად, თითქოს ისე ჩანდა, რომ ამ დაპირების შესრულება შეუძლებელი გახლდათ, რადგან აბრაამი 99 წლისა და უშვილო იყო. ეს სიტუაცია აშკარად მოითხოვდა ყოვლისშემძლის ჩარევას. მიუხედავად ამისა, ღმერთმა საზეიმოდ აღუთქვა, ამ დანაპირების შესრულება საკუთარ თავზე აეღო თავისი სახელის – “უფალი ყოვლისშემძლის" საფუძველზე (დაბად. 17:1).

იობის წიგნში უფრო ხშირადაა ელ შადაი ნახსენები, ვიდრე ნებისმიერ სხვა ძველაღთქმისეულ წიგნში. ფაქტობრივად, მთლიანად ძველ აღთქმაში ეს სახელი 48ჯერაა მოხსენიებული და ამათგან 31 იობის წიგნშია. აქ მწერალი ელ შადაის უფრო სხვა დანიშნულებით იყენებს, ვიდრე დაბადების წიგნის ავტორი. მაგალითად, იგი “ყოვლისშემძლეს" იყენებს წვრთნის სასჯელთან (იობ. 6:4), რისხვასა (21:20), და სამართალთან დაკავშირებით (27:13). ამ მაგალითებში, ღმერთი ყოვლისშემძლეა იმ გაგებით, რომ მას გააჩნია უმაღლესი სუვერენულობა. ჩვენ იგივე აზრს ვხედავთ ესაიას 13:6-ში, იოელ. 1:15-ში, და ფსალმ. 67:14-ში. ამრიგად, ტერმინი ყოვლისშემძლე გამოხატავს ღმერთის შესაძლებლობას და ძალას, რომ გააკეთოს ნებისმიერი რამ, რაც ნებავს.

ახალი აღთქმის მწერლები ღმერთის ყოვლისშემძლეობის აღსაწერად იყენებენ ეკვივალენტ ტერმინს “პანტოკრატორი". ამრიგად, გამოც. 15:3-ში, ყოველი ერი თაყვანს სცემს ღმერთს და აცხადებს მის სამართლიან საქმეებს, რადგან მისი სასჯელები სრულდება და მისი ხალხი გამარჯვებულია. შემდეგ მისი ყოვლადმზრუნველი ხასიათი მჟღავნდება II კორ. 6:18-ში, როდესაც იგი გვპირდება, რომ შეასრულებს პასუხისმგებელი და მზრუნველი მამის როლს. და ბოლოს, ღმერთის ძალა ვლინდება მისი რისხვით, რომელსაც ავლენს უღმერთოების მიმართ ქვეყნიერების ბოლო ჟამს, გამოცხადების 19:15-ში. ორივე აღთქმაში მოხსენიებული ტერმინი “ყოვლისშემძლე" გამოხატავს ღმერთის ძალას, რომელსაც ის ავლენს თავისი ნების აღსრულებაში. ამრიგად, ღმერთი მოქმედებს შეუზღუდავი ძალით მართალთა სასარგებლოდ და ის იგივე შეუზღუდავი ძალით სჯის უმართლოებს. ალბათ, შეამჩნიეთ ღმერთის სახელებიდან რამდენი აღნიშნავს მის ყოვლისშემძლეობის თვისებას. თითოეული მათგანი მას სხვადასხვა კონტექსტში და სხვადასხვა დატვირთვით გვიჩვენებს. თუმცა ჩანს, რომ მისი მიზანი იგივეა.
 

განდიდების სახელები

ელიონი

სახელი ელიონი ნიშნავს “განდიდებულს" და ზუსტი მნიშვნელობით აღნიშნავს  "ყველაზე მაღალ ღმერთს". სიტყვა განდიდებული ნიშნავს საგანს ან ადამიანს, რომელიც ამაღლებული ან აღზევებულია. II რჯულის 26:19, მაგალითად, ის აღნიშნავს ღმერთის დაპირებას ისრაელის განდიდებაზე მის ირგვლივ მყოფ ყველა ერს შორის. როდესაც სიტყვა ელიონი გამოიყენება როგორც ღმერთის სახელი, ის ნიშნავს, რომ ღმერთი განდიდებულია ყველა ღმერთებზე მეტად და ის ყველა სხვა არსებებსა და საგნებზე მაღლა დგას. დაბადების 14:18-19-ში აღნიშნულია, რომ მელქისედეკი იყო “მაღალი ღმერთის მღვდელი". აქ წმინდა წერილი ღვთის სახელის მეშვეობით გვიჩვენებს, რომ ღმერთი გაცილებით მაღლა დგას ყველა, ეგრეთ წოდებულ, ღმერთზე, რომელთაც წარმართები ეთაყვანებოდნენ. ამის საპირისპიროდ, აბრაამი სრულიად ენდობოდა “განდიდებულ ღმერთს". ის იყო უზენაესი და ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი.

