იესოს მიმდევრები – გია ჯვარშეიშვილი | ქრისტიანი.ge

იესოს მიმდევრები – გია ჯვარშეიშვილი

 

ჩვენ დღეს იესოს მიმდევრებზე ვისაუბრებთ.

... იესომ უთხრა მას: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ის, ვინც თქვენს წინააღმდეგ არ არის, ის თქვენსკენაა.“  (მარკოზი 9: 50)

როცა მოახლოვდა მისი ამაღლების დღეები, იბრუნა პირი იერუსალიმში ასასვლელად. წინდაწინ მიავლინა მაცნეები. ისინი გაემგზავრნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა გაემზადებინათ მისთვის. მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან პირი იერუსალიმისკენ ჰქონდა მიმართული. ეს რომ დაინახეს მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ, უთხრეს: „უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა. მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუწყრა და უთხრა: „არ იცით ვისი სულისანი ხართ? ვინაიდან ძე კაცისა მოვიდა არა ადამიანთა სულების დასაღუპავად, არამედ სახსნელად“, (მარკოზი 9: 51–56) 

და წავიდნენ სხვა სოფელში. გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა მას: „გამოგყვები, სადაც კი წახვალ“. იესომ უთხრა მას: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ ბუდეები. კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი. მეორეს კი უთხრა: „ გამომყევი“. მან თქვა: „ უფალო, ნება მომეცი ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო“. მან კი უთხრა მას: „მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა, შენ კი წადი და იქადაგე ღვთის სასუფეველი“. სხვამაც თქვა: „ მე გამოგყვები უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი, რომ ჩემს შიანურებს გამოვემშვიდობო“.  უთხრა მას იესომ: „ არავინ გამოდგება ღვთის სასუფევლისთვის, ვისაც გუთანი უჭირავს ხელში  და თან უკან იხედება“. (მარკოზი 9: 57-62)

სახარების ამ მონაკვეთში იესოს მიმდევრების ხუთი მდგომარეობაა განხილული. ჩვენ დღეს თითოეულ მათგანს შევეხებით. ჯერ კი იმის თქმა მინდა, რომ იესოს მიმდევრები ღმერთის საუფევლის თანამშრომლები არიან. იესოს მიმდევრები ის ადმიანები არიან, რომლებიც თანამშრომლობენ უფალთან, რათა მოვიდეს მამის და მისი ძის – იესო ქრისტეს მეფობა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც არ არიან კმაყოფილნი სატანის მეფობით. უკმაყოფილონი არიან უმართლობის და არეულობის გამო. მათი სული არაა დამშვიდებული. ისინი თანამშრომლობენ ღმერთთან, რათა მოვიდეს ღმერთის და მისი ძის – იესო ქრისტეს მეფობა. ღმერთის მეფობა, ეს ძის მეფობაა. ძის მმართველობა, ეს არის მეფობა სიმართლით, მშვიდობით და სიხარულით.

უფალი იესო ქრისტე პირველი იყო, ვინც აშკარად ილაპარაკა ღმერთის მეფობაზე და მამის სასუფეველზე. იგი მოუწოდებდა მოენანიებინათ, რადგან ცათა სასუფეველი მოახლოებული იყო. ცათა სასუფეველი კვლავაც ახლოვდება. დღეს შედარებით უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე პირველ საუკუნეში იყო, გაცილებით უკეთესი. მრავალი ერია უკვე ჩართული სასუფევლის საქმიანობაში. მაგრამ ამავე დროს არიან ერები, რომელთაც პირველივე საუკუნეებში ექადაგათ ქრისტეს სახარება, თუმცა დღემდე ბევრი რამ დაკარგეს. ზოგიერთი ქრიტიანული სახელმწიფო დღეს აღარაა ქრისტიანული, ბევრი კი მხოლოდ ფორმალურად ითვლება ქრისტიანულად.

