სულთმოფენობა | ქრისტიანი.ge

სულთმოფენობა

 ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული აღდგომასა და შობასთან ერთად სულთმოფენობაა. იგი  აღდგომიდან 50-ე,  ხოლო ამაღლებიდან მე-10 დღეს აღინიშნება.

სულთმოფენობა ეს  ყოვლადწმიდა სამების მესამე პირის, სულიწმიდის დედამიწაზე გადმოსვლაა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ  იგი მანამდეც არსებობდა, სანამ  ორმცდამეათე დღეს დედამიწაზე გადმოიღვრებოდა.  ამის შესახებ ბიბლიის დასაწყისშივეა საუბარი. სულიწმინდა ბიბლიაში რამოდენიმე სახელით არის მოხსენიებული: ღმერთის სული, ქრისტეს სული, სიცოცხლის სული, სული ჭეშმარიტებისა, ნუგეშისმცემელი და სხვა.

ვინ არის სულიწმიდა და როგორია იგი? ის ღმერთია, მისი პიროვნება სამებაში უნიკალურია, სწორედ ის განაპირობებს ადამიანის უფალთან ურთიერთობას, შეუძლებელია სულიწმიდის გარეშე ქრისტეს უსაზღვრო სიყვარულის განცდა. სულიწმიდა სიყვარულს ჰგავს, ის შეიძლება გარეგნულად არ ჩანს, მაგრამ მისი არსებობა ყოველთვის იგრძნობა.

  აღსანიშნავია, რომ მესიის მოსვლასთან ერთად ბიბლიაში სულთმოფენობაც არის ნაწინასწარმეტყველები. ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში წინასწარმეტყველებმა იოელმა და ესაიამ იწინასწარმეტყველეს უფლის სულის ღმერთის შვილებზე გადმოსვლა და მათი სულიწმინდის ენებით ამეტყველაბა.  

 იესო იყო პირველი, რომელზეც სულიწმიდა გადმოვიდა, მან იგი მტრედის სახით მიიღო, როდესაც  იორდანეში იოანე ნათლისმცემლის მიერ მოინათლა. იესო ღმერთი იყო, მაგრამ ბიბლია ნათლად ლაპარაკობს, რომ იგი სულიწმიდის გარეშე არ მოქმედებდა. ლუკას სახარების მეოთხე თავის მეთვრამეტე მუხლში იესო ამბობს: „ უფლის სულია ჩემზე, ვინაიდან მან მცხო გლახაკთა სახარებლად…“ იგი ასევე ამბობდა, რომ მისი დედამიწიდან წასვლის შემდეგ, ღმერთი  ადამიანებს სხვა ნუგეშისმცემელს მოუვლენდა, რათა ჭეშმარიტების სული მათთან ყოფილიყო.

 მოწაფეები ამაღლების შემდეგ სწორედ ამ ნუგეშისმცემლის მოსვლას ელოდნენ.  საქმეების  2: 1-5  ამ მოვლენას  დაწვრილებით გადმოგვცემს.

  „ორმოცდამეთე დღე რომ სრულდებოდა ყველანი ერთად იყვნენ იმავე ადგილას. და  იქმნა მოულოდნელი ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაბერაო და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ.  და ეჩვენა მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი, და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.“

სულიწმიდა გაბედულებით  ავსებს ადამიანებს.  მიუხედავად იმისა, რომ  დაბნეულმა და შეშინებულმა პეტრემ,  დიაცის წინაშე სამჯერ უარყო ქრისტე,  როგორც კი მასზე უფლის სული გადმოვიდა, ათასობით ადამიანის წინაშე გაბედულად და უშიშრად  ქადაგებდა მის შესახებ და მსჯავრი დასდო მათ, ვინც იესო ჯვარს აცვა.

სულიწმინდა ყველა იმ მორწმუნესთანაა, ვინც მას  ამის საშუალებას აძლევს. ის  არის ნუგეშისმცემელი. რაც უფრო მეტად გაიცნობ სულიწმინდას, მით უფრო გიჩნდება მასთან მოზიარეობის  სურვილი.

  ამიტომ თუ დღეს ჩვენ ვაღიარებთ, რომ სულთმოფენობა რეალურია, თუ გვჯერა, რომ უფლის სული გადმოიღვარა ადამიანებზე, მაშინ ეს იმას ნიშნავს, რომ უფალი სულიწმიდის სახით დედამიწაზეა და მისი სამკვიდრო ყველა იმ ადამიანის გულია, რომელიც მას გულწრფელად მოუხმობს.


გურანდა სურგულაძე 
მარიამ კახიაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.