რწმენა რომელიც სძლევს წუთისოფელს | 04.11.2018 | ქრისტიანი.ge

რწმენა რომელიც სძლევს წუთისოფელს | 04.11.2018

1 იოანე მეხუთე თავის მეოთხე მუხლში საუბარია, რომ რწმენას შეუძლია წუთისოფლის დაძლევა. იაკობი თავის წერილში ამბობს, რომ ეშმაკებსაც სწამთ და ცახცახებენ შიშით. მაშ, რა რწმენაზეა აქ საუბარი ? თუ შენ უბრალოდ გწამს, რომ ღმერთი არსებობს, ეს რწმენა ვერ შეძლებს ქვეყნიერების დაძლევას.

თუკი 1 იოანე 5:1-5-მდე მთლიანად წავიკითხავთ, მივხვდებით, რა სახის რწმენაზე ლაპარაკობს იოანე მოციქული.
იოანე გვაჩვენებს, რომ ღმერთისადმი რწმენა, სიყვარული და მორჩილება, გადაჯაჭვულია ერთმანეთზე.

რწმენის პირველი ნაყოფიც სწორედ ღმერთისადმი სიყვარულია. ვინც ღმერთი შეიყვარა, მას უფლის შვილებიც უყვარს. იესო მოვიდა, არა ჩემთვის, არამედ ეკლესიისთვის. ეკლესიისადმი სიყვარულის გარეშე ვერ იქნები ქვეყნიერების მძლეველი. თუ გინდა შენი რწმენა იყოს მოქმედი, უნდა გიყვარდეს ღმერთი და მისი შვილები.

იოანე სხვა ადგილას ამბობს, რომ შეუძლებელია გიყვარდეს ღმერთი, თუ კი არ გიყვარს შენი ძმა, რომელიც შენ გვერდითაა.განსაცდელები ჩვენს ცხოვრებაში ცდიან, რამდენად რეალურია ჩვენი რწმენა და სიყვარული, როგორც ღმერთის, ასევე მოყვასისადმი. განსაცდელების დაძლევის შემდეგ კი, ეს ყველაფერი უფრო მტკიცდება.

ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ურთიერთობებს. ქრისტე ეკლესიას უყურებს, როგორც ერთ მთლიან სხეულს. ეკლესია ქრისტეს სხეულია და როდესაც ეკლესიაში ხარ, შენც მისი სხეულის ნაწილი ხდები. ცალკე მყოფი, ვერასდროს იქნები ქრისტეს სხეული.ეკლესიის ნაწილად გახდომა, გარკვეულ პასუხისმგებლობას ბადებს, როგორც ღმერთის, ასევე მისი შვილების წინაშე. აქ ადამიანები ერთიანდებიან კონკრეტული იდეების გარშემო. როდესაც უარს ამბობ ეკლესიაზე, შენ უარს ამბობ რწმენასა და სიყვარულზე. რწმენა გვიბიძგებს ღმერთის სიყვარულისკენ; ღმერთის სიყვარული კი -ერთმანეთის სიყვარულისკენ, ხოლო ერთმანეთის სიყვარული -მორჩილებისკენ. სწორედ ასეთი რწმენა იმარჯვებს ქვეყნიერებაზე!

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.