როგორ არ დავკარგოთ სახე და სინდისი ინტერნეტში. 10 რჩევა | ქრისტიანი.ge

როგორ არ დავკარგოთ სახე და სინდისი ინტერნეტში. 10 რჩევა

 

დღეს ინტერნეტით  მილიონობით ადამიანი სარგებლობს,  მაგრამ ხშირად ადამიანებს გვავიწყდება, რომ ინტერნეტში  არამხოლოდ სასარგებლო ინფორმაციის  მოძიებაა შესაძლებელი,  არამედ  ღირსების დაკარგვა, სინდისის წაბილწვა და რეპუტაციის შელახვაც.

1. ნუ კამათობთ! კამათში ჭეშმარიტება არ იბადება, არამედ კვდება.

დისკუსია  განსხვავდება კამათისგან. დისკუსიაში ოპონენტები ინტერესდებიან ერთმანეთის აზრებით, შეუძლიათ მოსმენა, არავის თავზე არაფერს არ ახვევენ და ცდილობენ გაერკვნენ იმ საკითხში რომელიც განიხილება.

როგორც წესი, კამათში  ოპონენტებს არ უსმენენ, არამედ ცდილობენ საკუთარი სიმართლის  დამკვიდრებას; გამონათქვამები  ემოციურ ხასიათს იძენენ, ხოლო დიალოგი ხშირ შემთხვევაში – არაკონსტრუქციულია.  ამიტომ, სჯობს მოკლედ, ერთჯერადად და კონკრეტულად გამოხატოთ თქვენი აზრი, ვიდრე ენერგია  და დრო დახარჯოთ კონფლიქტის გაღვივებაში.

„სულელურ და უმეცარ პაექრობებს მოერიდე,
იცოდე, რომ ისინი მხოლოდ უთანხმოებებს ბადებენ.“    2ტიმოთე 2:23

„სულელურ პაექრობას, გვარ-ტომობას,
კინკლაობასა და რჯულის თაობაზე დავას მოერიდე,
ვინაიდან ეს უსარგებლო და ამაოა.“   ტიტე  3:9

 

2.   ნუ წერთ განრისხებულ გულზე ან სხვა უარყოფითი ემოციების თანხლებით (გაღიზიანება, წყენა, რისხვა, იმედგაცროება, გულდაწყვეტა და ა.შ.)  

ვნებათა ღელვა გადაგივლით და დაწერილზე ინანებთ.  მოითმინეთ,  აიღეთ დრო და თუ გარდაუვალია  პასუხის გაცემა, – უპასუხეთ, ოღონდ მოგვიანებით, ცივ გონებაზე.

„განსჯის უნარი რისხვაში ნელს ხდის ადამიანს;
მისი ღირსება დანაშაულის დავიწყებაა.“    იგავნი 19:11

ჰოდა, ჩემო საყვარელო ძმებო,
ყოველი ადამიანი მოსმენაში იყოს მარდი,
სიტყვაში – მძიმე და რისხვაში – ნელი.
რადგან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს.  იაკობი 1:19-20

„ბრიყვი მთელ თავის შინაგანს გადმოღვრის,
ბრძენი კი – თავშეკავებულია.“    იგავნი 29:11

„უგუნური მყისვე ავლენს თავის გაბრაზებას,
გონიერი კი არ იმჩნევს წყენას.“        იგავნი 12:16

„მრისხანე კაცი შფოთს იწვევს,
გულფიცხი – მრავალ დანაშაულს.“  იგავნი 29:22

 

3. ნუ წერთ და ნურც აზიარებთ  გადაუმოწმებელ, დაუზუსტებელ ინფორმაციას.

ეს შეიძლება ტყუილი აღმოჩნდეს. ეცადეთ გამოიყენოთ სანდო წყაროები, და არა ე.წ. ყვითელი პრესის საიტები, ან საეჭვო ინფორმაციები ფორუმებიდან და ჯგუფებიდან.    

არ იჩქაროთ ე.წ.  „სასწრაფო“  შეტყობინებების (რომლებშიც გთხოვენ წაკითხვას ან მეგობრებისთვის გაზიარებას)  გადაგზავნა მეგობრებში.   ხშირ  შემთხვევაში მსგავსი „სასწრაფო“  მესიჯები  ე.წ. სპამს  შეიცავს,  ან  შესაძლოა ძველი (თუნდაც ნამდვილი) ინფორმაციის დამახინჯებული  ვერსიაა.   

ერთი მოწმე ვერ წარდგება ვინმეს წინააღმდეგ რაიმე დანაშაულში ან შეცოდებაში, რომლითაც შესცოდავს: ორი ან სამი მოწმის პირით დამტკიცდეს საქმე.  მეორე რჯული 19:15

გულუბრყვილოს ყველა სიტყვისა სჯერა,
გონიერი კი აკვირდება თავის ნაბიჯებს.  იგავნი 14:15

4. სოციალურ ქსელებში გამოიყენეთ თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი – გამჭირვალობა დაგიცავთ საცდურისგან.

