ცხებულება – გია ჯვარშეიშვილი | ქრისტიანი.ge

ცხებულება – გია ჯვარშეიშვილი

  იოანე მოციქულის პირველ წერილს დავეყრდნობი, მეორე თავიდან 20,21 და 27-29 მუხლები:  „თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი. იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ ჭეშმარიტება არ იცოდით, არამედ იმიტომ, იცით იგი და ისიც იცით, რომ ჭეშმარიტებისგან არავითარი სიცრუე არ არის… ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ, თქვენშია და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს და ის არის ჭეშმაირტი და უტყუარი, რასაც იგი გასწავლით. მასში დარჩით. აბა, შვილებო, დარჩით მასში, რათა, როცა იგი გამოცხადდება, გვოქნდეს გაბედულება და არ შევრცხვეთ მის წინაშე მისი მოსვლისას. თუ იცით , რომ იგი მართალია, ისიც იცოდეთ, რომ ყოველი სიმართლის მოქმედი მისგან არის შობილი“.

აქ ორ ადგილასაა ნახმარი სიტყვა  „ცხებულება“ – ერთხელ მეოცე მუხლში:  „თქვენ კი ცხებულება გაქვთ წმიდის მიერ და იცით ყველაფერი“ , და მეორედ სიტყვა „ცხებულება“ ნახმარია 27-ე მუხლში : „ ხოლო ცხებულება, რომელიც თქვენ მიიღეთ მისგან, თქვენშია და არავისგან სწავლა არ დაგჭირდებათ, არამედ მისი ცხებულება გასწავლით ყველაფერს და ის არის ჭეშმარიტი და უტყუარი, რასაც ის გასწავლით, მასში დარჩით.“

თუ უკვე მივიღეთ იესო ქრისტე, თუკი უფალი უკვე შემოვიდა ჩვენს გულებში, თუ იგი ჩვენშია, მაშინ გვაქვს ცხებულება წმიდის მიერ და ის გვასწავლის ყველაფერს. ღმერთს არ სურს, რომ ჩვენ  უბრალოდ მორწმუნეები ვიყოთ, რომ უბრალოდ გვწამდეს, რომ ქრისტე ჩვენი მხსნელია. ღმერთს სურს, რომ იმ ცხებულებამ წარგვმართოს, რომელიც ჩვენშია. რა უნდა იყოს იმაზე უფრო სავალალო რამ, ვიდრე მორწმუნე, რომელმაც არ იცის რა თქვას , რა ილაპარაკოს, სად წავიდეს, რა აკეთოს; ვიდრე მორწმუნე ადამიანი, ვისშიც ღმერთის სული ცხოვრობს, მაგრამ მისი ცხოვრება არაა წარმართული ამ ცხებულების თანახმად.

