სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და სახელმწიფო | ქრისტიანი.ge

სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია და სახელმწიფო

სახელმწიფო ღმერთის მიერ დადგენილი ინსტიტუტია, რომლის მიზანსაც საზოგადოებაში წესრიგის დამყარება წარმოადგენს. რომაელთა მიმართ წერილის მე-13-ე თავი ეკლესიასა და სახელმწიფოს, ხელისუფლებას შორის ურთიერთობას არეგულირებს: ,,ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას, ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი. ამიტომ ხელისუფლების მოწინააღმდეგე ეწინააღმდეგება ღვთის დადგენილებას, ხოლო მოწინააღმდეგენი მსჯავრს დაიტეხენ თავზე. რადგან უფროსნი საშიშნი არიან არა კეთილი საქმეებისთვის, არამედ ბოროტთათვის. თუ გსურს, რომ ხელმწიფებისა არ გეშინოდეს, კეთილი აკეთე და ქებას მიიღებ მისგან; ვინაიდან იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ. მაგრამ თუ ბოროტებას იქმ, გეშინოდეს, რადგან ტყუილად როდი ატარებს მახვილს; ის ღვთის მსახურია და რისხვით შურისმაძიებელი ბოროტმოქმედებაზე. ამიტომ ჩვენ უნდა დავემორჩილოთ არა მარტო რისხვის გამო, არამედ სინდისის გამოც. სწორედ ამისთვის იხდით ხარკს, ვინაიდან ისინი ღვთის მასახურები არიან და დღენიადაგ ამას აკეთებენ. ამრიგად მიეცით ყველას რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი – ხარკი, ვისაც ბაჟი – ბაჟი, ვისაც შიში – შიში, ვისაც პატივი – პატივი”.

სახელმწიფო გამგებლობის ამოცანები და ფუნქციები

სახელმწიფო გამგებლობის ამოცანაა, სუბიექტური შეხედულებების მიუხედავად დაიცვას თითოეული მოქალაქის უფლებები მათი ცხოვრებისა და რწმენის შესახებ. სახელმწიფოს მიერ დაცული და გარანტირებული უნდა იყოს ადამიანის უფლებები და თავისუფლება, როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, სიტყვის, ბეჭდვის, შეკრებების, მეწარმეობის თავისუფლება, კერძო ქონებისა და საცხოვრებლების ხელშეუხებლობა, საკუთრების უფლება, ოჯახური უფლებები, კანონისა და სასამართლოს წინაშე თანასწორობა, სინდისისა და აღმსარებლობის თავისუფლება და სხვ. საზოგადოებაში წესრიგის დაცვის მიზნით სახელმწიფო გამგებლობა შემდეგ ფუნქციებს ასრულებს:
1. მართლმსაჯულების აღსრულება (რომ. 13:3)
2. კანონმორჩილი მოქალაქეების მხარდაჭერა (რომ. 13:3)
3. დამნაშავეთა დასჯა (რომ. 13:2-4)
4. შინაური და გარეშე მტრებისგან მოქალაქეთა დაცვა (რომ. 13:4)
5. ყველა სახის გადასახადების აკრეფა (რომ. 13:6)
გადასახადების აკრეფა უნდა განიხილებოდეს, როგორც დაკანონებული აუცილებლობა, რათა ქვეყანამ შეძლოს წინსვლა (რომ. 13:5-7) და მას წინააღმდეგობა არ უნდა გაეწიოს (რომ. 13:2) ჩვენ ვაღიარებთ, რომ სახელმწიფოს, ხელისუფლებას უნდა გააჩდეს თავისი მოქალაქეების დაცვის საშუალებები, რათა თავიდან აიცილოს და აღკვეთოს დამნაშავეობა, დაიცვას კანონიერება, უზრუნველყოფდეს ადამიანთა სიცოცხლის უსაფრთხოებას და დაიცვას მათი ქონება.

ხელისუფლებისადმი მორჩილება

,,ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელისუფლებას” (რომ. 13:1). ქრისტიანი, ისევე როგორც საზოგადოების თითოეული წევრი, ხელისუფლების მორჩილი უნდა იყოს და თავისი ქვეყნის კანონების შესაბამისად უნდა იცხოვროს. მოთხოვნილებების დადგენა სახელმწიფოს უფლებაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ის შევასრულოთ.
სამოქალაქო კანონთა დარღვევა, თუ ისინი ღმერთის უზენაეს ძალაუფლებასთან კონფლიქტში არ შედის (საქ. 4:19; 5:29), მორწმუნეებს სახელმწიფოს მხრიდან სასჯელს, ხოლო ღმერთის მხრიდან მსჯავრის დადებას მოუტანს (რომ. 13:2). პავლე მოციქული ხაზგასმით აღნიშნავს, რომ იესო ქრისტეს მორწმუეები უნდა ემორჩილებოდნენ ხელისუფლებას და ხელმძღვანელობას ავად არ უნდა ახსენებდნენ (ტიტ. 3:1).