ზემოთ წაკითხულ მუხლებში იესო ქრისტე თავის მიმდევრებზე საუბრობს. ისინი სასუფევლის საქმის თანამშრომლები არიან, რომლებიც იონა წინსასწარმეტყველის მსგავსად დადიან ბოროტ და ცოდვილ ქალაქებსა თუ სოფლებში, იქ, სადაც სიკვდილია გამეფებული და სატანა ბობოქრობს. დადიან და შეაქვთ აღდგომა, ხსნა და გადარჩენა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც რაღაც საზღაურს კი არ ელოდებიან ღვთისგან, თავიანთ ნება-სურვილს კი არ აუწყებენ ხალხს, არამედ ახარებენ სასუფეველს და მის პრინციპებს. ხალხი სიბნელიდან სინათლის ძალაუფლებაში გადაყავთ, განუმარტავენ სინათლის გზებს, პრინციპებს, და ამ გზით ადამიანთა გულებსა თუ ცხოვრებაში სიცოცხლეს ამკვიდრებენ. შემდეგ ისინიც მიდიან და სხვებს ახარებენ კეთილ უწყებას. ასე იზრდება სასუფევლის მასშტაბები. ასე ერთვებიან ადამიანები ამ სასუფევლის მოძრაობაში. ეს პროცესი კი მანამ გაგრძელდება, ვიდრე უფალი იესო ქრისტე არ მოვა და ვიდრე მისი მეფობა არ დამკვიდრდება – ათასწლიანი მეფობა დედამიწაზე, ხოლო მარადიულად – ახალ ცასა და ახალ მიწაზე.

რაოდენ წმინდა და მართალი უნდა იყოს  იმ ადამიანთა ცხოვრება, ვინც თავიანთ თავებს სასუფევლის წევრებად და ამ სასუფევლის, ამ საერთო ოჯახის შვილებად თვლიან. რამდენად წმინდა უნდა იყოს მათი ყოველი საქმე, საქციელი, მოქმედება, რადგან ყველა ადამიანის თვალი და ყური მათკენაა მიპყრობილი – თუ რას ლაპარაკობენ, რას საქმიანობენ ისინი. ყოველი არასწორი სიტყვა და საქციელი მოსმენილია და დანახული ამ ადამიანთა მიერ. რამდენად წმინდანნი უნდა იყვნენ ისინი, როცა მათი ყოველი ქცევა, სხვა ადამიანთა მხედველობის არიდან არ გამოდის, როცა მათ აფასებენ – ცხოვრობენ კია ისინი სასუფევლის ღირსად?!

სასუფევლის პრინციპების დამკვიდრება სიტყვით ხდება, მაგრამ ხშირად საქმე შლის ხოლმე ყველაფერს. ისტორიაში მრავალი მაგალითი არსებობს იმისა, როცა მქადაგებლის სიტყვას შემდგომ მისივე საქმეები ასწორებდა მიწასთან და ის ადამიანები, რომლებიც მონდომებულნი იყვნენ ქადაგების დროს, რომ აერჩიათ სასუფეველი, შემდგომ, ხედავდნენ რა საქმეებს, გული უცრუვდებოდათ: თუკი ამ მქადაგებლის მსგავსია სასუფეველი, მაშინ არ ღირს იქ ყოფნა – ფიქრობდნენ ისინი.

