ნათლობის ასაკი | ქრისტიანი.ge

ნათლობის ასაკი

  ბიბლიის მიხედვით ნათლობა ეს არის ადამიანის პიროვნული გადაწყვეტილება, რომელსაც ის შეგნებულ ასაკში იღებს.  მონათლული ადამიანი ქრისტეს ეკლესიის წევრი ხდება.  ნათლობისას ადამიანი ეფლობა წყალში, რაც სიმბოლოა იმისა, რომ ეს ადამიანი თავის ძველ ცხოვრებაზე და ძველ ბუნებაზე  უარს ამბობს და  პირდება ღმერთს, რომ წყლიდან ამოსვლის შემდეგ, იცხოვრებს განახლებული ცხოვრებით.   თვითონ  ქრისტეც კი მოინათლა  იოანე ნათლისმცემლის მიერ და დაგვიტოვა მაგალითი იმისა, რომ ყველა ვისაც უნდა გაჰყვეს უფალს, წყლით უნდა  მოინათლოს და ზეციდან იშვას.  იოანეს 3:5 იესო ამბობს: „ ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება ვერ შევა ცათა სასუფეველში“. 

    წყლით ნათლობა არ არის ხორციელი ჭუჭყის  მოშორება,  როგორც ამას პეტრე მოციქული თავის პირველ წერილში განმარტავს, არამედ  ეს არის ღმერთისათვის წმიდა სინდისის შეპირება. ნათლობის დროს ადამიანი შედის  ღმერთთან აღთქმაში, პირობას დებს რომ ნათლობის შემდეგ მისი ცხოვრების წესი  განსხვავებული იქნება.

  რაც შეეხება ნათლობის ასაკს, სახარებაში არ გვხვდება ადგილი, სადაც ნახსენებია ნათლობისათვის განსაზღვრული ასაკი. მარკოზის 16:16 მაცხოვარი ასეთ სიტყვებს ამბობს: „ ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არ ირწმუნებს  მსჯავრი დაედება“. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ნათლობას წინ უნდა უძღოდეს რწმენა. ვინაიდან ბავშვს არ შეუძლია გაცნობიერებულად უფლის რწმენა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება, ბავშვთა ნათლობა ეწინააღმდეგება  ნათლობის სახარებისეულ დამოკიდებულებას.

 აქედან გამომდინარე,  სახარების რწმენის ეკლესია ბავშვთა და ზოგადად გაუცნობიერებულ  ნათლობას არ ემხრობა. ქრისტე იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ ადამიანი შეგნებულ ასაკში გაცნობიერებულად უნდა მოინათლოს (მაცხოვარი 30 წლიის ასაკში მოინათლა).

  ნათლობისას ადამიანი თავის და არა სხვის რწმენას ეყრდნობა.  რწმენას იმისას, რომ  იესო ქრისტე არის ღმერთი,  ხორცში მოვიდა,  ადამიანთა ცოდვები იტვირთა და ადამიანებს ხსნა მოუტანა.

  სახარების რწმენის ეკლესიაში არ ხდება ჩვილ ბავშვთა ნათლობა.  ეკლესიის შეხედულებით  ბავშვზე მოქმედებს მადლი იმ ლოცვა-კურთხევისა, რომელსაც ის იღებს მშობლებისა და ეკლესიისაგან.   ბიბლია ლაპარაკობს რომ მაცხოვართან მიჰყავდათ ბავშვები სალოცავად, საკურთხებლად და არა  მოსანათლად. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მაცხოვარი რეალურად, ფიზიკურად არ გვყავს,  მისი დანატოვარი ეკლესია გვაქვს და შესაბამისად, ბავშვების  ლოცვა -კურხევა ეკლესიაში ხდება.   ბავშვი სანამ შეგნებულ ასაკამდე მივა და გადაწყვეტს მოინათლოს თუ არა, მანამდე ღმერთის მადლი მშობლისა და ეკლესიის ლოცვა კურთხევით მოქმედებს მასზე.

  რაც შეეხება ნთლიას,  ნათლია არის ის ვინც ნათლავს. ნათლისმცემლად პირველად იოანე ნთლისმცემელია ნახსენები. ბიბლიის მიხედვით ნათლიის მოვალეობა არის შემდეგი: ნათლიამ უნდა მოუწოდოს ნათლულს  ღმერთისადმი მიძღვნილი წმიდა ცხოვრებისაკენ.  ცოდვისაგან და ბოროტებისაგან განდგომისაკენ. 

   სახარების რწმენის ეკლესიაში მონათვლას ახორციელებს ნათლობაზე უფლებამოსილი მღვდელმსახური. ადამიანი, რომელზეც ოფიციალურად  განხორციელდა  მღვდელმსახურად კურთხვა.


გია ჯვარშეიშვილი

სტატიაზე მუშაობდნენ:  გურანდა სურგულაძე
 მარიამ კახიაშვილი

                                     

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.