რა არის ცხებულება?  როცა ვღებულობთ იესო ქრისტეს რწმენას, როცა ვეუბნებით მას შემოვიდეს ჩვენს გულში და ჩვენს ცხოვრებაში, როდესაც ჩვენს გულებს ვუხსნით, მაშინ ღმერთი თავისი სულისაგან სცხებს ჩვენს სულებს. ანუ ჩვენი სული ცხებული ხდება ღმერთის სულისგან და ჩვენს სულში გვაქვს ცოდნა იმისა, თუ რა ვაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. როგორც მღებავი ამოიღებს ხოლმე საღებავს და ფუნჯით სცხებს მას კედელს, ან მაგიდას და ის კედელი ან მაგიდა ნაცხებია უკვე ამ საღებავისგან, ამ საგნებმა საღებავის ფერი მიიღეს უკვე, ასევეა მაშინაც, როცა იესო ქრისტეს რწმენას ვღებულობთ –  ამ რწმენის შედეგად ჩვენს სულებში, ჩვენს გულებში შემოდის ღმერთის სული და ღვთის სულს ნაცხები აქვს ჩვენზე.  ჩვენ უკვე ვიცით ( იოანე იმასაც კი ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით).  თუმცა  შეიძლება ვერ ვხედავდეთ, რომ მართლაც ყველაფერი ვიცით. უფრო ხშირად ისეც კია, რომ არაფერი არ ვიცით.  ასე იმიტომ ხდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოცემული გვაქვს ცხებულება, მაინც მის გარეშე დავდივართ, ცხებულების გარეშე ვცხოვრობთ, არ ვუსმენთ, არ ვუჯერებთ მას. ჩვენ არ გვგონია, რომ რაიმე მნიშვნელოვანი მივიღეთ. არ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენში იესო ქრისტე ცხოვრობს;  არ ვართ დარწმუნებულები, რომ ის გვასწავლის. არ ვიცით, რომ ის ჩვენშია. არ ვიცით, რომ ახლა მისგან უნდა ვიყოთ წარმართულები. დამთავრდა უაზრო ცხოვრება.  დამრთავდა ურწმუნო ცხოვრება.  დამრთავდა უგუნური ცხოვრება.  დამრთავდა უაზრო ფიქრები.  დამთავრდა უაზრო ხეტიალი. დამთავრდა ყველაფერი უაზრო და უმიზნო.  ახლა ჩვენ გვყავს იესო ქრისტე, გვაქვს ცხებულება და ამ ცხებულებით უნად ვიყოთ წარმართულები. იმიტომ, რომ მისი მეშვეობით ყველაფერი ვიცით, მის გარეშე კი – არაფერი.

ჩემო ძვირფასო დაო და ძმაო! შენ გაქვს ცხებულება, უსმინე მას. თუ ცხებულება ეუბნება შენს გულს:  „ არ წახვიდე“ –  ნუ წახვალ; თუ ცხებულება გეუბნება: „ დადუმდი“ – დადუმდი; თუ ცხებულება არ გიშვებს, ნუ მისცემ შენს ფეხებს უფლებას, რომ ცხებულება ატარონ შენს ჭკუაზე. შენ იარე ცხებულების ჭკუაზე, შენ იარე ცხებულების აზრით. ადამიანებს ყოველთვის უნდოდათ, რომ ღმერთი ეტარებინათ თავიანთ ჭკუაზე. მაგრამ ღმერთმა იმიტომ მოგვცა იესო ქრისტე და სულიწმინდა, რომ ჩვენ ვისწავლოთ მის ჭკუაზე სიარული. ჩვენ კი არ უნდა ვატაროთ ღმერთი ჩვენი ჭკუით, ჩვენ უნდა ვიაროთ მისი ჭკუით. ჩვენ კი არ უნდა ვმართოთ იგი, მან უნდა წარგვმართოს. იქ უნდა წავიდეთ, სადაც ის წაგვიყვანს. ის უნდა ვილაპარაკოთ, რასაც ის გვეტყვის. ის უნდა ვაკეთოთ, რაზეც ის მიგვითითებს. ცხებულება თავად ღმერთია! როცა სულიწმიდა შემოვიდა ჩვენს სულებში, თავად ღმერთი შემოვიდა მაშინ.  ცხებულების არ მოსმენა იგივეა, რაც ღმერთის, იესო ქრისტეს არ მოსმენა. თუ ადამიანი ცხებულებას არ ეკითხება რა გააკეთოს, ის თავად ღმერთს არ ეკითხება ამას და თავისი ჭკუით დადის. რა მნიშვნელობა აქვს, რომ იესო ქრისტე გწამს, თუკი მას არ ეკითხები, არ ესაუბრები, თუკი მას არ უთანხმდები? მაშ რა მნიშვნელობა აქვს შენს მორწმუნეობას, თუკი მის მიერ არ ხარ მართული?

ჩვენ გვაქვს ცხებულება და ყველაფერი ვიცით მისგან. არ გვჭირდება, რომ ვინმემ გვასწავლოს.  ცხებულება თვითონ გვასწავლის. წერილი გველაპარაკება: „ ოღონდ დარჩით მასში“.

