ძირითადი ღვთისმეტყველური დებულებები | ქრისტიანი.ge

ძირითადი ღვთისმეტყველური დებულებები

სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესიის მოძღვრებისა და ქრისტიანული ცხოვრების პრაქტიკის საფუძვლებს ბიბლია, წმინდა წერილი წარმოადგენს. ეკლესიის მოძღვრება სამოციქულო ტრადიციებზეა დაფუძნებული და წინა თაობების ეკლესიურ გამოცდილებებს ითვალისწინებს. ბიბლია ერთადერთი ჭეშმარიტი კრიტერიუმია რწმენის საკითხებში, რომელთა თანახმადაც ეკლესიის ყველა დოქტრინების შემოწმება ხდება. ჩვენ გვწამს, რომ ქრისტიანებისთვის წმინდა წერილი ყოველთვის ფუნდამენტალურ ჭეშმარიტებად და უმაღლეს სტანდარტად დარჩება, რომლის მიხედვითაც ადამიანური ქცევები და მორალი იზომება. ქრისტიანებმა თავიანთი რწმენა და ცხოვრება ყოველთვის წმინდა წერილს უნდა შეადარონ. (მათე 5:18; იოანე 10:35).
სახარების რწმენის ქრისტიანთა ეკლესია თავის თავს ხედავს, როგორც ნაწილს მსოფლიო ეკლესიისა, რომელიც აერთიანებს მორწმუნეებს, რომელთაც სწამთ იესო ქრისტე, როგორც მხსნელი და უფალი. ეკლესია აერთიანებს ადამიანებს მათი რასის, ეროვნების, სქესის, ასაკისა და სოციალური კუთვნილებისაგან დამოუკიდებლად.
ეკლესია დედამიწაზე ღმერთის ნებას ასრულებს ღვთის სასუფევლის დამკვიდრების მიზნით. მიმართულია ქრისტე იესოში რწმენის მეშვეობით ადამიანთა გადარჩენისა და წმინდა წერილის შესაბამისად მათი ცხოვრების შეცვლისაკენ.

ღმერთი

ჩვენ გვწამს, რომ არსებობს ერთადერთი ჭეშმარიტი, ცოცხალი, მარადიული, უცვლელი, ყოვლადძლიერი, სამართლიანი, მოწყალე და წმინდა ღმერთი, რომელიც პატივისცემის, მოწიწების, სიყვარულისა და ნდობის ღირსია. ღმერთი სამპიროვანია: მამა, ძე და სულიწმიდა (გამოს. 3:14; ოს. 12:5 მათ. 28:19-20)

ქვეყნიერების შექმნა

ჩვენ გვწამს, რომ ღმერთი სამყაროს შემოქმედია. მის მიერაა შექმნილი ცა, მიწა და ყოველივე რაც ცოცხალია. მან ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა (დაბ. 1:2; 5:1-2; 4მეფ. 19:5). ადამიანი ღმერთის სადიდებლად შეიქმნა. მას ურთიერთობა უნდა ქონდეს ღმერთთან, მასთან ერთად და მისთვის იშრომოს და ამ ყოველივეში უმაღლესი კმაყოფილება ჰპოვოს.

ცოდვით დაცემა

ჩვენ გვწამს, რომ ადამიანის დახსნა ცოდვის ძალაუფლებისგან შესაძლებელია მხოლოდ იესო ქრისტეს მადლის მეშვეობით, რომელიც ღმერთმა ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად მოავლინა წუთისოფელში. იესო ქრისტემ თავის თავზე აიღო ადამიანის ცოდვილი ბუნება, მაგრამ თვითონ არცერთი ცოდვა არ ჩაუდენია. ჯვარზე სიკვდილით ის ჩვენი ცოდვების გამო დაისაჯა. მან გაგვამართლა ღმერთის თვალში და შეგვარიგა მასთან. იესო აღსდგა მკვდრეთით და ახლა იგი ცოცხალია. იგი არის ჩვენი მხსნელი და უფალი. დახსნა დაუმსახურებელი საჩუქარია ღმერთისგან. მას ადამიანი რწმენის მეშვეობით იღებს (ეფეს. 2:5; 1კორ .3:5-7; იოან. 3:16; 1:1-4; ებრ. 4:14).

