ზიარება | ქრისტიანი.ge

ზიარება

    წყალში საჯაროდ მიღებული ნათლობა, ეკლესიასთან შეერთების ერთჯერადი აქტია, ზიარებაში მონაწილეობის მიღება კი,  ყველასთვის მრავალჯერ განმეორებადი ქმედებაა, ვინც უკვე  ეკლესიას შეუერთდა. წყალში ნათლობა ერთხელ ხდება, საქმეების 2:41-ში წერია; „ ვინც მიიღო სიტყვა მოინათლა და ეკლესიას შეუერთდა“, ხოლო შემდეგ მუხლში ნათქვამია, რომ ისინი, ვინც ეკლესიას ნათლობით შეუერთდნენ, გამუდმებით პურის გატეხვასა და ზიარებაში მკვიდრდებოდნენ. მაცხოვარი თვითონაც წყალში მოინათლა, ამით მის მოწაფეებს  სამართლიანობის მაგალითი მისცა, რათა ჩვენც მის მსგავსად მოვიქცეთ. მონათლულ მოწაფეებს  ზიარება მისცა. მათ ასევე დაავალა, მისი დედამიწიდან მამასთან წასვლის შემდეგაც გააგრძელონ ამის კეთება, მანამ სანამ ის კვლავ არ დაბრუნდება. თუ ნათლობის დროს წყალი, ზიარების შემთხვევაში მაცხოვარმა  პური და ღვინო გამოიყენა. იესომ ასე თქვა პურზე – ეს არის ჩემი სხეული თქვენთვის დამტვრეული, ხოლო ღვინოზე – ეს სასმისი ჩემს სისხლში ახალი აღთქმაა. მათი მიღების დროს კი თქვა: „ამას აკეთებდეთ ჩემს მოსაგონრად“.

    რა თქმა უნდა ზიარება  იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთთან მოზიარე ცხოვრებას უკავშირდება. სანამ იესო ფიზიკურად  მათ შორის იმყოფებოდა, მოწაფეებს  მასთან ურთიერთობის საშუალება ჰქონდათ: უსმენდნენ, ეხებოდნენ,  მასთან ერთად დადიოდნენ, ცხოვრობდნენ. იესოს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ, რასაც იესოს მამასთან წასვლა მოჰყვა, მოწაფეები იესოსთან მოზიარეობის გარეშე  არ უნდა დარჩენილიყვნენ. მასთან მოზიარეობის გარეშე  ღვთის საქმე არ გაკეთდება. მარკოზის 3:14-ში წერია, რომ იესომ თავის მოწაფეებს მუწოდა, რომ მასთან ყოფილიყვნენ და საქადაგებლადაც წარეგზავნა. იესოს წასვლის შემდეგ  საშიშროება იქმნებოდა, რომ მას დაივიწყებდნენ და მასთან ურთიერთობას შეწყვეტდნენ. ქადაგება და მსახურება  კი შესაძლოა ინერციითაც გაგრძელებულიყო. ქადაგება სხვას ვერ მოუტანს ღმერთთან მოზიარეობას თუ  თვითონ მქადაგებელს იესო დავიწყებული ჰყავს  და მასთან  ურთიერთობა შეწყვეტილი აქვს. ამიტომ, როცა მოციქული პავლე  კორინთოს ეკლესიას უფლის სერობის წესრიგიანობას ასწავლის 1კორინთელთა მე-11 თავში ის  ზიარების 4 ძირითად მნიშვნელობაზე საუბრობს:

    პირველი მნიშვნელობა – ზიარება  იესო ქრისტეს მ ო ს ა გ ო ნ რ ა დ არის, მოგონება, რომ დავიწყებას არ მიეცეს ის, მისი არსებობა, მისი პიროვნება, მისი გაკეთებული საქმე, მისი მცნებები თუ დაპირებები. რადგან თუ ის დაგვავიწყდება და მას არ მოვიგონებთ,  მხოლოდ რელიგიური რიტუალი დაგვრჩება, მასთან ურთიერთობისა და მოზიარეობის გარეშე! მხოლოდ მსახურების ფორმა გვექნება, მაგრამ არა მოზიარეობა, რელიგია მაგრამ არა ურთიერთობა. გვექნება რიტუალი, მაგრამ არა ს უ ლ ი და ს ი ც ო ც ხ ლ ე! იოანეს სახარებაში მე-6 თავში, მაცხოვარი თავის თავს სიცოცხლის პურს ადარებს. მოგეხსენებათ ადამიანი ბიოლოგიურად საჭმელისა და სასმელის, ხოლო სულიერად იესო ქრისტეს რწმენის ხარჯზე ცოცხლობს. იესომ თქვა;“ ჩემი ხორცი საჭმელია, ხოლო ჩემი სისხლი სასმელი“. ბევრი მისი მოწაფისათვის ეს ნათქვამი არა თუ გაუგებარი, საცდურიც კი გამოდგა და ამის გამო მას  ჩამოშორდნენ. თუ რაიმე ქრისტეს ნათქვამიდან შენთვის გაუგებარია,  ნუ წახვალ მისგან, მისი ეკლესიისგან. დრო მოვა და ყველაფერს გაიგებ. ქრისტესგან წასვლა, სიცოცხლიდან წასვლაა. დარჩი ეკლესიაში მასთან და ყოველთვის გახსოვდეს, მისი ნათქვამი, მისი სიტყვა. მასთან მოზიარე ცხოვრება გააგრძელე. ღმერთმა ადამიანი ხომ თავისთან  ურთიერთობისათვის და თავის სადიდებლად შექმნა.