ცხებულება გვასწავლის ხუცესთან ურთიერთობას და მის მორჩილებას. ცხებულება გვასწავლის სიტყვასთან ურთიერთობას, მშობლებთან ურთიერთობას, და-ძმებთან, პატარა ბავშვებთან ურთიერთობას.. ის გვასწავლის ყველაფერს. ღმერთის სულის გარეშე არაფრის სწავლა არ შეგვიძლია. და თუ რაიმე ვიცით, მხოლოდ ცხებულებისგან ვიცით. და თუ არ გვჭირდება სწავლა, ეს იმიტომ, რომ ცხებულება გვასწავლის, ისაა უმაღლესი მასწავლებელი, ისაა აკადემია. ის, რომელიც ჩვენში ცხოვრობს. ოღონდ დარჩით მასში.

ისე კი ნუ გაიგებთ, რომ ღმერთის შვილებს არაფერი შეემთხვევათ. არა. ნურც ვინმეს გაასამართლებთ: ეს იმიტომ მოუვიდათ, რომ.. მე გეტყვით, რატომაც მოუვიდათ. იმიტომ მოუვიდათ, რომ ბოროტი იბრძვის, სატანა იბრძვის. იმიტომ მოუვიდათ, რომ ეშმაკი ეშმაკია. მას უნდა, რომ ზიანი მოგვაყენოს. ნუ გაასამართლებთ ნურავის. თქვენი შეხედულებით ნუ შეაფასებთ ვინმეს: ეს იმიტომ დაემართა, რომ აი ასე და ისე..  არა! იმიტომ დაემართათ, რომ სატანა ებრძვის მათ, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ცხებულება, რომელიც გვასწავლის რა ვაკეთოთ, როგორ მოვიქცეთ. მე მომხრე ვარ ღმერთის ერთობლივი ქება-დიდებისა, მაგრამ მე ამავე დროს იმის მომხრე ვარ, რომ ღმერთის შვილებმა ვისწავლოთ ღმერთზე მინდობა.

ძვირფასებო, ხშირად ისე ხდება, რომ სხვის ჭკუაზე დავდივართ, სხვებს ვეკითხებით აზრს, ყველას აზრი გვაინტერესებს. მაგრამ იმას კი არ ვეკითხებით აზრს, ვინც ჩვენში ცხოვრობს. მაგრამ იმას კი არ ვუსმენთ და ვუჯერებთ, ვინც ჩვენშია. ის გვასწავლის, იმას უსმინეთ! ნურსად ნუ წახვალ, პურის საყიდლადაც კი, თუნდაც მაღაზია სულ ახლოს იყოს შენს სახლთან, თუკი ცხებულება არ გიშვებს.

მომისმინეთ ყურადღებით! ხშირად არ გვცალია ხოლმე იმისთვის, რომ ღმერთს დაველოდოთ. ხშირად იმის დრო არ გვაქვს, რომ ღმერთს დავეკითხოთ. არ გვცალია, ცხებულებას რომ მოვუსმინოთ, ბევრი საქმე გვაქვს. ღმერთის გარეშე ვაკეთებთ საქმეებს. მაგრამ რომელი საქმე გაკეთდება მის გარეშე? ღმერთის საქმე მხოლოდ ღმერთთან ერთად კეთდება ! ღმერთის საქმე მის გარეშე ვერ გაკეთდება. ჩვენ ყოველთვის უნდა დავუთმოთ დრო ღმერთს, მასთან საუბარს, ცხებულებასთან ურთიერთობას, რათა ცხებულებამ წარმართოს ჩვენი ცხოვრება. უნდა გვქონდეს ღმერთისთვის გამოყოფილი დრო – ღმერთის საქმეები ღმერთთან ერთად უნდა ვაკეთოთ! ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე რაიმეს გაკეთებას დავაპირებთ, ჯერ ღმერთს უნდა დავეკითხოთ, მისი რჩევა მოვისმინოთ. ვიდრე სხვების აზრს მოვისმენდეთ, ღმერთს ვკითხოთ. ყოველთვის უნდა გვქონდეს ამის დრო და სურვილი.