ქსელში  ამორალური ქცევა გაცილებით ადვილი ხდება მაშინ, როდესაც  უცნობი სახელით, ან ე.წ.  ნიკით  ხარ  შენიღბული.    გამოიყენეთ  თქვენი  რეალური  სახელი,  და ეს  იქნება დამატებითი ფაქტორი   რომელიც  დაგიცავთ  სისულელეების  კეთებისგან.

არ  გააკეთოთ  ქსელში ისეთი რაღაც,  რომლის  საჯაროდ  მოყოლაც  შეგრცხვებათ.

მაგალითად,  ძნელად  დასაჯერებლია  ცოლიანი  კაცი  დარეგისტრირდეს  +18  ჯგუფებში ნამდვილი   სახელით და გვარით,  ან  ეკლესიის  მსაუხრმა ღიად და პირდაპირ ფლირტაობა  დაუწყოს გოგოებს.  

არ  დამალოთ თქვენი ქრისტიანული შეხედულებები! „კეთილი სახელი დიდ სიმდიდრეზე უკეთესია,
ვერცხლსა და ოქროს კი კეთილგანწყობა სჯობს.“   იგავნი 22:1

„სამალავშიც რომ დაიმალოს ვინმე, განა ვერ დავინახავ? ამბობს უფალი, განა ცა და ქვეყანა ჩემით არ არის სავსე? ამბობს უფალი.“   იერემია 23:24

„…არაფერია დაფარული, რომელიც არ გაცხადდება და საიდუმლო, რომელიც არ გამჟღავნდება.“    მათე  10:26

5. ყოვეთვის იყავით კორექტულნი, პატივისცემით უპასუხეთ  ოპონენტებს.

ნუ  წერთ  უხეშად, ზემოდან ყურებით, განსაკუთრებით თქვენთვის უცხო  ადამიანებს.

ნუ  ამცირებთ  თანამოსაუბრეს  და  ნუ დასცინით,  თუნდაც  შეეშალოს  და  სისულელე დაწეროს.  არ  გადახვიდეთ  პიროვნებებზე:  გამიჯნეთ  ცოდვა ცოდვილისგან,  შეცდომა  შემცდარისგან.  ნუ ფანტაზიორობთ, მიმართეთ  ადამიანებს ისე, როგორც  თვითონ არიან წარმოდგენილნი  ინტერნეტში.   ნუ იყენებთ უწმაწურ იუმორს, უხამსობას  და  ორაზროვან  გამონათქვამებს.   არ  გადახვიდეთ  პიროვნებებზე!   ნუ  აყვედრით  ადამიანს ეროვნებას, სქესს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს  და  ა.შ.

„მონას ღვთისას კი ჩხუბი არ მართებს, არამედ შემწყნარე უნდა იყოს ყველას მიმართ და მოთმინებით დამმოძღვრავი. სიმშვიდით არწმუნებდეს მოწინააღმდეგეთ, იქნებ მისცეს მათ უფალმა მონანიება ჭეშმარიტების შესაცნობად.“      2  ტიმოთე  2:24-25

 

6. ნუ  იჩქარებთ  დასკვნების გამოტანაში,  და  ნუ  დაასხავთ ნავთს  ცეცხლზე.

უსასრულო  კომენტარების  ჯაჭვში, განსაკუთრებით რთულია  მსჯელობების  სრული სურათის  დანახვა,  ამიტომ  სხვის  დისპუტში,  არ იჩქაროთ  რომელიმე  მხარის დაჭერა, მხოლოდ  დიალოგის  ნაწილის  და  ბოლო  კომენტარების  საფუძველზე.  

ნაჩქარევი  და  წინდაუხედავი  მოქმედებით,   შეცდომის დაშვების  დიდი  რისკის ქვეშ  იგდებთ თავს.   

„მოსმენამდე პასუხის გაცემა სიბრიყვეა და სირცხვილი.“  იგავნი 18:13

„გინდა ძაღლი ყურებით დაუჭერია კაცს და გინდა იმ ჩხუბში ჩარეულა,
მას რომ არ ეხება.“   იგავნი 26:17

„დავისგან თავშეკავება კაცის ღირსებაა, ყველა ბრიყვი კი შფოთის ამტეხია.“    იგავნი 20:3

 

7. კონფლიქტის წარმოშობის დროს, ნუ  არჩევთ თქვენს ურთიერთობებს საჯაროდ.

ეცადეთ  პირადში  დაარეგულიროთ კონფლიქტი. ნუ აწყობთ  საჯარო საქმის  გარჩევებს, აყალ-მაყალს,  რითიც  საკუთარი თავის და სხვების  დისკრედიტაციას  ეწევით.

ადამიანებს  არ უყვართ  თავიანთი  მეგობრების  საჯარო კონფლიქტების ყურება,   მითუმეტეს  მაშინ, როდესაც  არსებობს  პირადი მიმოწერების საშუალება,  სადაც შეიძლება ნებისმიერი უთანხმოების განხილვა, და თუ შესაძლოა, მოგვარება.