მეფე ნაბუქოდონოსორმა შეიცნო ღმერთის დიდებულება, როცა მან საბოლოოდ განაცხადა დანიელის 4:34-37-ში, რომ დანიელის ღმერთი იყო საუკუნო, უზენაესი ღმერთი. მეტიც, მან განაცხადა, რომ ღმერთი “ყველაზე მაღალია". ამ შემთხვევაში ნაბუქოდონოსორმა განადიდა ღმერთი როგორც “ცათა მეუფე", რომელიც სამართლიანად და სუვერენულად მართავს ადამიანთა საქმეებს (დან. 4:37).

ქადოშ

წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ღმერთს აგრეთვე ჰქვია ქადოში ანუ “წმინდა". ეს სახელი მიგვითითებს ღმერთის სიწმინდეზე. თქვენ ალბათ გახსოვთ, რომ სიწმინდე აღნიშნავს “ბოროტისგან გამოყოფას" და “გამოყოფილად ყოფნას". როდესაც სიტყვა ქადოში გამოიყენება ღმერთის სახელად, ის ნიშნავს, რომ ღმერთი გამოყოფილია ბოროტებისგან და ის წმინდაა". სახელი წმინდა გვახსენებს, რომ სიწმინდე ღმერთის არსების ცენტრალური თვისებაა. ქადოში ყველაზე ხშირად გამოყენებულია ესაიას წინასწარმეტყველებაში, სადაც ის 32-ჯერ გვხვდება. ის ხშირად სახელ “ისრაელთან" არის დაკავშირებული და ეს ფრაზა ითარგმნება, როგორც “ისრაელის წმინდა" (ესაიას 5:19, 10:20, 12:6, 41:20, 43:14).

ამრიგად, ტერმინი ქადოში ხაზგასმით აღნიშნავს ღმერთის სიწმინდეს და გულისხმობს ღმერთსა და მის ხალხს შორის ურთიერთობას. მეტიც, ის ღმერთის თვისებას გამოხატავს, რომლის ანარეკლის ხილვაც ღმერთს სურდა თავის ხალხში, ისრაელში. ის წმინდაა, ყოველგვარი ბოროტებისგან გამოყოფილი და უსაზღვროდ სუფთა და წმინდა. ღმერთი იყო და დღესაც არის წმინდა. 

 

საიმედოობის სახელები

ცურ

ზოგჯერ ღმერთი გვეცხადება ისეთი სახელებით, რომლებიც ხატოვან მეტყველებას უკავშირდება. ასეთ მეტაფორებს ბიბლიის მწერლებიც იყენებენ ღმერთთან მიმართებაში. მაგალითად, “ცურ" ებრაული სიტყვაა, რომელიც “კლდეს" აღნიშნავს და წმინდა წერილის ავტორები ამ სახელს ხშირად იყენებენ ღმერთის აღსაწერად, უფრო მეტად კი ამ ტერმინს პოეტურ წიგნებში ვხვდებით. მოსეც, თავის სიმღერაში სახელს “ცურ" ხუთჯერ იყენებს (II რჯულის 32:4, 15, 18, 30, 31). პატრიარქი სიტყვებს “კლდე" და “ღმერთი" ერთი და იგივე არსების ასაღწერად ურთიერთჩანაცვლებით იყენებს. ესაიაც იყენებს “ცურ"-ს როგორც ღმერთის სახელს: “განა არის ღმერთი ჩემს გარდა? და არ არის სხვა კლდე, მე არ ვიცი" (ეს. 44:8).
რამდენადაც გახსოვთ, ამ ნაწილში ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ღმერთის აღწერილობით სახელებს. თითოეული მათგანი, მისი ბუნების, რაობის ან პიროვნული თვისებების ცალკეულ ასპექტებს წარმოგვიდგენს. ამრიგად “ცურ" გვიხსნის ღმერთის სანდოობას და უცვლელობას. ამრიგად, როცა ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი კლდეა, ავტორს ამ სიტყვის გამოყენებით სურს გაგვაგებინოს, როგორია იგი. ის ღმერთის გარკვეულ თვისებებს ადარებს კლდის თვისებებთან. ამ შემთხვევაში კლდე გვახსენებს ღმერთის სტაბილურობას და სიმყარეს. კლდე აგრეთვე მიგვანიშნებს თავშესაფარზე, რომელიც მტრისგან გვიფარავს. სტაბილურობა და სიმყარე, თავის მხრივ, მიგვითითებს რომ ღმერთი სანდოა და ის არასოდეს იცვლება. სახელი “ცურ", ამასთანავე, გვიცხადებს ღმერთის უცვლელობის ანუ სიმტკიცის თვისებას.


