ვინ გაამართლებს ღმერთს | ქრისტიანი.ge

ვინ გაამართლებს ღმერთს

„უფალო, რატომ იღუპებიან ბავშვები, რატომ ივსება ჩვენი სამყარო ტანჯვებით ?“, – მსგავსი კითხვები III ათასწლეულის ყველაზე მტკივნეული და ბასრი კითხვებია. კაცმა რომ თქვას, მსგავსი კითხვები ყოველთვის ისმეოდა კაცობრიობის წინაშე, მაგრამ, ჩვენი საუკუნისგან განსხვავებით, წინა საუკუნეებში, ფილოსოფოსების და ღვთისმეტყველების გარდა თითქმის ვერავინ ბედავდა ამ კითხვების აპოლოგეტურ ჭრილში დასმას. განათლებულ ეპოქასთან და ცნობიერების მასიურ განთავისუფლებასთან ერთად, საყოველთაო გახდნენ მორალური საკითხებიც. დოსტოევსკის ნაწარმოებში „ძმები კარამაზოვები“, ივან კარამაზოვი გულცხარედ აცდუნებს ალიოშას: „შენ გიყვარს ბავშვები, ალიოშა? ვიცი, რომ გიყვარს, ამიტომ შენთვის გასაგები იქნება, რატომ მინდა მათზე საუბარი. თუკი ისინი ახლა ამ დედამიწაზე საშინლად იტანჯებიან, ცხადია, თავიანთი მამების გამო ისჯებიან, მამათა ცოდვების გამო, რადგან მათ ვაშლი იგემეს, – მაგრამ ეს სჯა-ბაასი იმ სხვა სამყაროს ეკუთვნის, რომელიც ადამიანებისთვის გაუგებარია. არ შეიძლება უცოდველები სხვისი გულისათვის იტანჯებოდნენ, განსაკუთრებით, ასეთი უმანკონი!“
ტანჯვა დაუშვებელია ! – “ღმერთმებრძოლი” მშვინვის ასეთ განცხადებებს, ემოციები უფრო კარნახობენ ვიდრე გონება. ადამიანის არსი და ბუნება ეწინააღმდეგება ტანჯვებს. ტანჯვები არაბუნებრივია ადამიანის არსისთვის, მაგრამ, ისინი მაინც არსებობენ. მავანნი ტკივილს და ტანჯვებს ილუზიას ან ადამიანის მიერ ცხოვრებისეული მოვლენებისადმი უუნარო დამოკიდებულებას აბრალებენ. პრობლემები ჩვენს სურვილებშია – ამბობენ ბუდისტები. “მოიშორეთ სურვილები, და აღარ გექნებათ იმედგაცრუება მათი ვერ შესრულების შემთხვევაში” – ნამდვილად ილუზორული ნუგეშია. ტანჯვა და ტკივილი – ჩვენი არასწორი წარმოსახვის ან მძაფრი სურვილების ნაყოფი არ არის. კლაივ ლუისი წერდა “ცოცხალი არსებები ტკივილებს იწვევენ ქვეყნად მოვლინებისას, ცხოვრობენ სხვისი ტკივილებით და ტკივილებში კვდებიან”, – აქედან გამომდინარე ტკივილი და ტანჯვები უფრო ცხადი რეალობაა ვიდრე ბედნიერება და სიხარული. ამ ყველაფერს ნორმან გეისლერი ირონიულად ამატებს , „ტანჯვების არარსებობა – მხოლოდ კარგი თეორიაა, რომელსაც, რიგი უხეში ფაქტების „ბანდა“ ანადგურებს“.

რაში მდგომარეობს პრობლემა?

თუ ვაღიარებთ რომ პრობლემები რეალურია, მაშ, რატომ არის ღმერთი უმოქმედოთ ? რით გავამართლოთ ღმერთი ამ შემთხვევაში? ანუ, როგორ ავუხსნათ, როგორ დავუმტკიცოთ ადამიანის დაჟინებულ გონებას, რომ ღმერთი ყოვლისშემძლეა, რომ ის კეთილია, და მაინც არ აუქმებს ბოროტებას?
