გამოსყიდვა (ნაწილი 1) | ქრისტიანი.ge

გამოსყიდვა (ნაწილი 1)

 იყო კი აუცილებელი ქრისტეს სიკვდილი? მოიტანა თუ არა დედამიწაზე   სიცოცხლე ან ხსნისთვის აუცილებელი რაიმე პირობა მისმა სიკვდილმა? 

ხსნის ბუნების პრინციპები.

ახსნა და საფუძველი წერილისა

ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ „გამოსყიდვის“ არსის გაგება შემდეგი სახით:

გამოსყიდვა_ეს ის ღვაწლია, რომელიც ქრისტემ თავისი სიცოცხლისა და სიკვდილის  მეშვეობით გაიღო.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი გამოსყიდვისთვის, მხოლოდ ქრისტეს სიკვდილს მიიჩნევს აუცილებლდ და მარტო ამაზე ამახვილებს ყურადღებას, მაგრამ გარდა ამისა, ამისთვის მისი სიცოცხლეც  აუცილებელი იყო, სწორედ ამიტომ, მისი სიცოცხლეც და სიკვდილიც გარდაუვალი პირობა იყო გამოსყიდვისათვის და ჩვენც ორივეს განვიხილავთ.

გამოსყიდვის   მიზეზები

     რა მიზეზით მოვიდა ქრისტე დედამიწაზე და რატომ იტვირთა ჩვენი ცოდვები? ამ კითხვზე პასუხის გასაცემად საჭიროა ღვთის ბუნებას გავეცნოთ. აქ კი წმინდა წერილი ორ რამეზე გვიმახვილებს ყურადღებას: ღმერთის სიყვარულსა და სამართლიანობაზე.

   ღმერთის სიყვარულზე, როგორც გამოსყიდვისთვის აუცილებელ პირობაზე, ბიბლია ყველაზე ცნობილ მუხლში საუბრობს: „ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა კაცობრიობა, რომ მისცა მას ძე თავისი მხოლოდშობილი,რომ ყოველი მისი მორწმუნე კი არ დაიღუპოს არამედ საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს.“  (იოანეს სახარება 3:16). მაგრამ ღმერთის სამართლიანობა მოითხოვდა დამნაშავეთა დასჯას, რაც დაიმსახურა ჩვენმა ცოდვილმა ცხოვრებამ. ცოდვა უნდა დასჯილიყო, სხვაგვარად ის თავის თანდასწრებაში ვერ მიგვიღებდა. პავლე მოციქული განმარტავს, რომ  ღმერთმა წარმოგზავნა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ის ყოფილიყო „დამაკმაყოფილებელი მსხვერპლი,“ რომელიც თავის თავზე იტვირთავდა ღვთის  რისხვას და  მისი მეშვეობით ღმერთი თავის წყალობას გამოავლენდა ჩვენზე.
რომელიც წინასწარ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად რწმენის მეშვეობით, მისი სისხლით,რათა ადრე ჩადენილ ცოდვათა მიტევებით გამოჩენილიყო მისი სიმართლე ღმერთის სულგრძელებაში,“ (რომაელთა 3:25)

     ქრისტეს მოსვლამდე ცოდვის გამოსასყიდი მსხვერპლი კრავი გახლდათ, რომელიც მის მოსვლაზე წინასწარმეტყველებდა. მაგრამ, როცა დრო მოვიდა მესიის მოსვლისა,ღმერთმა მას ატვირთვინა ადამიანთა ცოდვებისათვის, რათა ისინი უკვე მისით გამართლებულიყვნენ და აცდენოდნენ სასჯელს. დღესაც ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი ამართლებს მის მორწმუნეს. ამგვარად, გამოსყიდვის მიზეზი იყო, ღვთის სიყვარული და მისი სამართლიანობა. შეკითხვა, თუ რომელია უფრო მნიშვნელოვანი : სიყვარული თუ სამართლიანობა, უაზროა, რამეთუ სიყვარულის გარეშე არასდროს არაფერი მოუმოქმედებია გამჩენს და არც ჩვენს გამოსყიდვას ჩაიფიქრებდა ამის გარეშე. რომ არა ღმერთის სამართლიანი ბუნება, იესო ქრისტე არ იტვირთავდა ჩვენს ცოდვებს და არ მოგვიტანდა ხსნას. ამგვარად, ღვთის სიყვარულიცა და სამართლიანობაც,  თანაბრად აუცილებელია ჩვენი გამოსყიდვისთვის.