ალფა და ომეგა

გამოცხადების წიგნში ღმერთი თავის თავს უწოდებს “ალფას და ომეგას". ვინაიდან ალფა ბერძნული ანბანის პირველი ასოა, ომეგა კი – ბოლო, ეს სახელი შეიძლება უცნაურად მოგვეჩვენოს. თუმცა, ეს იგივეა, რომ ვთქვათ, რომ ღმერთი ანი და ჰოე-ა.
ეს ფრაზა მნიშვნელოვანია, რადგან სიტყვასიტყვით ნიშნავს, რომ ღმერთი არის “პირველი და უკანასკნელი. "ფრაზა “ალფა და ომეგა" ღმერთს გვიცხადებს, როგორც საუკუნოს. ის აგრეთვე გვიჩვენებს მისი მარადიულობისა და თვითმყოფადობის ბუნებრივ თვისებებს. იგი ყოველთვის არსებობდა და სრულიად სანდოა. “ალფა და ომეგა" სხვა ღმერთებისგან განსხვავდება. ადამიანებმა ღვთაების გამოსახატავად სხვა ღმერთები შექმნეს, რომელნიც უსიცოცხლონი არიან და დახმარების გაწევა არ შეუძლიათ. ბიბლიის ღმერთი კი პირიქით, პირველი და უკანასკნელია. ის ადგენს დროსა და ისტორიას და მათ მიმართულებას განსაზღვრავს; ამიტომ ჩვენ შეგვიძლია მივენდოთ მას, ვინაიდან ის ყველა ჩვენს საჭიროებას აღავსებს! 

 

ღმერთის ურთიერთობითი სახელები

აბ

ღმერთის მამობრიობამ ახლებური მნიშვნელობა შეიძინა გოლგოთაზე, მაგრამ მისი ფესვები ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოდის. II რჯულის 32:6, ესაიას 63:16, იერემ. 3:19, და მალაქიას 1:6 ღმერთს გვიცხადებს, როგორც “აბ" (ახალ აღთქმაში მისი ეკვივალენტია პატერ), ანუ ისრაელის ერის მამა. ამ როლში, ღმერთი სათუთად ზრუნავს თავისი ხალხის საჭიროებებზე; წვრთნის, უზრუნველყოფს მათ და ყველაფერ ამას იმისთვის აკეთებს, რომ დაიხსნას ისინი. ძველი აღთქმის ისტორიის შესწავლა გვიხსნის შესანიშნავ მამა-შვილურ ურთიერთობას, რომელიც ღმერთსა და მის ხალხს შორის არსებობს. ის იყო ჭეშმარიტი მამა, რომელსაც უყვარდა ისინი, აკმაყოფილებდა მათ საჭიროებებს და მოითხოვდა მათგან მორჩილებას.

ახალ აღთქმაში ღმერთის მამობრიობას პირველ რიგში იმ მამა-შვილური ურთიერთობის მეშვეობით ვხედავთ, რომელიც მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეს შორის არსებობდა. უფლის ლოცვა ალბათ საუკეთესო მაგალითს გვაძლევს მამა-შვილური ურთიერთობის შესახებ, რომელიც ღმერთსა და მის ხალხს შორის არსებობს (მათეს 6:9-13). ახალ აღთქმაში მამა-შვილური ურთიერთობის იდეა გადაიზრდება ღმერთისა და თითოეული მორწმუნის ურთიერთობაში. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის? იდეალურ მამაზე ფიქრისას ალბათ წარმოიდგენდით ისეთ პიროვნებას, ვინც ყოველთვის თქვენს ინტერესებზე იფიქრებდა, ვინც ყველაფერს გააკეთებდა, რათა აღევსო თქვენი ახლანდელი და მომავალი საჭიროებები. სწორედ ეს მოგცათ ზეციერმა მამამ. ამრიგად, თუ მიწიერ მამას სურს, რომ საუკეთესო გაუკეთოს თავის შვილს, რამდენად მეტად ენდომება ზეციერ მამას, რომ საუკეთესო რამ გააკეთოს თქვენთვის.

