განდგომილების ნიშნები – 18.11.2018 | ქრისტიანი.ge

განდგომილების ნიშნები – 18.11.2018

ნარატივი კვირის ქადაგებიდან
თემა: განდგომილების ნიშნები

მოშურნეობა და გაბედულება ღმერთის საქმისადმი, განსაზღვრავს ღმერთის თანადგომას[ფსალმ. 139(138):21-24]. ადამიანის გულს გამოკვლევა სჭირდება, როგორც წარუმატებლობის, ასევე წარმატების დროს, რათა გზიდან არ გადავიდეს. გული მუდმივად უნდა ვიკვლიოთ, რადგან მისგან მოდის სიცოცხლის წყაროები.

ღმერთმა დაგვრგო რჩეულ ვაზად, მაგრამ თუ იქ არ დავრჩებით, რაშიც მან მოგვიწოდა, უბრალოდ, გადავგვარდებით [იერ. 2:19-21].

განდგომა, ანუ სულიერი ღალატი, ეს არის ის, რაც თვითონ გვსჯის და განგვსჯის[ებრ. 3:12]. ამ მდგომარეობაში ჩვენ ყოფნას ღმერთს ან სხვა ადამიანს ვაბრალებთ. განდგომა უარის თქმაა შენ კუთვნილ პოზიციაზე. ბიბლიური თვალსაზრისით, ეს არის ,არა მხოლოდ, ღმერთის თაყვანისცემიდან კერპთაყვანისმცემლობაში გადასვლა, არამედ – მოშურნეობიდან გულგრილობაში.

განდგომილი ადამიანი არის ზეციდან შობილი ადამიანი, რომელმაც პირვანდელი სიყვარული დაკარგა. ასეთ დროს ადამიანი ღმერთისთვის აკეთებს რაიმეს, მისი ჩარევის და მისი თანდასწრების გარეშე. ლოცვა ხდება რიტუალი და არა ცოცხალი და რეალური ურთიერთობა უფალთან,ხოლო ღმერთის სიტყვის კითხვა -არა სულიერი საზრდო, არამედ მოვალეობის მოხდა. ქვეყნიურ ფიქრებს და ხორციელ საზრუნავს უფრო მეტ დროს ვუთმობთ. გულგრილობა მატულობს ეკლესიის მიმართ, სხვების საჭიროებების მიმართ. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი გულგრილობა და ნელ-თბილი გულია, რადგან ღმერთი ამბობს, რომ ამოანთხევს ნელ-თბილ მდგომარეობაში მყოფს მისი პირიდან.

თუკი ადამიანი მცნებად დაიდებს წმინდა გულით, თვალთმაქცობის გარეშე უყვარდეს ღმერთი და უყვარდეს მოყვასი, ეს სიმპტომები არ ემუქრება. ამიტომ მოინანიე, და დაუბრუნდი პირვანდელ სიყვარულს.

სინდისის ქეჯნა და მსჯავრი გვაშორებს ღმერთს. ერთადერთი, რაც დანაშაულის გრძნობას და სინდისის ქეჯნას აქრობს, არის აღიარება უფლის წინაშე. ყველაზე დიდი მატყუარა ისაა, ვინც საკუთარ თავს ატყუებს. ამიტომ, თუკი ხედავ, განდგომილების სიმპტომებს შენს თავში, აღიარე ღმერთის წინაშე.

რაც არ უნდა მოხდეს შენს ცხოვრებაში, იყავი ფხიზლად, განაგრძე რწმენაში დგომა და განაგრძე ღმერთის სიყვარული!

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.