წყალში ნათლობა | ქრისტიანი.ge

წყალში ნათლობა

ნათლობა არის – მორჩილების აქტი – გამოხატული მაცხოვრის ბრძანებისადმი, რისი მაგალითიც თვითონვე მოგვცა და რასაც უწოდა “მთელი სიმართლის აღსრულება” – მათეს 3:15; აღსანიშნავია, რომ თვითონ მაცხოვარი მოინათლა იოანე ნათლისმცემლის მიერ. იოანეს ნათლობას წინ უსწრებდა “სინანულის ქადაგება ცოდვების მისატევებლად” – მარკოზის 1:4; იოანე ნათლისმცემელი ამბობდა: “მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი” – მათეს 3:2; იოანესგან ინათლებოდნენ იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს – მათეს 3:6; თუმცა, ასევე მოსანათლავად მასთან მიმავალ ფარისევლებსა და სადუკევლებს, რომლებშიც ვერ ხედავდა მონანიების ღირს ნაყოფს, კიცხავდა და შეაგონებდა, რომ ასეთი ნათლობა(მონანიებისა და ცოდვების აღიარების გარეშე) მათ ვერ იხსნიდა მომავალი რისხვისაგან – მათეს 3:7-8; თუმცა პირადად იესოს ნათლობა განსხვავებული იყო იმ თვალსაზრისით, რომ მას არ მოუნანიებია ცოდვები, რადგან არც შეუცოდნია, ის იყო უცოდველი ადამიანი და ამ თვალსაზრისით საკუთარი თავისთვის ნათლობასაც არ საჭიროებდა. მაშ რას ნიშნავს და ვისთვის არის ეს – ,,მთელი სიმართლის აღსრულება”.რა თქმა უნდა კაცთა მოდგმისათვის, უკლებლივ ყველა ადამიანისათვის, რადგან ყველამ შევცოდეთ. ჩვენი ცოდვებისა და დანაშაულების გამო დავრჩით უღმერთოდ და ვართ დაღუპულები. თუმცა სიყვარულითა და წყალობით მდიდარმა ღმერთმა მისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მეშვეობით, მოგვიტანა პატიება და შერიგება ღმერთთან. როგორ წერია, იოანეს 3:16-ში – ღმერთმა მოგვცა თავისი ერთადერთი ძე, იესო ქრისტე, რათა არავინ ვინც მას ირწმუნებს არ დაიღუპოს, არამედ ქონდეს საუკუნო სიცოცხლე. ეს არის სიმართლე ღმერთისგან, ზეციდან მოსული, ამიტომაც დაამოწმა ნათელღებულ იესოზე, ღმერთის სულმა მტრედივით გარდმომავალმა, და გაისმა ხმა ციდან: “ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. მამა ღმერთმა მოიწონა თავისი ძე და შემოიყვანა ქვეყნიერებაზე, რათა ვირწმუნოთ და ვიცოცხლოთ!

იესომაც იოანეს მსგავსად, იგივე სიტყვებით დაიწყო ქადაგება: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი”- მათეს 4:17; მონანიება და ცოდვების აღიარება ამზადებს გულს რწმენისთვის, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გადარჩენის საქმეში! მარკოზის 16:15-16 . . . უქადაგეთ სახარება ყოველ ქმნილებას, ვინც ირწმუნებს და მოინათლება გადარჩება, ვინც არ ირწმუნებს მსჯავრი დაედება. ნათლობას წინ უსწრებს სახარების ქადაგება, დამოწმება იესო ქრისტეს შესახებ, რომ ის მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, დაიმარხა და შემდეგ მე-3 დღეს აღდგა ჩვენი გამართლებისთვის. სახარების ქადაგებას მოყვება რწმენა, ხოლო ვინც ირწმუნებს (ყველა არ ირწმუნებს) ის უნდა მოინათლოს გადასარჩენად, ხოლო ვინც არ ირწმუნებს მას მსჯავრი დაედება. რწმენის გადამწყვეტი როლი ჩანს ასევე რომაელთა მიმართ პავლე მოციქული წერილში 14:23 – ყოველივე რაც რწმენით არაა ცოდვაა.

აქ ჩვენ ვხედავთ მსგავსებას იოანე ნათლისმცემელსა და იესო ქრისტეს შორის, ორივე ქადაგებდა: ,,მოინანიეთ, ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი” და ორივე ერთნაირად შეაგონებს ნათლობის მიღების მსურველს: იოანე ნათლისმცემელი – მონანიების ღირსი ნაყოფის გარეშე ვერ იხსნიდნენ თავს მომავალი რის- ხვისგან, ხოლო იესო ქრისტე – მისი რწმენის გარეშე კი მსჯავრდადებისგან. რჩება შთაბეჭდილება, რომ თუ ვინმეს ესმოდა გადარჩენის საკითხი ეს მოციქული პავლე იყო. 1კორინთელთა 15:1-4,11 – ,,გაუწყბთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც, თუ დაიცავთ სიტყვას, მე რომ გახარეთ, თუ ფუჭად არ ირწმუნეთ. ვინაიდან თავიდან გადმოგეცით ის, რაც მე თავად მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია და რომ დამარხულ იქნა და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია . . . და აჰა, მე ვარ თუ ისინი, ასე ვქადაგებთ, და თქვენც ასე ირწმუნეთ.