გამოსყიდვის    აუცილებლობა

      შეეძლო თუ არა ღმერთს ისე  გამოესყიდა კაცობრიობა, რომ მისი ძის სიკვდილი არ გამხდარიყო საჭირო?

      სანამ ამ შეკითხვას გავცემთ პასუხს, აუცილებელია გავიაზროთ, რომ „ღმერთმა ის ანგელოზები  არ დაინდო, რომელთაც შესცოდეს, არამედ ტარტაროზში ჩაყარა და წყვდიადის ჯურღმულებს გადასცა სამსჯავრომდე შესანახავად.“ (2პეტრე 2:4)  მას ასევე თავისუფლად შეეძლო დავეტოვებინეთ  ჩვენ ჩვენს ცოდვებში განკითხვის დღემდე . შეეძლო არ მოეცა გადაერჩინა და ზუსტად ისე მოგვქცეოდა, როგორც შემცოდე ანგელოზებს. ამ შემთხვევაში გამოსყიდვა საერთოდ არ იქნებოდა საჭირო.

    გამომდინარე იქიდან, რომ ღმერთს სურდა ადამიანთა სასჯელისგან გათავისუფლება, წერილი გვამცნობს, რომ არ არსებობდა სხვა გამოსავალი, გარდა მისი ძის სიკვდილისა. გამოსყიდვა, რომელიც თავის თავში მოიაზრებს უზენაესის ძის მოსვლასა და სიკვდილს, გარდაუვალი იყო ჩვენი გადარჩენისთვის. 

     გეთსიმანიის ბაღში იესო ლოცულობდა:“ თუკი შესაძლებელია, ამარიდე ეს სასმისი, მაგრამ მოხდეს ისე, როგორც შენ გსურს და არა ისე, როგორც მე მსურს“ (მათე 26:39).სავსებით დარწმუნებულნი უნდა  ვიყოთ იმაში, რომ იესო ყოველთვის ლოცულობდა  მამის ნების თანახმად და მუდამ მის ნებაში რჩებოდა. მათე იესოს ლოცვის აღწერით,გვამცნობს, რომ უფალს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი გამოსყიდვისთვის, გარდა სიკვდილისა,რაც მალევე მოხდა. მან დალია ის მწუხარების სასმისი, რომელზეც საუბრობდა.  იესოს სიკვდილი აუცილებელი იყო, რათა აღსრულებულიყო ღმერთის ჩანაფიქრი: ადამიანთა შეწყალებასა და გამოსყიდვაზე. მსგავსი რამ მან თავის მოწაფეებს მაშინ უთხრა, როდესაც შეხვდა მათ ემაუსისაკენ მიმავალ გზაზე. ისინი დამწუხრებულნი იყვნენ იესოს სიკვდილში,მაგრამ მან უთხრა მათ:“ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნოდ ,რასაც წინასწარმეტყველები ამბობდნენ! განა ასე არ უნდა ტანჯულიყო ქრისტე და შესულიყო თავის დიდებაში?“ იესომ იცოდა, რომ ღმერთის გეგმა გამოსყიდვისა, რომელიც აუხსნა კიდეც თავის მოწაფეებს შემდგომში, თავის თავში მოიცავდა მესიის სიკვდილს, უფლის მორწმუნე ხალხის გამოსასყიდად.