ამ ერთი შეხედვით ლოგიკურ წინააღმდეგობას კლასკური ფორმირება მისცეს არა ღმერთმებრძოლმა ათეისტებმა, არამედ ღვთისმეტყველებმა. ნეტარი ავგუსტინე ავრელიუსი IV საუკუნის ბოლოს წერდა: „ღმერთი ყოვლადკეთილი რომ ყოფილიყო, მაშინ მუდამ სიკეთე ენდომებოდა, ის რომ ყოვლისშემძლე ყოფილიყო, მაშინ შეძლებდა იმის გაკეთებას, რაც სურს. მაგრამ არსებობს ბოროტება. ესეიგი, ღმერთი ან ყოვლადკეთილი არ არის ან ყოვლისშემძლე“, ანუ, ბოროტების და ტანჯვის არსებობაში, ავგუსტინემ დაინახა წინააღმდეგობა იმ თვისებებში, რომლებითაც ადამიანები ღმერთს აღწერენ. წარსული საუკუნეების ღრმად მორწმუნე მოაზროვნეებს არ ეშინოდათ ბასრი კითხვების დასმისა. მათ ქონდათ სულიერი ძალა და მოთმინება დადუმებისა და პასუხების მოსმენის. ისინი არ ჩქარობდნენ ღმერთის დადანაშაულებას, პრობლემების და პრეტენზიების გამოხატვას. ამ ადამიანების სულიერი ვაჟკაცობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ, ისინი მორჩილად ელოდნენ პასუხებს თავიანთ კითხვებზე. საინტერესოა ჩვენ, III ათასწლეულის ხალხი თუ ველოდებით პასუხებს ჩვენს კითხვებზე ? და თუ ვჩქარობთ და არ გვსურს პასუხის მოსმენა, მაშინ საერთოდ რატომღა ვსვამთ კითხვას ? როგორც ჩანს პრობლემის ფესვი არ მდგომარეობს ღმერთის გამართლების სურვილში, (საკუთრივ, ის არც საჭიროებს ჩვენს მიერ მის გამართლებას), არამედ ჩვენი ურწმუნოების და ყველაფრის ნებადართულობის გამართლებაში.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სანამ გონების დონეზე „ღმერთი და ბოროტება“ დილემის ახსნას დავიწყებდეთ, უნდა გავარკვიოთ რატომ ვსვამთ ამ კითხვას. გახდება თუ არა ამით სერგეი და თეიმურაზ ტოტიევების (ბესლანის ბაპტისტური ეკლესიის მსახურები) ტკივილი მსუბუქი, რომლებმაც ბესლანის ტრაგედიის დროს ექვსი შვილი დაკარგეს, თუ ჩვენ მათ ავუხსნით მომხდარის მიზეზს? ემოციურ დონეზე ჩვენ გვჭირდება თანაგრძნობა, და არა ფილოსოფიური ახსნა განმარტებები. იობის მეგობრები ბრძნულად მოიქცნენ, როდესაც მივიდნენ ტანჯულთან (ჭირისუფალთან), ისინი დუმდნენ მასთან ერთად მთელი კვირა. შემდეგ კი, რამდენად უგუნურნი გახდნენ როდესაც გახსნეს ბაგეები და დაუწყეს იობს ტანჯვის მიზეზბის ახსნა და ღმერთის გამართლება.
და მაინც, რა ვუპასუხოთ ადამიანს, როდესაც ტკივილი უცხრება და გონება იწყებს კითხვების დასმას: „რატომ მე? რისთვის?“. არაფერია უცნაური იმაში, რომ დედამიწაზე მილიონობით ტანჯული ადამიანი თვლის, რომ უსამართლოდ იტანჯება. მასაჩუსეთელმა რაბინმა, ჰაროლდ კუშნერმა დაწერა წიგნი, რომელიც ბოლო ათწლეულების ბესტსელერად იქცა: „როდესაც კარგ ადამიანებს ცუდი ემართებათ“. ეს არის კუშნერის პირადი ცხოვრებიდან განცდების და გამოცდილების გულწრფელი გამოძიება, „ღმერთი და ბოროტება“ პრობლემასთან დაკავშირებით. ის ყვება, რომ მისი ვაჟი ბავშვობიდან პროგერიით იტანჯებოდა, სნეულებით, რომელიც კატასტროფულად სწრაფ ფიზიკურ დაბერებას იწვევს. მამის თვალწინ ბიჭუნა გამელოტდა და ნაოჭებით დაიფარა, მისი სხეული დაუძლურდა, მოიხარა და ის სიბერისგან გარდაიცვალა თოთხმეტი წლის ასაკში. კუშნერი გამოხატავს დაზარალებულის თვალსაზრისს, ხდის ყველა ფარდას, თანმიმდევრობით განიხილავს ჩვენი უბედურებების ყველა სტანდარტულ რელიგიურ ახნა-განმარტებებს. თუ ღმერთი ასეთია, როგორც ღვთისმეტყველები ამტკიცებენ, მაშინ რატომ არსებობს ბოროტება?