როცა პატარა ბავშვს ვხედავთ მშობლის გარეშე სადმე ისეთ ადგილას, სადაც ბავშვი მარტო არ უნდა იყოს, გვიკვირს და მის მშობელზე გაღიზიანებულები ვიტყვით: სადაა მისი მშობელი, რატომ გამოუშვა მარტოო.  ჩვენ კი რა ხშირად დავდივართ ხოლმე უადგილოდ და ზოგჯერ რამდენ  უაზრობას ვლაპარაკობთ.. სადაა იმ დროს ჩვენი მშობელი?  ჩვენს სულშია ჩვენი მშობელი. ჩვენშია იგი. მას ცხებულება ქვია. მან ყველაფერი იცის და ის გვასწავლის ყველაფერს. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ აღარაა საჭირო ხუცესი, არ არიან საჭირონი მასწავლებლები. არა. ეს იმას ნიშნავს, რომ ხუცესს ვერ ჩაკიდებ ხელს, ის ყველგან ვერ გამოგყვება. ხელჩაკიდებული ვერ ივლი მქადაგებელთან ერთად, ხუცესთან თუ მასწავლებელთან, მოციქულთან თუ წინასწარმეტყველთან ერთად. მაგრამ ამის საჭიროება არცაა. შენ ცხებულება გაქვს. ის შენშია და ყოველთვის შენთან იქნება. მას დაეკითხე და ის გაგცემს პასუხს იმაზე, როდის რა უნდა აკეთო. ის დაგანახებს, როგორ უნდა მოიქცე. როცა იესო ხორცში იყო, ის ვერ იქნებოდა ერთდროულად ყველგან და ყველასთან, მაგრამ როცა მან თავისი სული გამოგვიგზავნა და ჩვენს გულებში დაბინავდა, უკვე მოგვეცა შეასაძლებლობა, რომ მუდამ მასთან ერთად ვიაროთ. თუ დედამიწაზე არ ვისწავლით უფალთან ერთად სიარულს, ზეცაშიც ვერ ვივლით მასთან. ჩვენი ცხოვრება იმისდა მიხედვით გაგრძელდება და გარდაისახება სულში, თუ ვისთან ვატარებდით დროს და როგორ ვცოხვრობდით. ძვირფასებო, დადგა დრო, რომ ვუსმინოთ ცხებულებას. ზოგჯერ ხდება, რომ გვეჩქარება სადღაც, უფლის სული კი გვეუბნება, რომ ვილოცოთ, მაგრამ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევთ მის ნათქვამს, მაინც გავდივართ სახლიდან. გზაში ვილოცებო, ვამბობთ. არა, იქ ილოცე, სადაც უფლის სული გეუბნება. ის კი არა და, იმ ოთახში უნდა ილოცო, რომელ ოთახშიც მან გითხრა ილოცეო. ოთახის იმ კუთხეში უნდა დადგე სალოცავად, სადაც უფლის სული მიგითითებს. ისე უნდა მოიქცე, როგორც უფლის სული გასწავლის. ცხოვრება მაშინაა კურთხეული, როცა უფლის სულს უსმენ და მის რჩევებს მიყვები.  და არ არსებობს უფრო  ტანჯული ცხოვრება ქრისტიანისთვის, ვიდრე ის, როცა იგი უფლის სულს არ უსმენს.