რწმენისაკენ მოქცევა და სიცოცხლე ღმერთთან ერთად

ჩვენ გვწამს, რომ რწმენისკენ მოქცევა ხდება ადამიანის მიერ ცოდვების მონანიების შედეგად, რომელიც იშვება ზეციდან, იღებს გამართლებას და ღმერთს ურიგდება. ამ მოქმედების შემდეგ იგი უფალთან ერთად იწყებს ახალ წმინდა ცხოვრებას (იოან. 3:3; 2კორ. 5:17).
ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანმა მონანიება პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა გააკეთოს. უარი თქვას საკუთარ ცოდვილ ბუნებაზე და რწმენით აღიაროს იესო ქრისტეს სამართლიანობა. ამ გადაწყვეტილების მიღება ღმერთის სულის შთაგონებით ხდება (საქ. 3:19). ჩვენ გვწამს, რომ რწმენა არის როგორც უფლის ჭეშმარიტი სიტყვის მიღება და აღიარება, ასევე ადამიანის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რომელსაც იგი ღმერთთან რეალურ ურთიერთობამდე მიჰყავს (საქ. 16:31; რომ. 10:4).

მორწმუნეების ცხოვრება ეკლესიაში

ჩვენ გვწამს, რომ ეკლესია არის ქრისტეს სხეული, იმ ადამიანებისაგან შემდგარი, რომლებიც იღებენ იესო ქრისტეს, როგორც თავიანთ ერთადერთ მხსნელს, რომლებთაც სწამთ მისი მსხვერპლი და მისი სისხლი, როგორც ცოდვისაგან გამოსასყიდი საშუალება და რომლებიც მას უფლად აღიარებენ (1კორ.12:27; გალატ. 3:28).
ჩვენ გვწამს, რომ წყლით ნათლობა გარეგნული მოქმედებაა და სიმბოლურად გამოხატავს ადამიანის შინაგან ცვლილებებს, რომელიც ცოდვას მოუკვდა და ახალი სოცოცხლისათვის ქრისტეში აღსდგა (რომ. 6:4; საქ. 3:38).
ჩვენ გვწამს, რომ სულიწმიდით ნათლობის ნიშანი, რომელიც ორმოცდამეათე დღეს მოციქულებმა განიცადეს უცხო ენებზე ამეტყველებით, დღესაც აქტუალურია. სულიწმიდით ნათლობის დამადასტურებელია აგრეთვე მორწმუნეთა ავსება სულიერი ძალით სახარების საქადაგებლად. ჩვენ გვწამს, რომ იესო ქრისტემ გაგზავნა მორწმუნეები რათა ყველა ადამიანისათვის გამოეცხადებინათ კეთილი უწყება იმის შესახებ, რომ ის მათი ცოდვებისათვის მოკვდა, მათი გამართლებისთვის აღსდგა და დღესაც ცოცხალია. იგი არის ყოველი მისი მორწმუნის მხსნელი და უფალი, რომელთაც აძლევს სულიწმიდის ძალას (მარკ. 16:15).
ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის სიტყვის დასამოწმებლად, ეკლესიის დასაფუძნებლად და სახარების საქადაგებლად მორწმუნის ცხოვრებაში სულიერი ნიჭების გამოვლინება ხდება (მარკ. 16:17-18; 1კორ. 12-13)
ჩვენ გვწამს, რომ ზიარება, უფლის სერობა შედგება პურისგან და ღვინისგან, რომლებიც იესო ქრისტეს სხეულსა და სისხლს წარმოადგენენ. ზიარებაში მონაწილეობით მორწმუნეები იხსენებენ და აღიარებენ იესოს სიკვდილსა და აღდგომას. ამით ქრისტიანები გამოხატავენ თავიანთ სიყვარულს ქრისტესადმი და რწმენას იმისა, რომ დაშვებული შეცდომების მიუხედავად ჩვენი სიცოცხლე მის მიერ არის გამოსყიდული. გვწამს, რომ იესოს აღდგომით მარადიული სიცოცხლე გვაქვს (ლუკ. 22:19-20; 1კორ. 10:16; 11:26-30).
ვაღიარებთ, რომ ჩვენი სულის, სამშვინველის და სხეულის ჯანსაღად ყოფნა ღმერთის ნებაა. სახარებაში მრავლადაა მაგალითები იესოს მიერ ადამიანთა განკურნებებისა, რომელმაც სამოციქულო ეკლესიაშიც ჰპოვა გაგრძელება. განკურნების მსახურება ეკლესიისთვის დღესაც აქტუალური რჩება (მარკ. 6:56; ეს. 53:5; 1პეტ. 2:24).

ქრისტეს მეორედ მოსვლა და მარადიული სიცოცხლე

ჩვენ გვწამს, რომ ქრისტე მეორედ მოვა დედამიწაზე, რათა ქრისტეში განსვენებულები აღადგინოს მკვდრეთით და ცოცხლად დარჩენილები კი ზეცაში აიყვანოს. ჩვენ გვწამს, რომ მორწმუნეებს მარადიული სიცოცხლე ექნებათ ღმერთთან თანდასწრებაში, ხოლო ცოდვილებს საუკუნო სასჯელი ელოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.