სარწმუნოა თუ არა ბიბლიის დოკუმენტები? | ქრისტიანი.ge

სარწმუნოა თუ არა ბიბლიის დოკუმენტები?

        ბიბლიის სამოცდაექვსი წიგნი (ოცდაცხრამეტი ძველი აღთქმის წიგნი და ოცდაშვიდი – ახალი აღთქმისა) კანონიკური ანუ წმინდა სულის მადლით დაბეჭდილი წიგნების ერთობლიობა,  ცნობილია წმინდა წერილის კანონის სახელით. ,,კანონი’’ წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან, რომელიც აღნიშნავს “წნელს" ან კიდევ “საზომ ჯოხს". იმას, რაც არის სწორხაზოვანი, ან რომელიც მიჩნეულია სტანდარტად. წმინდა წერილთან მიმართებაში სიტყვა კანონი ტექნიკურ მნიშვნელობას ატარებს.  ამ მხრივ, კანონიზირება აღნიშნავს პროცესს, რომელშიც ბიბლიის თითოეული წიგნი შეჯამებული იქნა ადრეული ეკლესიის მამების სტანდარტების მიხედვით და ერთად იქნა თავმოყრილი. ამგვარად, ადრეული ეკლესიის მამები წიგნთა ღირებულებას აღიარებდნენ, როგორც ღმერთის გამოცხადებას. ეს პროცესი გვეხმარება, რომ პასუხი გავცეთ შემდეგ შეკითხვებს:  პირველი; “რომელი წიგნები ეკუთვნის ბიბლიას?" და მეორე; “რამდენად უტყუარია ბიბლია, რომელიც დღეს გვაქვს?"

როგორ შეკრიბეს ძველი აღთქმის წიგნები

       ძველი აღთქმა ამჟამინდელ ბიბლიურ კოლექციად შეკრებილ იქნა ოთხ სტადიად. მოსემ ბიბლიის ხუთი წიგნი დაწერა, რომლებიც პენტატოიხის სახელითაა ცნობილი. ებრაელები მას რჯულს, ანუ თორას უწოდებდნენ. ქანაანის დაპყრობის დროს, დაახლოებით ქრისტეს შობამდე მეთოთხმეტე საუკუნეში, იესო ნავეს ძემ მოსეს წიგნები აბსოლუტურად ავტორიტეტულად აღიარა (იესო ნავეს ძე 1:7-8).

       ებრაული ეროვნული ისტორიისა და წინასწარმეტყველური წერილების ჩანაწერთა შეგროვება საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა. წინასწარმეტყველები ორ ჯგუფად იყოფოდნენ: ადრეული და გვიანდელი.

       ადრეულ წინასწარმეტყველთა რიცხვში შედიოდა იესო ნავეს ძე, მსაჯულები, სამუელი და მეფეები. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ყველა ეს წიგნი ძირითადად ისტორიულია; თუმცა, მათ დამწერებს წინასწარმეტყველებს უწოდებდნენ. ტერმინი წინასწარმეტყველი, როგორც ამას ებრაელები იყენებდნენ, მხოლოდ იმ ადამიანს არ აღნიშნავდა, ვინც მოსალოდნელ ფაქტებზე წინასწარ საუბრობდა; მეტიც, ის ეწოდებოდა ნებისმიერ ადამიანს, ვინც ღმერთის წარმომადგენელი იყო ადამიანთა წინაშე. ქრისტეს შობამდე მეექვსე საუკუნეში ეს წიგნები შეაგროვეს და ავტორიტეტულად აღიარეს. ყველა გვიანდელი წინასწარმეტყველური წიგნები (ესაია, იერემია, ეზეკიელი და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი) დაიწერა ქრისტეს შობამდე დაახლოებით მეცხრე და მეექვსე  საუკუნეებს შორის. ეს იყო ებრაელ წინასწარმეტყველთა ოქროს ხანა.     