ძვირფასებო, ყველა და ყველაფერი მორწმუნის წინააღმდეგია. ქვეყნიერების მთავარი სატანაა. არავის მოსწონს ჩვენი რწმენა. არავის ეხატება გულზე ჩვენი მორწმუნეობა, მეზობელი იქნება ეს თუ ნათესავი. როგორც კი მორწმუნეები ვხდებით, ყველა ჩვენს წინააღმდეგ გამოდის. მაგრამ, როცა  ცხებულებას არ ვუსმენთ, ღმერთიც ჩვენი წინააღმდეგი ხდება. ჩვენი მომხრე აღარავინაა მაშინ. შეიძლება ადამიანმა გაუძლოს ამ ცხოვრებას? შეიძლება, რომ ადამიანმა გაიმარჯვოს ქვეყნიერებაზე? შეიძლება, რომ ადამიანმა სძლიოს ქვეყნიერებას რწმენით, ღმერთის გარეშე? რწმენაა ქვეყნიერების მძლეველი, მაგრამ რა არის რწმენა, თუ არა ღმერთის სიტყვის მოსმენა და მისი მორჩილება? რა არის რწმენა, თუ არა ღმერთთან ერთად სიარული? რა არის რწმენა, თუ არა მისი დაჯერება. თქვენ გაქვთ ცხებულება და არ გჭირდებათ, რომ ვინმემ გასწავლოთ. თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, თქვენს ყოველდღიურ საქმეებში, თქვენს ყოველდღიურ ურთიერთობაში ყურადღება მიაქციეთ ცხებულებას – ღმერთის სული გასწავლით. როცა მის ხმას არ უსმენ, თითქოს გარშემო ბნელდება. კიდევ არ მოუსმენ?  – უფრო მეტად დაბნელდება. შემდეგ ეს მდგომარეობა გადადის ნაღველში, მწუხარებაში; შემდეგ ცხოვრება ისე ვერ მიემართება, როგორც უნდა მიემართებოდეს. მხოლოდ ნაღველი, მწუხარება, უკუსვლა… როცა ცხებულებას ვუსმენ, მოდის სიხარული, მოდის სიცოცხლე, იმიტომ რომ, როგორც ღმერთი მეუბნება, ყველაფერი ისე ხდება მართლაც. ხელი მემართება, წარმატებული ვარ. კურთხეული ვარ. მაქვს სიცოცხლე, მაქვს სინათლე, ვბრწყინავ, ვანათებ.  შიგნით ან უნდა ბნელდებოდეს, ან უნდა ნათდებოდეს. თუ ცხებულებას ვუსმენ, რომელიც ჩემშია, თუ მისი მორჩილი ვარ, მაშინ ჩემში სიმშვიდეა, ყველაფერი კარგადაა. სიცოცხლეა ჩემში, სინათლეა. ღმერთის მადლია, ღმერთის კურთხევაა, მისი წყალობა. თუნდაც არასასურველი გარემო პირობები შეგექმნას, მაინც ვერაფერი წაგართმევს იმ სიხარულს, შენში რომ ჩადო ღმერთმა. ის, ვინც შენშია, იმ გარემოებებზე მეტია, რომელიც შენს გარშემოა . მოუსმინე და დაემორჩილე მას. და თუკი არ მოუსმენ, მაშინ ნებისმიერი დაბრკოლება მოსვენებას დაგიკარგავს, წაგართმევს სიმშვიდესა და სიხარულს. ბოროტი იბრძვის. ნუ გექნებათ იმის იმედი, რომ ბოროტი ბრძოლას შეწყვეტს. ის ყოველთვის იბრძოლებს.  ერთადერთი იარაღი მასზე გასამარჯვებლად ცხებულებაა, სულიწმინდა. სხვა იარაღი არ არსებობს. მაშინ ხარ  ძლიერი, როცა შენში ღმერთის სიტყვა ცხოვრობს, და თუ ცხებულებას უსმენ, მაშინ არ არსებობს წინააღმდეგობა, რაიმე სახის დაბრკოლება – ყველაფერზე გაიმარჯვებ.