ამაზე რას იტყვით ?

კუშნერი კეთილი და ყოვლისშემძლე ღმერთის პრობლემას „აგვარებს“ ღმერთის კეთილობის სასარგებლოდ და მისი ყოვლისშემძლეობის საზიანოდ. ის მიდის შემდეგ დასკვნამდე: „ღმერთი – კეთილია. მაგრამ, აქვს შესაძლებლობების ზღვარი. ღმერთს საერთოდაც არ სურს რომ ჩვენ ვიტანჯებოდეთ, ის რისხდება და წუხს, როგორც ჩვენ უბედურების ჟამს, მაგრამ, ის უძლურია ამის წინააღმდეგ, და ამიტომ ვერაფერს აკეთებს“. როგორი სევდიანი ნუგეშისცემაა და როგორი საცოდავი რწმენა!
სხვები, ალბერტ კამიუს მსგავსად, იწყნარებენ შემდეგ აზრს: „თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ის ბოროტია, რომელიც უგზავნის ტანჯვებს ადამიანებს, და ამავე დროს არ სურს რომ ადამიანები განთავისუფლდნენ მათგან“. საკუთრივ, ასეთი გადაკვრითი პასუხისკენ მიყავს საუბარი იობსაც, როდესაც ოცნებობს გამოიძახოს ღმერთი სასამართლოზე და ბრალი წაუყენოს მას. რადგან თვითონ იობი უდანაშულოა, რაც სუფთა სიმართლეა, და რასაც ღმერთი თავისი ბაგითაც ამოწმებს. (იობი 1:8). სასამართლო რომ ყოფილიყო იობი გამარჯვებული გავიდოდა სასამართლო დარბაზიდან, მაგრამ, აი სად არ გაუმართლა იობს: ღმერთი იმდენად ყოვლისშემძლეა, რომ, არ მოიძებნება და არ არსებობს მოსამართლე, რომელიც დადგებოდა მასა და იობს შორის და გამოიტანდა სამართლიან განაჩენს. „თუ საქმე ძალაშია, აჰა, ის ძლიერია, და თუ საქმე სამართალშია, ვინ მოჰკითხავს მას პასუხს ?“ (იობი 9:19). მაგრამ ეს თვალთახედვაც რომელიც მიიჩნევს, რომ ღმერთი არ არის კეთილი, მაგრამ ყოვლისშემძლეა, არშემდგარია. როდესაც იობის ისტორიის დასკვნით ნაწილში ღმერთი ევლინება დაზარალებულს, იობი დუმდება. მას ღმერთის ყოვლისშემძლეობისადმი შიში კი არ აჩუმებს, არამედ ის ხვდება ადამიანის შეზღუდული და უძლური ლოგიკური სილოგიზმების შესახებ საიდუმლოს.
ლოგიკური მსჯელბა ნებას გვრთავს ჩვენი პრობლემის გადაჭრის მესამე ვარიანტიც განვიხილოთ: თუ ღმერთის კეთილობას და მის ყოვლისშემძლეობას შორის, ბოროტების სახით გადაუჭრელი წინააღმდეგობაა, მაშინ იქნებ ღმერთი საერთოდ არც არსებობს! მაგრამ თუ ღმერთი არ არსებობს, ეს იმას ნიშნავს, რომ არც აბსოლუტური სამართლიანობის გაგება არსებობს. ანუ, თუ ღმერთი არ არსებობს, და ჩვენ ატომების და მოლეკულების შემთხვევითი შეჯახების შედეგი ვართ, მაშინ სიკეთე და ბოროტება – ეს ფარდობითი(პირობითი) გაგებაა. ევოლუციის მრავალმილიონიანი წლების განმავლობაში ჩვენ თითქოსდა შევთანხმდით, რომ ქველმოქმედება, სიყვარული, პატიება და ა.შ. კეთილად ჩავთვალოთ, ხოლო ტანჯვა, ტკივილი, ღალატი და მსგავსი – ბოროტებად. სინამდვილეში, ობიექტურად, თუ მხოლოდ უკვდავი მატერია არსებობს, მაშინ სიკეთე და ბოროტება არ არსებობს. ასეთი დასკვნის გაკეთება მოუწევთ მათ, ვინც ბოროტების შემხედვარე თვით ღმერთის არსებობას უარყოფენ.