ლუკას 11:11-13-ში მიწიერი მამები, რომელთაც იციან “კეთილ მისაცემელთა მიცემა" თავიანთი შვილებისთვის, შედარებულნი არიან ზეციერ მამასთან. ვინაიდან ჩვენ ღმერთის შვილები ვართ, ღმერთის მემკვიდრენიც ვართ და იესო ქრისტეს თანამემკვიდრენიც (რომაელთა 8:17). ზეციერი მამა აქტიურად არის ჩართული ჩვენი სულიერი და მატერიალური საჭიროებების დაკმაყოფილების საქმეში. და ის ყოველივეს აღავსებს ჩვენს მომავალ ცხოვრებაშიც.

იაჰვე შალომ

წმინდა წერილში ღმერთს მხოლოდ ერთ ადგილას ეწოდება იაჰვე შალომ, “ჩვენი მშვიდობის უფალი" (მსაჯულთა 6:24). ამ ადგილას ღმერთმა გედეონს თავისი ხალხის გადასარჩენად მოუწოდა. ღმერთთან შეხვედრის შემდეგ გედეონმა მას სამსხვერპლო აუგო და უწოდა “მშიდობის უფალი". ამრიგად, გედეონი მიხვდა, რომ სულიერი დაცემის პერიოდსა და შესაძლოა, ადამიანური მრისხანების პირისპირ აღმოჩენის დროსაც კი, ღმერთი მშვიდობის ავტორია. ამ სახელების შერწყმა აქ გვიჩვენებს არამარტო იმას, რომ ღმერთს გააჩნია უნარი და ძალა თავისი დანაპირების შესასრულებლად (იაჰვე), არამედ იმასაც, რომ ის მშვიდობის ღმერთია (შალომ). ქაოსისა და ბრძოლების სამყაროში მშვიდობის ღმერთის თანდასწრებას მშვიდობა მოაქვს.

ახალ აღთქმაში იესო გვიდასტურებს, რომ ღმერთის მიზანია მშვიდობის მოტანა: “მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. სოფელი რომ იძლევა, ისე კი არ გაძლევთ. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება" (იოან. 14:27). მაშასადამე, მშვიდობა ჩვენი მემკვიდრეობის ნაწილია. მშვიდობა აგრეთვე ყველაზე მთავარი თემაა დღესდღეობით მსოფლიო ლიდერებისთვის. და მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერებას არყევს ომები, დანაშაულები, სიხარბე, ეჭვი, შური და ძალადობა, იესო შუა ქარიშხლის დროს გვთავაზობს მშვიდობას. თუ თქვენ პრობლემებსა და სიძნელეებში ხართ. იცოდეთ, რომ მშვიდობის ღმერთი, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიცავს თქვენს გულსა და ფიქრებს ქრისტე იესოში – თუკი მას მიიღებთ (ფილიპელთა 4:7). ჩვენს გამო სიკვდილის მეშვეობით იესომ შეგვარიგა ღმერთთან და აღადგინა ჩვენს შორის ურთიერთობები, ჩამოგვაშორა ცოდვა, რომელიც გვაშორებდა ღვთისგან და მოგვცა მშვიდობა. ასევე, ეს ყველაფერი მოქმედებს ჩვენს ურთიერთობაზე ადამიანებთან, რათა შევძლოთ მათთან მშვიდობიანი თანაცხოვრება (ებრაელთა 12:14).