ძვირფასებო, ჩვენ გვყავს ხუცესები, მასწავლებლები. უნდა ვუსმენდეთ  და ვემორჩილებოდეთ მათ. მაგრამ ჩვენ გვყავს სულიწმინდა, რომელიც ჩვენშია, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტია. სახარებაში წერია: აღდგება ნინევია იონას ქადაგების გამო და მსჯავრს დაადებს უმართლოებს რომ არ მოინანიეს. სახარებაში წერია : სამხრეთის დედოფალი დაადებს მსჯავრს ხალხს სოდომური სიძვის გამო   და იმავე სახარებაში წერია: ვინც ჩვენში არის, ის ქვეყნიერებაზე მეტია და ძლიერია მასზე. ერთ-ერთ საგალობელში ასეთი სიტყვებია: ჩვენში არის იონაზე დიდი. ჩვენში არის სოლომონზე დიდი, ჩვენში სულიწმინდაა. ჩვენში ღმერთის სულია. და თუკი ჩვენში თავად ღმერთია, მაშინ ჩვენ მართლაც ყველაფერი ვიცით. თვით ჩვენი უფალია ჩვენში და არ გვჭირდება, რომ ვინმემ გვასწავლოს. სულში სიარული ადვილი არაა. ამას ვარჯიში ჭირდება. სულიწმიდას უნდა მივენდოთ. ყოველ წვრილმან საკითხშიც კი მისი აზრი უნდა მოვისმინოთ და ყველაფერში უნდა დავემორჩილოთ მას. ღმერთის სულის მორჩილება – აი, რისი სწავლა გვმართებს მორწმუნეებს. ბევრჯერ შეგვეშლება, არაერთხელ შევცდებით, მაგრამ მაინც უნდა გავაგრძელოთ ცხებულების მოსმენის სწავლა. ცხებულება ავითარებს ჩვენს რწმენას. იგი ავითარებს ჩვენს მსახურებას. თუ ცხებულებას არ მოუსმენ, ვერ იქნები გამარჯვებული ქრისტიანი, მით უმეტეს ვერ იქნები გამარჯვებული მსახური. ვერც ერთი მსახური ვერ მიაღწევს წარმატებას, თუკი იგი ცხებულების მორჩილი არ იქნება და არ გაყვება მას ბოლომდე. ბევრი ძლიერი მსახური დაცემულა. დაცემა ყოველთვის მაშინ ხდება, როცა ყურს არ ვუგდებთ მას, ვინც ჩვენშია. იმ ცხებულებამ – ღმერთის სულმა შესაძლოა ისეთი რამ გითხრას, რაც, ერთი შეხედვით შეიძლება  წვრილმანად მოგეჩვენოს, უმნიშვნელოდ მიიჩნიო, მაგრამ მაინც უსმინე მას, დაემორჩილე სულიწმიდას.