  რომაელთა წერილში პავლე მოციქული განმარტავს, რომ აუცილებელი იყო იესოს სიკვდილი, რათა დღეს ღმერთს შეძლებოდა თავისი  მორწმუნის გამართლება.  ებრაელთა მიმართ წერილშიც ავტორი აღნიშნავს, რომ ქრისტეს უნდა ეტანჯა თავისი ხალხის ცოდვების გამო:“ამიტომ იგი ყველაფერში უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა ყოფილიყო მოწყალე და ერთგული მღვდელმთავარი ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვების შესაწყნარებლად“ (ებრაელთა 2:17). ავტორი ასევე აგრძელებს და ამბობს, რომ „ვაცთა და კუროთა სისხლით ცოდვის მოსპობა შეუძლებელია“ (ებრაელთა 10:4), მაგრამ აუცილებელია სრულყოფილი მსხვერპლი. (ებრაელთა 9:23). მხოლოდ ქრისტეს სისხლს შეეძლო გაეწმინდა ჩვენი ცოდვები და აღმოეფხვრა ისინი (ებრაელთა 9:25-26). სხვაგვარად ჩვენი დახსნა ღმერთს არ შეეძლო-მხოლოდ ქრისტეს სიკვდილის მეშვეობით. ჯვარზე მან ჩვენი ადგილი დაიკავა.

   გამოსყიდვის   ბუნება-არსი

        ამ მონაკვეთში ჩვენ განვიხილავთ ქრისტეს ღვაწლის ორ ასპექტს: 1) ქრისტეს მორჩილებას-ის ჩვენს ნაცვლად დაემორჩილა რჯულს და აღასრულა რჯული, ყოველგვარი დარღვევის გარეშე, რათა ყოფილიყო მორჩილი მამისა, როგორც ჩვენი წარმომადგენელი. 2) ქრისტემ იტანჯა ჩვენ გამო-ის დაისაჯა ჩვენი ცოდვებისთვის, რის შედეგადაც მოკვდა.

       იესო მამას ჩვენს ნაცვლად დაემორჩილა („რადგან ბიბლია ამბობს,რომ არ არსებობდა მართალი ადამიანი,არამედ ყველა იყო ცოდვილი და ყველა თავის გზას ედგა,არავინ ეძებდა ღმერთს“ რომაელთა 3:23) და სრულყოფილად აღასრულა ის,რასაც რჯული მოითხოვდა მისგან.  ის იყო ნატანჯი ჩვენი ცოდვებისთვის (როგორც ესაია წინასწარმეტყველი ამბობს 53-ე თავში) „და იტვირთა ის სასჯელი,რომელიც მამამ დააკისრა მას. სასჯელი, რომელიც უნდა გვეტვირთა ჩვენ.“ ჩვენი წინაპრები: ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს, როდესაც შესცოდეს მათ, შევცოდეთ ჩვენ ყველამ და ეს ცოდვა  ჩვენს ყოველ ნაბიჯზე იჩენს თავს. იმის გამო,რომ კაცობრიობის პირველი წარმომადგენლები დაეცნენ, საჭირო იყო მეორე ადამი, ვისაც პავლე მოციქული უწოდებს ქრისტეს, რომელიც აბსოლუტურად დაემორჩილებოდა ღმერთს. მთელი თავისი მიწიერი სიცოცხლის განმავლობაში ის მორჩილი უნდა ყოფილიყო რჯულისა, რომ  მისი მსხვერპლი სათნო ყოფილიყო ღმერთისთვის.  მისი მორჩილება იყო აუცილებელი პირობა იმისათვის,რომ მას ჩვენ გამო სიკვდილი შეძლებოდა. ხოლო მისი სიკვდილი,ეს გამომსყიდველი მსხვერპლი იყო. ქრისტემ, როგორც ღმერთის კრავმა, თავის თავში გააერთიანა ყველა ძველი აღთქმისეული მსხვერპლი,რომელიც ღმერთმა ვადამდე, ანუ იესოს მოსვლამდე დაუწესა ადამიანებს. პავლე მოციქულიც ამბობს, ფილიპელთა მიმართ წერილის 3:9 მუხლში,რომ „არა რჯულის დაცვით სურს  გამართლება,თუმცა იცავს რჯულს,არამედ ქრისტეს რწმენით“.  პალვე ამბობს,რომ ქრისტე გახდა სამართლიანობა ჩვენთვის (კორინთელთა 1:30), ამის გარდა, ის გარკვევით ამბობს: „ვინაიდან, როგორც ერთი კაცის ურჩობით გახდა ყველა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომაელთა 5:19).