ერთ წიგნში ასეთი რამ ამოვიკითხე: ცნობილი ფაქტია, რომ ინდიელებს თვალი უჭრით, კარგი მხედველობა აქვთ. იყო ერთი ინდიელის ცხოვრებაში ასეთი მომენტი, ვიღაცამ მას მის მიერ მონადირებული ცხოველის ფიტული მოპარა სახლიდან. ეს ამბავი ღამე მოხდა. მეორე დილით ის საძებნელად წავიდა. გზაში ერთი კაცი შემოხვდა. დაკარგულის საძებნელად გასულმა ინდიელმა უცნობს თავისი პრობლემის შესახებ უამბო და თანაც დაწვრილებით აღუწერა ქურდის გარეგნობა: მისი სიმაღლე, ის, თუ რა იარაღი ქონდა მას და ისიც, რომ ქურდს თან კუდმოჭრილი ძაღლი ახლდა. უცნობს გაუკვირდა დაზარალებული ასე დაწვრილებით რომ აღწერდა ქურდის გარეგნობას, რადგან შემთხვევა ღამით მოხდა და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო უკუნეთ სიბნელეში იმ დეტალების გარჩევა, რაზეც ეს ინდიელი საუბრობდა. დაზარალებულმა მიუგო: ქურდი დაბალი რომ იყო იქიდან მივხვდი, რომ კედელზე დაკიდებული ფიტულის ჩამოსაღებად მას სკამი მიედგა. თეთრკანიანი რომ იყო იქედან ვიცი, რომ მის ნაფეხურებს კარგად დავაკვირდი – ასეთ განიერ ნაბიჯებს მხოლოდ თეთრკანიანები დგამენ. მისი ასაკი კი ნაფეხურების სიღრმით დავადგინე. ქურდს გადაჭრილი იარაღი რომ ეჭირა, კედელზე დარჩენილი განაკაწრიდან მივხვდი, როგორც ჩანს მან თავისი თოფი კედელთან მიაყუდა, როცა სკამზე აძვრა ფიტულის ჩამოსაღებად. რაც შეეხება ძაღლს, მისი ანაბეჭდი ქვიშაზე იყო დარჩენილი – პატრონის მოლოდინში ის ეზოში  წამოწოლილიყო. იმ ანაბეჭდზე კარგად ჩანდა, რომ ძაღლს კუდი ქონდა მოჭრილი…

სასუფევლის შვილები, ვინც ღმერთთან ვთანამშრომლობთ, ასევე ვტოვებთ კვალს – ჩვენი ქმედებების შედეგს და ჩვენი ნაკვალევის მიხედვით სხვა ადამიანებს შესაძლებლობა ეძლევათ იმსჯელონ, თუ ვინ დატოვა ესა თუ ის კვალი. ჩვენს მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა, თუ ჩვენგან გადადგმული ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ,  ლამაზი კვალი რომ დავტოვოთ სხვების ცხოვრებაში, რათა სხვათა ცხოვრებას უშნოდ არ დააჩნდეს ჩვენი ნაკვალევი. ვინმეს ანთებული გულის ჩაქრობის მიზეზი რომ არ გავხდეთ. ამიტომ  დიდი სიფრთხილე გვმართებს. რაკი სასუფევლის თანამშრომლები ვართ, ყოველი ჩვენი სიტყვა, ყოველი ნაბიჯი თუ საქციელი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ.

წმინდა წერილის იმ მონაკვეთში, რომელიც წავიკითხეთ, სასუფევლის თანამრომლების ხუთი მდგომარეობაა განხილული. დღეს ჩვენ ყოველ მათგანს შევეხებით.

წერილიდან ჩანს, რომ იოანემ და იაკობმა აუკრძალეს ქრისტეს სახელით მოქმედება ვიღაც ადამიანს, რომელიც მათთან ერთად არ დადიოდა.