ერთხელ, რამდენიმე წლის წინ ახმეტაში უნდა წავსულიყავი საქადაგებლად. გავემზადე, ჩავიცვი, ამინდიც მშვენიერი იყო – მზიანი. ავიღე მზის სათვალე, გავიკეთე, სარკეშიც ჩავიხედე, მაინტერესებდა როგორ გამოვიყურებოდი. ამ დროს სულიწმიდა დამელაპარაკა: რაში გჭირდება ახლა ეს მზის სათვალე. მაშინვე მოვიხსენი, დავდე მაგიდაზე და მას შემდეგ არც კი გამიკეთებია. მე არ მინდა იმის თქმა, რომ მზის სათვალეები არ ატაროთ, არა. არც იმის თქმა მსურს თქვენთვის, რომ მე მომბაძოთ. უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ თქვენში სულიწმინდაა და უსმინეთ მას, დაუჯერეთ მას. რასაც გიკრძალავთ – აიკრძალეთ. რასაც გაშორებთ, მოიშორეთ. როცა გეუბნება: „წადი“ – წადი; როცა გეუბნება : „გააკეთე“ – გააკეთე. უსმინე მას. ცხებულება ცხოვრობს შენში. თუკი გსურს დიდი მსახური გახდე, ისწავლე სულიწმიდის მორჩილება წვრილმან საკითხებში. უბრალოში დაემორჩილე ცხებულებას, უმნიშვნელოში. ღმერთისთვის არ არსებობს დიდი და პატარა – ურჩობა ურჩობაა. განა დიდ რამეში ეურჩა საული ღმერთს? ღმერთმა უთხრა ერთი კვირა დალოდებოდა, მისი ნებართვის გარეშე მსხვერპლი არ შეეწირა –  მე მოვალ და მაშინ შეწირეო მსხვერპლი. მეორე შემთხვევაც იყო, როცა ღმერთმა უთხრა საულს: წადი და გაიმარჯვე მტერზე, ყველაფერი გაანადგურე, არაფერი წამოიღო, ხელი არაფერს მოკიდოო. საულმა კი რა გააკეთა?  წავიდა და კარგი ცხვარ-ძროხა წამოიღო. და რისთვის წამოიღო თუ იცით? საჭმელად კი არა, არამედ ღმერთისთვის შესაწირად. რა იყო ღმერთის პასუხი ამაზე? „რაკი არ დაემორჩილე მას, გამოგგლეჯს შენს სამეფოს და სხვას გადასცემს, შენზე უკეთესს“. და განუმარტა კიდეც, რატომ გააკეთა ასე: „იმიტომ, რომ მორჩილება უფრო მეტია, ვიდრე მსხვერპლი; ურჩობა ჯადოქრობის ტოლფასია და დაუჯერებლობა – კერპთთაყვანისმცემლობისა“. ჩვენ დამაჯერებლად ვლაპარაკობთ: „მე არ ვარ კერპთთაყვანისმცემელი. მე ერთადერთ ცოცხალ ღმერთს ვცემ თაყვანს..“ როცა არ უჯრებ ცხებულებას, მაშინ კერპთთაყვანისმცემელი ხდები. როცა არ ემორჩილები, არ სცემ მას თაყვანს – ღმერთს, რომელიც შენშია და შენ გელაპარაკება.  დაემორჩილე ღმერთის სულს! დაუჯერე მას დიდსა თუ მცირედში ! არ არსებობს დიდი და პატარა შეცდომა. შეცდომა შეცდომაა, ცოდვა ცოდვაა, ურჩობა ურჩობაა. დაწერილია, რომ ისინი ურჩობის გამო ვერ შევიდნენ აღთქმულ ქვეყანაში. ჩვენ დიდებული დრო გვაქვს, რათა ვისწავლოთ ღმერთის მოსმენა, მისი მორჩილება. კარგია კრებებზე სიარული, ლოცვები, კარგია მქადაგებლის მოსმენა, დიდებულია ეს ყოველივე, მაგრამ სულიწმიდისგან სწავლაზე უფრო დიდი მადლი არ არსებობს ქვეყანაზე –  სულიწმიდა, რომელიც შენშია, შენში ცხოვრობს და გასწავლის. როცა რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, ან ვღიზიანდებით, ან ისეთ რამეს ვიტყვით, რაც არ უნდა გვეთქვა, ის ყოველთვის მიგვითითებს  შეცდომაზე. ჩვენ კი მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მოვინანიოთ, რათა განვიწმინდოთ და ვისწავლოთ მისგან. ის ყოველგვარ საკითხში გვეხმარება: პირადულში, ფინანსურ საკითხში, მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებში; მაგრამ ვინ უსმენს მას და ვინ ემორჩილება? ის გეუბნება, რომ ღმერთს შესაწირავი უნდა შეწირო; იმასაც გეტყვის, რამდენი უნდა შეწირო. მას ისიც არ უნდა, რომ იმაზე მეტი შეწირო, რაც გითხრა. თუ ღმერთმა გითხრა: მომეცი ერთი ლარი, ნუ მისცემ ასს, მიეცი ერთი ლარი. თუ გითხრა ოცი თეთრი მომეციო, მიეცი ოცი თეთრი, მას არ ჭირდება ოცდაერთი. აკეთე ის , რასაც ცხებულება გასწავლის. ივარჯიშე წვრილმანებში. მორჩილება ყველაზე დიდი რამაა. ჩვენ კი გვაქვს ცხებულება, რომელიც გვასწავლის.

ერთნი წარმატებულნი არიან, მეორენი კი – წარუმატებელნი. საქმე ის კი არაა, რომ ზოგს სულიწმიდა ყავს, ზოგს კი არა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ერთნი უსმენენ მის ხმას და მეორენი კი – არა. უსმინეთ ღმერთის სულს, დაემორჩილეთ მას !  ის გასწავლით. მაშინ იქნებით წარმატებულები. მაშინ იქნებით კურთხეულები და ბევრ შეცდომას, გაუგებრობას და ღმერთისგან გაუთვალისწინებელ რამეებს აიცილებთ თქვენი ცხოვრებიდან.

კომენტარები

კომენტარი

Comments are closed.