    ზოგიერთი ღვთისმეტყველი არ საუბრობს იმის შესახებ, რომ ქრისტე მთელი თავისი მიწიერი სიცოცხლის განმავლობაში ერთგული უნდა ყოფილიყო ღმერთის რჯულის. ისინი მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ქრისტე უნდა მომკვდარიყო, რათა გამოვესყიდეთ,მაგრამ ამგვარი შეხედულება მცდარია. ქრისტემ გაცილებით მეტი მოიმოქმედა, ვიდრე მხოლოდ თავის მსხვერპლად გაღება. მისი მორჩილება რჯულისა, ეს იყო აუცილებელი პირობა ჯვარცმისთვის. სწორედ ამის გამო,ის გახდა ჩვენი სამართლიანობა ღვთის წინაშე.

    სანამ იოანეს მიერ იესო იორდანეში მოინათლებოდა,მან თქვა,რომ მართებს ყოველივე სამართლის აღსრულება (მათე 3:15).

    ყოველივე სიმართლის აღსრულება სწორედ ჩვენს სახსნელად ესაჭიროებოდა იესოს და აგრეთვე იმ ხალხის სახსნელად,რომელთა წარმომადგენელიც თავად იყო, თავისი ერის. რომ არა მისი ეს მორჩილება რჯულის მიმართ, ჩვენ ვერასდროს ვიქნებოდით გამართლებულნი ღვთის მიერ და ვერ მივიღებდით მისგან საუკუნო სიცოცხლეს. რომ არა აუცილებლობა რჯულის დაცვისა, იესოს შეეძლო ბავშვობაშივე მომკვდარიყო და არა 33წლის ასაკში. რჯულის მიმართ მორჩილების გარდა, იესომ ასევე იტვირთა ის ვნებანი, რომელნიც აუცილებელი იყვნენ, რომ აეტანა ჩვენი ცოდვილი ცხოვრებისათვის, რათა გამოვესყიდეთ. ჯვარზე გაკვრის შედეგად მიღებულმა ტკივილმა კი ზენიტს მიაღწია. (ებრაელთა 5:8) „და თუმცა ძე იყო,მან ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება.“  იესო ასევე განიცდიდა და გრძნობა, როგორც ადამიანი, ის ატირდა ლაზარეს სიკვდილის გამო (იოანე 11:35).  მესიაზე წინასწარმეტყვების დროს ესაია ამბობს:“….გატანჯული და სნებამორეული“ (ესაია 53:3). მისი ტანჯვები ძლიერდებოდა ჯვართან მიახლოვებისას. მან თავის მოწაფეებს უთხრა: “დამწუხრებულია ჩემი სული სასიკვდილოდ“ (მათე26:38). მისმა ტანჯვამ უმაღლეს მწვერვალს მიაღწია ჯვარცმის დროს, რადგან სწორედ ჯვარზე მოკვდა ის ჩვენი დანაშაულებისთვის. 

წერილი გვასწავლის რომ იესო განიცდიდა 4 სახის ტკივილს

     ფიზიკური ტკივილი და სიკვდილი. ჩვენ არ უნდა ვიფიქროთ ის,რომ იესო უფრო მძაფრ ტკივილს განიცდიდა, ვიდრე სხვა დანარჩენი ადამიანები, ვინაიდან ბიბლიაში ამაზე საუბარი არ არის.  მაგრამ, მიუხედავად ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ჯვარზე სიკვდილი იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და სამარცხვინო სიკვდილი მსჯავრდებულთათვის. დამნაშავე, რომელიც ჯვარზე იყო გაკრული, კვდებოდა მტანჯველი და ნელი სიკვდილით,რომელიც მოდიოდა გაგუდვის ფორმით,ის უბრალოდ ძალას კარგავდა, რომ ესუნთქა. როდესაც დამნაშავეს ხელებს უწევდნენ და ალურსმებდნენ ჯვარზე, მთელი სხეულის სიმძიმე მას სწორედ მილურსმნული ხელების მეშვეობით ეჭირა ძელზე. გულის ფიცარი იწელებოდა  გვერდით და მაღლა,რის გამოც ჰაერის ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა უფრო და უფრო რთულდებოდა. როდესაც მსხვერპლს ხელები ეღლებოდა სუნთქვას ვეღარ ახერხებდა, ფეხების მეშვეობით იკავებდა თავს და ოდნავ ზემოთ იწევდა, რის შედეგადაც, ხელებს მთელი სიმძიმე აღარ აწვებოდა,ეს მას ეხმარებოდა იმაში, რომ გულის კედელი მწყობრში მოსულიყო და სუნთქვა განეგრძო. ამგვარი მოქმედებით მსხვერპლს შეეძლო თავიდან აეცილებინა გაგუდვა,მაგრამ ეს მოქმედება მას ძალინ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს აყენებდა. მსხვერპლის ზურგი,რომელიც დაფარული იყო უამრავი ჭრილობით (რადგან მსჯავრდებულებს ჯვარცმამდე გაროზგვადნენ ხოლმე) და ყოველ ჯერზე,როდესაც ის ეხებოდა ხის ჯვარს,იწყებოდა საშინელი ტკივილი.

