სააღდგომო მილოცვა - ხუცესი გია ჯვარშეიშვილი | ქრისტიანი.ge

სააღდგომო მილოცვა

ძვირფასებო ნება მომეცით მოგილოცოთ  ჩვენი უფლის იესო ქრისტეს აღდგომა. ეს დიდებული დღესასწაული  ერთი მხრივ დამახასიათებელია ქრისტიანული რელიგიისათვის, სხვამხრივ კი განკუთვნილია ყველასათვის განურჩევლად ეროვნების, რასის, სქესისა თუ რელიგიური კუთვნილების.

მაცხოვრის აღდგომა არათუ  უპირატესობაა ქრისტიანული რელიგიისა, არამედ ეს ასევე ჭეშმარიტი ღმერთის რწმენის მოწმობაა. რადგანაც ღმერთმა მხოლოდ თავის წარმოგზავნილზე დაამოწმა მკვდრეთით აღდგომით, რადგანაც მისთვის იყო განკუთვნილი მხსნელობა,  უფლობა და ყველა მისი მორწმუნის გადარჩენა საუკუნო სიცოცხლისთვის.

არ არსებობს სხვა პრეცენდენტი კაცობრიობის ისტორიაში გარდა იესო ქრისტესი, რომ ვინმე მომკვდარიყო  ჩვენი ცოდვებისთვის და ღმერთს აღედგინოს იგი ჩვენი გამართლებისთვის.  ეს მხოლოდ ქრისტემ შეძლო. ამიტომაც ის არის ერთადერთი მაცხოვარი გამარჯვებული სიკვდილზე და ცოდვაზე,  სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი.

იესო არის მკვდრეთით აღმდგარი უფალი და მისმა რწმენამ, რომ ის მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის  დაე მოგვიტანოს მონანიება ჩვენი ურწმუნოებისა და ცოდვებისა, რათა  ამით შევურიგდეთ ღმერთს. ხოლო მისმა აღდგომამ  მოგვიტანოს ღვთიური სიმართლით ცხოვრება, მის სიწმიდესა და სიყვარულში, რათა ჩვენც, მისი რწმენით აღმდგრები, მხოლოდ მიწიერ ყოფით ცხოვრებას კი არ ვემსახურებოდეთ,  არამედ მკვდრეთით აღმდგარ უფალს.  ჭეშმარიტ  და რეალურ ღმერთს და მასთან ერთად ჩვენც ვიყოთ გამარჯვებულები სიკვდილის შიშზე.  მისი რწმენით აღდგეს ჩვენში უნარი პატიების, შერიგების, აღდგეს დანგრეული ოჯახები, დაკარგული ჯანმრთელობა. მოყენებული ზარალი თუ წარუმატებლობა დაე  შეიცვალოს სიუხვითა და სიხარულით.

 კიდევ  ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და გისურვებთ გესარგებლოთ კანონიერად მონიჭებული მემკვიდრეობით, რადგან ჩვენი უფალი იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით.

ქრისტე აღდგა!!!

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.