„თუ შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი, როცა მარტონი იქნებით; თუ გაიგონებს, შეგიძენია შენი ძმა. ხოლო თუ არ გაიგონებს, წაიყოლე კიდევ ერთი ან ორი სხვა, რათა ორი ან სამი მოწმის პირით განმტკიცდეს ყოველი სიტყვა. თუ არც მათ გაუგონებს, ეკლესიას უთხარი; ხოლო თუ არც ეკლესიას გაუგონებს, მაშინ იყოს იგი შენთვის, როგორც წარმართი ან მებაჟე.“     მათე  18:15-17


„იდავე მოყვასთან შენს საქმეზე, მაგრამ სხვის საიდუმლოს ნუ გაამჟღავნებ.“   იგავნი  25:9


8. პატივი ეცით  საავტორო უფლებებს.  

ეცადეთ  არ  გამოაქვეყნოთ  სხვისი  მასალები  ისე,  რომ  არ მიუთითოთ  წყარო.

სხვისი  ტექსტის  ან ციტატის დაკოპირებისას,  დაეყრდენით  კონკრეტულ  წყაროს  ან ავტორს.   გარდა  ამისა,  ძალიან ცუდი ტონი  და  ჟესტია სოციალურ ქსელებში,  საკუთარი  მასალების ან საიტიების  რეკლამირება  სხვების  პროფილებზე.

„და როგორც გინდათ, რომ ადამიანები გექცეოდნენ,

თქვენც ასევე მოექეცით მათ.“    ლუკა 6:31

„ოღონდ არც ერთ თქვენგანს არა ევნოს რა, როგორც მკვლელს ან ქურდს, ბოროტმოქმედს ან სხვის საქმეში ჩამრევს.“    1  პეტრე 4:15

9.  მშვიდად  შეხვდით კრიტიკას.  

თუ  დაიმსახურეთ კრიტიკა – იქონიეთ ვაჟკაცობა საკუთარი შეცდომების აღიარების;

ხოლო თუ დაუმსახურებლად – იქონიეთ საკუთარი პოზიციის გამოხატვის სიბრძნე და ტაქტი,  თავის მართლებების და თავდასხმებზე გადასვლის გარეშე.

ზოგჯერ  დუმილი  ღირს.  არსებობენ განსაკუთრებული  შემთხვევები,  როდესაც  უკეთესია კონფლიქტის პროვოკატორების  დაბლოკვა,  ვიდრე  უსასრულო  „შეხლა-შემოხლის“

გაგრძელება.  თუმცა ამ  მეთოდის ბოროტად გამოყენებაც არ ღირს.

„ვინც თავის დანაშაულს მალავს, წარმატება არ ექნება, მათი ამღიარებელი და მიმტოვებელი კი წყალობას ჰპოვებს.“   იგავნი 28:13

„დარიგების უარმყოფელს სძულს საკუთარი თავი, შეგონების შემსმენი კი საზრიანობას იხვეჭს.“   იგავნი  15:32

„შეისმინე რჩევა და მიიღე შეგონება, რათა საბოლოოდ დაბრძენდე.“   იგავნი  19:20

„კაცი, რომელიც მრავალი მხილებისას ქედს არ იდრეკს, უცაბედად განადგურდება და კურნება არ ექნება.“    იგავნი  29:1

 

10. ნუ ართმევთ დროს რეალობას: ინტერნეტი არ არის ღვთაება რომელსაც შეუძლია წაგართვათ ყველაფერი: სინდისი, დრო, ოჯახი, მეგობრები, სიცოცხლე.

თუ  პრიორიტეტებს არასწორად დავალაგებთ,   შედეგები, სულ მცირე დაგვამწუხრებს.

ალაგმეთ თქვენი სურვილები  ინტერნეტში, დააკვირდით დროს,  ნუ  აკლიკებთ  ყველა ბანერს: ყველა  გვერდს ვერ  ნახავ და  ყველა რეპლიკას ვერ უპასხუებ  –  ნუ ცხოვრობთ ონლაინით!  ცხოვრება გადის!   დაიწესეთ  თქვენი  ინტერნეტ  აქტივობებისთვის სიმშვიდის დღე (ინტერნეტ-შაბატ).

„არ გაიკეთო კერპები და არც რაიმე ხატი იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.  თაყვანი არ სცე მათ და არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, ღმერთი შენი, ეჭვიანი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს მესამე და მეოთხე თაობაში.“    გამოსვლა  20:4-5

 

P.S   ზემოთაღნიშნული  ათი  რეკომენდაცია   არ  წურავს ამ თემას,  ამ თემაზე მსჯელობის  გაგრძელება კიდევ შესაძლებელია.  ამიტომ  თქვენ შეგიძლიათ  გაბედულად  დაწეროთ თქვენი აზრები და წინადადებები, ინტერნეტში  მოქცევის ქრისტიანული  ეთიკის  შესახებ.

თარგმანი: დავით ასლანიანი
წყარო:  http://www.grehu.net/news/culture/28967

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.