ელ როი

სახელი “ელ როი" – ანუ “ღმერთი, რომელიც ხედავს" – მიგვანიშნებს ღმერთის ყოვლისმცოდნეობის თვისებაზე. დაბადების 16-ში მოხსენიებულია აგარის ამბავი, რომელსაც ღმერთმა განუცხადა, რომ მან ყველაფერი იცოდა მისი პირადი პრობლემების შესახებ. ჩვენ ვიცით, რომ აგარი იყო უცხოელი (ეგვიპტელი), მოახლე, ფეხმძიმე და მას თავისი ქალბატონი ცუდად მოექცა. სასოწარკვეთილი აგარი გაექცა ამ სიძნელეებს და უდაბნოში გადაიკარგა, მაგრამ ღმერთმა იცოდა მისი ადგილსამყოფელი; მან გაუგზავნა ანგელოზი და უთხრა, რომ სახლში დაბრუნებულიყო და პირისპირ დამდგარიყო თავის პრობლემებთან. შემდეგ კი გასაოცარ რამეს დაჰპირდა. ამ შეხვედრის შემდეგ აგარმა თქვა: “აქ ვნახე კვალი ჩემი მხილველისა" (მუხლი 13). ამრიგად, მან ღმერთს უწოდა “ელ როი, რადგან თქვა: “შენ ხარ ღმერთი, ჩემი მხილველი!" (მუხლი 13). აგარის მაგალითი გვიჩვენებს, რომ ღმერთი ხედავს ანუ მან სრულყოფილად იცის, რა სჭირდებათ მის შვილებს. ის არამარტო ხედავს მათ საჭიროებებს, არამედ უგებს კიდეც და უზრუნველყოფს მათ. ღმერთმა ყველაფერი იცის ყველა ჩვენი საჭიროება და მათი დაკმაყოფილების ძალაც შესწევს (რაც გვიჩვენებს მის ყოვლისშემძლეობას).

ვენთვის ნუგეში იქნება იმის ცოდნა, რომ ღმერთმა ყველაფერი იცის ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს შესახებ, რადგან ის გვხედავს. მან არამარტო უწყის, არამედ ჩვენს საფიქრალზე სერიოზულად ზრუნავს. თუმცა, როგორც აგარის მაგალითზე ვხედავთ, ის განასხვავებს იმას, რაც გვსურს და რაც გვჭირდება. ზოგჯერ ისეთი რამე გვინდა, რაც არ არის ჩვენთვის საუკეთესო გზა; ამიტომაც ხშირად ღმერთი არ გვაძლევს იმას, რაც გვსურს. ამ შემთხვევაში, აგარს გაქცევა ერჩია, მაგრამ ღმერთმა უთხრა, რომ თავის ქალბატონთან, მისი პრობლემების წყაროსთან დაბრუნებულიყო (16:9). ძალიან კარგია, როცა ვიცით, რომ ღმერთი მანამდეც გვხედავს, სანამ მასთან მივიდოდეთ და როცა მივალთ, მან ზუსტად იცის, როგორ გადაჭრას ჩვენი პრობლემები.

იაჰვე როხი

როდესაც დავითი ამბობს “უფალი ჩემი მწყემსია" ფს. 22:1-ში, ის გვიჩვენებს, თუ რა ადგილი უჭირავს ღმერთს მის ცხოვრებაში: ის გზას უჩვენებს. სახელი იაჰვე როხი, “უფალი ჩვენი მწყემსია", გვიხატავს ღმერთს, როგორც თავისი ხალხის სულიერ მწყემსს. ცხვრები ეჩვევიან განსაზღვრულ ხმას (რომელიც მათ მწყემსს ეკუთვნის) და ისინი მის მიერ ნაჩვენებ მიმართულებას ენდობიან. მწყემსს თავისი ცხვრები მიჰყავს საძოვრებზე და დასარწყულებლად. ის აგრეთვე იცავს მათ საშიშროებისგან და ველური ცხოველებისგან, რომლებიც შესაძლოა მათ განადგურებას ესწრაფოდნენ. დავითი აცხადებდა, რომ უფალი “მისი" მწყემსი იყო, მაგრამ ის ჩვენი მწყემსიცაა. ის მიგვიძღვება, გვიცავს, გვაშორებს ბოროტს და ავსებს  ჩვენს სულიერ საჭიროებებს. თუ გვინდა, უფალთან ასეთი ურთიერთობის ქონა, საკუთარი ნება მის ნებას უნდა დავუმორჩილოთ და გავყვეთ მას, საითაც წაგვიყვანს. ფსალმუნი 22 შესანიშნავად აღწერს ჩვენს ცხოვრებაში ღმერთის, როგორც მწყემსის როლს.