მაგრამ თუ არ არსებობს სიკეთის, ბოროტების და საერთოდ სამართლიანობის აბსოლუტური გაგება, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბოროტების პრობლემის საკითხის დაყენების უფლებაც არ გვაქვს! ვინაიდან ბოროტება ობიექტურად არ არსებობს, და ის, რაც ჩემთვის ბოროტებაა, შენთვის შეიძლება დიადი სიკეთე იყოს. თუ არ არსებობს ბოროტება, შესაბამისად არც სიკეთე არსებობს. ეს კი, ცოტა არ იყოს, უკვე უსიამოვნოა.
კლაივ ლუისი თავის მშვენიერ წიგნში „ეს ქრისტიანობაა“ წერს ოდესღაც თავისი ათეისტური არგუმენტაციის შესახებ: „მე ღმერთის არსებობას იქიდან გამომდინარე უარვყოფდი, რომ სამყარო ძალზე სასტიკად და უსამართლოდ მეჩვენებოდა. მაგრამ როგორღა დამებადა თავად სამართლიანობისა და უსამართლობის გამიჯნვის აზრი? ადამიანი ვერ უწოდებს ხაზს მრუდეს, თუკი სწორ ხაზზე წარმოდგენა არა აქვს. რას ვუდარებდი სამყაროს, როდესაც მას უსამართლოდ მივიჩნევდი? …. სამყაროს რომ აზრი არ ჰქონოდა, ვერასოდეს შევძლებდით ამის აღმოჩენას, ზუსტად ისევე, როგორც ვერ შევნიშნავდით ჩვენს ირგვლივ არსებულ სიბნელეს, თუ სამყაროში სინათლე და მხედველობის მქონე არსებები არ იქნებოდნენ. სინათლე რომ არ არსებობდეს, ბნელში მყოფებადაც არ ვიგრძნობდით თავს“. მაშ ასე, პრობლემის გადაჭრის მესამე ვარიანტი უფრო ალოგიკური და პრიმიტიულია, ვიდრე პირველი ორი.

მაშ რატომ ვიტანჯებით ? 

ვისაც სურს პასუხის მოსმენა, უნდა შეეცადნონ გაიგონ – რა არის ჩვენთვის, ადამიანებისთვის უმაღლესი სიკეთე და კეთილდღეობა ? ბევრი ფული ან ძალაუფლება ? მუდმივი სილამაზე ან დაუმარცხებელი ძალა ? პრობლემების და ქარიშხლების გარეშე ცხოვრება ? – რაოდენ მოსაწყენი პერსპექტივაა! სხვა საქმეა იმ ბედნიერების შესახებ წარმოდგენა, რომელსაც წმინდა წერილი გვიხსნის. უზენაესი სიკეთე და კეთილდღეობა – ეს მარად შემოქმედი და უსაზღვროდ მრავალფეროვანი ღმერთია. ის არის ბედნიერების, სიყვარულის, ჰარმონიის, მშვიდობის და ყოველივე სიკეთის სისავსე. თუ ის ასეთი არ არის, მაშინ განსაზღვრულობით ის არც ღმერთია. ესეიგი, უმაღლესი სიკეთის ქონა ნიშნავს – მასთან ცხოვრებას. შესაბამისად უმაღლესი ბოროტებაა – იყო განკვეთილი, განშორებული ღმერთისგან და მისი არსისგან.