სახელმწიფოს მოხელეთა ძალაუფლება

ჩვენ ვაცხადებთ, რომ ყოველგვარი ძალაუფლება ღმერთისგანაა (რომ. 13:1), მაგრამ არ მიგვაჩნია სწორად, რომ როდესაც ადამიანი რომელიმე სახელმწიფოებრივ ძალაუფლებას დაიკავებს, აქვს უფლება თავისი შეხედულებისამებრ იმოქმედოს. როდესაც სახელმწიფო მოხელე მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებით მოქმედებს, ღვთის მსახური ხდება (რომ. 13:4). მას არა აქვს უფლება თავისი მდგომარეობა საზოგადოების ინტერესების საზიანოდ გამოიყენოს ან მასზე დაკისრებული ფუნქციები არ შეასრულოს. საკუთარი მოვალეობების პასუხისმგებლობით შესასრულებლად აუცილებლობას არ წარმოადგენს, რომ მოხელე ქრისტიანი იყოს.

წინააღმდეგობა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის

ხელისუფლების მხრიდან სახარების ქადაგებისა და ღმერთის მსახურების აკრძალვა ეწინააღმდეგება ღვთის ნებას ეკლესიისთვის და ღვთის სიტყვას, რომელიც ქრისტიანთათვის უზენაესი ავტორიტეტია, ამიტომ შეუძლებელია მორწმუეებმა ასეთი მოთხოვნები შეასრულონ (საქ. 4:18-19; 5:28-29).
ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფლიქტების წარმოქმნისას ფიზიკური ამბოხისა და არეულობის ძალადობრივი გზით შეცვლისა და სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოწოდება პრობლემის გადაჭრის ღვთიურ გზას არ წარმოადგენს. ეკლესიისათვის ეს მიუღებელია. მორწმუნეებს გაცილებით უფრო ქმედითი საშუალებები გააჩნიათ:
1) ღმერთის სიტყვის ქადაგება (საქ. 4:26-29)
2) ლოცვა (1ტიმ. 2:3)
ეკლესიას აგრეთვე უფლება აქვს გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული საშუალებები და შესაძლებლობები.

ეკლესიის გამოყოფა სახელმწიფოსაგან

ჩვენ მხარს ვუჭერთ საერო სახელმწიფო მოდელს: სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფასა და ერთმანეთის საქმეში ჩაურევლობას (გამონაკლისს წარმოადგენს სახელმწიფოს უფლება – განახორციელოს კონტროლი და ზედამხედველობა რელიგიური გაერთიანებების მოღვაწეობის კანონიერებაზე და აგრეთვე რელიგიურ გაერთიანებების წევრთა უფლებაზე – მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საქმეების მართვაში).
წმინდა წერილში საუბარია რამდენიმე შემთხვევაზე, როდესაც მოციქულები სახელმწიფო მოხელეებს მათი სულების გადარჩენის მნიშვნელობაზე უმოწმებენ, მაგრამ არასოდეს მიუთითებდნენ სახელმწიფოს მართვაზე (საქ. 26:28; 24:25).
თავის მხრივ ეკლესიაც ელოდება სახელმწიფოსაგან, რომ ისიც არ ჩაერევა ეკლესიის შინაურ საქმეებში.

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთმოქმედების სფეროები

სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთმოქმედების სფეროებად მიგვაჩნია:
საზოგადოებაში ზნეობის დაცვაზე ზრუნვა;
სულიერი, კულტურული, ზნეობრივი და პატრიოტული განათლება და აღზრდა;
დიალოგის შენარჩუნება ეკლესიასა და ხელისუფლების ორგანოებს შორის შესაბამისი კანონების, კანონს დაქვემდებარებული აქციების სათანადოდ მომზადებისა და მიღების გადაწყვეტილებებისას;
მეცნიერება;
ჯანდაცვა;
კულტურა და შემოქმედებითი მოღვაწეობა;
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მუშაობა (საერო და საეკლესიო);
მოღვაწეობა გარემოს დაცვის სფეროში;
მოღვაწეობა ეკონომიკურ სფეროში;
ოჯახის, დედათა და ბავშვთა ინსტიტუტების მხარდაჭერა;
საერთაშორისო, ეთიკურ და სამოქალაქო დონეზე მშვიდობისმყოფლობა;
ექსტრემისტული და ტერორისტული საქმიანობის წინააღმდეგ თანადგომა.
არსებობს სფეროები, რომლებშიც ეკლესიას სახელმწიფო სტრუქტურებთან თანამშრომლობა არ შეუძლია ესენია: პოლიტიკური ბრძოლა, ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წინასაარჩევნო აგიტაცია, საზოგდოებრივი და პოლიტიკური ლიდერების მხარდასაჭერად კომპანიის გამართვა.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.