ქრისტეს სახელით მოქმედება და უფლის სახელით სასუფევლის საქმეების კეთება იმას ნიშნავს, რომ რომელი დენომინაციის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, იგი ღმერთის თანამშრომელია სასუფევლის გავრცელების საქმეში. თუ ვინმე ლაპარაკობს იესო ქრისტეს სახელით, თუ ვინმე ეშმაკებს დევნის იესო ქრისტეს სახელით – ის სასუფევლის საქმეს ემსახურება. სასუფევლის მოსვლა და ქრისტეს მეფობის დაწყება ნიშნავს სატანის გადმოგდებას მეორე ციდან. ამიტომ, თუკი ადამიანები სიბნელის სულის წინააღმდეგ გამოდიან, ჩვენ კი ვუშლით მათ და ვეწინააღმდეგებით იმის გამო, რომ ისინი ჩვენს გვერდით არ დადიან, ჩვენთნ ერთად არ ემსახურებიან სასუფევლის საქმეს, რომ ისინი სხვა დენომინაციის წარმომადგენლები არიან, გახსოვდეთ, რომ  არ აგვცდება ღმერთისგან საყვედური. ვინც უფალთანაა, ყველა უფლისაა. მე იმას არ ვამბობ, რომ აქ მთავარი მხოლოდ უფლის სახელის გამოყენებაა. უფლის სახელით მოქმედება და ლაპარაკი დიდი პასუხისმგებლობაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი თავის სათქმელის გადმოსაცემად ჩვენს ბაგეებს იყენებს. და თუკი არ ვართ დარწმუნებულები, რომ ღმერთს სწორედ ამის თქმა სურს, უმჯობესია დავდუმდეთ, ვიდრე ყოველ ნათქვამ სიტყვაზე პასუხი არ მოგვეთხოვა. იესო ქრისტეს სახელით ლაპარაკი ნიშნავს იმას, რომ როგორც იესო ქრისტე იყო მამის წარმომადგენელი დედამიწაზე, მოკვდა, მკვდრეთით აღდგა, ამაღლდა და მამის მარჯვნივ დაჯდა, ახლა ჩვენც, ვინც მისი მადლით მორწმუნეები გავხდით, მოგვეცა უფლება, რომ ღმერთის წარმომადგენლები გავმხდარიყავით ამ დედამიწაზე. იესო ქრისტე დაბრუნდა მამასთან და თავის წარმომადგენლები გაგზავნა მამის ნების საქადაგებლად. ისინი ახლა ღმერთის კანონიერი წარმომადგენლები არიან. ისინი ღმერთის სულმა სულიერად იესო ქრისტეში ჩასვა. ასეთი ადამიანი იესოს სახელით ლაპარაკობს არა მისგან გარეთ, არამედ ქრისტეში. ხშირად ჩვენ ვლაპარაკობთ გარედან. ვგალობთ, ვცხოვრობთ გარედან. მაგრამ ჩვენი ცხოვრება უნდა იყოს იესო ქრისტეში. არა მხოლოდ ეკლესიის კრებებზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, ახლობლებთან, მეზობლებთან ურთიერთობისას.  სხვაგვარად არ გამოვა. ტერმინი: „ქრისტე იესოში“ სახრებაში დაახლოებით ას ოცდაათჯერაა ნახსენები.  და თუკი ჩვენ გვსურს, რომ იესო ქრისტეს სახელით ვილაპარაკოთ, მისი სახელით საქმეები ვაკეთოთ, ეშმაკები ვდევნოთ, სასუფევლის საქმეს ვემსახუროთ, ამისათვის ჯერ ქრისტე იესოში ცხოვრება უნდა ვისწავლოთ. შეუძლებელია, რომ ჩვენი ქადაგება იყოს ეფექტური და ძლიერი, თუ არ ვთხოვთ მამას: „მოვიდეს მამავ შენი სუფევა, იყოს შენი ნება, როგორც ცათა  შინა, ისე ქვეყანასა ზედა“. შვილის თხოვნებს ღმერთი ისმენს. იგი ჯერ გვასწავლის ქრისტე იესოში ცხოვრებას და შემდგომ ამისა გვასწავლის თავისი თავისა და მისი ძის მოპატიჟებას დედამიწაზე.   უფლის მოსვლისთვის მდგომარეობა უნდა იყოს შემზადებული აქ, დედამიწაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხალხი უნდა იყოს სიმართლის მწყურვალი, მშვიდობის წყურვილით სავსე სულიწმიდაში. მაგრამ აქედან უპირველესი პირობა არის სიმართლის სიყვარული – „ნეტარ არიან სიმართლის მოყვარულები“. ნეტარ არიან ისინი, ვისაც სიმართლე უყვართ, რადგან მათ სიმართლის მეფე უყვართ. სიმართლე არა სხვის, არამედ საკუთარ ცხოვრებაში. ჩვენი თითი შემზადებულია სხვისი თვალიდან დირეს ამოსაღებად, მაგრამ საჭიროა დავაკვირდეთ ჩვენს თვალებს, ჩვენს ცხოვრებას – მე ჩემსას, შენ შენსას. ვისწავლოთ ჩვენი დირეების, ჩვენი ბეწვების შემჩნევა და ჩვენი ცხოვრებიდან მათი ამოღება. ჩვენი ქცევების, ლაპარაკის დახვეწა, რათა ვიყოთ იესოს მიმდევრები. საქმე სახელში არაა ძვირფასებო. მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რა სახელს დაირქმევს. საქმე ის კი არაა მე ჩემს თავს მართლმადიდებელს დავუძახებ, კათოლიკეს თუ პროტესტანტს, ანდა იეღოვას მოწმეს (მშვენიერი სახელია – ცოცხალი ღმერთის მოწმობა), ან თუნდაც ორმოცდაათიანელს – სულიწმიდით აღვსილს და ენებზე მოლაპარაკეს. მთავარი ეს არაა. მთავარია, ვცხოვრობთ თუ არა მამის სახლში?!  მთავარია, ვართ თუ არა ქრისტეში,  არის თუ არა მამა ჩვენი ღმერთი?!