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, გასაგები ხდება, რას გულისხმობდა იესო თავისი ნათლობის წინ, როცა ამბობდა ,,მთელი სიმართლის აღსრულებაზე”. სახარების ქადაგება + იესოს რწმენა + ნათლობა – ეს სამი აუცილებელი კომპონენტი არის ,,მთელი სიმართლე აღსრულებული” – მის ჯვარცმაში, როცა მან სიკვდი- ლის წინ თქვა ,,აღსრულდა”. მან ღმერთის სიმართლე აღასრულა გოლგოთის ჯვარზე, თავის სიკვდილში, რითაც აღასრულა მამის სრული ნება, ხოლო ჩვენ ვიჯერებთ რა, რომ ზეცის სიმართლე ასეთი სახით განხორციელდა ჩვენს გადასარჩენად, ვეთანხმებით და ვემორჩილებით მის ბრძანებას და ვინათლებით. ჩავდივართ წყალში, ვეფლობით მის სიკვდილში, ის სიკვდილის შემდეგ დაიმარხა, ჩვენ კი წყალში ჩასვლით, დაფარვით ვკვდებით, ვუკვდებით ძველ უღმერთო, ურწმუნო, ცოდვილ ცხოვრებას, ხოლო წყლიდან ამოსვლის შემდეგ ვიწყებთ ახალ სუფთა, წმიდა, კეთისინდისიერ ცხოვრებას, რისი ნიმუშიცა და მაგალითიც მან დაუტოვა კაცობრიობას და ყველას, ვინც ირწმუნებს და მოინათლება. ნათელმიღებული ადამიანი ისევე უნდა იყოს თავისი გადაწყვეტილების ერთგული იესოს მიმართ, როგორც იესო იყო ერთგული თავისი მამის, თუნდაც ამ ერთგულებამ ის საკუთარი სურვილით ჯვარზე აიყვანა. როგორ არ უნდა ვ უ ე რ თ გ უ ლ ო თ ჩვენს უ ფ ა ლ ს ა და მ ხ ს ნ ე ლ ს!

ზოგ ქრისტიანულ წრეებში არ თვლიან აუცილებლობად ნათლობას, კმაყოფილდებიან იმით, რომ იკითხონ ბიბლია და ირწმუნონ ღმერთი, არგუმენტად მოყავთ ავაზაკი ჯვარზე, რომელსაც მაცხოვარმა უთხრა, ჩემთან ერთად იქნები დღესვე სამოთხეშიო ანუ დაუდასტურა გადარჩენა იესოსთან მისი დამოკიდებულების გამო, მეორე ავაზაკისაგან განსხვავებით. ამ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ავაზაკს, რომელსაც მიეტევა, რადგან აღიარა იესო არ ქონდა შესაძლებლობა მონათვლის. ზოგიც იხსენებს ზაქეს ისტორიას. მისთვის გადარჩენა მაშინ თქვა მაცხოვარმა, როცა ზაქემ გადაწყვეტილება მიიღო, რომ წართმეული დაებრუნებინა და შეეცვალა თავისი ცხოვრების წესი ანუ მონანიების ღირსი ნაყოფი შექმნა და სწორი ცხოვრების დაწყება გადაწყვიტა. ზოგს ნათლობის ნაკლებად მნიშვნელობების არგუმენტად მოყავს ის, რომ პირადად იესო არ ნათლავდა, არამედ მისი მოწაფეები ნათლავდნენ. სხვა კი არგუმენტად იშველიებს მოციქული პავლეს ნათქვამს 1კორინთელთა 1:17 – ,,ქრისტეს არ მოუვლენივარ სანათლავად, არამედ სახარებლად”. რა თქმა უნდა ეს დასახელებული შემთხვევები კონკრეტული ფაქტებია, რასაც ადგილი ქონდა კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენის აუცილებელი პირობა წყალში ჩასვლა არ არის, რადგან ეს ავაზაკისთვის და ზაქესთვის, წყალში ჩასვლის გარეშეც ითქვა თვით მაცხოვრის მიერ. მიუხედავად ამისა, ყოველი მისი მორწმუნე მაინც აუცილებლად უნდა მოინათლოს საჯაროდ. რადგან ის ასეთი საჯარო ნათლობით გამოხატავს მორჩილების აქტს უფლის ბრძანებისადმი და იწყებს ახალ, უფლისადმი მ ო ს ა წ ო ნ ცხოვრებას. მსგავსად იმისა, როგორც მამამ დაამოწმა თავის ძეზე სიტყვებით: ,,ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე”. დაე, ჩვენი ნათლობის შემდგომი ცხოვრება, რომელიც არის ჩვენი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისი, იყოს ისევე კეთილსინდისიერებით მიძღვნილი, ერთგულებით სავსე, სათნოებით მისაღები უფლისადმი, როგორც კეთილსურნელებად მირთმეული ჩვენი ცხოვრება. ასეთი ნათლობის ცერემონიალი განასახიერებს: 1. უწინდელი(ნათლობამდე) ცხოვრების ცოდვებისაგან გაწმენდას. 2. ძველი(ხორციელი) ცხოვრების დასრულებას და ახალი(სულიერი) ცხოვრების დასაწყისს ქრისტეში. 3. ბოლომდე ერთგულებას უფალ იესო ქრისტესი და ახალი ცხოვრების წესისადმი!

სტატიის ავტორი: გია ჯვარშეიშვილი

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.