ღმერთთან შეერთებისთვის, შემოქმედის აღმშენებლობით თავისუფლებასთან საზიარებლად, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ საშუალება მისი უარყოფისა, ანუ თვითონაც უნდა იყვნენ თავისუფალნი. მონას არ შეუძლია მამის სახლში მყოფობა. მხოლოდ ძეს შეუძლია, როგორც თავისუფალ პიროვნებას. დამჯერ რობოტს არ შეუძლია გახდეს ღვთაებრივი არსის ნაწილი, ის სამუდამოდ განწირულია მონობისთვის. ამრიგად, შექმნა რა ადამიანი უმაღლეს არსებად, თავის ხატად და მსგავსად, ღმერთმა, რომელმაც წინასწარ დაუდგინა და გადასცა მათ, და არა ანგელოზებს მომავალი სამყარო, ვერ იტყოდა მათ თავისუფლებაზე უარს, ხოლო თავისუფლება ყოველთვის შეიცავს ბოროტების პოტენციურ შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ ბევრ ადამიანს და ბევრ მთავრობას ეშინია თავისუფლების, რადგან, შესაძლოა თავისუფლებაში არ არის ბოროტება, მაგრამ, მასში მუდამ არის ამის საშუალება, მაგრამ თავისუფლება არ იქნება თავისუფლება თუ მას ბოროტების შესაძლებლობას წავართმევთ, ისევე როგორც , სიყვარული არ იქნება სიყვარული, თუ ღალატის შესაძლებლობას წავართმევთ. კლაივ ლუისი ამასთან დაკავშირებით წერს: „ღმერთმა, რა თქმა უნდა იცოდა, რაც მოხდებოდა, თუკი ქმნილებები მათთვის მინიჭებულ თავისუფლებას არასწორად გამოიყენებდნენ, მაგრამ, როგორც ჩანს, თვლიდა , რომ ჩანაფიქრი რისკის გაწევად ღირდა …. თუ ღმერთი თვლის, რომ თავისუფალი ნება ღირს სამყაროში გაჩაღებულ ომად და სწორედ ამიტომ შექმნა არსებები, რომელთაც თავისუფალი არჩევნის გაკეთება შეუძლიათ, და არა სათამაშო მარიონეტები. გამოდის, თავისუფალი ნება მართლაც ფასეული რამ ყოფილა“.
აქედან გამომდინარე, ვინც ღმერთს ადანაშაულებს იმაში რომ ის არ ანადგურებს ბოროტებას, მაშინ უნდა მიხვდეს და გააცნობიეროს, რომ ამ შემთხვევაში ღმერთს მოუწევს ჩამოართვას ადამიანს თავისუფალი არჩევნის გაკეთების უფლება, ანუ, წაართვას ადამიანებს ადამიანობის უფლება. უფრო მეტიც, ადამიანს წაერთმევა ღმერთთან მიახლოვების, ღმერთის შვილობის უფლებაც. ბოროტების შეჩერებით, ღმერთი ჩაიდენდა ყველაზე დიდ ბოროტებას მათ წინაშე ვინც უყვარს. ჩვენ გარდავიქმნებოდით მორჩილ თოჯინებად, ან უსულო ჭანჭიკებად სამყაროს დიდ მექანიზმში. თქვენ თუ ისურვებდით თავისუფლების დაკარგვის ფასად ბოროტების შეჩერებას ?
რისთვის ცხოვრობენ საერთოდ ადამიანები ? განა იმისთვის ცხოვრობენ, რომ ცაში ვარსკვლავებმა იხარონ მათი არსებობით და სიკვდილის შემდეგ მიწამ გაიხაროს პოხიერებით ? ბიბლია ერთაზროვნად გვაჩვენებს კაცობრიობის ისტორიის ფინალს, სადაც ჩანს ახალი ზეციური იერუსალიმის წარმოსახვითი სურათები, რომელიც არის ეკლესია, კრავის სასძლო (გამოცხადება 21:9-7). ეკლესია არის ქრისტეს სხეული, ერთარსი ქრისტესთან, შემდგარი იმ ადამიანებისგან, რომლებმაც გააზრებულად აირჩიეს ღმერთი და გაიარეს მძიმე განსაცდელები. ამ ეკლესიის ჩამოსაყალიბებლად ღმერთი უშვებს ტანჯვებს. მას შეუძლია ტანჯვების მოშორება. მას სურს მათი მოშორება და ის ამას გააკეთებს! ჩვენი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ, ჩვენ გვსურს ყველაფრის აღსრულება დღეს და აქ. მაგრამ თუ ჩვენ ღმერთის ყოვლად კეთილობის და ყოვლისშემძლეობის პარადოქსს შევხედავთ არა აწმყოს, არამედ მარადიული პერსპექტივით, აღმოვაჩენთ რომ ეს ურთიერთწინააღმდეგობა კაცობრიობის ისტორიის მხოლოდ გარკვეულ ეონში (აღნიშნავს დროის პერიოდს, სამყაროს ან ისტორიის ხანას.) არსებობდა. დადგება სხვა ეონი, როდესაც ტანჯვა აღარ იქნება, იმიტომ, რომ ბოროტება აღარ იქნება!