იესო ქრისტემ თქვა: „მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, თქვენ კი ლერწები. უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ“. მაგრამ მას საქდაგებლად არ უშვებდნენ სოფელში. მოწაფეები გაბრაზდნენ. მათ ბიბლიაში  ამოკითხული ქონდათ, რომ ერთხელ, როდესაც ელიას, ღმერთის წინასწარმეტყველს მეფე შეეწინააღმდეგა და თავისი რაზმი გაგზავნა მის დასაჭერად, ელიამ ცეცხლი ითხოვა ზეციდან. ცეცხლი მართლაც ჩამოვიდა – ჯერ ერთი ორმოცდაათეული გაანადგურა, შემდეგ კი – მეორე. ეს გაახსენდათ იოანესა და იაკობს და უთხრეს იესოს: „ უფალო, გვითხარი, ვეტყვით მამას, ის გამოგზავნის ცეცხლს, როგორც ელიას დროს გააკეთა და ყველას ამოწყვეტს.” უფალმა კი მიუგო: „ არ იცით, რას ითხოვთ. არ იცით, ვისი სულისანი ხართ“. უფალი იესო ქრისტე ერთ საკითხზე ესაუბრებოდა მათ : მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს გაბრაზებული, განრისხებული მუქარა ვინმეს მიმართ – ეს როგორ გამიბედესო, ჩემი სიტყვა როგორ არ მოისმინესო;  ერთი ნახონ, რას უზავს მაგათ ღმერთიო. რადგან უნდა გვახსოვდეს ვისი სულისანი ვართ. იესო ქრისტე მოვიდა არა დასაღუპავად, არამედ გადასარჩენად. ღმერთის მეტს არავის აქვს მუქარის, დასჯის უფლება. ჩვენ კი არავითარი უფლება არ გვაქვს, რომ განაჩენი გამოვუტანოთ ადამიანს ჩვენი შეხედულებების, ჩვენი გრძნობების გამო. ეს ძლიერი უარყოფითი ემოციები ხელს უშლის სულწმიდას, რომ იშრომოს ჩვენში და ჩვენი მეშვეობით. ეს მოციქულების ნაკლი იყო და ჩვენც არ ვართ ამისგან დაზღვეულები. თუკი შევცდებით, ღმერთი არ გადაგვაყოლებს შეცდომას, ის გვამხელს, როგორც იაკობი და იოანე ამხილა. მათ მოაგვარეს ეს საკითხი თავიანთ ცხოვრებაში და იგივე გვმართებს ჩვენც. იოანესა და იაკობს ეს პრობლემა რომ არ მოეგვარებინათ, იუდას ადგილს ისინი დაიკავებდნენ. ვინც არ უსმენს უფლის ხმას, ვინც არ უსმენს მის მხილებას, ის ვერ ისწავლის როგორია უფალი. ისინი უფალთან ერთად დადიოდნენ, მაგრამ ვერ გაიგეს, რომ უფლის სულისანი იყვნენ.  ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევიმეცნოთ ეს სული. ღმერთის შვილი, მორწმუნე ადამიანი ნათლობის შემდეგ, სულიწმიდის მიღების შემდეგ, ენებზე ამეტყველების შემდეგ არ უნდა გაჩერდეს უფლის შემეცნებაში. სულიწმიდის მიღება ბოლო ეტაპი არაა, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია, დასაწყისი. ზეციდან შობით კი არ მთავრდება, არმედ იწყება უფლის შემეცნება.