        წერილები (ფსალმუნები, იგავები, ქებათა ქება) სხვადასხვა კატეგორიებს მიეკუთვნება. ეს წიგნები ლიტერატურული ფორმით განსხვავდებიან. მათმა თვითდამოწმებულმა ხასიათმა და აშკარა ღვთივსულიერებამ, თითოეულ მათგანს მიანიჭა ღვთაებრივი შთაგონების წმინდა ლიტერატურის რეპუტაცია. იოსები, (ჩვ.წ-ის) პირველი საუკუნის ებრაელი ისტორიკოსი და ჯარისკაცი ამბობს, რომ ეზრას ცხოვრების განმავლობაში (დაახლოებით ქრისტეს შობამდე მე-5 საუკუნეში), კანონთა კრებული უკვე არსებობდა. ებრაული თალმუდი, რომელიც დაახლოებით ჩვ.წ-ის 500 წელს შეიქმნა, მრავალ უძველეს ტრადიციას შეიცავს. ქრისტეს შობამდე 300 წელს ძველი აღთქმის ხელნაწერთა კანონმა უკვე საბოლოო სახე მიიღო. ჩვ.წ-ის პირველი საუკუნის განმავლობაში ძველი აღთქმის წიგნების უტყუარობის მრავალი დამამტკიცებელი საბუთი არსებობს. ჩვ.წ-ის 90 წელს იამნიას საეკლესიო კრებაზე ებრაული ძველი აღთქმის ხელნაწერთა კანონი, რომელიც უკვე მტკიცედ იყო ჩამოყალიბებული ებრაელ ხალხთა გონებაში, ფორმალურად აღიარეს. ამ პერიოდისთვის ტერმინმა წმინდა წერილები მიიღო მნიშვნელობა “ღვთივსულიერებით შთაგონებულ ნაწერთა ერთობლიობა".

ძველი აღთქმის წერილთა უტყუარობა

       თითქმის მთელი ძველი აღთქმა უძველეს ებრაულ ენაზე იყო დაწერილი. გადამწერის დავალება ის იყო, რომ ხელნაწერები უდიდესი სიფრთხილით გადაეწერათ. ებრაულ საზოგადოებაში გადამწერს დიდი პატივის სცემდნენ. ის ძალიან სერიოზულ პასუხისმგებლობას იღებდა, რადგან მან იცოდა, რომ რაც მას მიანდეს, ის ღმერთის სიტყვა იყო.

      1947 წელს, მკვდარი ზღვის მახლობლად, იერიხოს სამხრეთით, მოხეტიალე ბედუინთა მწყემსმა აღმოაჩინა კლდეში დამალული რამდენიმე ქილა. ზოგიერთ მათგანში  ებრაული ხელნაწერიები იყო. ძველი აღთქმის წიგნების ყველა ფრაგმენტი იქნა ნაპოვნი, გარდა ესთერის წიგნისა. უნდა აღინიშნოს, რომ აღმოჩენილი ტექსტის შედარებისას (მაგალითად, ესაიას წიგნი) უაღრესად ახლოსაა, მანმადე არსებულ, მასორეტიკულ ტექსტთან.1947 წლის აღმოჩენამ კარგი შესაძლებლობა მისცა სწავლულებს, ჩვენი თანამედროვე ბიბლიური ტექსტის განსაზღვრებისთვის.

      ძველი აღთქმის ტექსტის დამატებითი მოწმობა მოვიდა ალექსანდრიიდან, დაახლოებით ქრისტეს შობამდე 200 წელს, სეპტუაგინტის სახით, რაც ბერძნულად ძველ აღთქმას ნიშნავს. ამ თარგმანს აგრეთვე LXX-საც უწოდებენ, რადგან მისი ჩამოყალიბება სამოცდაათ ებრაელ მეცნიერს მიანდეს. არსებული ტექსტების შედარებისას განსხვავებები ძალიან მცირეა. ამ ყოველივეს საფუძველზე, უნდა აღინიშნოს, რომ დღევანდელი თარგმანები ათანამედროვებენ ძველი აღთქმის ენას.