ბოროტება ყოველთვის დადებითად აყალიბებს პიროვნებას ? როგორც ჩანს, ბოროტება უფრო ხშირად ანგრევს ადამიანებს, ვიდრე აშენებს. ღმერთს თუ ბოროტების მოშორება არ სურს, იქნებ ჯობდა შეეზღუდა ან შეემცირა მაინც ? ძალზე ხშირად ტანჯვების დონე გონივრულს აღემატება. ბევრი ტანჯვის საზღვარი და აზრიანობა ჩვენთვის ძნელად გასაგებია. სწორედ უაზრო ბოროტება არის ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. მაგრამ ღმერთს რომ შემოეფარგლა ბოროტება მხოლოდ „აზრიანით“, ამით ხომ ისევ თავისუფალ არჩევანს შეზღუდავდა ? ნებისმიერი გარეგნული შეზღუდვა ნიშნავს თავისუფლების დაკარგვას, თუმცა თავისუფლებას მუდამ გააჩნია შეზღუდვები, მაგრამ ისინი თვითონ პიროვნების შიგნით გამოიხატება, და არა გარეგნულ აკრძალვებში.
ბოროტების პრობლემებზე მსჯელობებს, რომლებსაც თავისუფლების შესახებ მსჯელობებისკენ მივყავართ, გააჩნიათ სრულიად პრაქტიკული დასკვნები: თითოეულ ჩვენგანს გვაქვს თავისუფლება პირად არჩევანში და ჩვენ ამას ვაკეთებთ ყოველდღე, მაშინაც კი, როდესაც გვგონია რომ არჩევანის საშუალება არ გვაქვს და ყველაფერი წინასწარ არის განსაზღვრული ბედისწერით. ბოროტება რომელიც იუდამ ჩაიდიანა ქრისტეს გაყიდვით, კაცობრიობას გადარჩენა მოუტანა, მაგრამ იუდას საქციელს არა აქვს გამართლება. მან პირადი არჩევანი გააკეთა. კლაივ ლუისი წერს: „ბოროტი კაცი ჩაგრავს მოყვასს, და ამით ნამდვილი ბოროტების მონაწილე ხდება, მაგრამ ღმერთი იყენებს ამ საქმეს მისი ნების და თანხმობის გარეშე, რათა ამით წარმოშვას ახალი სიკეთე. ამრიგად, კეთილი ემსახურება ღმერთს როგორც შვილი, ბოროტი კი როგორც იარაღი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ღმერთი ყველაფერს სასიკეთოდ გამოიყენებს, მაგრამ, თქვენთვის არამც და არამც სულერთი არ არის ვინ ხართ – იუდა თუ იოანე“.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – ბოროტების და სიკეთის ახსნა ბოლომდე და ამომწურავად შეუძლებელია. ეს პრობლემა კი არა, უფრო საიდუმლოა რომელიც გაგვიცხადდება მარადისობაში. ახლა კი, გყვავს იესო ქრისტე რომელიც არის ჩვენი ნუგეშისმცემელი, რომელმაც დაამტკიცა თავისი ძალაუფლება სიკვდილზე და ბოროტებაზე. როდესაც გვეკითხებიან: სად არის თქვენი ღმერთი ? ჩვენ შეგვიძლია თამამად ვუპასუხოთ – ის იქ არის, სადაც ტკივილი და ტანჯვაა. ის იყო ქალაქ ბესლანის #1 სკოლაში, ბავშვებით გატენილ დარბაზში, ის იდგა მათ შორის რომლებიც ტერორისტებმა ცივსისხლიანად დახვრიტეს, ის გლოვობდა მგლოვიარეებთან ერთად, იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი – წამებული ღმერთია. მან თქვა რომ ჩვენთან იქნება დღენიადაგ საუკუნის აღსასრულამდე (მათე 28:20), და რაც ადამიანებმა გაუკეთეს მის ერთ უმცირეს ძმათაგანს, მას გაუკეთეს. (მათე 25:40).

წყარო: http://www.sannikov.info

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.