ქრისტე იტანჯებოდა, მაგრამ არ იმუქრებოდა. ღმერთის სული გიგივეა, რაც ქრისტეს სული, რაც სულიწმიდა. ეს ერთი ღმერთია. ეს სიცოცხლის სულია. სიცოცხლისთვის მოვიდა იგი, გადასარჩენად. ჩვენთან მოზიარეობისთვის მოვიდა იგი, არა დასამცირებლად, არა დასაღუპავად, არა სასიკვდილოდ. ის სიცოცხლეა. ამიტომაც წერია: გიყვარდეთ თქვენი მტრები, დალოცეთ თქვენი დამაწყევარნი, სიკეთე უყავით მოძულეებს და ილოცეთ მათთვის, ვინც გავიწროვებთ. კი ნუ დაწყევლით, არამედ აკურთხეთ, დაუთმეთ, ილოცეთ მათთვის. სასუფევლის საქმიანობა სხვაგავარად ვერ გაგრძელდება. უპატიებლობა აკავებს სიცოცხლეს. პატიება აუცილებელი რამაა.

მეასმე შემთხვევა ასეთი იყო: გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა უფალს: გამოგყვები, სადაც წახვალო. იესომ კი მიუგო: „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ ბუდეები, კაცის ძეს კი არა აქვს თავის მისადრეკი“. რას შეიძლება ნიშნავდეს ეს პასუხი. ნუთუ უფალმა იესო ქრისტემ აბუჩად აიგდო ის ადამიანი? თითქოს ამ პასუხის შემდეგ ის კაცი გაურკვევლ მდგომარეობაში დატოვა უფალმა: მას ვერ გაეგო გაყოლოდა იესოს, თუ არა. უფლის პასუხი ცალსახა არ ყოფილა. ჩემის აზრით უფალი შემდეგს გულისხმობდა: დაფიქრდი და მოზომე. იცნობ კი იმას, ვისაც უნდა გაყვე? იცი კი რაში უნდა ეთანამშრომლო მას? ადამიანი არ უნდა აჩქარდეს თავის გადაწყვეტილებაში, მან ყველაფერი კარგად უნდა აწონ-დაწონოს. უფალი გველაპარაკება იგავში: ვიდრე მეფე საბრძოლველად წავა, მან ჯერ თავის მეომართა რიცხვი, სამხედრო რესურსები უნდა გათვალოს და მხოლოდ ამის შემდეგ აწარმოოს ომი. ასე უნდა მოიქცეს, თუკი გამარჯვება სურს.

უფლის შემეცნება დაუსრულებელი პროცესია. შეიძლება მორწმუნემ კარგად დაიწყოს, მაგრამ ცუდად დაამთავროს. დასასრული მაშინ მოდის, როცა ადამიანი შეწყვეტს უფლის შემეცნებას, როცა უარს ამბობს, რომ კვლავაც მისდიოს მას. ის წყვეტს მასში არსებულ სულთან თანამშრომლობას, მისი სიტყვის შესრულებას. სამოცდა ათნი დევნიდნენ ეშმაკებს. უფალმა მათ ისიც კი უთხრა, რომ მათი სახელი ჩაწერილი იყო ცათა შინა, მაგრამ როცა უფალი დაელაპარაკა უფრო მაგარ საჭმელზე, რაც საჭირო იყო მათი შემდგომი მსახურების გასაგრძელებლად, როცა უფალი ელაპარაკებოდა, რომ მისი ხორცი არის პური ნამდვილი და მისი სისხლი არის ნამდვილი ღვინო, ისინი შეჩერდნენ და გაშორდნენ უფალს. იგივე დაემართათ სხვადასხვა დროს იუდას, მოციქულად წოდებულს, ანანიას და საფირას, დემას, ვინმე ალექსანდრე მესპილენძეს. მნიშვნელობა არა აქვს სიცოცხლის რომელ ეტაპზე გადაუხვევს ადამიანი სწორი გზიდან – დასაწყისში თუ შუა გზიდან. თუკი სამოთხეში ვერ შევა, რა მნიშვნელობა აქვს, როდის გადაუხვევს იგი. დამწყებმა უნდა დაასრულოს კიდეც. ერთგულია, ვინც მოგვიწოდა და ის ბოლომდე მიგვიყვანს. როგორც ღმერთის სიწმინდეა მიუწვდომელი, ასევე ღმერთის შემეცნების მოთხოვნილება არ მთავრდება ადამიანში. ღმერთის ყოველ მოთხოვნას უნდა უპასუხოს ადამიანმა. ეს უნდა ხდებოდეს ყოველდღე. დათმოს, რის დათმობისკენაც უფალი მოუწოდებს; შეცვალოს თავისი შეხედულებები უფლის მოთხოვნების შესაბამისად. ბევრი ჯიუტობს, ფიქრობს რომ იცის რაღაც და აზრის შეცვლა არ სურს. პავლე ლაპარაკობს ასეთ ადამიანებზე: უფალმა მიუზღოს მათ და არ ჩაეთვალოთ მათ. რა მიუზღოს და რა არ ჩაეთვალოთ? არ ჩაეთვალოთ ის, რაც მანამდე გაუკეთებიათ ღმერთისთვის, რადგანაც ბოლმდე არ გაყვნენ ღმერთის ნებას, დაბრკოლდნენ იმაზე, რაც პავლემ უქადაგა. თუ გვინდა რომ ჩაგვეთვალოს, თუ გვინდა რომ იესოს მიმდევრები ვიყოთ, გამუდმებით უნდა მივყვებოდეთ მას და ვასრულებდეთ უფლის ნებას.