ახალი აღთქმის წერილთა უტყუარობა

      როცა სახარებები, საქმეთა წიგნი, ეპისტოლეები და გამოცხადება დაიწერა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით ჩამოყალიბებული ეკლესიები, მათ ერთმანეთს გადასცემდნენ და კითხულობდნენ. სხვადასხვა წიგნებს ერთად აგროვებდნენ და იწერდნენ, ზოგჯერ როგორც ერთ მთლიანობას, ზოგჯერ კი როგორც ინდივიდუალურ წიგნებს. ორი ძირითადი მასალა, რომელთაც მწერლები ახალი აღთქმის ადრეული ტექსტების დასაწერად იყენებდნენ, იყო პაპირუსი და პერგამენტი. მოგვიანებით ესყოველივე  ქაღალდმა შეცვალა. საწერად გამოყენებული მასალა, აგრეთვე წერის სტილი (ღმერთი ჩვეულებრივ მაცხოვრებელთა ენას იყენებდა თავისი ჭეშმარიტების გადმოსაცემად. ახალი აღთქმა ბერძნულ ენაზე დაიწერა და მაშინ ბერძნები საბაზრო ენის სტილს იყენებდნენ. ბერძნულად, ,,კოინე" რაც საზოგადოს, საერთო-სახალხოს ნიშნავს.) მეცნიერებს აძლევს შესაძლებლობას ზუსტად დაათარიღონ ხელნაწერები.  ამ ამოცანისთვის კიდევ სხვა დამხმარე საშუალებები არსებობს. მაგალითად, მრავალი ადრეული მწერალი, მეორე საუკუნიდან მოყოლებული, მოციქულთა წერილებიდან ციტატებს მოიშველიებდნენ. ადრეული ჯგუფს, რომელიც ამას აკეთებდა, აპოსტოლურ მამებს უწოდებდნენ. ისინი ჩვ.წ-ის 90-დან ჩვ.წ-ის 160 წლამდე მოღვაწეობდნენ. ასევე არსებობს სალექციო კურსის სახელით ცნობილი ტექსტები. ეს არის დაწერილი ნაშრომები, არა რეგულარული სიხშირის, არამედ ყოველდღიური ან ყოველკვირეული გაკვეთილების ფორმით, რითიც სახარებებს და ეპისტოლეებს შეისწავლიდნენ.

როგორ შეკრიბეს ახალი აღთქმის წიგნები

     აპოსტოლური ეპოქა შეგვიძლია ორ პერიოდად დავყოთ. პირველი, დაახლოებით ჩვ.წ-ის 30 წლიდან 45 წლამდე ზეპირი ტრადიციების პერიოდი იყო. ამ პერიოდის განმავლობაში აღმდგარი უფლის შესახებ კეთილი უწყება ცხადდებოდა აღდგომის მოწმეების მიერ. მეორე პერიოდის განმავლობაში, ჩვ.წ-ის 45 და 100 წლებს შორის, ღმერთმა შთააგონა ზოგიერთ მოციქულს, რომ დაეწერათ იესოს ცხოვრების, სიკვდილისა და აღდგომის ისტორია და მიეცათ ავტორისეული ინტერპრეტაცია იმისათვის, თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ამას კაცობრიობის ცხოვრებაში. სწორედ ამ წლებში  მიმდინარეობდა ამ სხვადასხვა წერილთა შეგროვების პროცესი. პეტრე ამის შესახებ გვეუბნება თავის მეორე ეპისტოლეში (2 პეტრეს 3:1-2). მოგვიანებით, იგივე თავში პეტრე, პავლეს წერილებს ისეთივე ავტორიტეტულად მიიჩნევს, როგორც “სხვა წერილებს" (3:15-16). ახალი აღთქმა მტკიცე მოწმობას გვაძლევს, რომ პავლეს წერილების შეგროვება ჩვ.წ-ის 70 წლამდეც კი მიმდინარეობდა.

       აპოსტოლურ მამებს, კლიმენტი რომაელიდან დაწყებული, დაახლოებით ჩვ.წ-ის 95 წლიდან, მრავალი ციტატა აქვთ მოყვანილი მოციქულთა ნაწერებიდან. მაგალითად, პოლიკარპე, (ჩვ.წ-ის 130 წ.) სახარებებიდან მოიშველიებდა ციტატებს. ადრეული ეკლესიის მამები მასალებს მოიშველიებენ მოციქული პავლეს წერილებიდანაც. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ეკლესიის მამები აცნობიერებდნენ ხელმისაწვდომ მასალას, რომელიც მნიშვნელოვანი იყო მორწმუნეთა დასარიგებლად. ისინი აგრეთვე ხედავდნენ, რომ ეს ნაშრომები ისევე ღვთივსულიერებით იყო შთაგონებული, როგორც ძველი აღთქმის წერილები.