    მეორე  მნიშვნელობა – ზიარება  იესოს ს ი კ ვ დ ი ლ ი ს  უ წ ყ ე ბ ა ა,  თუ რა გააკეთა იესოს სიკვდილმა. ჩვენი გადარჩენის საფუძველი ის არ არის , რომ ქრისტიანულ ქვეყანაში დავიბადეთ, არც ის, რომ ქალაქში ბევრი ტაძარი და ჯვარია. მიუხედავად იმისა რომ ჩემს გვარშიც არის სიტყვა ჯვარი ამას არ მოუნიჭებია რაიმე პრივილეგია,  ჩვეულებრივი უღმერთო და ცოდვილი ადამიანი ვიყავი მანამ, სანამ არ მოვისმინე კეთილი უწყება   მხსნელის, იესოს შესახებ, რაც: დავიჯერე, მივიღე, მასზე დავდექი რწმენით და ვრჩები მასში. ხსნა  იესოს  სიკვდილშია.  იესოს სიკვდილი ნებისმიერ ცოდვილს გადარჩენას აძლევს,  ცოდვების სიმძიმისა და რაოდენობის მიუხედავად. 

    მესამე  მნიშვნელობა – ზიარების შესახებ დანაბარები მის მ ო ს ვ ლ ა მ დ ე ძალაშია. ეს დანაბარები უფლისა მცნების ტოლფასია. ჩვენ  მას ვიგონებთ, მის სიკვდილში ჩვენს გადარჩენას ვხედავთ.  მისი მორწმუნენი  არ ვფიქრობთ: ვაი, რა დავკარგე“. ჩვენ არაფერი  დაგვიკარგავს, პირიქით, ჩვენ  მხსნელი შევიძინეთ. ის ცოცხალია და ის კვლავ მოვა. ის თავის წმიდანებთან ერთად იმეფებს. ქრისტეს მომლოდინეების დიდება მომავალშია! ჩვენთვის, ქრისტეს მორწმუნეთათვის ზიარება დღესასწაულია, ხვალინდელი დღის იმედიანი და თავაწეული მოლოდინი, რადგან სიკვდილზე გამარჯვებული უფალი კვლავ მოდის. სახარებამ, რომელმაც  იესოს სიკვდილი გვაუწყა, მისი მეორედ მოსვლის შესახებაც საუბრობს. ანგელოზებმა მწყემსებს მხსნელის მოვლინების შესახებ აუწყეს, ასევე  იესოს ზეცად ამაღლების დროს, მისი ხელმეორედ დაბრუნების შესახებ იწინასწარმეტყველეს. ამიტომაც ვხარობთ, რადგან სიკვდილი სიცოცხლემ , სამგლოვიარო დღეები სასიხარულო დღეებმა, პრობლემატური ყოფითი ცხოვრება უმჯობესი მომავლის მოლოდინმა შეცვალა. დიდების უფალი არც ჯვარზე და არც საფლავში დარჩენილა. ის ცოცხალია, ის კვლავ მოვა და ჩვენც, მორწმუნენი მისი მეორედ მოსვლის გამო გულწრფელად ვხარობთ.

     მეოთხე მნიშვნელობა –ზიარება ეკლესიამ, როგორც ქრისტეს სხეულმა ისე უნდა მიიღოს, იმიტომ რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და ეკლესიის წევრები ამ სხეულის ნაწილები.  თუ ამ საკითხში სწორი დამოკიდებულება გვაქვს, მაშინ ზიარებას  ღირსეულად ვიღებთ. თუ  სწორი დამოკიდებულება არ გვაქვს, მაშინ აქედან  მსჯავრდადებას ვიღებთ, რადგან უფლის სხეულს ვერ ვარჩევთ.(მუხლი 29). ამ საკითხზე საუბარს მოციქულმა პავლემ ყველაზე მეტი დრო დაუთმო, ვინაიდან ეკლესიაში დაყოფები იყო: მდიდრები და ღარიბები, პრივილიგირებული და უმნიშვნელო ხალხი, რაც მსჯავრდადების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. ეკლესიაში  უმნიშვნელო ადამიანები არ არიან. აქ ყველა საჭიროა, ერთმანეთი ახსოვთ და ერთმანეთზე ზრუნავენ. ქრისტეს სხეულში დაყოფა, დანაწევრება, დაქსაქსვა და სხვადასხვა დაჯგუფებების წარმოქმნა მიუღებელია. ჩვენ ერთმანეთს  სიყვარულით  ვღებულობთ.  ასე ხორციელდება ეკლესიაში თანაბარ ზომიერება, რაც თითოეულ წევრს  მიღებულობისა და ღირსების გრძნობას ანიჭებს.

    ამიტომ, ყოველთვის, ზიარებაში მონაწილეობის დროს ჩვენ უნდა გამოვცადოთ საკუთარი თავი და  
მსჯავრი დავადოთ საკუთარ თავს, რომ ქვეყნიერებასთან კი არ  ვიყოთ მსჯავრდადებულნი, არამედ იესოს მოგონებით, მისი სიკვდილის უწყებით,   იესოს მეორედ მოსვლის მოლოდინითა და ქრისტეს სხეულად, უფალთან და ერთმანეთთან თანამოზიარე ცხოვრებით განვახორციელოთ იესოს მეფობა ეკლესიის მეშვეობით!   უფლის სულის თანდასწრებით წარმოქმნილი ნეტარება და თავისუფლება ბადებს დაუოკებელ წყურვილს განუყრელად, მარადის მასთან ყოფნის, მისი მარადიული დიდების!

მადლი უფლისა იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და თანაზიარება სულიწმიდისა  იყოს ყველასთან თქვენთან. ამინ.  1 კორ. 13:13;

სტატიის ავტორი: გია ჯვარშეიშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.