მეოთხე შემთხვევა ასეთი იყო: მეორეს უთხრა უფალმა: „შენ გამომყევი მე“. თითქოს პარადოქსულია, ერთი ეხვეწება გამოგყვებიო, უფალი კი პასუხს არ აძლევს მას, ხოლო მეორეს თვითონვე ეუბნება გამომყევიო. შეუცნობელია ვის და როდის დაუძახებს ღმერთი. ადამიანმა არ უნდა გამოტოვოს არც ერთი მომენტი, როცა მას ღმერთი ელაპარაკება. იმან კი, ვისაც უფალმა მოუხმო, უპასუხა: მამას დავმარხავ და გამოგყვებიო. რა კარგი მიზეზია, არა? რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო სერიოზული მიზეზი: მშობელია დასამარხი. მაგრამ, როცა უფალი გეძახის, არ არსებობს რაიმე მიზეზი. უფალმა მიუგო: აცადე მკვდრებმა დამარხონ მკვდარი, შენ კი იქადაგე სასუფეველიო.

იყო კიდევ ერთი შემთხვევა. ერთმა უთხრა უფალს: გამოგყვები, ოღონ ჯერ ნება მომეცი შინაურებს დავემშვიდობოო. უფალმა მასაც უპასუხა: „ არავინ გამოდგება სასუფევლისთვის, ვინც გუთანი აიღო და კიდევ უკან იყურება“. რას უნდა ნიშნავდეს ეს? თუ ადამიანი შეუდგა სასუფევლის საქმეს, თუ მან დაიწყო უფალთან თანამშრომლობა, მაგრამ თვალი მაინც უკან რჩება, ის არ გამოდგება სასუფევლის საქმისთვის. ანუ, თუ მას სასუფევლის გარდა კიდევ სხვა სურვილები გააჩნია, თუ მას უნდა სასუფეველი და კიდევ რაღაც-რაღაცეები, მისი მსახურება ყოველთვის გამრუდდება. ჭეშმარიტი მსახურის მხედველობის არეში მხოლოდ უფალი და მისი ნება უნდა იყოს. ის არ უნდა ფიქრობდეს რაღაც ჯილდოზე, ის მხოლოდ იმისთვის უნდა ცხოვრობდეს, რომ სასუფეველი ახაროს და დაამკვიდროს.