იაჰვე ირე

დაბადების 22:13-14-ში იაჰვე ირეს სახელის მეშვეობით წმინდა წერილი გვიჩვენებს, რომ ღმერთი “უზრუნველმყოფელია", “უფალი, რომელიც უზრუნველგვყოფს". აბრაამი თავის ვაჟს ისააკს სრულადდასაწველ მსხვერპლშესაწირად ამზადებდა უფლისადმი მორჩილების ნიშნად – ისააკი სამსხვერპლოზე იყო, აბრაამს კი თავისი დანა მოღერებული ჰქონდა თავის ვაჟზე, რითაც აჩვენებდა ღმერთისადმი მორჩილებასა და რწმენას. ამ დროს ღმერთი ჩაერია! ანგელოზმა დაუძახა აბრაამს: “არ აღმართო შენი ხელი ამ ყრმაზე და არაფერი უყო მას, რადგან ახლა ვიცი, რომ ღვთისმოშიში ხარ და არ დაზოგე ჩემთვის შენი ძე, შენი ერთადერთი" (დაბად. 22:12). აბრაამმა დაინახა, რომ ღმერთს შესაწირავად ვერძი გამოეგზავნა. ამან აბრაამს შთააგონა, რომ იმ ადგილისთვის ეწოდებინა “უფალი გამოაჩენს" (დაბად. 22:14).

ის, რაც აბრაამმა ამ რთული განსაცდელიდან ისწავლა, დღესაც აქტუალურია. ღმერთი ისევ იაჰვე ირეა, ღმერთი, რომელიც უზრუნველყოფს თავის შვილებს. როგორც ამ ნაწილში ვნახეთ, ღმერთის სახელები მიუთითებს, რომ ის გვხედავს, მიგვიძღვება და აღავსებს ჩვენს საჭიროებებს, ისე როგორც ეს აბრაამს გაუკეთა.

იაჰვე როფე

ძველი აღთქმის მწერლები ზოგჯერ იყენებენ სახელს იაჰვე როფე, “უფალი, რომელიც კურნავს". “რაფა" ნიშნავს “განკურნებას, აღდგენას ან მკურნალობას ფიზიკურად, სულიერად და მორალურად". ეგვიპტიდან გამოსვლისას ისრაელიანებმა უდაბნოში სამი დღის განმავლობაში წყალი ვერ იპოვეს (გამოს. 15:22-26). როდესაც მარას ოაზისს მიადგნენ, წყალი მწარე იყო და ვერ დალიეს. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ხალხმა დრტვინვა დაიწყო მოსეს წინააღმდეგ და უთხრეს: “რა დავლიოთ?" (მუხლი 24). ღმერთმა უჩვენა მოსეს, რა უნდა გაეკეთებინა, რომ წყალი დასალევად ვარგისი გამხდარიყო. და როცა იგი დაემორჩილა ღმერთის მითითებებს, წყალი დატკბა და ადამიანთა საჭიროებები დააკმაყოფილა. ამით ღმერთმა ადამიანებს დაანახა აუცილებელი საჭიროება იმისა, რომ ენდონ მის სიტყვას და დაემორჩილონ. და თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, უფალი დაჰპირდა, რომ დაიცავდა მათ ყველა იმ ავადმყოფობისაგან, რაც ეგვიპტელებს მოუტანა. მან თქვა, რომ გააკეთებდა ამას, რადგან “მე ვარ უფალი, შენი მკურნალი" (მუხლი 26). ამით ღმერთმა განაცხადა, რომ ის იყო იაჰვე როფე, თავისი ხალხის მკურნალი. ეს ღმერთის ყოვლიშემძლეობის მაჩვენებელი კიდევ ერთი მაგალითია.

დღესდღეობით ყოველი ჩვენგანი დგას იმ ავადმყოფობების წინაშე, რომლებიც გავრცელებულია მთელ მსოფლიოში და ბევრი მათგანი საერთოდ არ იკურნება. მაგრამ წმინდა წერილი გვეუბნება, რომ ღმერთი არის “უფალი, რომელიც კურნავს". ზოგჯერ ის სასწაულებრივად კურნავს, ზოგჯერ კი ამისთვის ექიმების ჩარევას იყენებს. მაგალითად, ლუკა ექიმი იყო, და ის მოციქულ პავლეს მუდამ თან დაჰყვებოდა. გამოყენებული საშუალებების მიუხედავად, ღმერთია მკურნალი. ღმერთის, როგორც ჩვენი მკურნალის განსაზღვრება სცილდება ფიზიკური განკურნების საზღვრებს. ის ასევე სულიერ განკურნებაზეც გვეუბნება. ამრიგად, მიუხედავად იმისა, ავადმყოფობა სენისგან წარმოიშვა თუ ცოდვისგან, ღმერთი არის “უფალი, რომელიც კურნავს". და ეს ფაქტი დღესაც ისევე ნათელია, როგორც მოსეს დღეებში იყო!

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.