       ერესების წარმოშობა (მაგალითად, მარკიონის გნოსტიკური ერესი, რომელიც ახალი აღთქმის წიგნთა კრებულითაგან მხოლოდ პავლეს ათ ეპისტოლეს და ლუკას სახარებას აღიარებდა.) იმდროინდელ ეკლესიის საჭეთმპყრობლებს კარნახობდა, რომ დრო იყო, გამოეცხადებინათ ის წიგნები, რომელთაც ღვთივსულიერად აღიარებდნენ. ჩვ.წ-ის დაახლოებით 180 წელს გამოჩნდა მურატორიული კანონი. შესაძლოა, ეს პირველი ფორმალური მცდელობა იყო ქრისტიანული კანონის შედგენისა. შესაძლებელია, ამ კრებულის პასუხისმგებელი პირი იპოლიტე რომაელი იყო. ჩამონათვალი არ ჰგავს საბოლოო კანონს, რომელიც ორასი წლის შემდგომ ჩამოყალიბდა, არამედ ის იძლევა გასაღებს იმდროინდელ ეკლესიაში არსებული სიტუაციისა. სახარების კრებულები, პავლეს ეპისტოლეები, იოანეს ნაწერები, და სხვა წიგნები ამ ჩამონათვალშია. მიუხედავად იმისა, რომ პირველი ორი სახარება ამ კანონის შემადგენლობაში არ არის, ლუკას სახარება, რომელიც პირველ ადგილზეა ჩამონათვალში, სიაში აღწერილია, როგორც “მესამე" სახარება, რაშიც იგულისხმება ის, რომ “პირველი" და “მეორე" სახარებაც არსებობდა. უკვე მეოთხე საუკუნეში ეკლესია ორი ფრთით ვითარდებოდა: (1) აღმოსავლური ნაწილი, რომელზეც გავლენას ახდენდა ალექსანდრია და ბერძნული კულტურა, და (2) დასავლური ნაწილი, რომელზეც ზემოქმედებდა ლათინური კულტურა. აღსანიშნავია ის, რომ ამ ორი ფრთის ეკლესიაში, მიღებული იყო იგივე ოცდაშვიდი წიგნი, რომლებიც ამჟამად გვაქვს ჩვენს ახალ აღთქმაში.

        მოგვიანებით ათანასემ, ალექსანდრიის ეპისკოპოსმა, აღიარა ახალი აღთქმის ოცდაშვიდი წიგნი თავის ოცდამეცხრამეტე წერილში, ჩვ.წის 367 წელს. მან მკაცრი ხაზი გაავლო ავტორიტეტულ წიგნებსა და არაკანონიკურ წიგნებს შორის.         

        აღმოსავლეთში, კართაგენის საეკლესიო საბჭოზე, რომელიც სინოდის სახელითაა ცნობილი, ლათინელმა ეპისკოპოსებმა აღიარეს იგივე ოცდაშვიდი წიგნი. ამ საეკლესიო საბჭომ, რომელიც ჩვ.წ-ის 397 წელს გაიმართა, განასხვავეს კრიტერიუმები, რომლებიც ჰქონდათ წიგნების არჩევის დროს. უნდა აღინიშნოს,  რომ ეს საეკლესიო კრება  არ აძლევდა ახალ აღთქმას ეკლესიას: ის უბრალოდ აღიარებდა, კრავდა იმ ღვთივსულიერ ხელნაწერებს, რაც ეკლესიას უფლის მადლით გააჩნდა.

         ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, არქეოლოგიური აღმოჩენები, თავად წმინდა წერილი და ასევე ისტორიული ცნობები ადასტურებს იმ ფაქტს,რომ დღესდღეისობით არსებული ბიბლიური ტექსტი უტყუარია.

 

სტატია მოამზადა: აჩიკო ივანიშვლილმა

წიგნიდან: აპოლოგეტიკა  

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.