    იმისათვის,რომ ჯვარზე გაკრულს ღრმად ჩაესუნთქა,საჭირო იყო სხეული აეწია ფეხებით.. ამ მოძრაობას მთელი სხეული მოქმედებაში მოჰყავდა, რის გამოც მსჯავრდებული საშინელ ფიზიკურ ტკივილს განიცდიდა. კუნთების შეკუმშვა ხელებსაც რთავდა და საჭირო ხდებოდა თითების მოძრაობა,ჯვარზე მილურსმული ხელის ოდნავი გამოძრავებაც კი იწვევდა სახსრებისა და ნერვების მტანჯველ ტკივილს. ამ ტკივილსა და საშინელ მდგომარეობას კი გაუნძრეველად ყოფნა უფრო მძიმეს ხდიდა. შედეგად, ამოსუნთქვა და ჩასუნთქვა იწვევდა საშინელ ტკივილს. ეს ყოველივე კი ასფიქსიით სრულდებოდა. ჯვარზე გაკრულნი სამ ან ოთხ დღეს ცოცხლობდნენ, ისინი განიცდიდნენ ენით აუღწერელ ტკივილს, მაგრამ მაშინვე არ კვდებოდნენ. მსჯავრდებულებს ხშირად უმტვრევდნენ მუხლებს, რათა არ ეტანჯათ და მალე მომკვდარიყვნენ (იოანეს 19:31-33).

    ფიზიკურ ტკივილზე უფრო მტანჯველი, ცოდვების საკუთარ თავზე აღება გახლდათ. ქრისტიანული შემეცნებიდან და ცხოვრებიდანაც ვიცით, თუ რამდენად საზარელი განცდაა,როდესაც იცი, რომ შესცოდე უფლის წინაშე. გული გვიმძიმდება და ვგრძნობთ,თითქოს ყოველგვარ სიკეთეს ჩამოვშორდით. განვიცდით, რაღაც საშინელ განცდას,გასამართლებას,სირცხვილს, იმას რასაც არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებდით, რომ განგვეცადა. და პირიქით, რაც უფრო გამოყოფილნი ვარ ცოდვისგან უფლისთვის,მით უფრო ნაკლებად გვიზიდავს სიბოროტე.

     იესო იყო სრულყოფილად წმიდა. მას სძულდა ცოდვა მთელი თავისი არსებით. ფიქრი, ცოდვაზე ან ბოროტებაზე მისი ბუნებისთვის მიუღებელი გახლდათ.  და მაინც, მამის მიმართ მორჩილებისა და ჩვენ მიმართ სიყვარულის გამო, იესომ იტვირთა ყველა იმ ადამიანის ცოდვები, ვინც კი ოდესმე დახსნილნი იქნებიან (ანუ ირწმუნებენ მას). ცოდვა-მთელი თავისი სიმძიმითა და სისავსით დააწვა მას. ცოდვა, რომელსაც ასე ძლიერ ვერ იტანდა და ვერ ეგუებოდა. წერილი ხშირად საუბრობს იმის თაობაზე, რომ  მან  ჩვენი სასჯელი, ჩვენივე ცოდვების გამო იტვირთა.
„ჩვენ ყველას გზა აგვებნა ცხვრებივით და თითოეული  ჩვენგანი თავის გზას დაადგა. უფალმა მას დააკისრა ყველა ჩვენგანის ცოდვები.“ (ესაია 53:6).
სასიკვდილოდ გაწირა თავისი სული და ბოროტმოქმედებთან შეირაცხა. და მრავალთა ცოდვა იტვირთა და ცოდვილებს  გამოესარჩლა”(ესაია 53:12).