როცა პირველად წავიკითხე სახარება, ვერ მივიღე, არ მომეწონა, რადგან წმინდა ღმერთი იყო ის – წმინდა სიტყვა. ჩემი ცხოვრება არ ეთანხმებოდა სახარების წმინდა მოთხოვნებს. ამიტომაც დავხურე წიგნი და ვთქვი, ჩემი ბნელი გონებიდან გამომდინარე, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე და საერთოდაც, შეუძლებლად მივიჩნიე, რომ ის, რაც სახარებაში იყო დაწერილი რეალობა ყოფილიყო. რომ ადამიანს საკუთარი ნებით გაჩენოდა სურვილი ეცხოვრა ისეთი წმინდა ცხოვრებით, როგორც ეს სახარებაშია აღწერილი. მაგრამ, როცა ღმერთის სული ზოგჯერ მაიძულებდა, რომ წამეკითხა ღმერთის სიტყვა, ანდა კრებაზე მოვიდოდი ხოლმე, ერთ რამეს ვაკვირდებოდი: თუმცა მეგონა, რომ სახარება „ბნელი ხალხისთვის“ იყო დაწერილი და ეკლესიაში ყველანი ბნელები იყვნენ, მარტო მე ვიყავი ნათელი გონების, ამისდა მიუხედავად ერთ რამეს ვამჩნევდი, რომ ეს „ბნელი ხალხი“ სწორს ლაპარაკობდა. ისეთს ქადაგებდა, რაც გულგრილს ვერ მტოვებდა. მიკვირდა საიდან ქონდათ ამ გაუნათლებელ ადამიანებს ამხელა სიბრძნე. არ მეჯერა ქრისტეს ზეციურობა, მაგარამ მომწონდა იგი, როგორც ადამიანი: ვაჟკაცი, ძლიერი, უშიშარი, სიტყვის მთქმელი და გამკეთებელი. მე ვერ დავინახე იგი, როგორც ღმერთის ძე, რადგან შეუძლებელია, რომ უწმინდურმა ადამიანმა წმინდა ღმერთი დაინახოს, მაგრამ გამიჩნდა სურვილი, რომ იესოსნაირი ადამიანი ვყოფილიყავი. ღმერთი არ წყვეტდა ჩემთან შრომას.

შემდგომ მოხდა ისე, რომ ერთ-ერთი ქადაგების მოსმენის შემდეგ უკიდურესობაში გადავვარდი. იმ პერიოდში ხირად იქადაგებოდა ატაცების თემა და არაფერს ლაპარაკობდნენ წმინდა ხალხთან ერთად ცხოვრებასა და დედამიწაზე მეფობის შესახებ. ამ ყველაფერმა კი ჩემი გონება და გული ზეცისკენ გააქცია და ყურადღების მიღმა დამრჩა ის, რომ ადამიანი დედამიწაზე ცხოვრების პერიოდში უნდა ყოფილიყო „მწყობრში“, როგორც წმინდა, როგორც მართალი და ჭეშმარიტი. თუ მეოცნებე ქრისტიანები ვართ, თუ უფლის მოსვლას ველოდებით, მაგრამ სიმართლე არაა ჩვენს ცხოვრებაში, თუ ჩვენი გული აფორიაქებულია ჩვენი არასწორი ფიქრებისა და ქცევების გამო, სინდისი გამუდმებით გვამხელს, მაგრამ არ ვფიქრობთ რომ განვიწმინდოთ და მხოლოდ ის გვინდა, რომ ქრისტე მოვიდეს და წაგვიყვანოს, ძალიან მცდარ გზას ვადგავართ. იესო ქრისტე ზეციდან მოვიდა  არა როგორც ღმერთი, არამედ იცხოვრა, როგორც ადამიანმა. ამიტომაც ჩვენც, ვინც სასუფევლის შვილებად მივიჩნევთ თავებს, უნდა განვიწმინდოთ, როგორც ისაა წმინდა, სიმართლით და სიწმინდით მოვიწესრიგოთ პირადი ცხოვრება. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ გარემოს გარდაქმნასაც უფლის ნების შესატყვისად, მამა ღმერთისა და მისი ძის იესო ქრისტეს სადიდებლად. მოდით დღეიდან დავიწყოთ ჩვენი პირადი ცხვრების მოწესრიგება. ნუ ვიქნებით უფლის მოსვლის მეოცნებენი. ვიყოთ რეალურად დედამიწაზე მცხოვრებნი, უფლის შესახვედრად მზადყოფნაში. ოცნებებსა და ფუჭ იმედებს ბიბლია სიზმრებთან აიგივებს. ჯერ საკუთარი ცხოვრება მოვიწესრიგოთ და მხოლოდ მერე შევუდეთ ერისთვის ქადაგებას!

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.