სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და პოლიტიკა | ქრისტიანი.ge

სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და პოლიტიკა

ღმერთმა როგორც სახელმწიფო ხელისუფლებას, ასევე ეკლესიას კონკრეტული ფუნქციების შესრულება დააკისრა. სახელმწიფო ადგენს კანონებს და დაცვის საშუალებებიც მის განკარგულებაშია. ეკლესია მარადიულ, უცვლელ, სულიერ კანონებსა და სულიერ საშუალებებს ფლობს. ქრისტეს სხეულს, ეკლესიას, ღმერთმა განსაკუთრებული, სულიერი ძალაუფლება მიანიჭა, რომელიც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახარების გავრცელებისკენ და დედამიწაზე ზეციური სასუფევლის დამკვიდრებისკენაა მიმართული.
ეკლესიას და სახელმწიფოს განსხვავებული ამოცანები აკისრიათ. სახელმწიფოში პოლიტიკური საქმიანობების შესასრულებლად ღმერთმა ხელისუფლება დააყენა და ეს დავალება ეკლესიისთვის არ მიუცია. ეს თავის მხრივ არ გულისხმობს იმას, რომ მორწმუნე ადამიანს არ შეეძლოს პოლიტიკოსი გახდეს და საზოგადოებრივ და სახელმწიფო სტრუქტურებში იმოღვაწეოს. ეკლესიის დანიშულება არ არის სახელმწიფოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა, თუმცა მოვალეობაა, საჭიროების შემთხვევაში სათანადო, ბიბლიური რჩევებისა და გაფრთხილებების მიცემა სახელმწიფო მოხელეებისადმი. ბიბლიაში მრავლადაა მაგალითები, როდესაც მორწმუნეები გარკვეულ გარემოებათა გამო, სახელმწიფოში მნიშვნელოვან პოლიტიკურ პოსტს იკავებდნენ და იმ ქვეყნისთვის ღვთიური კურთხევები მოჰქონდათ (დაბ. 41:41; დან. 6:1-3).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ:
რელიგიურ, მაღალზნეობრივ, ოჯახური ღირებულებების დამცველ ადამიანებს შესაძლებელია პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში განსხვავებული მოსაზრებები გააჩნდეთ. ჩვენ, როგორც მორწმუნეებს, შეგვიძლია საზოგადოებისა და სახელმწიფოს სრულყოფილებას ვემსახუროთ, ამავე დროს ეკლესიისა და სახელმწიფოს სუვენერულობის პრინციპები დავიცვათ. შემწყნარებლობის გათავისება და ამ საკითხთან კონკრეტული დისკუსიებისა და მოქმედებების არსებობა აერთიანებს ადამიანებს, უკეთესს ხდის საზოგადოებას და რელიგიურ თავისუფლებას იცავს.
ეკლესია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებს მშვიდობისაკენ და ურთიერთობისაკენ მოუწოდებს. ეკლესიის წევრებს, მღვდელმსახურებს, მრევლს, შეუძლიათ განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრებები ჰქონდეთ, მაგრამ არა ისეთი, რომელიც აშკარად ეკლესიური მოძღვრების საწინააღმდეგოა.
მღვდელთმსახურთ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პოლიტიკური ორგაიზაციების საქმიანობაში, ისეთ საარჩევნო პროცესებში როგორიცაა: პოლიტიკური ორგანიზაციების თუ ცალკეულ კანდიდატთა საჯარო მხარდაჭერა, აგიტაცია-პროპაგანდა და ა.შ. მოქმედ ღვთისმსახურთ არა აქვთ უფლება საარჩევნო კომპანიაში (საპრეზიდენტო, საპარლამენტო, ადგილობრივ) საკუთარი კანდიდატურის დასახელების. ამავე დროს სხვა მოქალაქეების მსგავსად დაცული უნდა იყოს მრევლის და ღვთისმსახურთა არჩევნებში მონაწილეობის უფლებები.
ეკლესია თავის მხრივ უარს ამბობს: პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობაზე, პოლიტიკურ პარტიებში და წინასაარჩევნო პროცესებში ჩართვაზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის უარს ამბობს საზოგადოებისთვის მიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი პოზიციების გამოხატვასა და მისი ხელისუფლების ორგანოების წინაშე წარდგენაზე.
ეკლესია არ არის წინააღმდეგი, რომ მრევლის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღონ აღმასრულებელ და სასამართლო გადაწყვეტილებებში. თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობების შესრულებისას მორწმუნეები მოწოდებულნი არიან და შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პროცესებში, რაც ნებისმიერი დროის ხელისუფლების არჩევნებთანაა დაკავშირებული. მორწმუნეები, რომლებიც სახელმწიფო ან პოლიტიკურ მოღვაწეობაში ან სხვადასხვა ორგანიზაციათა საქმიანობაში ინდივიდუალურად მონაწილეობენ, ამას აკეთებენ დამოუკიდებლად და არ გამოდიან ეკლესიის სახელით.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.