    იოანე ნათლისმცემელი მოწმობს მასზე:  “აი კრავი ღვთისა, რომელმაც იტვირთა ქვეყნიერების ცოდვა.“ (იოანე 1:29) .   პავლე მოციქული ქადაგებს, რომ ღმერთმა ცოდვების გამოსასყიდ მსხვერპლად შერაცხა იესო (2კორ. 5:21). და რომ იესო იქცა ჩვენს სამართლიანობად და გამოსყიდვად (გალატ. 3:13).  ებრაელთა მიმართ წერილის ავტორი განმარტავს,რომ იესომ მსხვერპლად მოიტანა თავი,რათა დაეფარა მრავალთა ცოდვა (ებრ. 9:28). პეტრე კი ამბობს: “მან თავისი სხეულით აზიდა ჩვენი ცოდვები ჯვარზე“ (1პეტრე 2:24)

    ყველა ბიბლიურ მუხლში ,რომელიც დავიმოწმეთ, ჩანს, რომ იესოს ჩვენი ცოდვები ზეციერმა მამამ დააკისრა. როგორ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო? ისევე,როგორც ადამის ცოდვა გადმოვიდა ჩვენზე,ასევე ღმერთმა მთელი ჩვენი ცოდვები დააკისრა იესოს. ზოგჯერ მიიჩნევენ,რომ ღმერთის მხრიდან უსამართლო იყო ჩვენი დანაშაულის უცოდველ იესოზე დაკისრება, მაგრამ ასეთ დროს უნდა გვახსოვდეს, რომ ეს იესოს ნების გარეშე არ მომხდარა,ის როგორც განკაცებული ღმერთი, როგორც მესია, ცხებული მხსნელი, სწორედ იმიტომ მოვიდა,რომ ეტვირთა ჩვენი ცოდვები და მოეპოვებინა ჩვენთვის ხსნა. მისი მოსვლის ერთადერთი მიზეზი, სწორედ ჩვენი გამოსყიდვა იყო და მას პირადი მიზნები არ ამოძრავებდა.

    ჯვარზე განცდილ ფიზიკურ ტკივილსა და ჩვენს ცოდვათა სიმძიმეს კიდევ უფრო ის ზრდიდა და აღრმავებდა,რომ იესო მარტო იყო,ის იყო მიტოვებული. გეთსიმანიის ბაღში იესომ პეტრე და იაკობი წაიყოლა და გაუმჟღავნა მათ თავისი გრძნობები.:“სული ჩემი სასიკვდილოთაა დამწუხრებული,აქ იჯექით და იფხიზლეთ“(მარკ 14:34). ის ასე დაუფარავად საუბრობს ახლო მეგობრებთან და მისი ეს სიტყვები გამხნევების თხოვნას ჰგავს. იმ საღამოს ის შეიპყრეს და როდესაც იესო დააკავეს მისი მოწაფეები გაიფანტნენ (მათე 26:56).

    ცხოვრებაში ჩვენც ხშირად განვიცდით ხოლმე მარტოსულობისგან,მიტოვებისგან გამოწვეულ ტკივილს. ხშირად, ეს ტკივილი გამოწვეულია: მეგობრებისგან, მშობლებისგან, შეყვარებულისაგან, მეუღლისგან. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში  ამაში, ნაწილობრივ დამნაშავენი თავადაც ვართ. მაგრამ იესოსთან მიმართებით ყველაფერი სხვაგვარად იყო. მას სიცოცხლის ბოლომდე უყვარდა ისინი, ვინც შეიყვარა (იოანე 13:1). მაგრამ ამ სიყვარულს ყველამ მიტოვებით უპასუხა.

    ყველაზე უფრო მძიმე,მეგობრების გაფანტვაზე უფრო მტკივნეული,იყო მამისგან ჩამოშორება.  იესომ დაიყვირა:“ელი,ელი,ლამა საბაქთამი“-„ღმერთო ჩემო,ღმერთო ჩემო,რატომ მიმატოვე.?“(მათე 27:46).  ამ სიტყვებით მან ნათელჰყო,რომ ის ჩამოშორებული აღმოჩნდა მამასთან ურთიერთობას,რომელიც იყო მისთვის სიხარული და შინაგანი ძალის მიმცემი.  როდესაც იესო ჯვარს აცვეს, ის მიტოვებული აღმოჩნდა მამისგან, რადგან ღმერთისთვის ცოდვა უმართლოებაა და ის გამოყოფილია ყოველგვარი ურჯულოებისგან,ის არის წმიდა (ებრაულად: კადოშ-გამოყოფილი). იესოზე იყო მილიონობითა და მილიარდობით ადამიანის ცოდვა,პავლეც კი ამბობს, რომ მან ვინც ცოდვა არ იცოდა, ცოდვილი გახდა ჩვენ გამო. სწორედ, ჩვენი ცოდვების გამო,აღმოჩნდა იესო მიტოვებული ღმერთისგან. ჩვენ კი მისი მეშვეობით მივიღეთ შერიგება და პატიება.  (რომაელთა 3:25-ში) პავლე მოციქული იესოს შენდობის მსხვერპლს უწოდებს. შენდობის მსხვერპლი წარმოადგენს ობიექტს,რომელზეც უნდა გამონთავისუფლებულიყო ღმერთის რისხვა ბოლომდე და მას ეს უნდა მოეთმინა,ეტვირთა,სანამ ეს რისხვა არ იქცეოდა წყალობად.  ეს ღმერთმა გააკეთა,რათა შემდგომში იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის მეშვეობით გაემართლებინა მისი მორწმუნე (რომაელთა 3:25-26).  მრავალი ადამიანი, რომელიც არ ეყრდნობა სახარებას, სავსებით მიიჩნევს, იმას, რომ იესოზე არ გამოვლენილა ღვთის რისხვა ჩვენი ცოდვების სანაცვლოდ. ისინი ამბობენ, რომ რადგან ღმერთი სიყვარულია, მას არ შეუძლია დასაჯოს ცოდვილი,რადგან ეს მის ბუნებას ეწინააღმდეგება. ასეთი ადამიანები ივიწყებენ,რომ ღმერთი არის წმიდა და სამართლიანი. ღვთისმეტყველები კი ამბობენ, რომ ღმერთის რისხვის გამოვლინებას ვხვდებით, როგორც  ძველს, ისე ახალ აღთქმაშიც, რადგან ის უცვლელია. რომაელთა მიმართ წერილში პავლე წერს,რომ ყველა ადამიანი, იქნება ეს იუდეველი  თუ  წარმართი, ცოდვილია, რის გამოც იმსახურებს სასჯელსა და ღვთის რისხვას. იესოს სიკვდილზე, როგორც „გამოსყიდვაზე“ საუბრობს კიდევ სახარების რამდენიმე მუხლი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი არიას.: ებრაელთა 2:17; იოანე 2:2; და 4:10.  ამ მუხლებში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა, რომელიც აღნიშნავს მსხვერპლს და  ნიშნავს მსხვერპლის იმ ტიპს,რომელიც იღებს რა საკუთარ თავზე ღვთის რისხვას, ჩვენდამი აქცევს წყალობად. ცოდვის საზღაური სიკვდილია. ამაზე საუბრობს, როგორც ძველი,ისე ახალი აღთქმაც. ამიტომ აღთქმული მესია, რომელიც უნდა მოსულიყო, ერთსა და იმავე დროს, უნდა ყოფილიყო დაპირებული მხსნელიც და კრავიც,რომელიც თავის თავზე აიღებდა უფლის რისხვას  და ჩვენს მაგიერ იქნებოდა მოტანილი მსხვერპლად.

    იესომ იცოდა,რომ აღდგებოდა მკვდრეთით,რომ სიკვდილი ვერ ჰპოვებდა მასში ნესტარს, რამეთუ ის უფრო მაღლა იდგა მასზე. ჯვარზე დასმული შეკითხვა:“რატომ მიმატოვე“ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იესომ არ იცოდა რახდებოდა. ის განიცდიდა მამისგან სიშორეს.  სანამ ეს მოხდებოდა მან თქვა: “ძე კაცისა არ მოსულა რათა მას ემსახურონ, არამედ  იმისათვის,რომ თავად ემსახუროს და მისცეს თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ (მარკ 10:45). ის აცნობიერებდა, რაც მის ირგვლივ ხდებოდა , ეს ხომ მისი მიზანი იყო.   ქრისტეს გოდება, ეს ამონარიდია ფსალმუნიდან. (ფსალმ 21:2-3) აქ მეფსალმუნე ეკითხება ღმერთს, როდის მოვა და გამოიხსნის მას:

„ ღმერთო ჩემო.! ღმერთო ჩემო.! რად მიმატოვე? მე შემოგღაღადებ,მაგრამ შორს არის ჩემი შველა. ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მპასუხობ, ღამით-და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.“

საბოლოოდ, მეფსალმუნე გამოიხსნა ღმერთმა. მისი გოდება და ტირილი კი სიხარულის ყიჟინამ ჩაანაცვლა (ფსალმ 21:23-32). იესომ ზედმიწევნით იცოდა წერილის ყოველი ფრაზა, რადგან ის თავად იყო სიტყვამოსული ხორცში. იცოდა, რომ ეს ტანჯვა და სიშორე საბოლოოდ სიყვარულით ჩანაცვლდებოდა  და ის აღსდგებოდა. ის  სიტყვები, რომელსაც იგი ჯვარცმის დროს წარმოთქვამდა, იყო იმ ტკივილის გამომჟღავნება,რასაც ის მაშინ განიცდიდა. ფსალმუნის კონტექსტის მიხედვით თუ გამოვიკვლევთ, სიტყვები „რატომ მიმატოვე“ ნიშნავს : “რატომ დამტოვე ამდენ ხანს მარტო?“.

   შემდეგ იესო მიხვდა, რომ მისი ტანჯვა დასასრულს უახლოვდებოდა. მან იცოდა,რომ ისღა დარჩენოდა სული თავის ზეციერი მამისთვის მიენდო და მომკვდარიყო. სწორედ, ამ დროს მან წარმოთქვა: “აღსრულდა!“ მან კიდევ ერთხელ ხმამაღალი ხმით წარმოთქვა: “მამავ, შენს ხელებში ვდებ ჩემს სულს“ (ლუკა 23:46). აი მაშინ, მან საკუთარი ნებით გაიღო სიცოცხლე, ის რისი წართმევაც მისგან არავის შეეძლო (იოანეს 10:17-18).

    განვაგრძოთ იესოს სიკვდილზე საუბარი. სასჯელი დადგენილი იყო მამისგან. თუკი დავსვამთ შეკითხვას: “ვინ მოითხოვა,რომ ქრისტეს ეზღო ჩვენი დანაშაულებისთვის“, პასუხს ისევ წერილში ვიპოვით. ღმერთის მხოლოდშობილმა ძემ იესომ, (რომელიც იმყოფებოდა მამასთან) საკუთარი ნებით იტვირთა ეს სასჯელი, უფრო მეტიც, ის როგორც სიტყვა ღმერთისა, თავად მოითხოვდა სიტყვის აღსრულებას, რამეთუ მის გარეშე არც არაფერი შექმნილა და არც იქნა ნაწინასწარმეტყველები. ეს სურათი საშულებას გვაძლევს დავინახოთ მამისა და ძის უსაზღვრო სიყვარული კაცობრიობის მიმართ. შემოქმედი ეწირება ქმნილებას.  (რომაელთა 5:8) “ღმერთი თავის სიყვარულს ამტკიცებს იმით,რომ ქრისტე მოკვდა ჩვენს გამო,ჯერ კიდევ მაშინ,როდესაც ცოდვილები ვიყავით.“

თარგმანი: ია კარგარეთელი
რედაქტირება: ქეთი უჩაძე

 

  

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.